ათასი ლეგენდის მხარე

გააზიარე:

აბასთუმანი ვიზიტორების ნაკლებობას არ უჩივის. აქ უამრავი ხალხი ჩამოდის უძველესი არქიტექტურული ძეგლების დასათვალიერებლად, ობსერვატორიის მოსანახულებლად და, რაც მთავარია, უნიკალური თერმული წყლებით სამკურნალოდ. მოდი, ერთად მოვიაროთ აბასთუმანი. დედაქალაქიდან კურორტამდე ორსაათ-ნახევრის გზაა. მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში მდებარე აბასთუმანს სამხრეთით თურქეთი ესაზღვრება, დასავლეთით – აჭარა, აღმოსავლეთით – ახალციხე, ჩრდილოეთით კი – გურია და იმერეთი. ის ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება, ასე რომ, თბილი სამოსი მუდამ თან იქონიეთ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმულ კურორტზე სიცხეს იშვიათად იგრძნობთ. ზაფხულში აქ ყოველთვის გრილა, ზამთარში კი საკმაოდ ცივა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აბასთუმანში 37°-ია, მინიმალური კი – 32°. აქ მომდინარე თერმული წყლების გამო აბასთუმანს კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტებს მიაკუთვნებენ.
გარდა სამკურნალო დაწესებულებებისა, აბასთუმანში ბევრი რამაა სანახავი. აქ მდებარეობდა ისტორიული ციხე-ქალაქი ოძრხე, რომელიც ქართველთა ლეგენდარულ მამამთავარს ოძრახოსს ჩვენს წელთაღიცხვამდე დიდი ხნით ადრე აუშენებია. ფარნავაზის დროს აქ სამცხისა და აჭარის ერისთავთა საბრძანისი იყო, ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შემდეგ კი სამეფო ოჯახის ზამთრის რეზიდენციად იქცა. 1191 წელს ის გიორგი რუსთან ერთად თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულმა ფეოდალებმა გადაწვეს... დღეს ციხე-ქალაქისგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. აბასთუმანში მნახველებს კვლავ მასპინძლობს თამარის ხიდი მდინარე ოცხეზე, თამარის ციხე, ახალი ზარზმა, დიდი მთავრის ზამთრისა და ზაფხულის სასახლეები. თამარის ხიდის პირდაპირ წმინდა გიორგის სახელობის უგუმბათო ტაძარია. მიუხედავად გადაკეთებისა, მას ჯერ კიდევ შემორჩენია ზოგიერთი ძველი ნაწილი – დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი და ჩუქურთმიანი არშიებით შემკული სარკმლები დასავლეთის ფასადზე. აქვეა მამათა მონასტერი და აბასთუმანის ობსერვატორია. ეს უკანასკნელი აბასთუმანის სავიზიტო ბარათია. ობსერვატორია 1932 წელს დააარსა პროფესორმა გლაზენაპმა, რუსეთის მეფის ნიკოლოზის ძმის, გიორგის, მეგობარმა. აბასთუმანში მკურნალობის დროს გლაზენაპი თან ახლდა უფლისწულს და ორმაგ ვარსკვლავებს აკვირდებოდა. მანვე წამოაყენა ობსერვატორიის აგების იდეა. კომისიამ, რომელიც ობსერვატორიის აგების საკითხს განიხილავდა, განიხილა გლაზენაპის დაკვირვების შედეგები და პროექტიც დაამტკიცა.
კურორტზე ღამის გასათევზე ნუ იდარდებ – ადგილობრივ მოსახლეობას აქ ოჯახური ტიპის სასტუმროები აქვს გახსნილი, სადაც სამჯერად კვებასაც შემოგთავაზებენ. კვების გარეშე ღამისთევა 20 ლარი დაგიჯდებათ. სამჯერადი კვებითურთ კი დაახლოებით 40 ლარი ღირს.
მრავალი წლის განმავლობაში აბასთუმანი ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრი იყო. საინტერესოა, რა თავისებურება ახასიათებს აბასთუმნის კლიმატს და რით არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ეს დაავადება არ აქვს. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად თბილისის ბალენოლოგიური კურორტის “თბილისი სპას”, საქართველოს ფიზიოთერაპიის, კურორტოლოგიის, რეაბილიტაციიისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ მანანა ტაბიძეს ვესტუმრეთ. ქ-მა მანანამ კურორტის დაარსების ისტორიაც გვიამბო და ის ექიმებიც გაიხსენა, რომელთაც კურორტის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით:
– აბასთუმანი ჩვენი ქვეყნის უძველესი კურორტია. ცნობები მის ჰიპერთერმულ წყლებზე არა მარტო ქართულ, არამედ ირანულ ლეგენდებსა და ახლო აღმოსავლეთის ფოლკლორშიც გვხვდება. მათ ვახუშტი ბაგრატიონიც იხსენიებს თავის ისტორიულ-გეოგრაფიულ ნაშრომში: “დღეისათვის დაცარიელებული, აოხრებული მიდამოს სამხრეთით არის მძლავრი და ცხელი წყარო, რომელიც მთის ძირიდან გამოდის და ეწოდება ოცხე. წყაროზე განლაგებულია აბანო და მრავალი ბანაობს, რამეთუ წყალი ესე კურნავს სახსრების დაავადებებს, წყლულებს, კანის დაავადებებს”. აბასთუმნის მინერალური წყლებით XIX საუკუნის დასაწყისში დაინტერესდა რუსეთის სამხედრო უწყებაც, რომელსაც ისინი ექსპლოატაციისთვის გადაეცა. იქ გზავნიდნენ ახალციხის ბატალიონის ჯარისკაცებს. იქ მომუშავე ექიმებმა მალევე შეაფასეს აბასთუმნის არა მარტო ბალნეოლოგიური პოტენციალი, არამედ შესანიშნავი კლიმატიც, მაგრამ აბასთუმანი დიდხანს მაინც მხოლოდ ბალნეოლოგიურ კურორტად დარჩა. 1869 წელს მის კეთილმოწყობას სათავეში ჩაუდგა ენერგიული ექიმი რემერტი, რომელმაც ამისთვის დიდი ძალისხმევა გაიღო. სწორედ მან გაამახვილა ყურადღება კურორტის კლიმატურ თავისებურებებზე. მალე აბასთუმანს იმ დროისთვის ცნობილი რუსი მეცნიერები პ. კოვალევსკი, გ. ზახარინი, ვ. ვირხოვი ეწვივნენ და კურორტის კლიმატს მეტად მაღალი შეფასება მისცეს. აბასთუმანს უპირატესობა მიენიჭა ცნობილ გერმანულ და შვეიცარიულ კურორტებთან შედარებით.
კურორტის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ცნობილმა ექიმმა ი.ზ. გოპაძე, რომელიც აქ 17 წლის განმავლობაში (1890-დან 1907 წლამდე) მოღვაწეობდა.
გასული საუკუნის 30-იან წლებში აბასთუმანი ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულთა საკავშირო კურორტად გამოცხადდა. მკურნალობის ეფექტური მეთოდების შემუშავებაში, ფილტვის ტუბერკულოზის სამკურნალოდ მთის კლიმატის რაციონალურ გამოყენებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით კ. ლორთქიფანიძეს, ვ. ასათიანს, ა. ვესიძეს, ი. ჯავახიშვილს, გ. მესტიაშვილს, პ. მხეიძეს, ო. ბათიაშვილს და სხვებს. ტუბერკულოზის დროს აეროთერაპიის მნიშვნელობას მიეძღვნა მ. უგრეხელიძისა და ვ. თოხაძის მრავალრიცხოვანი შრომებიც.
– აბასთუმანი ზღვის დონიდან 1250-1650 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის ტერიოტორიის ცენტრალური ნაწილი შედარებით დაბლაა განლაგებული (1260 მ ზღვის დონიდან) და მდინარე ოცხეს ნაპირს მიუყვება. მეორე, არაზინდოს პლატო, სამხრეთ-დასავლეთისკენაა მიმართული (1410 მ ზღვის დონიდან), მესამე, აღობილიც, პლატოა. ის ხეობის საწინააღმდეგო მხარესაა განლაგებული (1450 მ ზღვის დონიდან). ორივე პლატოს აქვს ღია ჰორიზონტი, რაც მზის ნათების დიდ ხანგრძლივობას (წელიწადში 1967 საათი) უზრუნველყოფს. კურორტის რელიეფი მთაგორიანია, ფერდობები დაფარულია წიწვიანი ტყეებით (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი). აბასთუმნის კლიმატის თავისებურები მისი რელიეფის სირთულითა და მაღალი მდებარეობით არის განპირობებული. ზაფხული ზომიერად თბილია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +16 0C), ცხელი, ჩახუთული დღეები იშვიათია. შემოდგომა ხანგრძლივია, საკმაოდ თბილი, მზიანი და მშრალი, ზამთარი – ზომიერად რბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6 0ჩ. თოვლით კურორტი შუა დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე იმოსება. ნალექების რაოდენობა წელიწადში 618 მმ-ია. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა მაღალი არ არის: ზაფხულში 48%-ს აღწევს, ზამთარში – 68%-ს. ქრის სუსტი და ზომიერი მთა-ხეობის ქარები, რომლებიც კურორტის კარგ ვენტილაციას უზრუნველყოფს. ჰაერი აქ სუფთა და გამჭიარვალეა და გაჯერებულია წიწვის არომატით, რაც სასიკეთოდ მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე.
კურორტის ერთ-ერთი ღირსება მკვეთრი ქარების არარსებობაა. მთის მწვერვალები აბასთუმანს ძლიერი ჰაერის ნაკადებისგან იცავს, ამიტომ ზამთარში, ოქტომბრიდან მარტამდე, ქარები თითქმის არ ქრის. აბასთუმნიდან შავ ზღვამდე პირდაპირი ხაზით 80 კმ-ია. მთიანი ქედების გამო შავი ზღვის ნოტიო ჰაერის მასები კურორტის კლიმატზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს, თუმცა ოდნავ მაინც ამცირებს ახალქალაქის პლატოს კონტინენტური კლიმატის გავლენას. ამავე დროს ტყის მასივები დადებითად მოქმედებს მიკროკლიმატის ფორმირებაზე. ამის გამო ნისლიანი ამინდები შედარებით იშვიათია, ხანმოკლე და სუსტი.
აბასთუმანში ცხელი (თერმული) მინერალური წყლების სამი წყაროა – ბოგატირსკი, ზმეინი და ზოლოტუშნი, 1 მილიონ ლიტრამდე დღე-ღამის დებიტით. ესენია კაჟიანი, სულფატურ-ქლორიდული, კალციუმიან-ნატრიუმიანი წყლები 0.6გ/დმ3 საერთო მინერალიზაციით. კურორტი ძირითადად ფილტვების ტუბერკულოზის, ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ არის განკუთვნილი. მინერალური წყლების აბაზანები ენიშნებათ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური პროფილის თანმხლებ დაავადებათა სამკურნალოდ.
აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რამ: 90-იან წლებამდე აბასთუმანი ტუბერკულოზის სამკურნალო დახურული ტიპის კურორტი იყო. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქ მთლიანად მოიშალა სანატორიული ინფრასტრუქტურა და კურორტი ყველა დამსვენებლისთვის გაიხსნა. წლების მანძილზე კურორტის სპეციფიკური პროფილის გამო მიწაში, წყალში კოხის ჩხირი (ტუბერკულოზის გამომწვევი) შესაძლოა კვლავ ცოცხლობდეს. ეს საკითხი როგორც ჰიგიენური, ასევე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვფიქრობ, სერიოზულ შესწავლას, კვლევა-ძიებას მოითხოვს, რაც არ მომხდარა. მე, როგორც კურორტოლოგს, მიმაჩნია, რომ დღეს, როცა ტუბერკულოზი ასეა გავრცელებული, აუცილებელია, აღდგეს სპეციალიზებული სანატორიულ-კურორტული მკურნალობა, ამიტომ უმჯობესი იქნება, აბასთუმანს ძველი პროფილი დაუბრუნონ და კვლავ დახურული ტიპის კურორტად აქციონ.
გვანცა გოგოლაძე
ნინია მაჭარაშვილი

გააზიარე: