როდის ვუმკურნალოთ ჰემანგიომას

გააზიარე:

ჰემანგიომაზე ინფორმაციის ძიებისას ინტერნეტფორუმებსაც გადავავლე თვალი. მშობლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ: უმეტესობას მიაჩნია, რომ ჰემანგიომას მკურნალობა არ სჭირდება – თავისთავად გაივლის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მოსაზრებაში არის სიმართლის წილი... მაინც როდის შეიძლება, დაკვირვებას დავჯერდეთ, როდის არის აუცილებელი მკურნალობა ან რას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა? – ამ და სხვა კითხვებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ყბა-სახის ქირურგი ზურაბ ვადაჭკორია გვიპასუხებს.
– ჰემანგიომა ძალზე გავრცელებული პათოლოგიაა, არ არსებობს ადამიანი, თუნდაც წერტილოვანი ჰემანგიომა არ ჰქონდეს. საყურადღებოა შედარებით დიდი ზომის ჰემანგიომები. მათი 90 პროცენტი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებთან დიაგნოსტირდება. ზოგჯერ ისინი თანდაყოლილია, ზოგჯერ კი მოგვიანებით ვითარდება.
ცნება “ჰემანგიომა” რამდენიმე პათოლოგიას აერთიანებს. ზოგიერთი მათგანი სისხლძარღვთა განვითარების მანკია, ზოგი კი – კეთილთვისებიანი სიმსივნე. ბავშვთა ასაკში ჰემანგიომა ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ასიდან 80-85 შემთხვევაში ის სახესა და თავის თმიან ნაწილზე ჩნდება, რის გამოც პაციენტები უმთავრესად ყბა-სახის ქირურგებთან ხვდებიან.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ცრუ და ჭეშმარიტი ჰემანგიომები. ცრუ ჰემანგიომა ახალშობილთა ნახევარზე მეტს აქვს და უმეტესად ლოკალიზებულია ზედა ქუთუთოზე, შუბლსა და კეფაზე მოვარდისფრო-მოწითალო ლაქების სახით. ცრუ ჰემანგიომა უნდა მოვარიდოთ მზეს (უმთავრესად – ზაფხულისას). სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ის თანდათან ბაცდება და უკვალოდ ქრება. კეფაზე შესაძლოა დარჩეს, მაგრამ აღარ გაიზრდება. ასეთი ლაქა ბევრს აქვს.
რაც შეეხება ჭეშმარიტ ჰემანგიომას, განასხვავებენ მის შემდეგ ფორმებს:
* სოლიტარულ ტელეანგიექტაზიას – ობობას ქსელისმაგვარ წარმონაქმნს მკვებავი სისხლძარღვით ცენტრში. კანის დაჭიმვის შემთხვევაში ქსელი ქრება და მხოლოდ სისხლძარღვი რჩება. ეს ჰემანგიომის მარტივი ფორმაა, რომლის მოსაცილებლად ელექტროკოაგულაციაც საკმარისია;
* კაპილარულ ჰემანგიომას, რომელსაც მოსახლეობაში ტყლიპს ეძახიან. ეს ბრტყელი წარმონაქმნი ჰემანგიომებს შორის ყველაზე ძნელი სამკურნალოა. მას ახასიათებს გამუქება დატვირთვის (მოძრაობის, ღეჭვის, ნერვიულობის) დროს. დილაობით შედარებით ბაცია, მერე მუქდება;
* ჰიპერტროფიულ კაპილარულ ჰემანგიომას – ის ამოწეულია კანიდან;
* კავერნულ ჰემანგიომას – ამ უკანასკნელს ყველა სხვა ჰემანგიომისგან ავსების სიმპტომი განასხვავებს: მისკენ სისხლის მიდენისას (თავის დახრისას, თუ თავზეა ლოკლიზებული, ფიზიკური დატვირთვისას, ღეჭვისას, ნერვიულობისას) დიდდება;
* დატოტვილ ჰემანგიომას – ის ყველაზე რთული და, საბედნიეროდ, ყველაზე იშვიათია. ამ ტიპის ჰემანგიომა ანევრიზმის მსგავსად პულსირებს.
ჰემანგიომა ერთადერთი სიმსივნეა, რომელსაც სპონტანური ინვოლუციის, უკუგანვითარების უნარი აქვს და შესაძლოა, განსაზღვრულ ეტაპზე ალაგება დაიწყოს. ეს იციან დედებმაც, ექიმებმაც და, სამწუხაროდ, ხშირად მზარდ ჰემანგიომაზე დაკვირვებას ამჯობინებენ, რაც უხეში შეცდომაა. 
– მაშ, როდის შეიძლება ჰემანგიომაზე დაკვირვება?
– დაკვირვება შეიძლება, თუ ბავშვი დაიბადა ჰემანგიომით ან ის მოგვიანებით გაუჩნდა, ერთი თვის განმავლობაში იზრდებოდა, მერე კი უკუგანვითარება დაიწყო. უკუგანვითარებაზე მიუთითებს წარმონაქმნის გაბაცება, მასზე თეთრი უბნების გაჩენა, ფართობისა თუ სიმაღლის შემცირება. ერთი ამ ნიშნის არსებობაც კი დაკვირვების უფლებას გვაძლევს. მაგრამ დაკვირვება აუცილებლად სპეციალისტმა უნდა აწარმოოს – მშობელი შესაძლოა შეცდეს.
თუ ჰემანგიომა იზრდება, მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, განურჩევლად იმისა, ერთვის თუ არა მას უკუგანვითარების თუნდაც ერთი ნიშანი (მაგალითად, თეთრი უბნების გაჩენა).
ჭეშმარიტი ჰემანგიომის უკუგანვითარება შესაძლებელია ექვს, მაქსიმუმ რვა წლამდე. კანის ჰემანგიომა უფრო ხშირად უკუვითარდება, ვიდრე ლორწოვანი გარსისა.
– სჭირდება თუ არა განსაკუთრებით ფრთხილი მოპყრობა ჰემანგიომის მქონე ბავშვს?
– სახის მიდამოს ჰემენგიომის მქონე ბავშვი უნდა მოვარიდოთ ფაქტორებს, რომლებიც სისხლმომარაგებას აუმჯობესებს. ესენია:
* მზის სხივების უშუალო ზემოქმედება. მშობლებს ვურჩევთ, ზაფხულობით (მთაში – ზამთრობითაც) ბავშვი მოარიდონ მზეს, დაახურონ ფარფლებიანი ქუდი;
* სახის მასაჟი; 
* ფიზიოთერაპიული პროცედურები სახეზე.
გარდა ამისა, ექიმი მშობელთან ერთად აწონ-დაწონის ვითარებას და გადაწყვეტს, დანიშნოს თუ არა სისხლით მომარაგების გამაუმჯობესებელი პრეპარატები, რომლებსაც უმეტესად ნევროლოგები ნიშნავენ თავის ტვინის სისხლმომარაგების გასაუმჯობესებლად (ეს წამლები ჰემანგიომის ზრდასაც იწვევს), ან ჰემოგლობინის დონის ამწევი საშუალებები და ვიტამინები. უმჯობესია, ეს ორი პრობლემა ბუნებრივი საშუალებებით, მედიკამენტების გარეშე მოვაგვაროთ. 
არ არის სასურველი ჰემანგიომის დაზიანება – უფრო ძლიერი სისხლდენა განვითარდება, ვიდრე სხვა ქსოვილების დაზიანების შემთხვევაში. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ბავშვს ჭრილობა წყალბადის ზეჟანგით უნდა დავუმუშაოთ (თუ ის არ არის თვალთან ახლოს), სისხლდენა ზეწოლით შევაჩეროთ და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას მივმართოთ.
სისხლდენის თავიდან ასაცილებლად მშობლებს ვაფრთხილებთ, ბავშვს უხეშად არ დავარცხნონ თმა (თუ ჰემანგიომა თავის თმიან ნაწილზეა), ფრჩხილები ისე დააჭრან, არ იკაწრებოდეს, მოარიდონ ბასრ საგნებს.
ყურადღება გვმართებს ბავშვთან, რომელსაც ჰემანგიომა პირის ღრუს ლორწოვან გარსზე აქვს. არ არის გამორიცხული მისი არსებობა ყბის ძვლებზე, რის დასადგენადაც გამოკვლევაა საჭირო. ასეთი ბავშვების მშობლები უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდნენ სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას, მეტად უფრთხილდებოდნენ კბილებს, მათ შორის – სარძევესაც, ხოლო კბილის ამოღების წინ უმჯობესია ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და თუ სურათზე რამე საეჭვო გამოჩნდა, მკურნალობა არა სტომატოლოგიურ კლინიკაში, არამედ ბავშვთა ყბა-სახის ქირურგიულ სტაციონარში ჩატარდეს.
– რა საფრთხეს ქმნის მზარდი ჰემანგიომა, რატომ არის აუცილებელი მისი მოცილება?
– რაც უფრო დიდია ჰემანგიომა, მით უფრო რთულია მისი მკურნალობა. მზარდი ჰემანგიომის უკუგანივთარებას არ უნდა ველოდოთ, მართალია, იშვიათად ასეც ხდება, მაგრამ ლოდინი მცდარი ტაქტიკაა. მკურნალობა ნაწიბურს ტოვებს. რაც უფრო დიდია ჰემანგიომა მკურნალობის დაწყებისას, მით უფრო დიდი იქნება ნაწიბურიც.
– ბავშვის მცირე ასაკი ხელს ხომ არ უშლის მკურნალობას?
– არა, ეს არ არის მკურნალობის უკუჩვენება. ამჟამად ყბა-სახის მიდამოს ჰემანგიომის სამკურნალოდ უმეტესად არაოპერაციული მეთოდები გამოიყენება. მკურნალობა უმთავრესად მიმართულია სისხლძარღვოვანი ქსოვილის შემაერთებელ ქსოვილად გადაგვარებისკენ და რაც უფრო მცირე იქნება ჰემანგიომა, მით უფრო მცირე უბანის გადაგვარება მოგვიწევს. ამასთან, ანესთეზიოლოგიის განვითარების ახლანდელი დონე მცირე ასაკის ბავშვების მკურნალობის საშუალებასაც გვაძლევს.
– რატომ ენიჭება უპირატესობა არაოპერაციულ მეთოდებს?
– ხშირად ჰემანგიომა არა მხოლოდ კანს, არამედ სხვა, ქვემდებარე ქსოვილებსაც აზიანებს (ლორწოვანი გარსის ჩათვლით). ასეთი წარმონაქმნის ამოკვეთა გარდაუვალ დეფექტებს იწვევს. მით უმეტეს, ჰემანგიომა ხშირად ჩნდება ცხვირის წვერზე, ქუთუთოებზე... ასეთი ლოკალიზაციის წარმონაქმნის ამოკვეთის შემდეგ დარჩენილი დეფქტი პლასტიკურ ჩარევას მოითხოვს, ის კი ხშირად სასურველზე უარეს შედეგს გვაძლევს. გაცილებით შედეგიანია ჰემანგიომის შემაერთებელ ქსოვილად გადაგვარება და, საჭიროების შემთხვევაში, წლების შემდეგ ამ ნაწიბურის კორექცია.
ოპერაციული ჩარევა შეიძლება ჩატარდეს, თუ ჰემანგიომა შემოფარგლულია და თავის თმიან ნაწილზე მდებარეობს. ხშირად მკურნალობა კომბინირებულია – ქირურგიულთან ერთად სხვა მეთოდებსაც ვიყენებთ.
–    მკურნალობის რომელ მეთოდს მიმართავენ ყველაზე ხშირად?
– ამჟამად ჰემანგიომის სამკურნალო ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა მასკლეროზებელი თერაპია – მკურნალობა ქიმიური აგენტებით, რომელთა ჰემანგიომაში შეყვანა იწვევს სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ქიმიურ დამწვრობას, ასეპტიკურ ანთებას და საბოლოოდ – შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას, რომლითაც სისხლძარღვოვანი ღრუები ამოივსება.
გარდა ამისა, მიმართავენ:
* კრიოზემოქმედებას (მოყინვას) ნახშირორჟანგით ან თხევადი აზოტით, რაც ეფექტურია ზედაპირული ჰემანგიომების დროს;
* ელექტროკოაგულაციას – ელექტროდენით მოწვას;
* ლაზერულ თერაპიას კაპილარულ ჰემანგიომებზე, რომლებიც საკმაოდ ძნელი სამკურნალოა. ამ მეთოდით მოზრდილ ბავშვებს მკურნალობენ;
* რენტგენოთერაპიას, რომელსაც სერიოზული უკუჩვენებები აქვს, ამიტომ ადრეულ ასაკში მისი გამოყენება არ ღირს;
* ტატუირების მეთოდს კანისფერი მდგრადი პიგმენტით, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ პიგმენტი ფერს იცვლის და ჰემანგიომა ხელახლა ხდება სამკურნალო. სიძვირის გამო ეს მეთოდი საქართველოში არ არის დანერგილი; 
* კორტიკოსტეროიდებით, კერძოდ, პრედნიზოლონით მკურნალობას, რაც მხოლოდ რთული და კრიტიკული ლოკალიზაციის (ხორხზე, საყლაპავზე მდებარე) ჰემანგიომის სამკურნალოდაა გამართლებული, რადგან ეს უკანასკნელი სუნთქვას, ყლაპვას აძნელებს, სისხლდენით რთულდება და სხვა მეთოდით ვერ იკურნება;
* ბეტა-ბლოკერებით მკურნალობას, რაც ამჟამად ძალზე პოპულარულია. ის ერთგვარი ალტერნატივაა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისა მზარდი და კრიტიკული ლოკალიზაციის ჰემანგიომებისთვის. მაგრამ მასაც უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ, როცა ყველა სხვა მეთოდი უძლურია – ეს ახალი მეთოდია და მისი შორეული შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ყველაზე ეფექტური მაინც მასკლეროზებელი აგენტების გამოყენებაა. თუ შეიძლება, უფრო ვრცლად მოგვიყევით ამ მეთოდის შესახებ.
– ეს ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი და ნაცადი მეთოდია. მის მიერ დატოვებულ ნაწიბურს ხშირად კორექცია აღარ სჭირდება. მასკლეროზებელი თერაპიისას გამოყენებული ზოგი აგენტი მტკივნეულია, ზოგი – არა. საქართველოში ჯერ კიდევ 35 წლის წინ მეტად პოპულარული იყო ქინინ-ურეთანის ხსნარი, რომელიც სრულიად უმტკივნეულო, თუმცა ძლიერ ტოქსიკური გახლდათ – მოგვიანებით გაირკვა, რომ კანის კიბოს იწვევდა.
ჩვენ უმთავრესად ეთილის სპირტს (96-გრადუსიანი ეთილის სპირტის 70%-იან ხსნარს) ვიყენებთ. მისი გამოყენება 1871 წელს დაიწყეს გერმანიაში და უსაფრთხო აგენტად მიიჩნევა. სპირტის შეყვანა საკმაოდ მტიკვენეული პროცესია. წლების განმავლობაში ეს პროცედურა გაუტკივარების გარეშე ტარდებოდა. პაციენტი ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით დაჰყავდათ სტაციონარში, პროცედურას იწყებდნენ ჰემანგიომის კიდეებიდან და თანდათანობით ცენტრისკენ მიდიოდნენ. წარმოიდგინეთ, რა მტანჯველი იქნებოდა ეს პროცესი როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვისაც.
1980-იანი წლებიდან მივმართავთ ერთჯერად ინფილტრაციას – ჰემანგიომაში სპირტს ერთბაშად ვუშვებთ ხანმოკლე ზოგადი გაუტკივარების თანხლებით. სპირტი ნერვული დაბოლოებების კოაგულაციას იწვევს და ინფილტრაციის არეში ბავშვს 2-3 თვე ყოველგვარი მგრძნობელობა დაკარგული აქვს, მერე კი აღუდგება. პროცედურის შემდეგ პაციენტს შეუძლია, იმავე დღეს წავიდეს სახლში.
ამ მეთოდს ვიყენებთ ელექტროკოაგულაციასთან კომბინირებულად, ქირურგიულ მეთოდებთან კომბინირებულად, მაგალითად, როდესაც სისხლის მიმოქცევის სიჩქარე დიდია, რაც სპირტის სწრაფ გადინებას იწვევს და ეფექტის ამცირებს. თუ ჰემანგიომის ლოკალიზაცია საშუალებას გვაძლევს, ამოვკერავთ ირგვლივ მდებარე ქსოვილებს, რათა გამტანი სისხლძარღვი ნაკერში მოჰყვეს და გარკვეული ხნის შემდეგ გავხსნათ. ამავე მიზნით შეიძლება გამტანი სისხლძარღვის პოვნა და მისი ემბოლიზაციაც, თუმცა ეს სხვა რისკებს უკავშირდება.
– რა სიხშირით ტარდება სპირტით მასკლეროზებელი თერაპია?
– ჰემანგიომის ზრდის პროგნოზირება წლამდე ძალიან ძნელია, რადგან ამ ასაკამდე ის ყველაზე ინტენსიურად იზრდება (სამ წლამდე _ შედარებით ნელა, თუმცა მაინც ინტენსიურად). პირველი ჩარევის შემდეგ ის აუცილებლად შეწყვეტს ზრდას და შემცირდება. თუ მეორე ჩარევა დაგვჭირდა, მას 2-3 თვის შემდეგ მივმართავთ.
ზოგჯერ ჰემანგიომა დიდია, ბავშვი კი პატარა – 2-3 თვის. ამ ასაკის ბავშვს დიდი რაოდენობის სპირტს ვერ შევუყვანთ _ შესაძლოა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ან სხვა გართულება გამოიწვიოს. 
ვითვალისწინებთ ჰემანგიომის სისხლმომარაგებასაც. საჭიროების შემთხვევაში მის შესასწავლად ვატარებთ რეოგრაფიას, ანგიოგრაფიას. სწრაფი სისხლმომარაგების დროს წამალიც სწრაფად გაედინება, ნელი სისხლმომარაგებისას კი სპირიტის მცირე რაოდენობაც საკმარისია ეფექტისთვის, ამის კვალობაზე, ინექციაც ნაკლებია საჭირო.
გასათვალისწინებელია ჰემანგიომის მდებარეობაც. მაგალითად, ქუთუთოს ჰემანგიომის დროს შემაერთებელი ქსოვილი თანდათანობით უნდა განვავითაროთ, რათა უხეში ნაწიბური არ ჩამოყალიბდეს, თორემ ეს უკანასკნელი აიტაცებს ზედა ქუთუთოს და თვალღიობას მივიღებთ.
ასე რომ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მკურნალობის გეგმას ინდივიდუალურად ვადგენთ. მას მშობელსაც ვაცნობთ და ისიც საქმის კურსშია, დაახლოებით რა ხანგრძლივობისა და ინტენსივობის მკურნალობა დასჭირდება მის შვილს.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: