ფრთხილად, ცხელია!

გააზიარე:

დამწვრობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საყოფაცხოვრებო ტრავმაა. მ. იაშვილის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი მარინა გოგიძე ამბობს, რომ აუცილებელია, მოსახლეობამ, მათ შორის – ბავშვებმაც, კარგად იცოდნენ, როგორ მოიქცნენ დამწვრობის პირველსავე წუთებში, რადგან არასწორად გაწეული პირველი დახმარება ხელს უშლის დამწვრობის შემდგომ მკურნალობას, ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას და ზოგჯერ სავალალო შედეგსაც იწვევს.
– განასხვავებენ თერმულ, ქიმიურ, ელექტრულ და რადიაციულ დამწვრობებს. საყოფაცხოვრებო პირობებში ხშირია დამწვრობა ცხელი უთოთი, წყლით, ორთქლით, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით, მათ შორის – სარეცხი და საწმენდი საშუალებებით. კატასტროფის, უბედური შემთხვევის, მაგალითად, ხანძრის დროს ადამიანი უფრო სერიოზულ დაზიანებას იღებს, ვიდრე საყოფაცხოვრებო პირობებში. როდესაც დამწვრობა მცირე ფართობით არის შემოსაზღვრული, მხოლოდ კონკრეტულ ტრავმას ვმკურნალობთ, ხოლო დიდი ფართობის დაზიანებისას საქმე გვაქვს დამწვრობით დაავადებასთან, რომელსაც თავისი სტადიები და მიმდინარეობა აქვს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტი დროულად მივიყვანოთ ექიმთან.
გავრცელებული შეცდომა
დამწვრობის დროს ხშირად ხმარობენ შინაურ საშუალებებს: დაზიანებულ ადგილზე იდებენ კარტოფილს, იყრიან სოდას, ისვამენ კბილის პასტას ან ზეთს, ეს კი საქმეს ართულებს, თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა, გამოყენებული პროდუქტები ინფექციის წყაროდ იქცეს. მოსახლეობაში განსაკუთრებით პოპულარულია დამწვრობის დროს ზეთის გამოყენება. ზეთი აპკივით ეფარება დამწვარ კანს, არ აძლევს გაგრილების საშუალებას, სიმხურვალე გარეთ ვეღარ გამოდის და პროცესი, ნაცვლად იმისა, რომ შეჩერდეს, უფრო ღრმავდება.
წყალი, წყალი და წყალი
დამწვრობის დროს დაზიანებული არეს გასაგრილებლად და პროცესის შესაჩერებლად ყველაზე მარტივი საშუალება გამდინარე წყალია. თერმული (ცეცხლით, ცხელი წყლით, ორთქლით გამოწვეული) დამწვრობისას დაზიანებული ადგილი ათი წუთით უნდა შევუშვიროთ გამდინარე გრილ წყალს. წყლის ტემპერატურა კომფორტული უნდა იყოს. ძალიან ცივი წყალი არ არის სასურველი, რადგან შედარებით დიდი ფართობის მომცველი დამწვრობისას შესაძლოა დამწვრობითი შოკი განვითარდეს. ამ დროს სხეულის ტემპერატურა ეცემა, სისხლის მიმოქცევა კაპილარულ დონეზე იზღუდება და ცივი წყლის დამატება ამ ეფექტს უფრო მეტად გააძლიერებს.
შემდეგი ეტაპი
ამის შემდეგ დაზიანებულ ადგილას შეგიძლიათ სტერილური საფენი დააფინოთ და დოლბანდით გადაახვიოთ. ჯობს, ექიმ-კომბუსტიოლოგს (დამწვრობის სპეციალისტს) მიმართოთ, რომელიც დამწვრობის ფართობისა და სიღრმის მიხედვით შეარჩევს შესაბამის მალამოს. ძალიან დიდი ფართობის მომცველი და ღრმა დამწვრობისას ცხიმოვანი მალამოები არ არის რეკომენდებული, წყლის ფუძეზე დამზადებულები იხმარება, რადგან ის, სულ ცოტა, დღეში ერთხელ უნდა ჩამოიბანოს და თ
ავიდან წაესვას, ცხიმოვან ფუძეზე დამზადებული მალამოს ხმარებისას კი ამის გაკეთება ძნელია. ერიდეთ შინაურ მალამოებსაც, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ის სტერილურ პირობებშია დამზადებული. თუ მალამოს იხმართ, აფთიაქში ნაყიდი, ქარხნული წესით დამზადებული უნდა გამოიყენოთ.
თუ ბავშვი დაშავდა
ბავშვს გაცილებით ნაზი და სათუთი კანი აქვს, ვიდრე მოზრდილ ადამიანს. ჩვილს კანი სულ ოდნავ ცხელი წყლის მოხვედრის შემთხვევაშიც კი ზიანდება. იმ ტემპერატურაზე, რომელზეც მოზრდილს შესაძლოა არაფერი დაემართოს, ბავშვები ზოგჯერ II ხარისხის დამწვრობას იღებენ. ისიც შესაძლოა, მცირე ფართობის დამწვრობამ სერიოზული გართულება გამოიწვიოს. ხშირად მშობელი ადეკვატურად ვერ აფასებს ზიანს, ამიტომ ჯობს, ბავშვი მცირე დამწვრობის შემთხვევაშიც კი ექიმთან წავიყვანოთ.
მდგომარეობის სიმძიმე
დამწვრობის სიმძიმე მის ხარისხზე, დაზიანებული ზედაპირის ფართობზე, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასაკზეა დამოკიდებული. ბავშვები და ხანდაზმულები უფრო მძიმედ იტანენ ამ ტრავმას, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანები.
დამწვრობის ხარისხი
საქართველოში გამოყენებული კლასიფიკაციით, გამოიყოფა ოთხი ხარისხის დამწვრობა:
* I ხარისხისა ყველა ჩვენგანს მიუღია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მზით დამწვრობა, რომელიც კანის მხოლოდ ზედაპირულ შრეს აზიანებს და მეორე დღესვე რჩება.
* II ხარისხის დამწვობის შემთხვევაში კანზე წარმოიქმნება ბუშტუკი. ამ შემთხვევაში კანის ეპითელიზაციას ანუ აღდგენას შვიდი დღე სჭირდება (შედარებისთვის – IIIა ხარისხის დამწვრობისას 21 დღემდეა საჭირო).
* IIIა, IIIბ, IV ხარისხი უკვე ღრმა დაზიანებას გულისხმობს. IV ხარისხის დამწვრობა ფაქტობრივად დანახშირებაა. IIIბ და IV ხარისხის დამწვრობის დროს კანის იმდენად ღრმა შრეები ზიანდება, რომ თავისით ვერ აღდგება და ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს.
ხელის დამწვრობა
საყოფაცხოვრებო პირობებში განსაკუთრებით ხშირია ხელის დამწვრობა. ვიდრე ხელს გამდინარე წყალს შეუშვერთ, მოიხსენით სამკაულები (ბეჭდები, სამაჯურები), რადგან დამწვარი ადგილი თანდათან შეშუპებას იწყებს, სამკაული კი შეშუპებულ კიდურს ღრმად მოეჭირება და სისხლით მომარაგებას დაარღვევს, რაც დამატებით პრობლემებს წარმოშობს.
დამწვრობა ცხელი წყლით
ბავშვები განსაკუთრებით ხშირად იღებენ თერმულ ტრავმას ცხელი წყლით (ჩაით, ყავით და ა.შ.). გახსოვდეთ, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება. დაზიანების პროცესის შესაჩერებლად თითოეული წამი ძვირფასია. ვინაიდან ნაჭერი დიდხანს ინარჩუნებს სიმხურვალეს, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ის არის, რომ ბავშვს სასწრაფოდ გახადოთ ტანზე და დამწვარი ადგილი გამდინარე გრილ წყალს შეუშვიროთ. თუ ათი წუთი ვერ გააჩერებთ, სანამ დამწვრობა არ გაგრილდება, მანამდე მაინც.
პირის ღრუს დამწვრობა
ცხელი სითხით შესაძლოა პირის ღრუც დაიწვათ, შედეგად პირის ღრუს ლორწოვანი შეშუპდეს და ასფიქსიის საფრთხე გაჩნდეს.
პირის დამწვრობის შემთხვევაშიც პირში გრილი წყალი გამოივლეთ.
ქიმიური დამწვრობა
საყოფაცხოვრებო პირობებში ქიმიურ
ი დამწვრობა იშვიათია, თუმცა ქიმიური დაზიანების გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ სარეცხ ან საწმენდ საშუალებას კანზე ხანგრძლივი მოქმედებისას, ასევე – სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების წყალთან ან ერთმანეთთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილ შხეფებს კანზე ან თვალზე მოხვედრისას.
ქიმიური დამწვრობის დროს პირველი დახმარების ძირითადი პრინციპია დაზიანებული არის ჩამობანა გრილი გამდინარე წყლით 30 წუთის განმავლობაში.
თვალის დამწვრობა
თვალის დამწვრობა შესაძლოა განვითარდეს თვალში როგორც ქიმიური ნივთიერების, ისე ცხელი წყლის ან ცხიმის შხეფის მოხვედრის შედეგად. გამდინარე წყლის ზემოქმედების ხანგრძლივობა ამ შემთხვევაშიც მიზეზზეა დამოკიდებულ: თერმული დამწვრობა – 10 წუთი, ქიმიური დამწვრობა – 30 წუთი. თუ მხოლოდ ერთი თვალი დაზიანდა, წყლის ნაკადი საღი თვალიდან დაზიანებულისკენ უნდა ჩაედინებოდეს (სურ. #1). თუ ორივე თვალია დამწვარი, დაშავებული პირაღმა უნდა დააწვინოთ და წყალი ისე დაასხათ, რომ ნაკადი თვალების შიგნითა კუთხიდან გარეთ მიედინებოდეს (სურ. #2). მნიშვნელოვანია, ქიმიური ნივთიერება საცრემლე არხში კი არ მოხვდეს, არამედ გარეთ გამოირეცხოს, რათა საცრემლე არხი არ დააზიანოს. წყლის ჭავლი მეტისმეტად ძლიერი არ უნდა იყოს.
სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება
სასუნთქი გზების დამწვრობა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებაა. არსებობს საფრთხე, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში შეშუპდეს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი და გადაიკეტოს სასუნთქი გზები, ამიტომ, თუ ასეთ დაზიანებას ეჭვობთ, დროის დაკარგვა არ შეიძლება, დაშავებული სასწრაფოდ სტაციონარში უნდა გადაიყვანოთ.
მზით დამწვრობა
ზაფხულში განსაკუთრებით დიდია მზით დამწვრობის ალბათობა, ამიტომ ერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს დღის 12-დან საღამოს 5 საათამდე.
მზით დამწრობის დროსაც ეფექტურია გრილი წყლის გადავლება 10 წუთის განმავლობაში. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ პანთენოლის სპრეიც, რომელიც გამაყუჩებელსაც შეიცავს და I ხარისხის დამწვრობის დროს ეფექტურად მოქმედებს.
სამახსოვრო
* დამწვრობის დროს არ გამოიყენოთ ლოსიონები, მალამოები, ყინული.
* ექიმთან მისვლამდე არ დაარღვიოთ ბუშტუკის მთლიანობა – ეს გაზრდის ინფექციის შეჭრის ალბათობას.
* დიდი და ღრმა დამწვრობის შემთხვევაში არ მოაშოროთ დაზარალებულს შავებულს მჭიდროდ მიკრული ტანსაცმელი.
* დიდი ფართობის მომცველი დამწვრობის შემთხვევაში, როდესაც არსებობს დამწვრობითი შოკის განვითარების ალბათობა, არ მისცეთ დაშავებულს ბევრი წყალი – ეს ღებინებას გამოიწვევს.
* კატასტროფის, ხანძრის და დიდი მასშტაბის უბედურების შემთხვევაში თქვენ ვერ გაუწევთ პაციენტს შესაბამის დახმარებას, მთავარია, დროულად გამოიძახოთ სასწრაფო.
არსებობს სტატისტიკა, რომ რაც მეტი კომფორტია ოჯახში, მით ნაკლებია დამწვრობის საფრთხე და რაც ნაკლებია კომფორტი, მით მეტია დამწვრობითი ტრავმის მიღების ალბათობა, ამიტომ დამწვრობა სოციალურად დაუცველი ფენის დაავადებად ითვლება.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: