სისხლის საერთო ანალიზი
გააზიარე:
სისხლის საერთო ანალიზი მთელ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტესტია. ყველა ჩვენგანს – ქალსა თუ კაცს, ახალგაზრდას თუ მოხუცს, ჯანმრთელსა თუ ავადმყოფს – ერთხელ მაინც ჩაუტარებია ეს გამოკვლევა. სისხლის საერთო ანალიზი ბევრს ჰემოგლობინის განმსაზღვრელი ტესტი ჰგონია. ის მართლაც შეიცავს ინფორმაციას ჰემოგლობინის შესახებ, მაგრამ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ცნობებსაც გვაწვდის, რომლებიც პაციენტისთვის გაუგებარი ციფრებითა და ასოებით არის გამოსახული. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა იმალება ამ ასოების მიღმა. ჩვენი სტუმარია “ავერსის კლინიკის” ექიმი ლაბორანტი ხათუნა ყარსიმაშვილი:
– სისხლი ორგანიზმის შინაგანი გარემოს შემადგენელი თხიერი ქსოვილია. მას მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, წესისამებრ, მასზეც აისახება, ამიტომ ყველა ექიმი უპირველესად სწორედ სისხლის საერთო ანალიზს ითხოვს. ეს კვლევა ერთგვარ მიმართულებას აძლევს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ანალიზისთვის სისხლის აღებას თავისი წესი აქვს. სასურველია, პაციენტი იყოს მშიერი (უზმოდ) ან მსუბუქად ნასაუზმევი. არ არის რეკომენდებული ანალიზის გაკეთება ფიზიოთერაპიული პროცედურის, რენტგენოლოგიური გამოკვლევის და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ. თუ პაციენტი იღებს ასეთ მედიკამენტს, ანალიზის პასუხის ინტერპრეტაციისას ექიმმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. შედეგზე გავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლიც – სისხლდენის პერიოდში იცვლება ედსის, ერითროციტების, თრომბოციტების რაოდენობა, ამიტომ სასურველია, ანალიზი მენსტრუაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთდეს.
– სისხლის საერთო ანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია ერითროციტების რაოდენობაა. რა ფუნქცია აკისრიათ მათ და რას იწვევს მათი რაოდენობის მატება ან კლება?
– ერითროციტები სისხლის ფორმიანი ელემენტების ძირითადი მასაა. ეს ელემენტები ძვლის ტვინში წარმოიქმნება და ას ოცი დღე ცოცხლობს. იშლება ღვიძლში, ელენთაში, სისხლძარღვებში. მათი ძირითადი ფუნქცია ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაა. ერითროციტების რაოდენობის მომატებას ერითროციტოზი ეწოდება. ერითროციტოზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური – ახალშობილებში, სიმაღლეზე ასვლის დროს – ან პათოლოგიური, ანუ კონკრეტული დაავადებით (მაგალითად, ერითრემიით, ფილტვის დაზიანებით, თირკმლის სიმსივნით, გულის დაავადებით) გამოწვეული. არსებობს შეფარდებითი ერითროციტოზი, როდესაც პლაზმის შემცირების ფონზე (მაგალითად, დამწვრობისას, პირღებინებისას სითხის დაკარგვის გამო) ერითროციტების შედარებითი მატების სურათი იქმნება. ასეთ დროს ერითროციტების რაოდენობა თანდათან თავისთავად უბრუნდება ნორმას.
ერითროციტების რაოდენობის შემცირება ანემიის ერთ-ერთი ნიშანია. მათი რაოდენობა მცირდება სისხლდენის, ერითროციტების დაშლის, ძვლის ტვინის დაზიანების დროს.
ჰემოგლობინი ერითროციტის ძირითადი კომპონენტია, ის ჰემისა და ცილოვანი ნაწილის – გლობინისგან შედგება. მისი ფუნქცია ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაა. სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრა ანემიების დიაგნოსტიკაში მთავარ როლს ასრულებს. მისი მაჩვენებელი ქვეითდება რკინადეფიციტური ანემიის, მწვავე და ქრონიკული სისხლდენების, გლობინის ანომალიური სტრუქტურით გამოწვეული ჰემოგლობინოპათიების – თალასემიის, დრეპანოციტული ანემიის – დროს. ჰემოგლობინის დონე იმატებს სისხლის დაავადების ერითრემიის შემთხვევაში.
– სისხლის ანალიზით განისაზღვრება ფერადობის მაჩვენებელიც. რას გულისხმობს ეს ტერმინი?
– დღეს ანალიზის პასუხში ტერმინი “ფერადობის მაჩვენებლი” აღარ შეგხვდებათ. მისი სინონიმია ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა, რომელიც MCH აბრევიატურით აღინიშნება. ამ კუთხით განასხვავებენ ჰიპოქრომულ (MCH ნორმაზე ნაკლებ), ნორმოქრომულ და ჰიპერქრომულ (MCH ნორმაზე მეტ) ერითროციტებს. MCH მაჩვენებელი ნორმაზე დაბალია რკინადეფიციტური ანემიების დროს, მომატებულია ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების შემთხვევაში. დიდი რაოდენობის სისხლის ერთჯერადი დანაკარგით გამოწვეული ანემიის საწყის ფაზაში ერითროციტში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა ნორმის ფარგლებშია, მერე კი მისი ოდენობა იკლებს. ქრონიკული სისხლდენების დროს MCH ნორმაზე დაბალია.
ერითროციტების რაოდენობასთან ერთად მნიშვნელობა მათ ზომასაც ენიჭება. ის განისაზღვრება MCV-თ (ერითროციტების საშუალო მოცულობა). მისი დაქვეითება მცირე ზომის ერითროციტების, მიკროციტების, სიჭარბეზე მიუთითებს (თალასემიის, რკინის დეფიციტის დროს). მაღალი მაჩვენებელი სისხლში დიდი ზომის ერითროციტების – მაკროციტების, მეგალოციტების არსებობის მანიშნებელია და გვხვდება მაკროციტული, მეგალოციტური, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ანემიების დროს. RDV (ერითროციტების განაწილების ფართი) ანიზოციტოზის (განსხვავებული ფორმისა და ზომის ერითოროციტების) ხარისხის შესახებ გვაწვდის მონაცემს. თუ მისი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ესე იგი სისხლში ერითროციტების პოპულაცია ერთგვაროვანია; თუ მაღალია, აღინიშნება ერითროციტების ჰეტეროგენული პოპულაცია (გვხვდება ანემიების დროს, ასევე – სისხლის გადასხმის შემდეგ).
– რა არის რეტიკულოციტები და რა ინფორმაციას გვაწვდის მათი შემცველობა?
– რეტიკულოციტები ერითროციტების ახალგაზრდა ფორმებია. როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ვითარდება ანემია, ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნა ძლიერდება. ერითროციტები ვერ ასწრებენ მომწიფებას და ნახევრად მოუმწიფებელი ფორმები, რეტიკულოციტები, სისხლში გადმოდიან. ასე უმეტესად ჰემოლიზური ანემიების, კრიზის ან სისხლის დაკარგვისას ხდება. რეტიკულოციტების რაოდენობის დაკლებას B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს, თუმცა ამ ანემიების მკურნალობისას შეინიშნება რეტიკულოციტების რაოდენობის მკვეთრი მატება, რაც დადებითი დინამიკის მაჩვენებელია.
– რას გვეტყვით ლეიკოციტებსა და თრომბოციტებზე?
– ლეიკოციტები სისხლის ბირთვიანი უჯრედებია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში. იშლება ღვიძლში, ელენთაში და იმ ადგილას, სადაც მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. ლეიკოციტების ფუნქციაა ორგანიზმის დაცვა უცხო ნივთერებებისა და მიკროორგანიზმებისგან. მონაწილეობენ ჰუმორული იმუნიტეტის შექმნაში, რომელიც მიმართულია ინფექციური აგენტების წინააღმდეგ და ქსოვილოვანი იმუნიტეტის წარმოქმნაში, რომელიც მუტირებული უჯრედების წინააღმდეგაა მიმართული. ლეიკოციტების რაოდენობის მომატებას ლეიკოციტოზი ეწოდება. ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი გვხვდება ახალშობილებსა და 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში; თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვის, სტრესის დროს. პათოლოგიური ლეიკოციტოზი ვითარდება სისხლის დაავადებების, ინფექციების, ანთებითი პროცესების, ტრავმების შემთხვევაში. ლეიკოპენიას ანუ ლეიკოციტების შემცირებას უმთავრესად ვირუსული დაავადებები იწვევს. გვხვდება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის დროსაც. შეიძლება იყოს მედიკამენტური წარმოშობისაც. ფიზიოლოგიურად ლეიკოციტების შემცირება შიმშილის დროს შეინიშნება. არსებობს შთამომავლობითი ლეიკოპენიებიც.
სისხლის საერთო ანალიზში დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ლეკოციტური ფორმულა. ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია გრანულოციტებით (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები) და აგრანულოციტებით (ლიმფოციტები და მონოციტები). თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება. ნეიტროფილების მომატება ინფექციების, ანთებითი პროცესების, სისხლის დაავადებების, ოპერაციების შემდეგ შეინიშნება. მათი ახალგაზრდა ფორმების მომატებას ფორმულის მარცხნივ გადახრას უწოდებენ. რაც უფრო მწვავეა პროცესი, მით უფრო მკვეთრია გადახრა. ნეიტროპენიას იწვევს ვირუსული დაავადებები, თირეოტოქსიკოზი და სხვა. ეოზინოფილები იმატებს ალერგიული პროცესების, ჰელმინთოზების დროს. ტრავმისა და სტრესის ფონზე ყალიბდება ანეოზინოფილია (სისხლში ეოზინოფილების არარსებობა).
ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების, ტუბერკულოზის დროს და სხვა. ლიმფოციტოპენია ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობის, რადიაციული ზემოქმედების შედეგად.
მონოციტები სისხლის ყველაზე დიდი უჯრედებია. ისინი ანადგურებენ ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ანტიგენ-ანტისხეულების კომლექსებს, რომლებიც ვირუსებთან, ბაქტერიებსა და მათ ტოქსინებთან ბრძოლისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა იმატებს სეპტიკური პროცესების, ლორწოვანის გაღიზიანების დროს. მონოციტოპენია ყალიბდება სიმსივნური პროცესების უკანასკნელ ეტაპზე.
თრომბოციტები სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედებია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში და ცოცხლობს 7-10 დღე. მონაწილეობს სისხლის შედედებაში, აქვს ანგიოტროფული ფუნქცია, ახდენს შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვის სპაზმს. თრომბოციტოპენია – თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება – და თრომბოციტოპათია – მათი ფუნქციის დარღვევა – სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს, მომატება კი თრომბოზულ გართულებებზე. თრომბოციტების საშუალო მოცულობა MPV თრომბოციტების სხვადასხვა ზომისა ახალგაზრდა და მწიფე ფორმების თანაფარდობას გვიჩვენებს.
– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ერითროციტების დალექვის სიჩქარე. რა ახდენს გავლენას მის მნიშვნელობაზე და რაზე მიუთითებს ედსის აჩქარება ან შენელება?
– ერითროციტების დალექვის სიჩქარე ორგანიზმის საერთო ბიოლოგიური მდგომარეობის მაჩვენებელია. იგი არ არის სპეციფიკური რომელიმე დაავადების მიმართ, მაგრამ მის ცვლილებათა დინამიკას ხშირად დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა აქვს. ედსის მაჩვენებელი დამოკიდებულია ერითროციტების რაოდენობაზე, მოცულობაზე, პლაზმის ცილების, ალბუმინებისა და გლობულინების, შემცველობაზე. ანემიების დროს, როცა ერითროციტების რაოდენობა იკლებს, ისინი უფრო სწრაფად ილექებიან, რის გამოც იმატებს ედსის მნიშვნელობა, ერითროციტოზის დროს კი, პირიქით, ერითროციტების რაოდენობის მომატება მათი დალექვის სიჩარეს ამცირებს. სხვადასხვა ინფექციის დროს იცვლება პლაზმის ცილოვანი შემადგენლობა, რაც ასევე ცვლის ედსის მაჩვენებელს. ფიზიოლოგიურად ედსი იმატებს ორსულობისას, მენზესის დროს, შიმშილის დროს, ვაქცინაციის შემდეგ.
ედსის მაჩვენებელი განისაზღვრება ვესტერგრინისა და პანჩენკოვის მეთოდის მიხედვით. მათ შორის ზუსტი თანაფარდობის დადგენის წესი მოწოდებული არ არის. აღრიცხვა ხდება სხვადასხვა სკალით. რაც უფრო იმატებს ედსი, მით უფრო იზრდება სხვაობა პანჩენკოვის მეთოდით და ვესტერგრინის მეთოდით მიღებულ მაჩვენებლებს შორის (ვესტერგრინის მაჩვენებელი მეტია).
გვანცა გოგოლაძე