კლიმაქსის პრობლემები

გააზიარე:

ცხოვრება ყოველთვის მშვენიერია
მენოპაუზა, კლიმაქსი – ეს ტერმინები რატომღაც სიბერესთან ასოცირდება და შიშს იწვევს. რეალურად კლიმაქსი ქალის ცხოვრების გარდაუვალი მოვლენაა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება: სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78 წელია, ამ ხნის 35-40% კი მენოპაუზის წილად მოდის.
მენოპაუზის თავისებურებებზე, კლიმაქსური სინდრომის პრობლემებსა და პროფილაქტიკაზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი მარინა მაჩაიძე:
– განსაზღვრული ასაკობრივი ცვლილებები ქალის ორგანიზმში ჯერ კიდევ 35-დან 50 წლამდე ასაკში იჩენს თავს. ეს ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედის მომწიფება უფრო და უფრო იშვიათდება, რაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით ვლინდება და ადრე თუ გვიან დგება დრო, როდესაც საკვერცხეების ფუნქციონირება წყდება. ამით იწყება მენოპაუზა.
სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა საშუალოდ 51 წლის ასაკში დგება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების კვალობაზე, უფრო ადრე –  45 წლიდან ან ოდნავ მოგვიანებით – 55 წლისთვის დაიწყოს.
 რამდენად გახშირდა კლიმაქტერიული სინდრომი? გარდა ჩვეული ნიშნებისა, მაგალითად, ალებისა, რით შეიძლება გამოვლინდეს იგი?
– თავის ტვინში მდებარე განსაზღვრული ფუნქციის მქონე ცენტრები, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი, რომლებიც ჰორმონულ პროცესებს არეგულირებენ, დაკავშირებულნი არიან თავის ტვინის სხვა უბნებთან, მათ შორის – ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრებთან, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და სხეულის ტემპერატურის რეგულირება აკისრიათ, ასევე – ლიმბურ სისტემასთან, რომელიც “გრძნობათა ცენტრს” წარმოადგენს. ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს.
უნდა ითქვას, რომ ეს დარღვევები ყოველთვის არ იჩენს თავს. მენოპაუზის პერიოდში ქალების მხოლოდ მესამედი უჩივის შემაწუხებელ მოვლენებს, მესამედს მხოლოდ მსუბუქი დისკომფორტი აღენიშნება, ხოლო მესამედს კლიმაქსი ყოველგვარი ცვლილების გარეშე გადააქვს.
ძნელი სათქმელია, რომელ ჯგუფში აღმოჩნდება ესა თუ ის ქალი, რადგან ეს სრულიად არ არის დამოკიდებული პიროვნულ თავისებურებებზე, თუმცა, მერწმუნეთ, უსიამოვნების დაძაბულ მოლოდინს კარგი არაფერი მოაქვს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კლიმაქსთან დაკავშირებული დისკომფორტი დღეს გადაუჭრელ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
საზოგადოდ, როდესაც კლიმაქსურ გარდაქმნებს განვიხილავთ, ორი ტიპის ცვლილებები უნდა გამოვყოთ.
ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, როგორიც არის ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, შფოთვა, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა ადგილას (პარესთეზია), ჰორმონული ცვლილებების ლოგიკურ ასახვას წარმოადგენს. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი. რა უსიამოვნოც არ უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქადის და კლიმაქსური გარდაქმნების დამთავრების შემდეგ თავისთავად ქრება.
გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს მიაკუთვნებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ოსტეოპოროზს, შარდის ბუშტის პრობლემებს (შარდის შეუკავებლობა და სხვა). ამგვარი პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალში იჩენს თავს.
მეცნიერებმა ერთი საინტერესო მოვლენა შეამჩნიეს: იაპონელ, ჩინელ და სხვა აზიური ქვეყნების მკვიდრ ქალებს კლიმაქსის პერიოდში ნაკლებად აწუხებთ ალები, ძალიან იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. ამის მიზეზი ყოფილა მათი კვების რაციონი, რომელიც ცხიმის დაბალი შემცველობითა და მცენარეული ესტროგენებით მდიდარი სოიის პროდუქტების სიუხვით გამოირჩევა.
 შესაძლებელია თუ არა, კლიმაქსმა ფსიქიკური აშლილობა გამოიწვიოს?
– სავსებით შესაძლებელია, მენოპაუზის დროს მომხდარმა ცვლილებებმა ფსიქიკური აშლილობის პროვოცირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია  ფსიქიატრის ან ნევროლოგის კონსულტაცია.
 ხშირად ოსტეოპოროზს კლიმაქსთან ერთად იხსენიებენ. რა არის ოსტეოპოროზი და რატომ იჩენს თავს უპირატესად მენოპაუზის ასაკში?
– ოსტეოპოროზი ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლოვანი მასის შემცირება, სიმყიფის მატება და მოტეხილობების გახშირება ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოპოროზის ცნება სათავეს XVIII საუკუნიდან იღებს, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერები დაავადების საერთო დეფინიციაზე დღემდე ვერ შეთანხმებულან. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან წლების განმავლობაში ოსტეოპოროზი რენტგენოლოგიურ ფენომენს წარმოადგენდა. სწორედ კვლევის ამ მეთოდით ხდებოდა მისი ლოკალური, კეროვანი, რეგიონული თუ სისტემური ფორმების იდენტიფიკაცია. თანამედროვე წარმოდგენით, დაავადებაზე ლაპარაკი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება თუნდაც არაერთგვაროვანი, მაგრამ ჩონჩხის ყველა ფრაგმენტში არსებული მიკროსტრუქტურული ცვლილებებით. რაც შეეხება მენოპაუზასთან ოსტეოპოროზის კავშირს, საქმე ის არის, რომ ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს, კლიმაქსის შემდეგ კი სისხლში ესტროგენების კონცენტრაცია მცირდება, რასაც ძვლების კალციუმით გაღარიბება და ოსტეოპოროზის განვითარება მოჰყვება.
ოსტეოპოროზს ჩუმ მძარცველს უწოდებენ, ვინაიდან ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ნელი ტემპით მიმდინარე ძვლების განლევა, რომელიც თავდაპირველად არაფრით ვლინდება და არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს.
ოსტეოპოროზის პირველი ნიშანი სიმკვრივედაკარგული მალების მიკროდაზიანებებით განპირობებული ტკივილებია. ამის შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმირდება. ეს ცვლილებები უფრო ხანდაზმული ქალებისთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ვლინდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა – ბარძაყის თავის მოტეხილობა. 
 რას მიიჩნევენ ოსტეოპოროზის განვითარების რისკისფაქტორებად?
– ამ დაავადების ჩამოყალიბების ალბათობას ზრდის:
. გენეტიკური განწყობა;
. ნაადრევი მენოპაუზა;
. კალციუმის დეფიციტი;
.  თამბაქოს წევა;
. ალკოჰოლის ჭარბი მიღება (40 მლ-ზე მეტი სუფთა სპირტი დღეში);
. კოფეინის ჭარბი მიღება  (2 ფინჯან ყავაზე მეტი დღეში);
. ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
. ჰიპოდინამია;
. დამწვრობა;
. ჰიპოტროფია. 
 შესაძლებელია თუა არა, ოსტეოპოროზით დაავადებულმა ტრავმები თავიდან აიცილოს?
– კლიმაქსური სინდრომის სამკურნალოდ ქალს სედაციური, ჰიპოტენზიური და სხვა ჯგუფის პრეპარატების მიღება უხდება, რომლებსაც უნარი შესწევთ, შეცვალონ ფსიქიკა, დააქვეითონ მხედველობა, მგრძნობელობა, დაარღვიონ ქვედა კიდურების ფუნქცია, ამიტომ მაღალია ტრავმის, დაცემის ალბათობა. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რისკის ფაქტორები მინიმუმამდე დავიყვანოთ: ოთახიდან მოვაშოროთ საგნები, რომლებიც ადამიანს გადაადგილებაში ხელს უშლის, დავაგოთ რბილი იატაკი, კიბეს გავუკეთოთ მოაჯირი, უზრუნველვყოთ ადეკვატური განათება.
 შესაძლებელია თუ არა, რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით დროულად შეფასდეს, რამდენად არის შეცვლილი ძვლის სიმკვრივე?
– ძვლის სიმკვრივეზე კვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი არცთუ ისე ზუსტ წარმოდგენას იძლევა. ამ მიზნით უმთავრესად ვიყენებთ ერთფოტონურ და ორფოტონურ აბსორბციომეტრიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ახლახან შემუშავებულ იქნა ორენერგეციკული რენტგენოაბსორბციული მეთოდი (DEXA), რომელიც ძვლოვანი ქსოვილის მოცულობითი ვიზუალიზაციისა და ძვლის სიმკვრივის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას გვაწვდის.
 რა პრინციპით მკურნალობენ ოსტეოპოროზს?
– ოსტეოპოროზის მკურნალობა რთული ამოცანაა. თერაპიის მთავარი მიზანია: 
. ძვლოვანი მასის შენარჩუნება ან დანაკარგის შემცირება;
. ტკივილის სინდრომის შესუსტება;
. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება;
. მამოძრავებელი აქტივობის გაზრდა;
. ცხოვრების ხარისხის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესება.
ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატებიდან განსაკუთრებით ეფექტიანია:
. ნივთიერებები, რომლებიც ძვლის რეზორბციის პროცესს თრგუნავს: კალციუმი, D ვიტამინი, ესტროგენები, კალციტონინები, ბისფოსფონატები;
. ნივთიერებები, რომლებიც ძვლის ფორმირების აქტივაციას უწყობს ხელს: ფტორიდები, კალციტროილი, ანდროგენები, ზრდის ჰორმონი, პარათირეოიდული ჰორმონი. 
პირველი ჯგუფის პრეპარატები მაღალი ეფექტურობით  გამოირჩევა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა, ამიტომ ფართოდ გამოიყენება ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. მეორე ჯგუფის პრეპარატები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და მათი გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში ჯერჯერობით შეზღუდულია.
 არსებობს თუ არა კლიმაქტერული სინდრომისა და ოსტეოპოროზის პრევენციის საშუალება? აქვს თუ არა მნიშვნელობა ცხოვრების წესს, კვებას, ფიზიკურ დატვირთვას?
– მიჩნეულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმით არის შესაძლებელი. ესენია:
. ჰორმონების დეფიციტის შევსება;
. ჯანსაღი, დაბალანსებული კვება;
. საკმარისი ფიზიკური აქტივობა.
სწორედ ჰორმონების დეფიციტის შევსების შემდეგ იზრდება ძვლების სიმკვრივე და თითქმის ნახევრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. შარდის ბუშტისა და საშოს პრობლემების მოგვარება კი ადგილობრივი მკურნალობითაც შესაძლებელია. ამ მიზნით ესტროგენშემცველი კრემები და საშოს სანთლები გამოიყენება.
ჯანსაღი და დაბალანსებული კვება კალციუმითა და ვიტამინებით მდიდარი მცენარეული საკვების მიღებას, ცხოველური ცხიმების და ცომეულის შეზღუდვას გულისხმობს, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ესტროგენების დაუხმარებლად კალციუმი ძვლებში ვერ დამაგრდება.
კვების რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებასაც უნდა ისახავდეს მიზნად, ვინაიდან ცხიმის ყოველი ზედმეტი კილოგრამი, რომელიც მუცლის არეში გროვდება, ზრდის მენჯის ფუძის კუნთებზე დატვირთვას და, შესაბამისად, შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლის ალბათობას.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიშებსაც იყენებენ.
გახსოვდეთ: ოსტეოპოროზის მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა. იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში ოსტეოპოროზმა არ შეგაწუხოთ, მის თავიდან ასაცილებლად ზრუნვას ამთავითვე შეუდექით.
 დაბოლოს, რას ურჩევდით ქალბატონებს?
– ადეკვატური ჰორმონოთერაპიის საშუალებით ქალმა 50 წლის შემდეგაც შეიძლება შეინარჩუნოს მიმზიდველობა. გარდა ამისა, ქალს ამ ასაკში უფრო მეტად სცალია საკუთარი თავისთვის, შეუძლია, მეტი დრო დაუთმოს ფიზიკურ აქტივობას და გააკეთოს ყველაფერი ის, რისთვისაც მანამდე ვერ იცლიდა.

გააზიარე: