თვითკრიტიკული ბავშვი

გააზიარე:

ზომიერი თვითკრიტიკა სასარგებლოა, მაგრამ ბავშვებს სწორედ ზომიერების დაცვა უჭირთ. მათგან ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: “არასდროს არაფერი გამომდის”, “არავის მოვწონვარ”, “მსუქანი ვარ და ვერასოდეს გავხდები”... ეს ფრაზები ერთგვარი განგაშის ზარია, მათი მეშვეობით ბავშვები დახმარებისთვის უხმობენ მშობლებს.

ნეგატიური განწყობა საკუთარი მე-ს მიმართ

თვითკრიტიკის ხარისხი დაგვანახებს, როგორ აღიქვამს ბავშვი საკუთარ თავს იმ სოციუმში, რომელშიც ყოველდღიურად უწევს ყოფნა.

თუ ატყობთ, რომ ბავშვი ზედმეტად კრიტიკულია საკუთარი გარეგნობის, ნიჭის, ცოდნის მიმართ, მოემზეთ მის დასახმარებლად.

უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ გაარკვიოთ, საიდან მოდის საკუთარი თავისადმი მისი ასეთი დამოკიდებულება. თუ ვინმე წონის გამო დასცინის, ესაუბრეთ იმაზე, რომ ყველა სხეული სხვადასხვანაირია და ყველა განსაკუთრებულია, აჩვენეთ ინტერნეტში არსებული საბავშვო ვიდეოები, რომლებშიც ეს თემა ძალიან კარგად არის განხილული. ესაუბრეთ იმ ბავშვის მშობელს, რომელიც თქვენს შვილს დასცინის, რათა დარწმუნდეთ, რომ მასაც ესმის პრობლემის არსი და ეცდება, შვილს სწორ და არასწორ საქციელს შორის განსხვავება აუხსნას. ჩართეთ საქმეში მასწავლებელიც, რათა ყურადღებით იყოს და მსგავსი ქცევა აღკვეთოს.

რაც უფრო ადრე დაეხმარებით ბავშვს და არ მისცემთ საშუალებას, გონებაში ღრმად გაუჯდეს საკუთარი თავისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, მით უფრო მალე მიეცემა მოტივაცია, უყვარდეს საკუთარი თავი.

პრობლემა გლობალურ დონეზე

საკუთარი თავისადმი კრიტიკული განწყობა ბავშვს შეიძლება ძალიან ადვილად ჩამოუყალიბდეს, რადგან ბავშვები კონკრეტულ პრობლემას ხშირად გლობალურად განიხილავენ, თითქოს რადგან ეს დღეს ასე მოხდა, ესე იგი სულ ასე იქნება.

თუ ფეხბურთის მატჩზე გოლი ვერ გაიტანა და თამაშის დასასრულს გამოაცხადა, რომ მისგან ფეხბურთელი არ გამოვა, აი, აქ უნდა ჩაერთოს მშობელი. მშვიდად აუხსნას, რომ შეცდომა ყველას მოსდის, ყველას აქვს უიღბლო დღეები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება. გაახსენეთ მის მიერ გატანილი გოლები, აჩვენეთ ცნობილი ფეხბურთელების უიღბლო თამაშები, ყველანაირად ეცადეთ, ეს მარცხი მისთვის დემოტივატორად არ იქცეს.

პერფექციონიზმი

პერფექციონისტ ბავშვებს, რომლებიც საკუთარ თავს არარეალურ მიზნებს ისახავენ, ხშირად აქვთ საკუთარი თავისადმი ნეგატიური დამოკიდებულება. მცირე წარუმატებლობაც კი მათ მოტივაციას უკარგავს.

თუ თქვენი შვილიც პერფექციონიზმისკენ არის მიდრეკილი, ესაუბრეთ იმაზე, რომ პატარ-პატარა შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ სწორედ მათზე ვსწავლობთ, მათი მეშვეობით ვიცვლებით უკეთესობისკენ. აუცილებლად გაუსვით ხაზი, რომ დიდი მიზნები და საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა ძალიან კარგია, მაგრამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ბევრჯერ წაბორძიკდება და წაიქცევა; მთავარია, ყოველთვის ადგეს და მეტი შემართებით გააგრძელოს სვლა.

სხვებს დავასწრო

თუ ბავშვს წონის, გარეგნობის ან ფიზიკური სისუსტის გამო თანატოლები დასცინიან, ის თვითკრიტიკას თავდაცვის იარაღად იყენებს: სანამ სხვები დასცინებენ, თვითონვე იწყებს სიცილს საკუთარ თავზე. “საჰაერო ბუშტივით მსუქანი ვარ”, “იმედია, ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ტესტს ვერ ჩავაბარებ”... პედაგოგები კი ხშირად ვერ ხვდებიან, რომ ამით ბავშვი დახმარებას ითხოვს.

ეს პრობლემა უმეტესად უფროსკლასელებს აწუხებთ, იმ ასაკში, როდესაც ისედაც იკეტებიან და მშობლებს ადრინდელივით ხშირად აღარ ესაუბრებიან. ძალდაუტანებელი საუბრით სცადეთ მასთან კომუნიკაციის დამყარება. აუხსენით, რომ თვითირონია საჭიროა, მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს, რომ ის ყველას არ გამოსდის და ვისაც გამოსდის, მართლაც დასაფასებელია, მაგრამ აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, სჭირდება თუ არა ეს მას. ჰკითხეთ, ნამდვილად სურს თუ არა, რომ წინასწარვე დანებდეს და არც კი სცადოს ტესტის ჩაბარება? იქნებ უბრალოდ ეშინია, რომ თუ ცუდი შედეგი მიიღო, დასცინებენ? თუ ასეა, ხომ არ ჯობია, მოინდომოს, მეტი იმეცადინოს, დაგიხმაროთ თქვენც, მეგობრებიც, მასწავლებელიც და ყველას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ მასაც შეუძლია. უთხარით, რომ საკუთარი თავით კმაყოფილების განცდა თვითირონიაზე გაცილებით სასიამოვნოა.

განგაშის ნიშნები

საკუთარი თავისადმი უარყოფით განწყობას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგეთ. მთავარია, გულგრილი არ დარჩეთ და დროულად დაეხმაროთ ბავშვს, თორემ თუ საკუთარი თავით უკმაყოფილება დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა გადაიზარდოს შფოთვაში, დაბალ თვითშეფასებაში, სწავლის უუნარობასა და დეპრესიაში.

სასწრაფო ჩარევაა საჭირო, თუ:

* საკუთარი თავისადმი ნეგატიური განწყობა მუდმივია;

* ბავშვი საკუთარი სხეულის მიმართ ზიზღს გამოხატავს;

* ბავშვის სიტყვები რეალობას არ შეესაბამება, მაგალითად, ჰყავს ბევრი მეგობარი, მაგრამ წუწუნებს, რომ მარტოსულია და მასთან თამაში არავის უნდა;

* ბავშვის ყოველდღიურობა იცვლება, აღარ ჭამს ან, პირიქით, ბევრს ჭამს, ვერ იძინებს, თითქოს თავს ისჯის;

* ხშირად იმიზეზებს ტკივილს, როდესაც რეალურად არაფერი სტკივა.

ამ შემთხვევაში აუცილებლად გაესაუბრეთ ბავშვს, მის პედაგოგებს, მის მეგობრებს. რაც უფრო მეტხანს დარჩება ბავშვი საკუთარი თავის მიმართ ნეგატიურად განწყობილი, რაც უფრო ჩამოშორდება საკუთარ მე-ს, მით უფრო დიდი შანსია, დეპრესიული განწყობა მისი ცხოვრების ნაწილად იქცეს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: