ლიმფური სისტემა - გამჭვირვალე სითხის უდიდესი მისია
გააზიარე:
ყველამ ვიცით, რა მისია აკისრია სისხლს: მას ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები უჯრედებამდე მიაქვს, იქიდან კი ნახშირორჟანგი და ნარჩენი პროდუქტები გამოაქვს, – აი, ლიმფის შესახებ ჩვენი ცოდნა კი მეტისმეტად მწირია. არადა, ლიმფური სისტემაც არანაკლებ ირჯება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს სისხლის მიმოქცევის სისტემის ქვესადგურია, რომელიც მას გამართულ მუშაობაში ეხმარება. თუმცა ლიმფური სისტემის ფუნქცია ამით არ ამოიწურება. მისი ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება ინფექციისგან ორგანიზმის დაცვაა.
სისხლის მარშრუტი
მოდი, უფრო ვრცლად ვისაუბროთ იმაზე, როგორ არის განაწილებული ლიმფური სისტემა ჩვენს ორგანიზმში და რას აკეთებს. ამისთვის ისევ სისხლს დავუბრუნდეთ და მის კალაპოტს გაყვეთ.
გულიდან გამოსული მთავარი სისხლძარღვი, აორტა, ხესავით იტოტება: ჯერ – მსხვილ არტერიებად, მერე – წვრილ არტერიებად, მერე – არტერიოლებად და ბოლოს – კაპილარებად. კაპილარები მთელ სხეულსაა მოდებული. მათ თხელ კედლებში ადვილად გადის ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, წყლის, მარილების და სხვა ნივთიერებათა მოლეკულები, მაგრამ ვერ ეტევა სისხლის უჯრედები, რომლებიც ზემოხსენებულ მოლეკულებზე დიდია. ვარაუდობენ, რომ დღე-ღამის განმავლობაში კაპილარებიდან 20 ლიტრამდე სითხე გაედინება, რაც საჭირო ნივთიერებებით ყველა უჯრედის მომარაგებას და ათვისებული საკვების ნარჩენების გარეთ გამოტანას უზრუნველყოფს. კაპილარებიდან უკან დაახლოებით 17 ლიტრი სითხე შეიწოვება, რომელიც ჯერ წვრილ, მერე კი მსხვილ ვენებში იკრიბება და საბოლოოდ გულამდე მიდის, საიდანაც ფილტვებისკენ გადაიტყორცნება, რომ ჟანგბადით გამდიდრებული დაუბრუნდეს სისხლის მიმოქცევის დიდ წრეს.
სად მიდის დანარჩენი სამი ლიტრი? აი, ამ კითხვაზე პასუხი უკვე ლიმფურ სისტემაში უნდა ვეძებოთ.
ლიმფის შესახებ
სადაც კაპილარებია, იქვეა ლიმფური სადინარებიც, თუმცა მათ კაპილარებისგან ერთი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებთ: კაპილარები არსად წყდება – ეს სისხლძარღვები არტერიოლებსა და ვენულებს (უწვრილეს ვენებს) აკავშირებს ერთმანეთთან. მარტივად რომ ვთქვათ, სისხლის მიმოქცევის წრე დახურულია, ლიმფური სადინარები კი – ღია. მათში სითხე სწორედ უჯრედებს შორის არსებული სივრციდან იწყებს მოძრაობას. ლიმფური კაპილარები სისხლძარღვოვან კაპილარებზე მსხვილია, მაგრამ ვენულებზე ვიწრო. მათში ის დიდი მოლეკულები უნდა გაეტიოს, რომლებიც ვენური კაპილარების კედლებში ვერ გადის. მაგალითად, ცხიმისა და ჰორმონებისა. სხვათა შორის, წვრილი ნაწლავიდან ცხიმებიც და ცხიმში ხსნადი ვიტამინებიც სწორედ ლიმფის საშუალებით შეიწოვება.
ლიმფურ სადინარებს, ვენების მსგავსად, სარქველები აქვს, რომლებიც მათში ლიმფის ერთი მიმართულებით დენას უზრუნველყოფს. ლიმფური სადინარებიც ერთიანდება და საბოლოოდ გულის სიახლოვეს მსხვილ ვენებს უერთდება. ასე ბრუნდება ლიმფა სისხლში – კრებს მთელ სხეულში მოდებულ სითხეს, რითაც სტაბილურობას უნარჩუნებს არტერიულ წნევას და თავიდან გვაცილებს შეშუპებას.
რას წარმოადგენს თავად ლიმფა?
ეს არის გამჭვირვალე სითხე, რომელშიც ტივტივებს:
* ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები;
* ნაწლავში დაშლილი ცხიმები, რომლებიც სხეულის სხვა ნაწილებამდეა მისატანი;
* სხეულში მოხვედრილი მავნე ნივთიერებები და მიკროორგანიზმები;
* დაზიანებული ან ანომალიური უჯრედები (მათ შორის – სიმსივნურიც).
ლიმფას, სისხლისგან განსხვავებით, გულის კუმშვა, არტერიული პულსაცია არ ამოძრავებს, თუმცა ეხმარება (ლიმფური სადინარები არტერიებს მიჰყვება და მათი პულსაცია გადაეცემა). ლიმფის მიმოქცევაში მთავარ როლს ჩონჩხის კუნთების კუმშვა ასრულებს. სწორედ ამიტომ იწვევს უმოძრაობა შეშუპებას.
ლიმფური კვანძები
ლიმფური ძარღვების გასწვრივ, ალაგ-ალაგ, დაახლოებით ერთ სანტიმეტრამდე დიამეტრის ლიმფური კვანძებია თავმოყრილი. ასეთი კვანძები ყველგანაა, გარდა თავისა და ზურგის ტვინისა: კისერზე, იღლიებში, საზარდულში, შუასაყარში (გულმკერდის ღრუში), მუცელში. ზოგიერთი ლიმფური კვანძი შეხებითაც შეიგრძნობა, მით უმეტეს – თუ ინფექციის გამო შეშუპებულია.
გულისკენ მიმავალი ლიმფა გზადაგზა სწორედ ლიმფურ კვანძებში იფილტრება. აქ ის ნელა მოძრაობს და ნეიტრალდება ყველაფერი, რაც ორგანიზმისთვის მიუღებელია: ბაქტერიები, ვირუსები და საკუთარი გადაგვარებული უჯრედებიც კი. ლიმფური კვანძები სავსეა ინფექციასთან მებრძოლი უჯრედებით _ ლიმფოციტებით და მაკროფაგებით. სწორედ იქ მიდის ინფორმაცია უახლოეს მიდამოში ინფექციის არსებობის შესახებ. პასუხად ორგანიზმი მეტ ლიმფოციტს გამოიმუშავებს, რომლებიც ლიმფურ კვანძში გროვდებიან და ინფექციასთან საბრძოლველად ირაზმებიან: ზოგი ანტისხეულებს წარმოქმნის, ზოგი იმუნურ პასუხს აკონტროლებს. რაც უფრო მეტი ლიმფოციტი მოიყრის თავს ლიმფურ კვანძში, მით უფრო იზრდება ის და შუპდება. სწორედ ამიტომ იბერება ანთებითი კერის ახლოს მდებარე ლიმფური კვანძები (მაგალითად, კისრისა ყელის ტკივილის დროს).
მას შემდეგ, რაც ინფექცია დამარცხდება, საგანგებოდ ამისთვის შექმნილი იმუნური სიტემის უჯრედებიც იხოცებიან და რამდენიმე კვირაში ლიმფური კვანძებიც იბრუნებს ნორმალურ ზომებს. თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე სერიოზულ პათოლოგიასთან, მაგალითად, ლიმფომასთან არ გვაქვს საქმე.
საუკეთესო დამხმარეები
დამცველობითი ფუნქციის გამო ლიმფური სისტემა იმუნური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილება. აქ ის კოალიციას ქმნის თიმუსთან, ძვლის ტვინთან, ელენთასთან, ტონზილებსა და ადენოიდებთან, აპენდიქსთან. თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს:
* ძვლის ტვინი ძვლის ღრუში არსებული ღრუბლისებრი ნივთიერებაა. სწორედ იქ წარმოიქმნება სისხლის ახალი უჯრედები, მათ შორის – ლიმფოციტებიც.
* თიმუსი გულმკერდის ზედა ნაწილში, მკერდის ძვლის უკან, გულის ზემოთ მდებარეობს. ფორმით პეპელას წააგავს. განსაკუთრებით აქტიურია ახალშობილობისა და მოზარდობის პერიოდში, გარდატეხის ასაკის შემდეგ კი თანდათან ილევა. თიმუსი T ლიმფოციტების წარმოქმნაში მონაწილეობს.
* ელენთა კუჭის უკან და ოდნავ მარცხნივაა მოთავსებული, ნეკნთა რკალის ქვეშ. ის თეთრი და წითელი პულპისგან შედგება. ელენთის თეთრი პულპა დიდ ლიმფურ კვანძს ჰგავს, მაგრამ ლიმფური კვანძი თუ ლიმფას ფილტრავს, ელენთა სისხლს ასუფთავებს. ელენთაში იყრიან თავს ანტისხეულებით შებოჭილი მიკრობები და B ლიმფოციტების მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები. ელენთის წითელი პულპა კი ძველი და დეფორმირებული სისხლის უჯრედების სასაფლაოა. იქ დაშლილი უჯრედების ნაწილები ხელმეორედ გამოიყენება. გარდა ამისა, ელენთა ორგანიზმის უეცარი საჭიროებისთვის ინახავს ერითროციტებისა და თრომბოციტების მარაგს, რის გამოც მას დეპოს უწოდებენ.
* ტონზილები და ადენოიდები ცხვირსა და ყელის უკანა ნაწილში იზრდება და წარმოქმნის ლიმფური ქსოვილის რგოლს, რომლის მთავარი ფუნქციაა, დაიჭიროს პათოგენები საკვებიდან, რომელსაც ადამიანი მიირთმევს და ჰაერიდან, რომელსაც ის ჩაისუნთქავს.
* ლორწოვანთან ასოცირებული ლიმფური ქსოვილი (MALT) პირის ღრუს, ნაწლავებს, სასუნთქ გზებსა და სხვა შინაგან ორგანოებს ამოფენს. ეს რბილი, სველი ქსოვილია, რომელშიც თავს იყრის ლიმფოციტები და იმუნური სისტემის სხვა უჯრედები. ლორწოვანთან ასოცირებულ ლიმფურ ქსოვილს მიეკუთვნება წვრილი ნაწლავის კედელში არსებული პეიერეის ფოლაქებიც. გარდა ამისა, ის გვხვდება ფილტვებში, თვალებში, ცხვირში, ფარისებრ ჯირკვალში. მასში არსებული იმუნური უჯრედები ებრძვიან ინფექციას და გამოდევნიან ტოქსინებს.
სისტემური პრობლემა
ლიმფური სისტემის პათოლოგიები შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს:
* ობსტრუქციული – ლიმფური გზა ამა თუ იმ მიზეზით იკეტება და სითხე უჯრედებში გროვდება, რაც იწვევს სპეციფიკურ შეშუპებას – ლიმფედემას.
* ინფექციით ან ანთებით მიმდინარე – ინფექცია იწვევს ლიმფური კვანძის გადიდებას, ლიმფადენოპათიას, ან ინფიცირდება თავად ლიმფური ჯირკვალი და ვითარდება ლიმფადენიტი. შესაძლოა, ანთებითი პროცესი ლიმფურ სადინარსაც დაემუქროს. ეს უკვე ლიმფანგიტია.
* სიმსივნური – სხვადასხვა სახის სიმსივნე მეტსტაზის სახით ადგილობრივ ან რეგიონულ კვანძებში ხვდება. იშვიათად სიმსივნე პირველადია – თავიდანვე ლიმფურ კვანძში აღმოცენდება. ასეთია ლიმფომა.
მარი აშუღაშვილი