უსაფრთხოების 20 წესი

გააზიარე:

 

ერთმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ მშობლებთან შეთანხმებით საინტერესო და, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, შოკისმომგვრელი ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტის სამიზნე ჯგუფს 4-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენდნენ. მშობლებისგან განმარტოებით (ეს პირობაც წინასწარ იყო შეთანხმებული) მოთამაშე ბავშვებთან ჩერდებოდა ფურგონი, კეთილგანწყობილი და სიტყვაუხვი მძღოლი ხელის ქნევით იხმობდა პატარებს და ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ ფურგონში ეპატიჟებოდა “უსაყვარლესი ლეკვების გასაცნობად”. რამდენიმეწუთიანი ნაცნობობის შემდეგ ერთის გარდა ყველა ბავშვი დათანხმდა მძღოლს ფურგონში ასვლაზე. არც ერთ მათგანს არ მოსვლია აზრად მშობლების გაფრთხილება, არც ერთს არ უთხოვია ნებართვა, არც ერთს არ შეჰპარვია ეჭვი უცხო ბიძიას კეთილ განზრახვაში...
განსაზღვრული ასაკიდან ბავშვები მეტად დამოუკიდებლები ხდებიან და აღარ სჭირდებათ უფროსების მუდმივი ყურადღება და სიახლოვე. სწორედ ეს პერიოდია განსაკუთრებით საშიში ისეთი რისკების თვალსაზრისით, როგორებიცაა ბავშვის დაკარგვა, გატაცება, მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელყოფა, უბედური შემთხვევა და სხვა. რა უნდა ვიცოდეთ, რომ უსიამოვნო მოულოდნელობები თავიდან ავიცილოთ?
ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ რჩევებს და გაუზიარეთ ახლობლებს – ვინ იცის, იქნებ სწორედ მათი წყალობით გადავურჩეთ თუნდაც ერთ ასეთ შემთხვევას.
მაშ ასე, 20 რჩევა, რომლებიც ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ:


1. სამი წლისთვის ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს საკუთარი და დედ-მამის სახელი და გვარი, ცოტა მოგვიანებით – სახლის მისამართი, სახლის ან მშობლების მობილური ტელეფონის ნომერი, მათი სამსახურის დასახელება და, სასურველია, ადგილსამყოფელიც.
2. ასწავლეთ ბავშვს, როდის მიმართოს და როგორ დაუკავშირდეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს. შეგიძლიათ, ამ “გაკვეთილს” თამაშის ფორმა მისცეთ.
3. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შინ თუნდაც მცირე ხნით მარტო დარჩენილმა არავითარ შემთხვევაში არ გაუღოს კარი უცნობს. აუხსენით, რომ არათუ კარის გაღება, უცნობთან საუბარიც კი არ შეიძლება. გააფრთხილეთ, არავისთვის დაუშვას გამონაკლისი, თუნდაც უცნობმა თქვას, რომ პოლიციელი ან მამის უახლოესი მეგობარია.
4. ფრთხილად და ყურადღებით აარჩიეთ ძიძა და საოჯახო საქმეებში დამხმარე პერსონალი, აუცილებლად მოსთხოვეთ წინა დამსაქმებლების რეკომენდაციები, გამოართვით მათი ტელეფონის ნომრები და პირადად დაუკავშირდით. გასაუბრებაზე დაუსვით კანდიდატს თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვა და თუ აიყვანთ, ნუ მოგერიდებათ კონტროლის (სახლში დათქმულ დროზე ადრე დაბრუნება, ვიდეოთვალი).
5. ინფორმაცია იარაღია. ეცადეთ, აკონტროლოთ მცირეწლოვანი ბავშვის ურთიერთობა ინტერნეტთან. სპეციალისტები მსოფლიო ქსელიდან მომავალ უამრავ საფრთხეზე საუბრობენ და ერთ-ერთი მათგანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის (ეს შეიძლება იყოს პაროლი, საბანკო რეკვიზიტი, პროფილი სოციალურ ქსელში) უცხო პირისთვის გადაცემის საფრთხე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ინტერნეტშიც ისევეა აკრძალული უცნობებთან ურთიერთობა, როგორც რეალურ ცხოვრებაში.
6. მშობელმა უნდა იცოდეს, რამდენ დროს ატარებს ბავშვი კომპიუტერთან და რომელ საიტებს სტუმრობს. თუ თავად ვერ ერკვევით ამგვარ საკითხებში, სთხოვეთ დახმარება კომპეტენტურ პირს. სულ რამდენიმე წამია საჭირო კომპიუტერის მეშვეობით მონახულებული ინტერნეტსაიტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად.
7. გააფრთხილეთ ბავშვი, პირადი და ოჯახის წევრების ფოტოები, ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე – ოჯახის მატერიალური მდგომარეობის შესახებ არავის მისცეს და ინტერნეტის მეშვეობით არ გაასაჯაროოს.
8. მიაჩვიეთ ბავშვი, ყოველ საღამოს გაგიზიაროთ დღის განმავლობაში თავს გადახდენილი ამბები. მან უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი რამის მოყოლის უფლება აქვს. წინასწარ შეთანხმდით, რომ გულწრფელი მონათხრობისთვის ბავშვი არც დაისჯება და არც რაიმე უსიამოვნებაში გაეხვევა (ხშირად ბავშვები უფროსებს არ უყვებიან თანატოლების ან მეგობრების შესახებ, რომ შემდეგ “ჩამშვებებად” არ მოიხსენიონ. ამერიკის ერთ-ერთ შტატში მცირეწლოვან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებათა კვლევისას გაირკვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები უმეტესად სწორედ თავიანთ თანატოლებს, უახლოეს მეგობრებს უყვებოდნენ ძალადობის შესახებ და არა უფროსებს).
9. მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სეირნობისას მიაქცევინეთ ყურადღება “უსაფრთხო ორიენტირებისთვის”. ეს ის ადგილებია, რომლებიც, ვთქვათ, სახლთან ახლოსაა, ან სადაც შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში დახმარება ითხოვოს (ეს შეიძლება იყოს მაღაზია, სადაც ბავშვს იცნობენ, აფთიაქი, რომელიმე დაწესებულება).
10. თუ ბავშვი დამოუკიდებლად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აუცილებლად განიხილეთ მასთან ერთად ალტერნატიული მარშრუტების შესაძლებლობაც (იმ შემთხვევისთვის, თუ ავტობუსი გაფუჭდა ან რაიმე მიზეზით აგვიანებს).
11.  საზოგადოებრივ ტრანსპორტში არცთუ იშვიათია ფროტერიზმის შემთხვევები (ფროტერიზმი სხვასთან შეხების გზით სიამოვნების მიღებაა. სქესობრივი აღგზნება ცალმხრივი შეხებისან ან ხახუნისას მიიღწევა). მისთვის გასაგები ენით აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში (სპეციალისტების რეკომენდაციაა პირველივე უსიამოვნო ჟესტის შეგრძნებისას სხვა მხარეს გადაადგილება და შესაძლებლობის შემთხვევაში დახმარების თხოვნა).
12. აუხსენით ბავშვს, რომ თუ მას მიმართა უცნობმა, რაიმე სასუსნავი შესთავაზა ან უბრალოდ გასაუბრება სთხოვა, მისი იგნორირება უზრდელობად არ ჩაეთვლება. პირიქით, ეს გაცილებით გონივრულიც იქნება და მოსაწონიც. პატარამ უნდა იცოდეს, რომ სწორედ ამ გზით ხდება ბავშვების მიტყუება და გატაცება. ხშირად უმეორეთ მას ეს წესი და შეახსენეთ, რომ უცნობის უპასუხოდ დატოვება უზრდელობა არ არის!
13. შეგიძლიათ, ასეთი თამაშიც კი შესთავაზოთ: მოიგონეთ სხვადასხვა სიტუაცია და დაეკითხეთ ბავშვს, როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში. მაგალითად, მაშინ, ვინმე უცნობს მისთვის საყვარელი ლეკვის მოფერება, უგემრიელესი ნაყინის გასინჯვა, კანფეტები, საჰაერო ბუშტები რომ შეეთავაზებინა.
14. აუხსენით ბავშვს, რომ თუ დაინახა, როგორ მიჰყავს ძალით უცნობს მისი მეგობარი ან თანატოლი, აუცილებლად უნდა უხმოს მშველელს (მიმართოს მასწავლებელს, ბავშვიან გამვლელებს, პოლიციელს, მაღაზიის ან ახლომდებარე აფთიაქის პერსონალს, დარეკოს გადაუდებელი დახმარების ნომერზე).
15.  პატარებს ძალიან უყვართ ასანთით ან სანთებელათი თამაში. მშობლებს დიდი სიფრთხილე მართებთ, რომ ასეთი ნივთები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ დარჩეთ. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ბავშვს, რა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარმა, რამდენად სახიფათოა ის როგორც მისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც.
16. აუხსენით ბავშვს, რომ თანხმობა მისთვის უსიამოვნო ნებისმიერ წინადადებაზე მორიდების, ზრდილობის ან უფროსის პატივისცემის გამო დაუშვებელია. მან უნდა იცოდეს მტკიცე “არას” თქმა და ნებისმიერი ხერხით გაუწიოს წინააღდეგობა, თუ უცნობი იმის გაკეთებას აიძულებს, რაც მას არ უნდა.
17. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთი ბიჭუნას ამბავი, რომელიც გატაცებას დედასთან ერთად მოფიქრებული თამაშის წყალობით გადაურჩა. გაკვეთილების შემდეგ მასთან უცნობი მივიდა და უთხრა, რომ დედის თხოვნით სახლამდე უნდა მიეცილებინა. ბავშვმა მას პაროლი მოსთხოვა. უცნობი დაიბნა. ბავშვი მიხვდა, რომ ატყუებდნენ და დახმარებისთვის მასწავლებელს უხმო. აღმოჩნდა, რომ მას და დედას ასეთი შეთანხმება ჰქონიათ: თუ ოდესმე დედა მასთან ვინმეს გაგზავნიდა რაიმე თხოვნით, წინასწარ შეთანხმებულ პაროლსაც ეტყოდა!
18. დაკარგული ან გატაცებული ბავშვების მშობლები უმეტესად აღნიშნავენ, რომ ბავშვი სულ რამდენიმე წუთით დატოვეს უმეთვალყურეოდ. სტატისტიკურად ასეთი რამ უმეტესად მაღაზიის შესასვლელთან, სკვერში, პარკში და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნება. ეცადეთ, მცირე ხნითაც კი არ მოაცილოთ ბავშვს თვალი, თუ დარწმუნებული არ ხართ მის უსაფრთხოებაში.
19.  ხალხმრავალ ადგილებში, ბაზრობებზე, დიდ გასართობ ცენტრებში, ატრაქციონებზე, სკვერებში, პარკებსა და ბულვარებში სეირნობისას, უპირველეს ყოვლისა, შეათანხმეთ ქცევის წესები. დათქვით შეხვედრის ადგილი იმ შემთხვევისთვის, თუ ერთმანეთი დაკარგეთ. მოძებნეთ ობიექტის დაცვის ან პოლიციის პუნქტი, აჩვენეთ ბავშვს და მკაფიოდ აუხსენით, როგორ მოიქცეს დაკარგვის შემთხვევაში. 
20. ყოველთვის, როცა ბავშვი მარტო გადის შინიდან, მშობელმა უნდა იცოდეს, სად მიდის, ვისთან ერთად, რამდენი ხნით და როდის დაბრუნდება. წინასწარ ჩაინიშნეთ მისი თანხმლები პირების საკონტაქტო ნომრებიც.

გააზიარე: