რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვებს

გააზიარე:

 “კაცის სწავლა-ცოდნა მიდის იმ წესზე, როგორზედაც ქოხის შენება. ჯერ საძირკველს ჩააგდებენ, მერე კედლებს ამოიყვანენ, ძელზე-ძელს დასდებენ, ან ფიცარს ფიცარზე დააწყობენ, ისე კაცის სწავლაა – ძველს სწავლას კაცი უმატებს ახალ-ახალს”.
ვაჟა-ფშაველა
ბავშვის აღზრდა, მისი სწორი, ჰარმონიული განვითარება რთული პროცესია. უამრავი რამ უნდა ვიცოდეთ, რათა შეცდომა არ დავუშვათ და ზიანი არ მივაყენოთ პატარა ადამიანის ფსიქიკას.
მშობლებისთვის განკუთვნილ ჟურნალებში ხშირად წააწყდებით სტატიებს იმის შესახებ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს ბავშვის სწორად აღზრდისთვის. ყოველივე ამასთან ერთად, ვფიქრობთ, იმის ცოდნაც აუცილებელია, რა არ უნდა გავაკეთოთ, როგორ არ უნდა მოვექცეთ ბავშვს, თუნდაც რომელი სიტყვები და გამოთქმები უნდა ამოვიღოთ ჩვენი მეტყველებიდან. საქებარ სიტყვებს, აკრძალვით წინადადებებს, ყოველდღიურ მეტყველებაში გამჯდარ ფრაზებს ხშირად გაუაზრებლად ვამბობთ. მოდი, ერთად დავუკვირდეთ, რას და როგორ ვეუბნებით პატარას და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან.
“გაიზრდები და გაიგებ”
ბავშვური ცნობისმოყვარეობის ამბავი ყველას მოეხსენება. დაახლოებით სამი წლის ასაკიდან იწყება დაუსრულებელი კითხვების პერიოდი, რომლის გადალახვაც მშობლებისგან უდიდეს მოთმინებას მოითხოვს. სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვის არც ერთი კითხვა არ დავტოვოთ უპასუხოდ, თუმცა პატარები ხშირად სვამენ ისეთ კითხვებსაც, რომ უფროსები ჩიხში ექცევიან: “ახსნას რა აზრი აქვს – მაინც ვერ მიხვდება, თანაც როგორ ავუხსნა ასეთი უხერხული რამ?” შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ კითხვაზე უფროსმა თავადაც არ იცოდეს პასუხი. ასეთ დროს ყველაზე მარტივი გამოსავალი სწორედ ის ფრაზაა, ქვესათაურად რომ გამოვიტანეთ: “გაიზრდები და გაიგებ”; “ჯერ პატარა ხარ, ვერ მიხვდები”; “შენთვის ამის ცოდნა ნაადრევია”. თუ ბავშვმა ხშირად მოისმინა ასეთი “პასუხები”, ერთ მშვენირ დღეს ის მართლაც შეწყვეტს კითხვების დასმას, დაიჯერებს, რომ “ჯერ პატარაა”, “მაინც ვერაფერს მიხვდება”, “ამის ცოდნა არ სჭირდება” და მივიღებთ საკუთარ თავში ჩაკეტილ, დამფრთხალ არსებას, რომელიც იმას დასჯერდება, რასაც მიაწვდიან. არადა, რა უნდა იყოს ამ ასაკში უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცნობისწადილის გაღვივება, ინტერესის სტიმულირება და სამყაროს შემეცნებით მოგვრილი სიხარულია!
გამოსავალი
ეცადეთ, ბავშვის არც ერთი კითხვა არ დატოვოთ უპასუხოდ და მისთვის მისაღები ფორმით, ხატოვნად, გასაგებად აუხსნათ საკითხის არსი. თუ პასუხი თავადაც არ იცით, აღიარეთ ეს და შეეცადეთ, ენციკლოპედიის, ლექსიკონისა თუ ინტერნეტის მეშვეობით ერთად მოიძიოთ ინფორმაცია. ეს ფასდაუდებელი გამოცდილება იქნება თქვენი შვილისთვის. 
“მომეცი, მე გავაკეთებ, შენ არ გამოგდის”
ვამბობთ გაღიზიანებული და ბავშვს თავად ვუკრავთ თასმას, ვაჭმევთ საჭმელს ან ვაწყობთ კონსტრუქტორს მის ნაცვლად.
სწორედ ასე ვკლავთ იმპულსს ისეთი უნარის გამომუშავებისთვის, დამოუკიდებლობა რომ ჰქვია. თუ არ მივეცით ბავშვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც მისთვის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე სასიცოცხლოდ აუცილებელია, არსებობს საფრთხე, მისგან ჩამოუყალიბებელი და უმწიფარი პიროვნება დადგეს. სამი წლიდან მშობლებს სულ უფრო ხშირად ესმით სიტყვა “მე!” და, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ადამიანი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. ჩვენ კი ჩვენივე მოუთმენლობით ვუკარგავთ ბავშვს საკუთარი თავის რწმენას, წინასწარ ვწირავთ მას წარუმატებლობისთვის, ვართმევთ შეცდომის უფლებას და დასკვნების გამოტანის საშუალებას და ამით უინიციატივო პიროვნებად ჩამოყალიბებაში ვეხმარებით.
გამოსავალი
ხშირად უნდა წავაქეზოთ პატარას დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, გავითვალისწინოთ მისი აზრი ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისას, გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები და ამის მიხედვით შევთავაზოთ ესა თუ ის აქტივობა. წარუმატებლობის შემთხვევაში კი არამც და არამც არ დავუძახოთ “ჩანჩალა”, “უვარგისი”, “არაფრის მაქნისი”. ამგვარი შეფასებები მატრავმირებელია მოზარდის ფსიქიკისთვის და არასწორ სტერეოტიპებს აყალიბებს. საერთოდ დაივიწყეთ ეს სიტყვები და არასდროს გამოიყენოთ ბავშვთან ურთერთობისას. პირიქით, დაამშვიდეთ პატარა, თუ მას რამე არ გამოსდის, აღუთქვით დახმარება, ჩაერთეთ მის საქმიანობაში და შეეცადეთ, სწორი მიმართულებით წარმართოთ ის, აუხსენით, რომ ბევრი რამ ამქვეყნად შრომითა და შეუპოვრობით მიიღწევა. სთხოვეთ, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს სირთულეს და აუცილებლად შეახსენეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებით.
“თუ ცუდად მოიქცევი...”
“...ბავშვთა სახლში ჩაგაბარებ”, “ხმას აღარ გაგცემ”, “ავად გავხდები”... ასეთ მუქარას ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან. თუ ბავშვი არასწორად იქცევა, მისი ქცევის გამოსწორება უნდა ვცადოთ და არა დაშინება, დამცირება ან ძალადობა. ესეც არ იყოს, სულ მცირე, უგუნურებაა, ადამიანს იმას დაჰპირდე, რის გაკეთებასაც არ აპირებ. თუ საკითხს ასე მივუდგებით, ამგვარი მუქარა თავისთავად უნდა გაქრეს ჩვენი მეტყველებიდან (თუ, რასაკვირველია, ვიყენებთ). თუ მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ, ბავშვისთვის რამის აკრძალვა და სასურველი შედეგის მიღება სულაც არ არის რთული.
გამოსავალი
სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით. ბავშვს მისთვის გასაგები ენით აუხსენით აკრძალვის მიზეზი და ისიც აცნობეთ, რა შეიძლება მოჰყვეს დაუმორჩილებლობას, სიჯიუტეს ან თხოვნის შეუსრულებლობას. თუ დაემუქრებით, სიტყვა აუცილებლად უნდა შეასრულოთ, ამიტომ წინასწარ გაიაზრეთ, შეძლებთ თუ არა ამას. რაც შეეხება თავად მუქარას – ფსიქოლოგების აზრით, ბავშვისთვის პრივილეგიების ჩამორთმევა ან სასიამოვნო საქმიანობაზე უარის თქმა საუკეთესო სასჯელია. თავდაპირველად ბავშვს ვაფრთხილებთ, რომ თუ არ დაგვიჯერებს, ვერ მიიღებს იმას, რაც უყვარს, მერე კი ყოველ მიზეზგარეშე ვასრულებთ ამ დანაპირებს. აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე წესი: საკვების (საუზმის, სადილის, ვახშმის) გარეშე დატოვება გამორიცხულია; უნდა აიკრძალოს ისეთი რამ, რაც ბავშვს უყვარს (კომპიუტერი, ტელევიზორი, ნაყინი, ტკბილეული) და სასჯელი უშუალოდ მოჰყვებოდეს დანაშაულს. დაგვიანებული სასჯელი არავითარ შედეგს არ გამოიღებს. კიდევ ერთი: ეცადეთ, აკრძალვა იყოს თანამიმდევრული, ანუ რაც არ შეიძლება ახლა, არ შეიძლება არც ოცი წუთის შემდეგ, აქ არც ტირილი გაჭრის და არც ბებიისა თუ პაპის თხოვნა.
“შენ ყველაზე მაგარი ხარ”
ხშირად მშობლები მოფერებისას შვილებს არწმუნებენ, რომ ისინი ყველაზე ლამაზები, ყველაზე ჭკვიანები, ნამდვილი პრინცები და პრინცესები არიან. დღესდღეობით დადასტურებულია, რომ ხშირი და საფუძველს მოკლებული ქება, წახალისება და ფერება მავნეა ბავშვისთვის – შესაძლოა, მას გაზვიადებული წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს საკუთარ თავზე. ვგულისხმობთ ისეთ ქება-წახალისებას, რომელიც ეხება არა ბავშვის საქციელს, არამედ მის პიროვნებას: “შენ ყველაზე ყოჩაღი ხარ”, “ყველაზე ჭკვიანი ხარ”, “ყველას სჯობიხარ” და ა.შ. ასეთ ბავშვს შემდეგ გაუჭირდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და ეცდება, თავი აარიდოს ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რადგან მისი წარმოდგენა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ შესაძლოა არ შეესაბამებოდეს რეალობას.
გამოსავალი
ერიდეთ ქება-წახალისების ამგვარად ფორმულირებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უყურადღებოდ დატოვოთ შვილის წარმატება. პირიქით, აუცილებლად მოიწონეთ მისი ნამუშევარი, დააჯილდოეთ ყურადღებით და აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა დადებითი ემოციებისთვის, მისმა ნამოქმედარმა რომ მოგგვარათ. ერთი სიტყვით, მოექეცით ისე, როგორც თანატოლს.

გააზიარე: