დაფარული პრობლემა

გააზიარე:

სასქესო ორგანოების დაწევა 40 წელს გადაცილებულ ქალთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა. ჩვენში ქალები ხშირად არად აგდებენ დაავადების პირველ ნიშნებს და გინეკოლოგს მხოლოდ შორს წასულ შემთხვევებში მიმართავენ. საშვილოსნო მცირე მენჯის ღრუს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მართალია, იგი ფიქსირებულია იოგოვანი აპარატით, მაგრამ, იმავდროულად, თავისუფლად მოძრაობს მცირე მენჯის ღრუში, რაც ორსულობისა და მშობიარობის ნორმალური მიმდინარეობისათვის, ასევე – შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუქციობისთვის არის საჭირო.
საინტერესოა, რა იწვევს საშვილოსნოს და საშოს დაწევას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გინეკოლოგი თამაზ ნიკოლაიშვილი გვესაუბრება:
– მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დაწევა და გამოვარდნა პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, საშვილოსნოს იოგოვანი აპარატისა და შორისის კუნთების დასუსტების შედეგი. იგი უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ქალებთან გვხვდება. ასაკთან ერთად ქალის იოგოვანი აპარატი და კუნთები სუსტდება, უწინდელივით მტკიცე აღარ არის. ამას მენოპაუზაც ემატება – არსებობს მოსაზრება, რომ ესტროგენების დეფიციტი იოგოვანი აპარატის დასუსტებას უწყობს ხელს. ამას ემატება უამრავი სხვა ხელშემწყობი ფაქტორიც, რომლებიც მუცლის ღრუს წნევის ქრონიკული მომატების შედეგად საშვილოსნოს დაწევას და შორს წასულ შემთხვევებში – გამოვარდნას იწვევს. ეს ფაქტორებია:
•    მრავალი ორსულობა;
•    გახანგრძლივებული მშობიარობა, დიდი ნაყოფი;
•    სამშობიარო ტრავმა, შორისის დაზიანება;
•    ფიზიკური მუშაობა, სიმძიმეების აწევა.
არანამშობიარევ ქალებთან საშვილოსნოს დაწევა ძალზე იშვიათია, თითქმის არ გვხვდება. საკუთარი პრაქტიკის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ აღნაგობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, საშვილოსნოს დაწევა დაახლოებით თანაბარი სიხშირით ემართებათ გამხდარ და ჭარბწონიან ქალებს.
–     როგორ მიმდინარეობს საშოსა და საშვილოსნოს დაწევა? როგორ ვლინდება კლინიკურად?
–     დაავადება ერთბაშად არ ვითარდება, იგი ნელ-ნელა პროგრესირებს და რამდენიმე სტადიას გადის. ამის კვალობაზე, განასხვავებენ მის რამდენიმე ხარისხს.
ყველაფერი საშოს კედლების დაწევით იწყება. საშოს წინა კედლის დაწევას დაერთვის შარდის ბუშტის დაწევა – ცისტოცელე, ხოლო უკანა კედლის დაწევას – სწორი ნაწლავის დაწევა – რექტოცელე. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ვითარდება საშვილოსნოს დაწევა და ბოლოს – მისი გამოვარდნა.
მართალია, დაავადება ნელა პროგრესირებს, მაგრამ მას იმდენად დამახასიათებელი კლინიკა აქვს, შეუძლებელია, ქალმა ვერ იგრძნოს. ვინაიდან საშოს შესავალი მუდმივად ღიაა, ქალი გაჭინთვისას გრძნობს შარდის ბუშტის ან სწორი ნაწლავის ჩამოწევას, აქვს სიმძიმის, ზეწოლის, უცხო სხეულის მუდმივი შეგრძნება შორისის მიდამოში. შარდის ბუშტს დაწევას თან ახლავს შესაბამისი სიმპტომები – ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, უნებლიე შარდვა (ხველის, სიცილის, დაცემინების დროს). როდესაც საშვილოსნო მთლიანად გარეთ გამოვარდება, მისი ლორწოვანის საცვალთან ხანგრძლივი კონტაქტის გამო ვითარდება ეროზიები და ტროფიკული წყლულები, რაც ძალიან მტკივნეულია და ზოგჯერ სისხლიანი გამონადენიც ახლავს თან. ირღვევა სქესობრივი ცხოვრება. ზოგჯერ პათოლოგია უკიდურეს მდგომარეობას აღწევს – გამოვარდნილი საშვილოსნო ქალს სიარულსა და ჯდომაში უშლის ხელს.
–     როგორ სვამენ საშოსა და საშვილოსნოს დაწევის დიაგნოზს? რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა?
–     დიაგნოზის დასმა ადვილია – ანამნეზი, ჩივილები და გინეკოლოგიური გასინჯვა ყველაფერს ნათელს ჰფენს. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია. შორს წასული დაავადება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან ერთად მრავალ გართულებასაც იწვევს: ირღვევა მეზობელი ორგანოების ფუნქცია, მცირდება ქალის შრომისუნარიანობა, არასრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების გამო ხშირია ოჯახური კონფლიქტი. როცა საშოს შესავალი მუდმივად ღიაა, იზრდება აღმავალი ინფექციის განვითარების რისკიც. მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში გართულებებისა და მკურნალობის რადიკალური მეთოდების თავიდან აცილებაც შეგვიძლია.
– საშვილოსნოს დაწევის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
– ძირითადი მიმართულება ქირურგიული ჩარევაა. მართალია, არსებობს მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებიც – მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებელი სამკურნალო ფიზკულტურა და გინეკოლოგიური მასაჟები, მაგრამ ისინი მხოლოდ დაავადების პროგრესირებას თუ შეუშლიან ხელს, ორგანოს დაწევის შემთხვევაში კი მხოლოდ მასაჟით ფონს ვერ გავალთ, ამ დროს ქირურგიული გზით მისი პლასტიკაა საჭირო.
არსებობს ქირურგიული მკურნალობის რამდენიმე სახეობა. ზოგიერთი მათგანი მარტივია, ზოგი კი – შედარებით რთული, რადიკალური. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ დაავადებას, მით უფრო მარტივი ოპერაციით მოგვარდება პრობლემა.
გინეკოლოგიური ქირურგიის ისტორიის განმავლობაში საშვილოსნოს დაწევის მკურნალობის უამრავი მეთოდი შექმნილა. ზოგიერთი მათგანის ავტორები ჩვენც ვართ. ზოგმა მეთოდმა გაამართლა, ზოგმა – ნაკლებად. ოპერაცია წარმატებულად მაშინ მიიჩნევა, როცა იგი რეციდივს არ გვაძლევს. დღეს ოპერაციული მკურნალობის უმთავრესად ორ მეთოდს მიმართავენ: საშოსმხრივ პლასტიკას შარდის ბუშტისა და ლევატორების ფიქსაციით და საშვილოსნოს ექსტირპაციას (ამოღებას) შემდგომი პლასტიკით. თუ შარდის ბუშტი ან სწორი ნაწლავი დაწეულია (ზოგჯერ ორივე ერთდროულად არის დაწეული), მათი მაღლა აწევა და ფიქსაციაც საჭიროა.
ოპერაციის სახეობის შერჩევისას მრავალ ფაქტორს ვითვალისწინებთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასაკს. თუ ქალი ახალგაზრდაა, ბავშვის გაჩენას კიდევ აპირებს და საშვილოსნოს დაწევაც არ არის საგანაგაშო (საშვილოსნო დაწეულია, მაგრამ არ არის გამოვარდნილი), პირველს ვამჯობინებთ – საშოსმხრივ პლასტიკას შარდის ბუშტისა და ლევატორების ფიქსაციით. როცა საშვილოსნოს დაწევა მნიშვნელოვანია, ორგანო გამოვარდნილია და პაციენტის ასაკიც დიდია, მივმართავთ ტოტალურ ჰისტერექტომიას (საშვილოსნოს ამოკვეთას) დანამატებითურთ ან მათ გარეშე. საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ ხდება დარჩენილი ტაკვის ფიქსაცია და საშოს პლასტიკა, რათა ქალმა სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება განაგრძოს.
ქირურგიული ტაქტიკის შერჩევისას დაავადების მიზეზსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ (მრავალი, გართულებული მშობიარობის შემდეგ) ისეც ხდება, რომ ქალი ახალგაზრდაა, საშვილოსნოს შენარჩუნება უნდა, მაგრამ ორგანოს მდგომარეობა (გამოვარდნა) ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამგვარი შემთხვევებისთვის ოპერაციის ჩვენეული მოდიფიკაცია შევიმუშავეთ – საშვილოსნოს ვტოვებთ, მაღლა ვწევთ და აპონევროზის ნაფლეთებით მას გავა-საშვილოსნოს იოგებზე ვამაგრებთ. აპონევროზის ქსოვილები მტკიცეა, არ იწელება და საშვილოსნო ფიქსირებულ ადგილას რჩება. საშვილოსნოს აწევის შემდეგ საშოც უბრუნდება თავის ანატომიურ ადგილს.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდია სხვადასხვა ტიპის ფიქსაცია ბადით. ბადეს იყენებენ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში – ძლიერი დაწევისას, ოპერაციის შემდგომი რეციდივისას და მაშინ, როდესაც საშვილოსნოს დაწევას შარდის შეუკავებლობა ახლავს თან. ბადის გამოყენება დიდ ხანია დაიწყო. წინათ გართულება მეტი იყო: შეხორცება, ეროზიები ბადის ჩაკერების არეში, – თანამედროვე ბადეები კი დახვეწილი და ბუნებრივ ქსოვილებთან ზედმიწევნით მიახლოებულია, რის გამოც გართულებათა რისკი შემცირდა, თუმცა არ გამქრალა. ოპერაცია ბადის გამოყენებით უფრო ხანგრძლივია, ოპერაციის შემდეგ ქალს ერთხანს უჭირს სქესობრივი ცხოვრება, ეროზიების განვითარების რისკი კვლავაც რჩება და ოპერაცია მეტ ხარჯსაც მოითხოვს. მე უკვე ორმოცი წელია ამ საქმეს მივდევ, საშვილოსნოს დაწევის სამკურნალო ათასობით ოპერაცია მექნება გაკეთებული და რეციდივის შემთხვევას ვერ ვიხსენებ. ამიტომ რუტინულად, ყველა ოპერაციისას, ბადის გამოყენებას არ ვემხრობი, რადგან იგი მაინც უცხო სხეულია. მიმაჩნია, რომ როდესაც ფიქსაცია საკუთარი, ბუნებრივი ქსოვილებით შეიძლება, ასეც უნდა მოვიქცეთ და ბადე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოვიყენოთ.
ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობა ჩატარებული ოპერაციის მასშტაბზეა დამოკიდებული. რაც უფრო მარტივია ჩარევა, მით უფრო მალე ხდება ორგანიზმის სრული რეაბილიტაცია.
–     რას ურჩევდით ქალებს? როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს დაწევა?
–     მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას. ვურჩევ ახალგაზრდა ქალებს, რომლებმაც უკვე ორჯერ ან მეტჯერ იმშობიარეს: როგორც კი იგრძნობენ შორისის მიდამოში რაიმე სახის ზეწოლას ან უცხო სხეულს, ნუ გადადებენ ექიმთან ვიზიტს და დროულად მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას. საშოს და საშვილოსნოს პლასტიკას ქალისთვის არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ ესთეტიკური მნიშვნელობაც აქვს, მეტადრე – ახალგაზრდისთვის: ამ ოპერაციის შემდეგ ის სრულფასოვან ცხოვრებას განაგრძობს.
თამარ არქანია

გააზიარე: