ქრონიკული ვენური დაავადება

გააზიარე:

აი, აპრილიც დადგა. ზამთრის სიცივეებით თავმობეზრებულებს, თბილი დღეები გვახარებს. მაგრამ არის ხალხი, ვინც გაზაფხულს შიშით ელის. მზეს ჯერ წესიერად არც კი მოუკრებია ძალა, მათ კი უკვე იწვნიეს დათბობის მწარე შედეგი – ქრონიკული ვენური დაავადების გამწვავება.  საინტერესოა, რამდენს აწუხებს ვენების პრობლემები და რა ელით მათ თანამედროვე მედიცინის პირობებში. ამ პრობლემაზე სასაუბროდ ნ. ბოხუას სახელობის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ ანგიოლოგ მამუკა ბოკუჩავას ვეწვიეთ:
– ქრონიკული ვენური დაავადება ზოგადი ცნებაა და გულისხმობს ქვედა კიდურების ვენური სისტემის ყველა სახის კლინიკურ პათოლოგიას – როგორც ვიზუალურს (მაგალითად, ვენების ვარიკოზული გაგანიერება), ისე სიმპტომურს, როცა პაციენტს მხოლოდ დღის ბოლოს სიმძიმისა და შეშუპების შეგრძნება აწუხებს. პრობლემა ძალზე აქტუალურია, თანამედროვე მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 60%-ზე მეტს ქვედა კიდურების ვენური სისტემის ესა თუ ის დაავადება აქვს.
– რა იწვევს ქრონიკულ ვენურ დაავადებას?
– დაავადების უშუალო მიზეზი არავინ იცის. ცნობილია, რომ ამ დროს ქვედა კიდურების ვენების ტონუსი ქვეითდება, ვენის კედელი კარგავს ელასტიკურობას, ვენა თანდათან ფართოვდება და ქვედა კიდურებიდან გულისკენ სისხლის გადასროლა უჭირს. იშლება იმ სარქველთა ფუნქციაც, რომლებიც ქვედა კიდურების ვენათა კედლებშია განლაგებული და მათ სისხლის გადასროლაში ეხმარება. ამ პროცესების შედეგად ვენები უფრო და უფრო ფართოვდება, სისხლი ვენურ სისტემაში ყოვნდება, რაც ვენებს უფრო მეტად აზიანებს და იკვრება მანკიერი წრე. ქრონიკული ვენური დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ასევე ლიმფის დრენაჟის გაუარესება და მიკროცირკულაციის მოშლა.
ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. ეს ფაქტორებია:
* მდედრობითი სქესი;
* დაავადების მიმართ გენეტიკური განწყობა;
* ჰორმონული პრეპარატების (კონტრაცეპტივების) არაწორი მიღება;
* ორსულობა და მენოპაუზა;
* ასაკი;
* სიმსუქნე, კვების არასწორი რეჟიმი;
* კიდურების ტრავმული დაზიანება;
* დღის არასწორი რეჟიმი (დიდხანს დგომა ან ჯდომა).
– კლინიკურად როგორ ვლინდება ქრონიკული ვენური დაავადება?
– დაავადებას ახასიათებს ფეხების ადვილად დაღლა, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, რომელიც საღამოს მოახლოებასთან ერთად იმატებს. თუნდაც ერთი სიმპტომის არსებობა უკვე ქრონიკული ვენური დაავადების არსებობას ნიშნავს. პაციენტები აღნიშნავენ, რომ საღამოობით დასაჯდომ ადგილს ეძებენ, რათა ფეხები გაშალონ და დისკომფორტი შეიმსუბუქონ. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება, კანი მუქდება და ჩნდება ჭრილობა, რომლის მკურნალობაც სააკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.
– როგორ მკურნალობენ ქრონიკულ ვენურ დაავადების?
– მკურნალობის მეთოდის შერჩევა დაავადების სტადიასა და ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლის ხარისხზეა დამოკიდებული. არსებობს მკურნალობის ორი ძირითადი მიმართულება: კონსერვატიული, რომელიც გულისხმობს მედიკამენტურ და კომპრესიულ თერაპიას და მაკორექტირებელი, როგორიცაა სკლეროთერაპია, ამბულატორული მინიფლებექტომია და ქირურგიული ოპერაცია. ზოგჯერ მათი კომბინაციაც გამართლებულია.
ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალოდ ვიყენებთ ვენოტონურ საშუალებებს (დეტრალექსი დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ნომერ პირველ ვენოტონურ საშუალებადაა მიჩნეული). იგი ზრდის ვენების კუმშვადობას (ტონუსს), რითაც აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას, ზრდის ლიმფის დრენაჟს (ნაკადს) და ამით ამცირებს ქვედა კიდურების ტკივილს, შეშუპებას, დაზიანებისგან იცავს უმცირეს ვენებს, რის შედეგადაც ცხრება შეშუპება და ადგილობრივი ანთება და ხორცდება ქვედა კიდურების ვენური წყლულები.
– როგორ ავარიდოთ თავი ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას?
– ქრონიკული ვენური დაავადების მსუბუქი ფორმების დროს დისკომფორტის შესამსუბუქებლად და ვენების ვარიკოზული დაავადებისგან თავის ასარიდებლად რამდენიმე პირობაა საჭირო:
* მოარიდეთ სხეული მზის ხანგრძლივ ზემოქმედებას;
* რეგულარულად ივარჯიშეთ (ისეირნეთ, ირბინეთ);
* აკონტროლეთ წონა;
* ჯდომისას ხანგრძლივად ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე;
* ერიდეთ დიდხანს და გაუნძრევლად ერთ ადგილას დგომას. თუ მაინც მოგიწიათ, რამდენიმე წუთში ერთხელ რამდენჯერმე აიწიეთ ფეხის წვერებზე. თუ დიდხანს ზიხართ სამუშაო ადგილას, 30 წუთში ერთხელ ადექით და ცოტა გაიარ-გამოიარეთ;
* ატარეთ ოდნავ ელასტიკური წინდები, მაგრამ არა მეტისმეტად მჭიდრო;
* კვების რაციონში მეტი ადგილი დაუთმეთ ხილსა და ბოსტნეულს. ერიდეთ მარილიან საკვებს.
თამარ არქანია

გააზიარე: