ულტრაბგერის ენა ვიკვლევთ საშარდე სისტემას

გააზიარე:

თუ ბოლო დროს გვერდის გტკივილი დაგჩემდათ, ხშირად შარდავთ, შარდმა ფერი იცვალა ან მოშარდვის სურვილი ღამით რამდენჯერმე გაღვიძებთ, დროა, საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტაროთ. თუ ულტრაბგერის დასკვნაში ვერ გაერკვიეთ, ჩვენი რესპონდენტი, ექიმი რადიოლოგი დიმიტრი ჩინჩალაძე დაგეხმარებათ:
– საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფია მოიცავს თირკმელების, შარდის ბუშტის და ზოგიერთ კლინიკაში – წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კვლევას. მნიშვნელოვანია, პაციენტი გამოკვლევაზე მომზადებული მოვიდეს. შარდის ბუშტი სრულფასოვნად რომ დავათვალიეროთ, ის კარგად უნდა იყოს სავსე. გარდა ამისა, სავსე შარდის ბუშტი ქმნის იმ “ფანჯარას”, რომელიც წინამდებარე ჯირკვლის ვიზუალიზაციისთვის გვჭირდება.
– თირკმელების ულტრასონოგრაფიის დასკვნაში ხშირად ვხვდებით ტერმინ “მიკროლითიაზს”. რას ნიშნავს ეს?
– მართალი ბრძანდებით, მიკროლითიაზი ძალზე გავრცელებული დიაგნოზია, თუმცა ხშირად ჰიპერდიაგნოსტიკასთან გვაქვს საქმე. ჩემთან მოდიან შეშინებული პაციენტები, რომელთაც ჰგონიათ, რომ თირკმელები სავსე აქვთ კენჭებით, გამოკვლევის შემდეგ კი ირკვევა, რომ ეს ჩვეულებრივი მიკროლითიაზია. მიკროლითიაზი ნიშნავს, რომ თირკმლის მენჯფიალოვან სისტემაში განლაგებულია მცირე (4 მმ-მდე) ზომის კონკრემენტები. ზოგიერთ დასკვნაში “მიკროლითიაზის” ნაცვლად წერია “მცირე ზომის ექოპოზიტიური (ან ჰიპერექოგენური) ჩანართები”. ეს ის არის, რასაც ხალხში სილას ეძახიან.
მიკროლითიაზი თითქმის ყოველ მეორე ზრდასრულ ადამიანს აქვს. ის საშიში არ არის, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, დროთა განმავლობაში მიკროლითები გაიზარდოს და შედარებით დიდი ზომის კონკრემენტებად იქცეს.
– რა განსხვავებაა მიკროლითებსა და კენჭებს შორის?
– ის, რასაც ხალხში კენჭს ეძახიან, 4 მმ-ზე დიდი ზომის კონკრემენტია. როდესაც ზომა ამ მაჩვენებელს სცდება, იზრდება კონკრემენტის სიმკვრივეც, რაც ულტრაბგერით კვლევაზე შესაბამისი ნიშნით – აკუსტიკური ჩრდილით ვლინდება. თუ დასკვნაში ამოიკითხეთ, რომ თირკმლის შემკრებ სისტემაში (მენჯფიალებში) ისახება ჰიპერექოგენური ან ექოპოზიტიური ჩანართი აკუსტიკური ჩრდილით, საქმე ნამდვილად კენჭთან გაქვთ. თუმცა არც ეს არის სამყაროს აღსასრული – სანამ კენჭი თირკმელში გაუნძრევლად დევს, საშიში არაფერია. პრობლემა მაშინ იწყება, როცა კონკრემენტი თირკმლიდან გამოსვლას “გადაწყვეტს”.
– როგორ მივხვდეთ, რომ კენჭი დაიძრა? ექოკოპიურად თუ ვლინდება ეს?
– ცხადია, კენჭის გავლას შესაბამისი ულტრაბგერითი სურთი აქვს, თუმცა უამისოდაც ძნელია, ვერ იგრძნო და გამოგეპაროს. თირკმლიდან კონკრემენტის გამოსვლას საკმაოდ ინტენსიური ტკივილი ახლავს თან. მას თირკმლის კოლიკას ეძახიან. როდესაც კონკრემენტი თირკმლის მენჯ-ფიალას ტოვებს და საშარდე გზების შედარებით ვიწრო ნაწილში, შარდსაწვეთში, გადმოდის, აქ, წესისამებრ, იჭედება და შარდის სავალ გზას ბლოკავს. ამის შედეგად შარდი გუბდება და მენჯ-ფიალა ფართოვდება, სამედიცინო ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ – დილატირდება. სწორედ დილატაციაა მტკივნეული და ჩვენც სწორედ ამას ვხედავთ გამოკვლევისას.
ულტრაბგერით ბლოკის მიზეზის დადგენა, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება. თუ კენჭი შარდსაწვეთის ზედა – პროქსიმულ, ქვედა –დისტალურ ან იუქსტავეზიკალურ ნაწილში (უშუალოდ შარდის ბუშტთან შეერთების ადგილას) გაიჭედა, მისი პოვნა შედარებით ადვილია, მაგრამ ზოგჯერ კონკრემენტი შარდსაწვეთის შუა ნაწილში იჭედება, ამ უბნის ვიზუალიზაცია კი გადაბერილი ნაწლავების ფონზე, განსაკუთრებით – ჭარბწონიან პაციენტებში, შეუძლებელია. თუ პაციენტს წინა დღეს გამწმენდი ოყნა აქვს გაკეთებული, ამ დროს ეს ძალიან გვეხმარება. ნორმაში შარდსაწვეთი ულტრაბგერაზე საერთოდ არ ვიზუალიზდება. მას მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა შიგ შარდი გუბდება და შარდსაწვეთი ფართოვდება.

– თირკმლის კიდევ რომელ დაავადებას აღმოაჩენენ ულტრაბგერით?
– ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ექოლოგიური დიაგნოზი თირკმლის ცისტაა. მას აღვწერთ როგორც მომრგვალო, მკვეთრკონტურებიან ან მკაფიოდ კონტურირებულ, ანექოგენურ წარმონაქმნს. თირკმლის ცისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, ხშირად ა
რავითარ პრობლემას არ იწვევს და არც კლინიკურად ვლინდება. მისი დიაგნოსტირება, წესისამებრ, შემთხვევით, ექოსკოპიური გამოკვლევისას ხდება. მიზანშეწონილია თირკმლის ცისტის განვითარების დინამიკაზე დაკვირვება.
ხშირია თირკმლის პტოზი –  დაწევა. ის უმეტესად გამხდარ, ასთენიური აღნაგობის პირებთან გვხვდება. ხშირად წააწყდებით ასეთ დიაგნოზსაც: ბერტინის სვეტი. ეს უკანასკნელი განვითარების ანომალიაა, რაც თირკმლის არასრულ გაორებას ნიშნავს. ამ დროს თირკმლის პარენქიმა სინუსშია ჩაზრდილი და კლინიკურად არ ვლინდება.
– წინამდებარე ჯირკვლის რომელი დაავადებები ჩანს ექოსკოპიურად?
– თამამად შეიძლება ითქვას, რომ ულტრაბგერა წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევის ერთ-ერთი უ მნიშვნელოვანესი მეთოდია. 40 წლიდან ყველა მამაკაცმა პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს წინამდებარე ჯირკვლის გეგმური გამოკვლევა. ჩვენ ყველაზე ხშირად მის გადიდებას ანუ ჰიპერპლაზიას ვხედავთ. ნორმაში პროსტატის ჯირკვლის ზომა 25 გრამს არ აღემატება. ასაკთან ერთად მისი ზომის უმნიშვნელო მატება საგანგაშო არ არის, თუმცა მაინც მოითხოვს უროლოგის კონსულტაციას. ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე ვერ გადავწყვეტთ, კეთილთვისებიანია მისი გადიდება თუ პროსტატის კიბოს შედეგი. ამის დაბეჯითებით თქმა პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრისა და ბიოფსიის გარეშე შეუძლებელია. ხშირად ვწერთ: “წინამდებარე ჯირკვლის სტრუქტურა – არაერთგვაროვანი. მასში ისახება ფიბროზული ქსოვილი და პეტრიფიკატები”. არც ეს არის საშიში – ჩანაწერი მხოლოდ წინამდებარე ჯირკვალში გადატანილი ანთებითი პროცესების კვალზე მიუთითებს.
ხშირი შარდვის მიზეზი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ბანალური ანთება, რაც იშვიათად ულტრაბგერითაც ვლინდება მისი კედლის გასქელებით, ლორწოვანი გარსის რელიეფურობით ან ღრუში ნალექის არსებობით. არცთუ იშვიათია შარდის ბუშტის დივეტიკული – კედლის დეფექტი, რომელსაც ამგვარად აღვწერთ: “შარდის ბუშტის კედელზე ისახება მკვეთრკონტურებიანი ანექოგენური წარმონაქმნი, რომელიც უკავშირდება შარდის ბუშტის ღრუს”. ხოლო შარდის ბუშტის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, პოლიპი, შემდეგნაირად აღიწერება: “შარდის ბუშტის ღრუში ისახება ექოგენური წარმონაქმნი, რომელიც ფიქსირებულია კედელზე და პაციენტის პოლიპოზიციური კვლევისას მდებარეობას არ იცვლის”.
ხშირად პაციენტები არად აგდებენ ისეთ ჩივილებს, როგორებიცაა ხშირი შარდვა, ღამით რამდენიმეჯერ ადგომა მოსაშარდად, სისხლიანი შარდვა – რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს ნორმალურია. სინამდვილეში ასე არ არის. ყველა ეს სიმპტომი ექიმთან ვიზიტის საჭიროებაზე მიუთითებს.
თამარ არქანია

გააზიარე: