გამონადენი კაცებსაც აწუხებთ

გააზიარე:

თუ გგონიათ, სასქესო ორგანოებიდან გამონადენს მხოლოდ ქალები უჩივიან, ცდებით – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური ჩივილიც არის. მამაკაცების მიდგომა ამ საკითხის მიმართ სხვადასხვანაირია: ზოგიერთი მაშინვე უროლოგს მიმართავს და პრობლემას დასაწყისშივე აგვარებს, ზოგი კი გამონადენს არად აგდებს, ამით პროცესის გართულებას უწყობს ხელს და საკუთარი ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობამდე მიჰყავს.
საინტერესოა, რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას და რა შეიძლება მოჰყვეს მის ნებაზე მიშვებას. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე უროლოგი, მედიცინის დოქტორი ბესიკ ხვედელიძე გვესაუბრება:
– მამაკაცის სასქესო ორგანოდან ნებისმიერი სახის გამონადენი პათოლოგიურად მიიჩნევა და ექიმის კონსულტაციას მოითხოვს, ცხადია, თუ არ ჩავთვლით იმ ფიზიოლოგიურ პროცესს, როდესაც სქესობრივი აღგზნების დროს სასქესო ასოდან ჭარბი პროსტატის სეკრეტი გამოიყოფა – ეს ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური მოვლენაა, თუმცა მას მუდმივი ხასიათი არ აქვს და უროლოგები ამას გამონადენს არ ვეძახით. ამ სითხის დენა თითქმის ყველა მამაკაცს ახასიათებს. ზოგს – შედარებით ჭარბად, ზოგს კი იმდენად უმნიშვნელოდ, რომ შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიოს. ეს არის ერთგვარი მომზადება სქესობრივი აქტისთვის. 
– რა იწვევს სასქესო ასოდან პათოლოგიურ გამონადენს და რამდენად ხშირია ეს?
– სასქესო ასოდან გამონადენის გამო ბევრი მოგვმართავს; ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პრობლემაა. გამონადენი ყოველთვის შარდსადენი მილის ანთების, ურეთრიტის, შედეგია, თავად ურეთრიტს კი სხვადასხვა ეტიოლოგია აქვს. ჩვენ მათ ძირითადად ინფექციურ და არაინფექციურ ურეთრიტებად ვყოფთ. ინფექციური ურეთრიტი, გამომწვევის კვალობაზე, შესაძლოა იყოს სტაფილოკოკური, გონოკოკური, ტრიქომონოზული, ქლამიდიური, ურიაპლაზმური, მიკოპლაზმური, გარდნერელოზური, ჰერპესული... არაინფექციურთაგან ყველაზე ხშირია იატროგენული ურეთრიტი, როდესაც სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია, მაგალითად, კათეტერიზაცია, სადიაგნოსტიკო ცისტოსკოპია, შარდსადენი მილის ანთებას იწვევს. იშვიათად ტრავმულ ურეთრიტსაც ვხვდებით. ტრავმულზე ხშირია ალერგიული ურეთრიტი. ამ დროს, მართალია, ალერგენის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ სხვა კლინიკური ნიშნებითა და გამოკვლევებით ვადგენთ, რომ საქმე ნამდვილად ალერგიულ ურეთრიტთან გვაქვს. არაინფექციური ურეთრიტის სახესხვაობაა ქიმიური ურეთრიტიც. წინათ შარდსადენი მილის ანთების სამკურნალოდ სხვადასხვა პრეპარატით გამორეცხვას მიმართავდნენ. ხშირად სწორედ ეს პრეპარატები იწვევდა შარდსადენი მილის მეორეულ დაზიანებას. 
– გარდა გამონადენისა, რა სიმპტომები ახასიათებს შარდსადენი მილის ანთებას?
– მართალია, კლინიკური სურათი ყოველი გამომწვევისთვის მცირედ განსხვავებულია, მაგრამ ძირითადი სიმპტომები ერთნაირია. ყველაზე გავრცელებული სიმპტომია გამონადენი. შარდსადენი მილის ანთებისთვის ასევე დამახასიათებელია ლორწოვანი გარსის ქავილი შარდსადენი მილის გასწვრივ, განსაკუთრებით – ურეთრის წინა ნაწილის ანთების დროს. თუ უკანა ურეთრაა ანთებადი, უფრო ხშირია წვის შეგრძნება შარდვის დასასრულს და მოშარდვის იმპერატიული სურვილი. შესაძლოა, შარდს სისხლის წვეთიც გამოჰყვეს. გონორეული ურეთრიტის მწვავე ან ქვემწვავე ფორმებს ახასიათებს უხვი ჩირქოვანი გამონადენი. ამ დროს ხშირად შეწითლებული და დაზიანებულია როგორც ასოს თავი, ისე ჩუჩაც.
ქლამიდიურ ურეთრიტს შედარებით ნაკლებად გამოხატული სიმპტომატიკა აქვს, თუმცა ზოგჯერ, მწვავე ფორმის დროს, შარდვას გაუსაძლისი ტკივილი ახლავს თან.
ტრიქომონოზული ურეთრიტის დამახასიათებელი სიმპტომია წვა შარდსადენი მილის გასწვრივ როგორც შარდვის დროს, ისე მის გარეშეც. 
გარდნერელოზი ზოგჯერ ლატენტურად მიმდინარეობს, არაფრით მჟღავნდება, რას მის დიაგნოსტიკას ართულებს. მწვავე შემთხვევებს ახასიათებს კლასიკური სიმპტომები: გამონადენი, წვა და ქავილი.
ჰერპესული ურეთრიტი არცთუ იშვიათია. ამ დროს ჰერპესისთვის დამახასიათებელი ბუშტუკოვანი გამონაყარი ურეთრის ლორწოვან გარსზე, კერძოდ, ნავისებური ფოსოს მიდამოში წარმოიშობა. მისი დანახვა მხოლოდ ურეთროსკოპიის დროს არის შესაძლებელი, თუმცა ამ მანიპულაციას იშვიათად ვიყენებთ. ამგვარი წყლულები, გარდა ჰერპესულისა, შესაძლოა ურეთრიტის სხვა ფორმის დროსაც შეგვხვდეს. ამას დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 
საკმაოდ ხშირად გვხვდება ალერგიული ურეთრიტებიც. მათ მოკლე საინკუბაციო პერიოდი ახასიათებთ. შესაძლოა, ალერგენთან კონტაქტიდან 1-2 საათში მძლავრი ალერგიული რეაქცია განვითარდეს და მამაკაცს სასქესო ასოდან უხვი დენა დაეწყოს. ამ დროს გამონადენში ვხედავთ მხოლოდ ლორწოვან სეკრეტს და თუნდაც ალერგენის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდეს, ვხვდებით, რომ ალერგიულ ურეთრიტთან გვაქვს საქმე.
– რა სახის გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო ურეთრიტის გამომწვევის დასადგენად?
– პირველი და ყველაზე ინფორმაციული გამოკვლევაა ნაცხის ანალიზი. საჭიროა როგორც ბაქტერიოსკოპია, ისე ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ვინაიდან სხვადასხვა გამომწვევის აღმოსაჩენად დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდია საჭირო, ჩვენ ორივე მათგანს მივმართავთ. ამ გზით ვადგენთ, რომელ გამომწვევთან გვაქვს საქმე, პროცესში მხოლოდ ერთი სახის ბაქტერიაა დამნაშავე თუ რამდენიმე ერთად, ეს კი მკურნალობის სწორი ტაქტიკის დაგეგმაში გვეხმარება.
ჰერპესული ურეთრიტის დროს ნაცხში ჰერპესვირუსისთვის სპეციფიკური, დაზიანებული ეპითელური უჯრედები გვხვდება. დამატებით ინფორმაციას გვაწვდის სისხლში ანტისხეულების ტიტრი. ალერგიული ურეთრიტის დროს ნაცხში, როგორც უკვე გითხარით, დიდი რაოდენობით ლორწოა. 
ნაცხის ანალიზითან ერთად რუტინულად ტარდება შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზებიც.
რაც შეეხება ცისტოსკოპიას, წინათ იგი სტანდარტული გამოკვლევა იყო, უროლოგთან ვიზიტის დროს მას ყველა პაციენტს უტარებდნენ. სადღეისოდ ტაქტიკა შეიცვალა. ვინაიდან ცისტოსკოპია გამოკვლევის საკმაოდ ინვაზიური მეთოდია, მისი რუტინულად ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, მით უმეტეს – ანთებითი პროცესის დროს. მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მივმართავთ დიაგნოზის დასაზუსტებლად. მაგალითად, მაშინ, როდესაც ვეჭვობთ კოლიკულიტს – უკანა ურეთრაში არსებული ანატომიური ნაწილის, კოლიკულუსის, ანთებას. ამ დაავადების დროს დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა ურეთროსკოპიის ჩატარებაც დაგვჭირდეს. 
– რით შეიძლება გართულდეს არანამკურნალევი ურეთრიტი?
– ეს დაავადების გამომწვევზეა დამოკიდებული. შარდსადენი მილის წინა ნაწილის გონოკოკური ურეთრიტის დროს, თუ მწვავე ანთება და ჭარბი გამონადენია და მკურნალობა დაგვიანდა, შესაძლოა, პროცესი აღმავალი გზით გავრცელდეს. ამ შემთხვევაში ანთებით პროცესში ჩაერთვება უკანა ურეთრა, წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი და ზემო საშარდე გზები. საბედნიეროდ, ამგვარი გართულება იშვიათია. ანთებითი პროცესი შესაძლოა ექსტრაურეთრულადაც, ასოს თავსა და ჩუჩაზე გავრცელდეს და მათი ანთება – ბალანიტი და ბალანოპოსტიტი გამოიწვიოს.
თუ ტრიქომონადურ ურეთრიტს დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა, ექსტრაურეთრულად წყლულების მსგავსი გამონაყარი გაჩნდეს. ქლამიდიური ურეთრიტის დროს უფრო მძიმე გართულებაა მოსალოდნელი – შესაძლოა, ლოკალური პროცესი განივრცოს, სისტემური სახე მიიღოს და რეიტერის სინდრომი გამოიწვიოს. მისთვის წვრილი სახსრების დაზიანება და ქლამიდიური კონინუქტივიტია დამახასიათებელი.
ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო გართულებაა სტრიქტურა – შარდსადენი მილის შევიწროება, რასაც შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვება. შარდსადენი მილის სტრიქტურა ურეთრიტების საკმაოდ გავრცელებული მოგვიანებითი გართულებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე ურეთრიტმა, ისე მორეციდივემაც. ზოგჯერ, რა კარგადაც უნდა ვუმკურნალოთ მწვავე ურეთრიტს, ლორწოვანი გარსი მაინც ზიანდება და დაზიანებულ უბანში ლატენტურად, დიდხანს მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, რაც ამ ადგილებში ნაწიბურის ჩამოყალიბებას და შარდსადენი მილის შევიწროებას იწვევს. 
– როგორ უნდა ვუმკურნალოთ ურეთრიტს სწორად?
– მკურნალობა სხვადასხვაგვარია და დაავადების გამომწვევზეა დამოკიდებული. ამიტომაც გვჭირდება გამომწვევის ზუსტი იდენტიფიცირება – უნდა ვიცოდეთ, რომელი ბაქტერიის, უმარტივესისა თუ ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა დავნიშნოთ. ბაქტერიული გამომწვევების საწინააღმდეგოდ ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება. თუ იზოლირებულ ტრიქომონადულ ურეთრიტთან გვაქვს საქმე, მხოლოდ ანტიტიქომონოზურ პრეპარატებს ვიყენებთ, თუმცა ასე იშვიათად ხდება – დაავადებას უმეტესად არა ერთი, არამედ რამდენიმე გამომწვევი ერთდროულად იწვევს. მკურნალობაც, შესაბამისად, კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპიით ტადდება.
მკურნალობის ხანგრძლივობაც სხვადასხვაა. იგი ურეთრიტის გამომწვევზე, დაავადების მიმდინარეობასა და ექიმის პირად გამოცდილებაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა მონაცემებს გვაწვდის. ზოგიერთი ჭეშმარიტად მწვავე ურეთრიტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკის ერთჯერადი დოზაც საკმარისია. ზოგს თოთხმეტდღიანი მკურნალობა სჭირდება, ზოგს კი ოცდარვადღიანი. ჰერპესული ურეთრიტის დროს ანტივირუსული მკურნალობის კურსს ვუნიშნავთ. უმეტესად საჭიროა სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაც, რათა ინფიცირება ხელმეორედ არ მოხდეს.
რაც შეეხება ალერგიულ ურეთრიტს, მისი მკურნალობა უროლოგს იშვიათად უწევს – ამგვარი პაციენტი ალერგიის სხვა გამოვლინებათა გამო მეტწილად ალერგოლოგთან ხვდება, მის მიერ დანიშნული ანტიალერგიული თერაპია კი, წესისამებრ, ურეთრიტზეც მოქმედებს და პროცესს ალაგებს. ამ შემთხვევაში უროლოგის კონსულტაცია საჭირო აღარ არის. თუ ალერგიული რეაქციის პირველადი გამოვლინება ურეთრიტია, ცხადია, პაციენტი ჩვენ მოგვმართავს. ვუტარებთ სათანადო გამოკვლევას, გამოვრიცხავთ დაავადების ინფექციურ წარმოშობას და შესაბამის მკურნალობას ვუნიშნავთ.
– შესაძლებელია თუ არა ურეთრიტის პრევენცია?
– ურეთრიტი ნებისმიერ მამაკაცს შეიძლება დაემართოს, ისევე როგორც ნებისმიერ ქალს. მისი პრევენციის უნივერსალური გზა არ არსებობს. რისკის ჯგუფის გამოყოფაც ძნელია. შედარებით დიდია დასნებოვნების ალბათობა იმუნოკომპრომეტირებულ პირებთან, რომელთაც სხვა დაავადების გამო იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ. მოგეხსენებათ, ინფექცია ყველაზე ხშირად სქესობრივი კონტაქტის დროს იჭრება ორგანიზმში, ამიტომ დაცული სქესობრივი კავშირი საგრძნობლად ამცირებს დაავადების რისკს.

თამარ არქანია 

გააზიარე: