პირველი დახმარება ტრავმის დროს
გააზიარე:
ევროკავშირის ქვეყნების 2013 წლის სტატისტიკის მიხედვით, ტრავმით მიყენებული ზიანის შედეგად ყოველ ორ წუთში ერთი ადამიანი იღუპება, ხოლო წლის განმავლობაში დაშავებულთა რაოდენობა 5.7 მილიონს აღწევს. ტრავმის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმხილველის სწორ დახმარებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე. როგორც მ. იაშვილის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი ნინო კიკნაძე ამბობს, თუ ადამიანმა არ იცის, რით დაეხმაროს დაშავებულს, ის მაინც უნდა იცოდეს, როგორ არ ავნოს.
– ტრავმის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, განსაკუთრებით – მათთვის, ვისაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება არ მიუღია (ასეთი დაზიანების დროს ადამიანი რამდენიმე წუთში კვდება) და ვისი გადარჩენაც შეუძლია თვითმხილველის დახმარებას და სასწრაფოს დროულ გამოძახებას.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმა შესაძლოა განვითარდეს ავტოსაგზაო, საყოფაცხოვრებო, საწარმოო შემთხვევის, სუიციდის მცდელობის დროს. ამ დროს უმთავრესად მოსალოდნელია: ძვლების მოტეხილობა, სახსრის ამოვარდნილობა, რბილი ქსოვილის დაზიანება – კუნთის დაჭიმვა და გაგლეჯა, მყესის დაჭიმვა და გაგლეჯა. განვიხილოთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ თითოეულ შემთხვევაში.
მოტეხილობა
მოტეხილობა დახურულია, თუ კანი დაუზიანებელია, და ღია – თუ დაზიანებულია. ღია მოტეხილობისას ჭრილობაში შესაძლოა ძვალი დავინახოთ.
მოტეხილობას ხშირად სისხლდენაც ახლავს თან. როდესაც მოტეხილობა დახურულია, სისხლი კუნთთა შორის სივრცეში იღვრება. ზოგიერთი ძვლის მოტეხილობისას შინაგანი სისხლდენა საკმაოდ ძლიერია, მაგალითად, ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას კუნთთა შორის სივრცეში შესაძლოა 1-1.5 ლიტრი სისხლი ჩაიღვაროს, მენჯის მოტეხილობისას – 2-2.5 ლიტრი, რაც შოკს იწვევს. აქვე დავძენ, რომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შოკის შეფასება და მის საწინააღმდეგოდ მოქმედება (ასევე – დაშავებულის მდგომარეობის ზოგადი შეფასებაც). ამის შესახებ ჩვენი ცენტრის ინსტრუქტორები მომდევნო შეხვედრისას გესაუბრებიან.
მოტეხილობის სიმპტომები
როდესაც დაშავებული გონზეა, წამყვანი სიმპტომია სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი. შესაძლოა, მოტეხილ კიდურზე შეინიშნებოდეს სისხლჩაქცევა, კიდური (ძვლების შეცილების შემთხვევაში) დეფორმირებული და დამოკლებული იყოს, ისმის დამახასიათებელი კრეპიტაცია – კიდურზე მსუბუქი შეხებისას თოვლის ჭრაჭუნის მსგავსი ხმა. ჩამოთვლილი სიმპტომები მოტეხილობის უტყუარი ნიშნებია, მაგრამ მას ყოველთვის არ ახლავს თან, ამიტომ ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ საავადმყოფოში, რენტგენოლოგიური კვლევით ისმება.
იმობილიზაცია
მოტეხილობის დროს, შემდგომი დაზიანებისა და დამატებითი ტკივილის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაზიანებული ადგილის უძრავი ფიქსაცია – იმობილიზაცია. კიდურის დაფიქსირება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, ძირითადად არტაშნით, ასევე – ხელით ან, ქვედა კიდურის დაზიანების შემთხვევაში – ჯანმრთელ კიდურზე მისი მიმაგრებით.
არტაშანი შეიძლება იყოს იმპროვიზებულიც, ანუ ჩვენ თვითონ დავამზადოთ იმისგან, რაც იმწუთას ხელში მოგვხვდება. მთავარია, ეს ნივთი მყარი იყოს (მაგალითად, ფიცარი, ჯოხი). აუცილებელია, არტაშნით დაზიანების ორი მეზობელი სახსარი მაინც დაფიქსირდეს. როდესაც ვიცით, რომ სასწრაფო მალე მოვა, შეიძლება, მანამდე მოტეხილობა იმავე პრინციპით (ორი მეზობელი სახსარი) ხელით დავაფიქსიროთ. კიდური კოჭისა და მუხლის სახსარში ფიქსირდება. (სურ. #1). სასწრაფო დახმარებას დაახლოებით ათი წუთი ველოდებით, მერე კი ვიწყებთ მოქმედებას, მაგრამ იმისთვის, რომ კიდური ზედმეტად არ ვამოძრაოთ და ტრავმა არ დავამძიმოთ, სულ ცოტა, სამმა კაცმა უნდა იმოქმედოს. ერთი მათგანი, ტრავმის ლიდერი, რომელიც ხელით აფიქსირებს კიდურს, მხოლოდ განკარგულებებს გასცემს.
ღია მოტეხილობის შემთხვევაში ჯერ სისხლდენას ვაჩერებთ მორგვებითა და ცირკულარული ნახვევით, მერე კი იმობილიზაციას ვახდენთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ძვალზე ზეწოლა არ შეიძლება. თუ ის ჭრილობაში ჩანს, უძრავად უნდა დავაფიქსიროთ მორგვითა და ცირკულარული ნახვევით.
მოტეხილობა ქვედა კიდურზე
ბარძაყის დაზიანების შემთხვევაში რაც მეტი სახსარი ჩაიკეტება, მით უკეთესია, ამიტომ არტაშნად გრძელი საგანი უნდა გამოვიყენოთ. არტაშანი გვერდიდან იდება და სამკუთხა სახვევით ფიქსირდება. მისი არქონისას ვიყენებთ ნებისმიერ რბილ ქსოვილს. წვივის მოტეხილობის დროს არტაშნის დადება შეიძლება როგორც გარედან, ისე შიგნიდანაც. კვანძებს არტაშანზე ვაყოლებთ. სულ ცოტა, სამი სახვევია საჭირო (სურ. #2).
თუ მეორე კიდური დაზიანებული არ არის, შეგვიძლია, ის არტაშნის ნაცვლად გამოვიყენოთ იმობილიზაციისთვის (სურ. #3): სამკუთხა სახვევებს ბრტყლად დავკეცავთ, მუხლქვეშა ფოსოდან ან ქუსლის უკანა სივრციდან დაზიანებულ კიდურს ქვეშ შევუცურებთ, ორ ცალს მოტეხილობის ზემოთ გადავაადგილებთ, ორს – მოტეხილობის ქვევით.
სახვევების დადების პრინციპი ასეთია: ორი მოტეხილობის ქვემოთ ედება, ორი – მოტეხილობის ზემოთ, ანუ თითო-თითო მოტეხილობის ზემოთ და ქვემოთ ედება, ორით კი მეზობელი სახსრები ფიქსირდება. ასე ვიქცევით წვივის ძვლების მოტეხილობის შემთხვევაში, ხოლო ბარძაყის ძვლის დაზიანებისას მეხუთე სახვევით დამატებით ფიქსირდება კოჭ-წვივის სახსარი. სახვევების კვანძები საღ კიდურზე უნდა შევკრათ.
თუ დაშავებული იმდენად მსუქანია, რომ მუხლქვეშა და კოჭქვეშა სივრცეები არ უჩანს, ვიქცევით ასე: კიდურს ძალიან ფრთხილად ავწევთ სამ თვლაზე, სახვევებს შევასრიალებთ, თავ-თავის ადგილებზე განვალაგებთ და კიდურს ისევ სამ თვლაზე დავუშვებთ. შემდეგ სახვევებს მეორე კიდურის ქვეშ შევაცურებთ, მას დაზიანებულ კიდურთან მივაახლოებთ, ფეხებს შორის რბილ საფენებს ჩავაწყობთ (ორად გაკეცილი ნაჭერი საკმარისია) და სახვევებს გადავკვანძავთ.
უნდა შევამოწმოთ პულსი კიდურებზე, შევადაროთ ერთმანეთს, დავაკვირდეთ კანის ფერს – მეტისმეტად მჭიდრო სახვევი სისხლის მიმოქცევას დაარღვევს და კანი გალურჯდება, გაცივდება.
მენჯის მოტეხილობა
მენჯის მოტეხილობის დროს, ქვედა კიდურებზე დაზიანება რომც არ შეინიშნებოდეს, დგომა და სიარული შეუძლებელია. მენჯის მოტეხილობა რომ ვივარაუდოთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორ დაშავდა ადამიანი, როგორ დაეცა, ასევე – ტკივილი წელის, საზარდულის, ბარძაყების მიდამოში, სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, ტკივილი შარდვის დროს, სისხლნარევი შარდი. ეს ყველაფერი მენჯის ღრუ ორგანოებისა და მენჯის დაზიანებაზე მიუთითებს.
თუ დაშავებული გონზეა, ძლიერი ტკივილი თავად კარნახობს პოზიციას – დაჯდეს თუ დაწვეს, ანდა როგორ მოათავსოს კიდურები... ამ დროს მცირე მოძრაობაც კი მტკივნეულია, ამიტომ დაშავებულს პოზას არ ვუცვლით და კიდურებს გაუნძრევლად, როგორც არის, ისე, ვაფიქსირებთ სამკუთხა სახვევებით ან ნებისმიერი ქსოვილით, ბინტით.
გაშლილი კიდურების ერთმანეთთან მიტანაც კი არ შეიძლება – ეს მენჯის მოტეხილ ფრაგმენტებს აამოძრავებს და სისხლდენას გააძლიერებს. ამ შემთხვევაში ფეხებს შორის ვდებთ ბალიშს, ქურთუკს, დახვეულ ტანსაცმელს, ანუ სივრცეს ამოვავსებთ და სახვევებს ისე დავადებთ (სურ. #4). ორს – ბარძაყზე, ორს – წვივზე, კვანძებს კი ფეხებს შორის არსებულ სივრცეში მოვაყოლებთ. უშუალოდ მენჯზე არაფერს ვადებთ.
თუ დაშავებული უგონოდაა, მენჯის ტრავმას გვაეჭვებინებს დეფორმირებული მენჯი, მასზე სისხლჩაქცევევებისა და ჭრილობების არსებობა. ამ შემთხვევაშიც ფეხს ფეხთან იმავე მდგომარეობაში ვაფიქსირებთ, როგორშიც დაგვხვდება.
ზედა კიდურები
ზედა კიდურების ტრავმების იმობილიზაციისთვის ხშირად გამოიყენება ამწევი და არაამწევი სამკუთხა ნახვევები.
ამწევი სამკუთხა ნახვევი (სურ. #5) სამი სახის დაზიანების დროს გამოიყენება – ლავიწის ძვლის, მტევნის ძვლებისა და ნეკნების მოტეხილობის დროს. მისი დადების პრინციპი ასეთია: დაშავებულს ხელს (მტევანს) მოპირდაპირე მხარზე დავადებინებთ, სამკუთხა ნაჭრის მართ, გაკვანძულ კუთხეში იდაყვს ვათავსებთ, ნაჭრის ერთ ბოლოს (სამკუთხედის მახვილ კუთხეს) კიდურზე გადავაფარებთ, მეორეს კი საწინააღმდეგო მხრიდან ზურგისკენ მოვაქცევთ და ორივეს ზურგზე გავკვანძავთ. დამატებით ვადებთ ჰორიზონტალურ სახვევს, რომელსაც საპირისპირო მხარეს ვკვანძავთ. თუ იდაყვსა და სხეულს შორის სივრცე დარჩა, რბილ ქსოვილს ვაყოლებთ, რათა ფიქსაცია მაქსიმალური იყოს და კიდურმა არ იმოძრაოს.
არაამწევი სამკუთხა ნახვევევი (იხ. “ავერსი” #108) გამოიყენება მხრის ძვლის მოტეხილობისას, წინამხრის ძვლების მოტეხილობისას, მხრის სახსრის ამოვარდნილობისას და მაჯის სახსრების დაზიანებისას. ძვლების მოტეხილობისას სამკუთხა ნახვევებთან ერთად საჭიროა დამატებითი იმობილიზაციაც, რისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ სახაზავი, გაკეცილი ჟურნალი და სხვა (სურ. # 6).
თავისა და სახის ტრავმები ლავიწის ზევით არსებულმა ნებისმიერმა ტრავმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სასუნთქი გზების გამავლობას, რაც, ბუნებრივია, ძალიან საშიშია, ამიტომ ის უნდა ვაკონტროლოთ. თუ დაშავებული უგონოდ არის, სასუნთქი გზები უნდა გაიხსნას, თუ არ სუნთქავს – ჩატარდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია (იხ. “ავერსი” #106).
სახეზე ღია მოტეხილობის შემთხვევაში მხოლოდ სისხლდენის შეჩერებას ვცდილობთ. თუ ქვედა ყბაა მოტეხილი, ბინტით მას თავზე ვაფიქსირებთ. მოტეხილობის ხელით დაფიქსირება თავად დაშავებულსაც შეუძლია. მას ნახევრად წამოვსვამთ და ან ჩვენ გადაგვყავს სტაციონარში, ან სასწრაფო დახმარების ბრიგადას. თუ დაშავებული უგონოდ არის, უნდა დავათვალიეროთ პირის ღრუ, რათა მოტეხილი კბილი, სისხლის კოლტი და სხვა ნაწილაკები სასუნთქ გზებში არ გადავიდეს. პირის ღრუს ამოსუფთავება დოლბანდდახვეული თითით, კაუჭისებურად ხდება.
ქალა-ტვინის ტრავმა
ძვლების მოტეხილობას მცირედი შეხებითაც ვიგრძნობთ (ძლიერი ზეწოლა არ შეიძლება). უპირველეს ყოვლისა, ვაჩერებთ სისხლდენას (იხ. “ავერსი” #108). დაშავებულს ვაწვენთ და მხრებქვეშ და თავქვეშ ბალიშის (ან სხვა რბილი ნივთის) ამოდებით თავს წამოვუწევთ (წინ წამოხრილი არ უნდა იყოს). შინაგანი სიხლდენის შემთხვევაში ასეთი პოზიცია თავის ტვინს სისხლისგან განტვირთავს.
ნეკნები
ნეკნების მოტეხილობისას დაშავებული ძლიერ ტკივილს უჩივის, რომელიც ძლიერდება ლაპარაკის, ღრმა ჩასუნთქვის დროს, სუნთქვა ზედაპირული და გახშირებულია, კანი – გალურჯებული (ციანოზი).
ამ დროს დაშავებული ნახევრად უნდა წამოვსვათ, ამწევი სამკუთხა ნახვევი დავადოთ ისე, რომ ზემოთ ავუწიოთ დაზიანებული ნეკნების მხარეს არსებული კიდური და გადავიყვანოთ სტაციონარში. თუ შემავალი ჭრილობა აქვს, უნდა დავხუროთ (იხ. “ავერსი” #108).
ხერხემლის ტრავმა
ხერხემლის ტრავმის დროს აქტიურად ვერ ვიმოქმედებთ. მთავარია, სასწრაფოს მოსვლამდე დაშავებული უძრავად იწვეს. განსაკუთრებით საშიშია კისრის ნაწილის დაზიანება, სადაც სუნთქვის ცენტრები მდებარეობს. ასეთ დაზიანებას თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და გაჩერება. ვინაიდან მოტეხილი მალების დამატებითმა მოძრაობამ შესაძლოა ზურგის ტვინის დაზიანება და სუნთქვის გაჩერება გამოიწვიოს, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე აუცილებელია თავისა და კისრის ხელით იმობილიზაცია ((სურ. #7).
სახსრის დაზიანება
სახსრის დაზიანებისას კიდურის გადადგილება არ შეიძლება – რა პოზიციაშიც დაგვხვდა, იმავეს ვუნარჩუნებთ. კიდური უნდა მოვაქციოთ ფიცრის ორ ნაჭერს შორის და ბინტით გადავახვიოთ. მაგალითად, მუხლის სახსრის ამოვარდნილობა ასედაფიქსირდება: (სურ. #8). ტერფის ან კოჭ-წვივის სახსრის დაზიანების ფიქსაცია ქუჩის პირობებში შეიძლება თუნდაც ორად მოკეცილი ქურთუკით, შინ კი ბალიშს გამოვიყენებთ, დაშავებულს ფეხს მასზე დავადებინებთ, ბინტით გადავახვევთ და ოდნავ ავაწევინებთ (სურ. #9).
მაჯის სახსრის დაზიანების შემთხვევაში კარგი იქნება, თუ დაშავებულს ხელში რაიმე ნივთს დავაჭერინებთ – ასე კუნთები დუნდება, დაჭიმულობა იხსნება და ტკივილი მცირდება, მერე კი ქვევიდან ამოვუდებთ ფიცარს და არაამწევი სამკუთხა ნახვევით დავამაგრებთ (სურ. #10).
რბილი ქსოვილები
რბილი ქსოვილების ნებისმიერი დაზიანების – კუნთების, მყესების დაჭიმულობის (ღრძობის), დაჟეჟილობის, გაგლეჯის – დროს ერთსა და იმავე მიდგომას ვიყენებთ. ეს გახლავთ rice (rest, ice, compression, elevation) ანუ:
* კიდურის მოსვენება – თუ ქვედა კიდურია დაზიანებული, დაშავებული არ დადის, თუ ზედა კიდური – საქმისთვის არ ხმარობს;
* ყინული – დაშავებისთანავე ვადებთ. ეს შეშუპებასა და სისხლჩაქცევას ამცირებს. გაითვალისწინეთ, რომ ყინულის უშუალოდ კიდურზე დადება არ შეიძლება – ჯერ ნაჭერს (პირსახოცს) ვაფენთ ან ყინულს პოლიეთილენის პარკში ვდებთ;
* იმობილიზაცია – ზომიერად მჭიდრო ცირკულარული ნახვევით ვაფიქსირებთ დაზიანებულ ადგილს, რათა კიდურმა არ იმოძრაოს;
* კიდურს ზევით ვაწევინებთ, რათა შეშუპებისგან დავიცვათ.
მარი აშუღაშვილი