ანგიოლიპომა – კეთილთვისებიანი წარმონაქმნი კანქვეშ

გააზიარე:

ლიპომა კანქვეშა წარმონაქმნების საკმაოდ გავრცელებული ტიპია. მისი განვითარება ცხიმოვანი უჯრედების ჭარბ გამრავლებას უკავშირდება, ამიტომ ხალხში  ცხიმგროვად იცნობენ. ლიპომის ერთ-ერთი, შედარებით იშვიათი ფორმაა ანგიოლიპომა, რომელიც ცხიმოვან ქსოვილთან ერთად სისხლძარღვებსაც შეიცავს. ისიც, სხვა ლიპომების მსგავსად, კეთილთვისებიანია, თუმცა, მათგან განსხვავებით, ზოგჯერ ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.

რა არის

ანგიოლიპომა მცირე ზომის რბილი კანქვეშა გამობერილობაა, რომლის დიამეტრი, ჩვეულებრივ, 4 სმ-ზე ნაკლებია. ლიპომისგან მისი გარჩევა, ერთი შეხედვით, ძნელია, თუ მასში ხილული სისხლძარღვები არ არის.

ანგიოლიპომა ხშირად სქესობრივი მომწიფების შემდეგ ჩნდება და ამიტომ უმეტესად 20-დან 30 წლამდე ასაკის პირებთან აღირიცხება, მაშინ როდესაც ლიპომა უფრო გავრცელებულია შედარებით ასაკოვან, მაგალითად, 50-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებთან.

განასხვავებენ ანგიოლიპომის ორ ტიპს – ინფილტრაციულს და არაინფილტრაციულს. ეს უკანასკნელი უფრო გავრცელებულია და კანში ღრმად არ არის შეჭრილი, ინფილტრაციული კი იშვიათია და ღრმად აღწევს კანში, კუნთებში, ცხიმოვან ან ფიბროზულ ქსოვილში. ჩვეულებისამებრ, უმტკივნეულოა, თუმცა ქსოვილებში ღრმად მდებარეობის გამო მათი მოცილება უფრო ძნელია. ანგიოლიპომა ჯანმრთელობის სხვა გართულებებს, წესისამებრ, არ იწვევს.

ანგიოლიპომა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს. ყველაზე ხშირად წინამხარზე, მხარსა და ტორსზე გვხვდება, იშვიათად – ფეხებზე, კისერზე, თავზე, სახესა და ხელის მტევნებზე. კიდევ უფრო იშვიათია ანგიოლიპომის განვითარება ღრმად მდებარე ქსოვილებში. მაგალითად, ხერხემალში. ხერხემლის ანგიოლიპომამ შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, ტკივილი, დაბუჟების შეგრძნება ან მოძრაობის გაძნელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში განვითარებულმა – ტკივილი, სისხლდენა და ანემია, თუ საკმაოდ დიდი ზომისაა – ნაწლავების დახშობაც კი.

რა ნიშნებით ვლინდება

სხვა ლიპომებისგან განსხვავებით, ანგიოლიპომა მგრძნობელობით გამოირჩევა და ზოგჯერ მტკივნეულიც კია, თუმცა მის მფარავ კანს, ჩვეულებრივ, ჯანსაღი შესახედაობა აქვს, ზოგიერთისთვის კი ის მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტის წყაროა.

ანგიოლიპომური გამობერილობისთვის დამახასიათებელია მრგვალი ან სფეროსებრი შესახედაობა, რომელიც შეხებით რბილია და ისინჯება როგორც ცომისებრი ან რეზინისებრი წარმონაქმნი, ადვილად მოძრავია და ზოგჯერ სხეულის სხვადასხვა უბანზეა განვითარებული.

რა იწვევს

ანგიოლიპომის უშუალო მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ზოგ შემთხვევაში ის უკავშირდება:

* გენეტიკურ განწყობას – თუ მშობელს ან და-ძმას ანგიოლიპომა აქვთ, მისი განვითარების ალბათობა თქვენთვისაც მეტია;

* დაზიანებას – ანგიოლიპომა შესაძლოა განვითარეს ბლაგვი ტრავმის (მაგალითად, თუ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდით) ან მცირე განმეორებითი ტრავმების შემდეგ;

* ანტირეტროვირუსულ მკურნალობას – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება ზრდის ანგიოლიპომის განვითარების რისკს;

* დიაბეტს – დიაბეტის მქონე პირებს ანგიოლიპომის განვითარების რისკი შედარებით მეტი აქვთ.

ანგიოლიპომის განვითარების ალბათობა იმატებს კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობიც დროსაც.

დიაგნოზი

სხვა ლიპომებისგან ანგიოლიპომის გარჩევა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც ისე ადვილია, თუმცა ტკივილის თანდართვა, ხილული სისხლძარღვების არსებობა მიგვანიშნებს, რომ სწორედ ანგიოლიპომასთან გვაქვს საქმე. ულტრაბგერითი კვლევისას ანგიოლიპომა ისახება როგორც კარგად შემოსაზღვრული, ერთგვაროვანი შიგთავსის მქონე მასა. ზოგჯერ სიმსივნურ წარმონაქმნში სისხლძარღვების აღმოსაჩენად საჭიროა ბიოფსიის ჩატარებაც.

მართალია, ანგიოლიპომა არ არის ავთვისებიანი, მაგრამ შესაძლოა ჰგავდეს ცხიმოვანი უჯრედებისგან განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეს – ლიპოსარკომას, ამიტომ პირველადი შეფასებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე არსებითი განსხვავება: ანგიოლიპომას ნელი ზრდა ახასიათებს, ამასთან, კარგად გამოკვეთილი და შემოფარგლულია, ხოლო ლიპოსარკომა უფრო სწრაფად იზრდება, დიდი ზომისაა, არ არის კარგად კონტურირებული და მისი კიდეები რთული გასარჩევია.

ამ ორი ტიპის წარმონაქმნების დიფერენცირებისთვის ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ბიოფსიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.

30 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებში ლიპოსარკომა ძალიან იშვიათია. ამასთან, უფრო მეტად მუცლის კედლის უკან, მხრებსა და ქვედა კიდურებზე ვითარდება.

ანგიოლიპომა ზოგჯერ დეკრუმის დაავადებისგან დიფერენცირებასაც მოითხოვს. ეს უკანასკნელი იწვევს მრავლობით მტკივნეულ გამობერილობას, მათთან ერთად კი წონის მატებას, დეპრესიასა და ლეთარგიას. აღსანიშნავია, რომ ეს მდგომარეობა უკიდურესად იშვიათად აღირიცხება.

შესაძლოა, ანგიოლიპომას ჰგავდეს კანის სხვა მდგომარეობები, მაგალითად, ისეთები, როგორიც არის ეპიდერმული ცისტა, რევმატული კვანძები, ჰემატომა, კანის ზოგიერთი ინფექცია.

ანგიოლიპომა განსხვავდება ჰემანგიომისგან, რომელიც სისხლძარღვების გროვას წარმოადგენს. კაშკაშა წითელი შესახედაობის გამო მას ხშირად მარწყვის ლაქასაც უწოდებენ. ჰემანგიომებს, ანგიოლიპომებისგან განსხვავებით, ცხიმოვანი უჯრედები არ გააჩნია.

მკურნალობა

ანგიოლიპომა ხშირად უმტკივნეულოა და არც მისი მოცილებაა ყოველთვის აუცილებელი, თუმცა ზოგჯერ ის ტკივილისა და ესთეტიკური დისკომფორტის წყაროა ადამიანისთვის. ასეთ დროს არასასურველ წარმონაქმნს ქირურგიული გზით აცილებენ.

ვინაიდან წარმონაქმნი კანქვეშ მდებარეობს, ოპერაცია, წესისამებრ, არ არის რთული შესასრულებელი, ანგიოლიპომა მარტივად იკვეთება, თუმცა გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქირურგიული ჩარევა  განსაზღვრულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგალითად, ინფილტრაციული ანგიოლიპომის დროს, თუ ის ღრმად არის ჩაზრდილი ქსოვილებში (მაგალითად, ხერხემალში).

ოპერაციის გართულებები ძალიან იშვიათია. ასევე იშვიათია ოპერაციის შემდეგ იმავე ადგილას ანგიოლიპომის ხელახალი განვითარება.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: