ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნეები

გააზიარე:

ვფიქრობთ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რამდენად საშიში დაავადებაა ძუძუს კიბო. არც იმის შესახებ ღირს მონაცემების მოყვანა, რამდენი ქალი ავადდება და კვდება მისი მიზეზით – რიცხვი მეტისმეტად დიდია. ისიც ფაქტია, რომ სარძევე ჯირკვლის ქსოვილში გაჩენილი ყოველგვარი შემკვრივება ქალს შიშის ზარს სცემს. არადა, მათი უმრავლესობა კეთილთვისებიანი ბუნებისაა და, როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ლამის ყოველ მეორე ქალს აღენიშნება.
ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნე სხვადასხვანაირია. ზოგიერთი მათგანი უვნებელია და მშვიდად განაგრძობს ქალის ორგანიზმთან თანაარსებობას, ზოგიერთს კი უფრო მეტად უნდა ვუფრთხილდეთ – შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს კიბოდ გარდაისახონ.
ნებისმიერი სახის შემკვრივების აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ ყველა საჭირო გამოკვლევა. თუ საწყის სტადიაზე აღმოვაჩინეთ და კვალიფიციურად ვუმკურნალეთ, კიბოც კი იკურნება!
მიაქციეთ ყურადღება
ნიშანი, ძუძუს სიმსივნეზე რომ მიუთითებდეს, არც ისე ბევრია. მას უმეტესად შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე, მაგრამ გაცილებით უკეთესია, პათოლოგიური პროცესის გამოსავლენად თვითგასინჯვა გამოვიყენოთ.
თვითგასინჯვის მეთოდიკა ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე არაერთხელ აღვწერეთ, ამიტომ ამჯერად მასზე აღარ შევჩერდებით, საყურადღებო ნიშნებზე კი, გვსურს, ვრცლად გესაუბროთ.
უცნაური სიმაგრე
ყველაზე გავრცელებული ნიშანი, რომელიც სარძევე ჯირკვლის პრობლემას გვაეჭვებინებს, ქსოვილის შემკვრივებული უბანი ან უბნებია. ამგვარი ცვლილებები უმეტესად კეთილთვისებიანია, თუმცა გადაგვარება გადაგვარებაა და ყურადღებას მოითხოვს.
რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი, მით უფრო მეტია ალბათობა, ძუძუს ქსოვილში არსებული სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდეს. წლებთან ერთად უვნებელი სიმკვრივის ავთვისებიანად გადაგვარების შესაძლებლობა ერთიორად იზრდება.
30 წლამდე ასაკის ქალებს უპირატესად ფიბროადენომა – მკვრივი სიმსივნური წარმონაქმნი უჩნდებათ. ასაკის მატების კვალდაკვალ ხშირდება ფიბროკისტოზის (ის უმეტესად მრავლობითია და ორივე ძუძუს ქსოვილს მოიცავს), კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შემთხვევები. 
არანაკლებ უცნაური გამონადენი
თუ გამონადენი გამჭვირვალე, მოყვითალო ან მომწვანოა, მიზეზი ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნე უნდა იყოს, სისხლიან გამონადენს კი უმეტესად ძუძუს კიბო იწვევს.
სითხე ზოგჯერ ცალი ძუძუდან დის, ზოგჯერ – ორივედან. როცა ის ორივე სარძევე ჯირკვლიდან ჟონავს, მიზეზი უმეტესად ფიბროკისტოზია, რომელიც, წესისამებრ, ორივე ძუძუს ქსოვილშია მიმოფანტული. 
ხდება ისეც, რომ ძუძუდან რძე იწყებს დენას. როდესაც ეს ლაქტაციას ემთხვევა, ნორმალურია, მაგრამ როდესაც ასეთი რამ უდროო დროს, მაგალითად, მენსტრუაციის პერიოდში ხდება, დამნაშავე ჰორმონული ცვლილებებია. იშვიათად, მაგრამ მაინც რძის ჟონვას იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადება და ზოგიერთი მედიკამენტი.
...და ტკივილი
სარძევე ჯირკვლის ტკივილი ხშირად ციკლურია და, წესისამებრ, მენსტრუაციული ციკლის განსაზღვრულ პერიოდს ემთხვევა. უმეტესად მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე იწყება და სისხლდენის დაწყებისთანავე გაივლის. ციკლთან დაკავშირებული ტკივილი მკვეთრად აქვთ გამოხატული ქალებს, რომელთაც ჯირკვლის ფიბროკისტოზური ცვლილებები აღენიშნებათ და ჰორმონთა დონის ციკლური ცვლილებებით არის განპირობებული.
გაცილებით მძაფრია ტკივილი, რომელსაც მასტიტი იწვევს. მას გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება.
დაიხსომეთ: ძუძუს კიბო, განსაკუთრებით – საწყის სტადიაზე, ტკივილს იშვიათად იწვევს. ტკივილი უფრო დიდი ზომის და უმეტესად კეთილთვისებიან სიმსივნეებს ახასიათებს.
ფიბროკისტოზური ცვლილებების შესახებ
წინათ მას ფიბროკისტოზურ დაავადებად იხსენიებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალების ნახევარი ამ სენით არის დაავადებული და როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ტერმინი “ფიბროკისტოზური ცვლილება” ნაკლებშემაშფოთებლად ჟღერდა ან სულაც უკეთ გამოხატავდა პრობლემის არსს. ასეა თუ ისე, ამჟამად მას ფიბროკისტოზს უწოდებენ.
ფიბროკისტოზის დროს კეთილთვისებიანი, თუმცაღა პათოლოგიური ცვლილებები ვრცელდება როგორც ჯირკვლოვან, ისე შემაერთებელ ქსოვილზე. ამასთანავე, ეს ცვლილებები შესაძლოა როგორც ერთ, ისე ორივე ძუძუში განვითარდეს.
ფიბროკისტოზური ცვლილებები უმთავრესად რეპროდუქციული ასაკის ქალების ხვედრია, თუმცა შესაძლოა, მენოპაუზის შემდგომაც განვითარდეს.
რა ხდება ფიბროზული ცვლილების დროს
შემაერთებელი ქსოვილი დაახლოებით ისეთ გარდაქმნას განიცდის, როგორსაც ჭრილობის შემდეგ, ნაწიბურის წარმოქმნისას. ფიბროზული შენებისაა მყესიც. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რატომ ისინჯება ფიბროკისტოზური ცვლილების დროს მყარი, ზოგჯერ უსწორმასწორო ზედაპირის მქონე სიმსივნური წარმონაქმნი.
როგორც მკვლევარები და მამოლოგები გვარწმუნებენ, ფიბროზული გარდაქმნის შედეგად კიბოს ჩამოყალიბების რისკი არამც და არამც არ იზრდება და არც განსაკუთრებული მკურნალობაა საჭირო.
რა ხდება კისტოზური ცვლილების დროს
კისტა სითხით სავსე პარკია. ზოგჯერ ერთია, ზოგჯერ კი რამდენიმე და ძუძუს ქსოვილშია მიმოფანტული. ამგვარი ბუშტუკები 35-დან 50 წლამდე ასაკის სამიდან ერთ ქალს აქვს.
მიკროკისტების ანუ მცირე ზომის კისტების აღმოჩენა რთულია. ისინი დისკომფორტსაც იშვიათად იწვევენ. მაკროკისტები ანუ დიდი ზომის კისტები უფრო იოლი აღმოსაჩენია. მათ არსებობაზე სარძევე ჯირკვლის ციკლური ტკივილიც მიუთითებს. კისტას, წესისამებრ, ულტრაბგერითი კვლევით ან ნემსის ჩხვლეტითა და სითხის ასპირაციით (ამოტუმბვით) აღმოაჩენენ. ხშირად სითხის ამოტუმბვა დიდი ზომის კისტებით გამოწვეულ დისკომფორტსაც აქრობს.
კვლევებმა აჩვენა, რომ კისტების სიმრავლე ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს არ ზრდის და თუ მათი არსებობა მკვეთრ დისკომფორტს არ იწვევს (წარმონაქმნი შემაწუხებლად დიდი არ არის), აჯობებს, მკურნალობისგან თავი შევიკავოთ.
როგორ გავაქროთ ფიბროკისტოზი
თუ სპეციალისტმა ფიბროკისტოზური ცვლილებების დიაგნოზი დასვა, შესაძლოა, მკურნალობა საჭიროდ არც კი ჩათვალოს. კომფორტული ბიუსტჰალტერი, რომელიც ეფექტურად იჭერს მკერდს და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი, რომელიც წინარემენსტრუაციულ პერიოდში დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ, ხშირად საუკეთესო გამოსავალია.
თუ სიმსივნური წარმონაქმნი დიდია ან მაღალია მისი ავთვისებიანად გარდაქმნის ალბათობა, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა ჩატარდეს და ჭარბი შემკვრივებული ქსოვილი ამოიკვეთოს. ისიც შეიძლება, კისტიდან სითხე ამოიტუმბოს და დისკომფორტი ამ გზით შემცირდეს.
ამერიკელმა მეცნიერებმა ათეულობით გამოკვლევა ჩაატარეს იმის გასარკვევად, ახდენდა თუ არა კოფეინი გავლენას სარძევე ჯირკვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. აღმოჩნდა, რომ კოფეინს ბრალი არაფერში მიუძღვის. მიუხედავად თუმცა მრავალი ქალი, რომელსაც ფიბროკისტოზი აქვს, აღნიშნავს, რომ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ყავის, ჩაის, შოკოლადის, კოკა-კოლას) მიღების შემდეგ დისკომფორტი უფრო შესამჩნევი ხდება. ამიტომ მამოლოგები ხშირად ურჩევენ ქალბატონებს,  ვისაც ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს, თავი შეიკავონ ამგვარი პროდუქტების მიღებისგან. 
არასასურველი პროდუქტების სიაში მოხვდა მარილიც. ვინაიდან მენსტრუაციისწინა პერიოდში სარძევე ჯირკვლის ქსოვილი ჯირჯვდება (რაც სიმსივნის არსებობისას უფრო მეტ დისკომფორტს იწვევს), ისეთი ნივთიერების მიღება, რომელიც სითხეს ორგანიზმში აკავებს (სწორედ ასეთია მარილი), სასურველი სულაც არ არის. პირიქით, ამგვარი დისკომფორტის დროს ექიმი შარდმდენი მედიკამენტის მიღებას გვირჩევს.
რა უნდა ვიცოდეთ ფიბროადენომის შესახებ
ესეც კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც სხვადასხვა ზომისაა და სხვადასხვა ოდენობით ჩნდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილში. ხელით მოსინჯვისას იგრძნობა, რომ წარმონაქმნი მყარია და მოძრაობს.
ფიბროადენომა კიბოდ იშვიათად გარდაიქმნება. რისკი ნაკლებია, როდესაც სიმსივნური ქსოვილის გროვა ერთგვაროვანია (ეს მიკროსკოპში კარგად ჩანს). როდესაც ფიბროადენომა რთული შენებისაა და ჩანართებს შეიცავს, ავთვისებიანი გარდაქმნის ალბათობა მეტია.
ფიბროადენომის დიაგნოზის დასმისა და, შესაბამისად, კიბოს გამორიცხვის შემდეგ მამოლოგი ქალს სიმსივნეზე დაკვირვებას და რეგულარულ გამოკვლევას ურჩევს, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეს კეთილთვისებიანი წარმონაქმნის ზომის მატება.
ფიბროადენომის ამოკვეთას ქალს იმ შემთხვევაში ურჩევენ, როდესაც სიმსივნე იზრდება და ძუძუს ფორმას უცვლის. ზოგჯერ (უპირატესად – შუახნისა და ასაკოვან ქალებში) სიმსივნე ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისთავად იჭმუხნება.
არის შემთხვევები, როდესაც ფიბროადენომის ამოკვეთის შემდეგ ანალოგიური შენების ახალი წარმონაქმნი ვითარდება. ქალს შესაძლოა ეგონოს, რომ სიმსივნე არასრულად ამოკვეთეს, მაგრამ ასე არ არის.
შემკვრივება სხვა მიზეზით
კეთილთვისებიანი სიმსივნე მრავალნაირია. ისინი, რომელთა შესახებაც მოგახსენეთ, ყველაზე გავრცელებული ფორმებია. ასევე ხშირად გვხვდება ჰიპერპლაზიური ცვლილებებით განპირობებული ძუძუს სიმსივნე და მასტიტი. გაცილებით იშვიათია ინტრადუქტული პაპილომა, სადინარების ექტაზია, ცხიმოვანი ნეკროზი...
ძუძუს ქსოვილის ჰიპერპლაზია, სხვაგვარად – სარძევე ჯირკვლის პროლიფერაციული დაავადება, უჯრედთა არანორმალური ზრდით არის განპირობებული. როდესაც ცვლილება სუსტად არის გამოხატული, ავთვისებიანი გარდაქმნის ალბათობა ძალიან მცირეა, ხოლო როდესაც ჰიპერპლაზია მეტისმეტად მკვეთრია, ქალს კიბოს ჩამოყალიბების რისკი 4-5-ჯერ მაღალი აქვს.
ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნის მქონე ქალებში ჩატარებული ყოველი ათი ბიოფსიიდან შვიდი ჰიპერპლაზიურ ცვლილებას ავლენს. ამათგან უმრავლესობა სუსტად არის გამოხატული. ძლიერი პროლიფერაციული ცვლილებების მქონე ათი ქალიდან ორს პათოლოგიის აღმოჩენიდან დაახლოებით 15 წლის შემდეგ ბიოფსიის შედეგად ავთვისებიანი ცვლილების ნიშნებს აღმოუჩენენ. ამდენად, სარძევე ჯირკვლის პროლიფერაციული დაავადება საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა და რეგულარულ მონიტორინგს საჭიროებს.
მასტიტი მხოლოდ მეძუძური ქალების პრობლემა არ გახლავთ. რძის სადინარში ინფექცია შესაძლოა დაზიანებული კანიდან (მიკროტრავმიდანაც კი) ან ძუძუსთავიდან შეიჭრას. ამ დროს ინფიცირებულ ადგილას სარძევე ჯირკვლის ქსოვილი შუპდება, წითლდება და ცხელდება. ამასთანავე, შესაძლოა ქალს თავი ასტკივდეს და სიცხემ აუწიოს.
მასტიტი ანტიბაქტერიულ თერაპიას იოლად ემორჩილება და ძუძუს კიბოდ არ გარდაიქმნება, მაგრამ არსებობს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის იშვიათი ფორმა, რომელიც ნიშნებით ძალიან ჰგავს მასტიტს. თუ ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ანთება არ ჩაცხრა, ძუძუს კიბოს გამოსარიცხად გაღრმავებული გამოკვლევის ჩატარება მოგიხდებათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ კიბოს ეს ფორმა ძალიან სწრაფად პროგრესირებს. ასე რომ, გირჩევთ, სპეციალისტთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
გახსოვდეთ: თუ მასტიტს დროულად არ უმკურნალეთ, შესაძლოა აბსცესი ჩამოყალიბდეს – ძუძუს ქსოვილი დაჩირქდეს. ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპიით ფონს ვერ გახვალთ, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა – გაკვეთა და დრენაჟის ჩადგმა გახდეს საჭირო.

გააზიარე: