ბიოფსია – დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი
გააზიარე:
ბიოფსია სამედიცინო პროცედურაა, რომელსაც ზოგიერთი დაავადების გამოსარიცხავად ან დასადასტურებლად მიმართავენ. სხეულის საეჭვო მიდამოდან სპეციალური ხელსაწყოთი ამოიკვეთება ქსოვილის მცირე ნიმუში და მიკროსკოპული კვლევისთვის პათანატომიურ ლაბორატორიაში იგზავნება. ბიოფსიის დროს აღებულ ქსოვილის ნიმუშს ბიოპტატი ეწოდება.
როდის ინიშნება ეს კვლევა? რა არის გასათვალისწინებელი მისი ჩატარებისას? ამ და სხვა კითხვებით კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმს, ონკოქირურგ ნინო ხუჯაძეს მივმართეთ.
– ტერმინი “ბიოფსია” პირველად ფრანგმა დერმატოლოგმა ერნესტ ბენიემ გამოიყენა 1879 წელს, თუმცა, ეჭვს გარეშეა, პროცედურა მანამდეც ტარდებოდა. უადრესი დიაგნოსტიკური ბიოფსია, რომლის შესახებ ინფორმაციამაც მოაღწია ჩვენამდე, X-XI საუკუნეების არაბმა ექიმმა ალბუკასისმა – აბულკასიმ აზ-ზაჰრავიმ – ჩაატარა.
როდის ინიშნება
– მიუხედავად იმისა, რომ მაღალტექნოლოგიური კვლევები (კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) მრავალი დაავადების აღმოჩენაში გვეხმარება, მათ არ შეუძლიათ დაავადების ბუნების ზუსტად განსაზღვრა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების დიფერენცირება. ბიოფსია ციტოლოგს`მორფოლოგს საშუალებას აძლევს, მიკროსკოპის დახმარებით უშუალოდ გამოიკვლიოს საეჭვო უჯრედები და ამ კვლევის პასუხს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
მრავალი დაავადების საბოლოო დიაგნოსტიკის ერთადერთი გზა სწორედ ბიოფსიაა.
ამ მეთოდს იშველიებენ იმის დასადგენად, ფუნქციურია დაავადება თუ სტრუქტურული.
ბიოფსია შეიძლება ჩატარდეს ინფექციური, ანთებითი და ავტოიმუნური დაავადებების გამოსარიცხად.
მისივე მეშვეობით იკვლევენ გადასანერგი ქსოვილის თავსებადობას და ამოწმებენ, ხომ არ განვითარდა ტრანსპლანტაციის შემდეგ იმუნური კონფლიქტი (გადანერგილი ორგანოს მოცილება).
ქსოვილის ნიმუშის მიკროსკოპით შესწავლისას შესაძლებელია ატიპური უჯრედების აღმოჩენა, რაც ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში ეხმარება. თუ დიაგნოზი უკვე ცნობილია, ბიოფსია საშუალებას იძლევა, შეფასდეს დაავადების სიმწვავე (მაგალითად, ანთების ხარისხი) და დონე (მაგალითად, სიმსივნის აგრესიულობა). ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესარჩევად, მერე კი – ჩატარებული თერაპიის ეფექტიანობის შესაფასებლად.
ბიოფსიის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია დაავადების გამოსავლის პროგნოზირებასაც აადვილებს.
– რომელი ორგანოებიდან შეიძლება მასალის აღება?
– ქსოვილის ნიმუშის აღება სხეულის თითქმის ყველა ადგილიდან არის შესაძლებელი, თუმცა, საკვლევ ორგანოთა სხვადასხვაობის გამო, პროცედურებიც შესაძლოა ოდნავ განსხვავებული იყოს. მაგალითად, ჩატარდეს ულტრასონოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით. სამიზნე ორგანოზეა დამოკიდებული ნემსის ზომებიც. მაგალითად, ძვლის ტვინის ბიოფსია მსხვილი ნემსით ტარდება, ხოლო ფარისებრი ჯირკვლისა – წვრილით.
ძვლის ტვინის ბიოფსია ტარდება სისხლში დარღვევების აღმოჩენისას, როდესაც საეჭვოა კიბო ან მისი მეტასტაზი ძვლის ტვინში.
ძვლის ტვინი ღრუბლისებრი სტრუქტურაა, რომლითაც ძვლოვანი ღრუებია ამოვსებული. განასხვავებენ ძვლის წითელ და ყვითელ ტვინს. ძვლის წითელი ტვინი მთელი სიცოცხლე ნარჩუნდება ნეკნებში, მკერდის ძვალში, თავის ქალას ძვლებში, მალებში, მენჯში, ლულოვანი ძვლების ეპიფიზებში. ის სისხლის წარმომქმნელი და იმუნური სისტემების მთავარი ორგანოა. ამ სტრუქტურის ბიოფსიით შესაძლებელია სისხლმბადი სისტემის დაავადებების – ლეიკემიის, ლიმფომის, მრავლობითი მიელომის – და სხვა ორგანოებიდან მეტასტაზირებული ავთვისებიანი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა. საკვლევ მასალას უმეტესად თეძოს ძვლის უკანა ნაწილიდან იღებენ. დისკომფორტის შესამცირებლად პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება.
კანის ბიოფსიას კანის კეთილთვისებინი ან ავთვისებიანი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ. ის მოიცავს ანაფხეკს, პანჩ-ბიოფსიას (დიდი წარმონაქმნის შემთხვევაში მის ფარგლებში ამოიკვეთება ქსოვილის ნაწილი), ინციზიურ ბიოფსიას (სკალპელით იჭრება კანის მცირე ნაწილი), ექსციზიურ ბიოფსიას (მთლიანად მოიკვეთება კანის დაზიანებული ზედაპირი და ედება ნაკერი).
ბიოფსიის ტიპები
– ნემსით ბიოფსია გამოიყენება ისეთი წარმონაქმნების გამოსაკვლევად, რომლებიც პალპაციის დროს კანქვეშ შეიგრძნობა. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის განსაზღვრული სახის დაზიანების, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ან ლიმფური კვანძების გადიდების დროს.
. წვრილი ნემსით ასპირაცია: გრძელი წვრილი ნემსით შედიან საკვლევ მიდამოში და ანალიზისთვის საჭირო სითხეს და უჯრედებს შპრიცში აგროვებენ. პროცედურა ტარდება დამიზნებით ანუ ექოკონტროლით, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება სიმსივნური წარმონაქმნის დამოკიდებულება ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან, ორგანოებსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებთან. წვრილი ნემსით ასპირაცია მტკივნეული არ არის, ამიტომ ანესთეზიას უმეტესად არც კი აკეთებენ.
. მსხვილნემსიანი ბიოფსია: ტარდება სპეციალური აპარატით, ადგილობრივი ანესთეზიით და ექოსკოპიის კონტროლით.
. ბიოფსია ვაკუუმის დახმარებით: შემწოვი მოწყობილობა მეტი სითხისა და უჯრედების ამოღების საშუალებას იძლევა, ამიტომ საჭირო ნიმუშის მისაღებად ნემსის შეყვანის უფრო ნაკლები ჯერადობაა საჭირო.
. ბიოფსია ვიზუალური კონტროლით (ულტრაბგერით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით): საშუალებას გვაძლევს, საკვლევი ქსოვილები სხეულის უფრო ღრმა შრეებში (ღვიძლი, ფილტვი, პროსტატა) არსებული საეჭვო წარმონაქმნებიდანაც მივიღოთ. საჩხვლეტი მიდამოს ტკივილის გასაყუჩებლად ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება გამოიყენება.
ენდოსკოპიური ბიოფსიის დროს იყენებენ წვრილ დრეკად მილს (ენდოსკოპს), რომლის ერთ ბოლოზე ნათურა და კამერაა დამაგრებული. მათი საშუალებით სხეულის გარეთ მდებარე მონიტორზე მიიღება გამოსახულება. საკვლევი ადგილის მდებარეობის შესაბამისად, ენდოსკოპი შეიძლება მოთავსდეს პირის ღრუში, სწორ ნაწლავში, საშარდე სისტემაში ან კანზე. ენდოსკოპიური ბიოფსიის მაგალითებია ცისტოსკოპია (შარდის ბუშტიდან ქსოვილის ასაღებად), ბრონქოსკოპია (ფილტვის ქსოვილის ასაღებად) და კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ქსოვილის მოსაგროვებლად). ბიოფსიის ტიპის გათვალისწინებით, პროცედურის დაწყებამდე ორგანიზმში შეჰყავთ საანესთეზიო ან სედაციური საშუალება.
დამიზნებითი (ტარგეტული) ბიოფსია მიკროექოსკოპიის აპარატით, სწრაფად და უმტკივნეულოდ ტარდება. განასხვავებენ დამიზნებით (ტარგეტულ) ბიოფსიას მიკროექოსკოპიის კონტროლით, ფიუჟენ (Fusion) ბიოფსიას მაგნიტური რეზონანსის (MRI) და სტანდარტული ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით და ფიუჟენ (Fusion) ბიოფსიას მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკროექოსკოპიის ერთდროული კონტროლით. უკანასკნელი მეთოდი უახლესი და ზედმიწევნით ზუსტია. წარმოადგენს მიკროექოსკოპიისა და MRI-ს მონაცემების შერწყმას მიკროულტრაბგერით პლატფორმაზე და იძლევა გარჩევადობის სრულიად ახალ დონეს, რომელიც 100%-იან დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.
ოპერაციულ ბიოფსიას მიმართავენ, თუ სხვა ტიპის ბიოფსიები წარუმატებლად დასრულდა. ის ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით. ზოგიერთ პაციენტს პროცედურის შემდეგ რამდენიმე ხნით კლინიკაში ტოვებენ შემდგომი დაკვირვებისთვის.
ვემზადებით კვლევისთვის
– ბიოფსიების უმეტესობა ამბულატორიულად ტარდება და განსაკუთრებულ მომზადებას არ მოითხოვს. გაითვალისწინეთ ექიმის მითითებები. არ დაგავიწყდეთ, მიაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ მედიკამენტზე, რომელსაც იღებთ, მათ შორის – “სისხლის გამათხელებლებზე” (ასპირინი, ვარფარინი). თუ რომელიმე მედიკამენტზე (განსაკუთრებით – საანესთეზიოზე) ალერგია გაქვთ, ექიმს აცნობეთ. პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე რეკომენდებულია, შეწყდეს ანტიკოაგულანტების მიღება ან ისინი სხვა წამლით შეიცვალოს. ზოგიერთი ტიპის ბიოფსიის ჩატარებამდე 8 საათის განმავლობაში შესაძლოა საკვების მიღებაზე უარის თქმა მოგიწიოთ, მაგრამ თუ მუდმივად გჭირდებათ განსაზღვრული მედიკამენტების (წნევის დამწევის, ინსულინის) მიღება, არ გამოტოვოთ დოზა. ქალებმა, თუ ეჭვობენ, რომ შესაძლოა ორსულად იყვნენ, აუცილებლად უნდა აცნობონ ექიმს, რათა მან გამორიცხოს კვლევიდან ვიზუალური კონტროლის საშუალებები (რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია), რომლებსაც ნაყოფისთვის ზიანი მოაქვთ. ჩაიცვით თავისუფალი, კომფორტული ტანსაცმელი, სამკაულები დატოვეთ შინ.
– რა ხდება პროცედურის მსვლელობისას?
– ბიოფსიის ტიპი, როგორც ვთქვით, გამოსაკვლევი ქსოვილის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. ორგანოთა უმეტესობის ბიოფსია შესაძლებელია ნემსით. ეს ყველაზე ნაკლებინვაზიური მეთოდია, იმდენად, რომ პაციენტი, როგორც წესი, იმავე დღეს ბრუნდება შინ. პროცედურის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის შეიძლება ვიზუალიზაციის მეთოდების (ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია) გამოყენება. ამ დროს ზედმიწევნით განისაზღვრება ნემსის შეყვანის ადგილი.
ძნელად მისადგომი ადგილებიდან მასალის ასაღებად შესაძლოა ქირურგიული მეთოდი გახდეს საჭირო (უმეტესად ლაპაროსკოპი ან თორაკოსკოპი გამოიყენება). იშვიათად ბიოპტატს ღია ქირურგიული მიდგომითაც იღებენ.
ბიოფსიის ტიპის შესაბამისად ირჩევა საანესთეზიო საშუალებაც: ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ნემსის ჩხვლეტით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად ან ინტრავენური ანესთეზია. ბავშვებთან, რასაკვირველია, ზოგადი ანესთეზიის გამოყენებაა მიზანშეწონილი, რათა პროცედურის დროს პაციენტმაც კომფორტულად იგრძნოს თავი და ექიმმაც მშვიდად იმუშაოს.
ბიოფსიის შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში მასალის აღების ადგილი შესაძლოა მტკივნეული იყოს. ძლიერი დისკომფორტის შემთხვევაში სასურველია ექიმის მიერ გამოწერილი ტკივილგამაყუჩებლის მიღება. ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს რამდენიმე ხნით ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებას, მეორე დღეს სახვევის მოხსნას და ცხოვრების ჩვეული წესის ნელ-ნელა აღდგენას.
კვლევის შედეგი
– ოპერაციით ბიოფსიის ჩატარებისას ზოგიერთ შემთხვევაში იყენებენ კვლევის განსხვავებულ მეთოდს, რომელიც ცნობილია როგორც “სექცია გაყინვით” (frozen section). ეს მეთოდი ნაკლებად ზუსტია, მაგრამ გაცილებით სწრაფი და საშუალებას აძლევს ქირურგს, ოპერაციის მსვლელობის დროსვე მიიღოს კვლევის წინასწარი შედეგები, რომელთა მიხედვითაც, საჭიროებისამებრ, შეცვლის ქირურგიული ჩარევის მოცულობას.
საეჭვო ქსოვილი ლაბორატორიაში იგზავნება გამოკვლევისთვის. პათანატომი მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლის ბიოპტატს. ჰისტომორფოლოგიური კვლევის შედეგი რამდენიმე დღეში გადაეგზავნება მკურნალ ექიმს. ზუსტად რამდენში, ძნელი სათქმელია, რადგან პირველადი გამოკვლევის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოპტატის დამატებითი შესწავლა, სხვა სპეციალისტებთან გადაგზავნაც კი.
ბიოფსიის საბოლოო შედეგს პაციენტს აცნობს მკურნალი ექიმი, რომელიც ვალდებულია, დეტალურად აუხსნას მას მიღებული პასუხი და დასახოს სამოქმედო გეგმა.
– როდის ტარდება განმეორებითი ბიოფსია?
– ნემსით აღებული ქსოვილი დიაგნოზისთვის ზოგჯერ არ არის საკმარისი. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ლიმფომის დროს. ამ დროს პროცედურა შეიძლება განმეორდეს ან დიაგნოზის დასადასტურებლად სხვა ტესტები ჩატარდეს.
არ არის გამორიცხული, ტექნიკურად წარმატებით ჩატარებულმა ბიოფსიამაც კი ვერ მიაწოდოს ექიმს დიაგნოზის დასასმელად საჭირო ინფორმაცია. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა ოპერაციული ბიოფსიით გრძელდება.
უპირატესობა, გართულებები და პერსპექტივა
– ბიოფსია კვლევის ნაკლებად ინვაზიური და მეტად სარწმუნო მეთოდია. პროცედურა არ არის მტკივნეული, ხოლო შედეგი უმეტესად უტყუარია.
რეაბილიტაციას ბევრი დრო არ სჭირდება, პაციენტს შეუძლია, რამდენიმე დღეში დაუბრუნდეს ჩვეულებრივ საქმიანობას.
კანისმხრივი ბიოფსია, ისევე როგორც კანზე ჩატარებული ნებისმიერი პროცედურა, შეიცავს ინფექციის რისკს, თუმცა ბიოფსიის შემთხვევაში ეს რისკი მცირეა – ათასიდან ერთზე ნაკლები.
ბიოფსია უსაფრთხო პროცედურაა. სხეულს ამ დროს მინიმალური ზიანი ადგება. არ არის გამორიცხული, თუმცა იშვიათია გართულებები: სისხლდენა, ინფექცია, მიმდებარე ქსოვილების შემთხვევითი დაზიანება (ნაწლავის დაზიანება მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს ბიოფსიის ან ფილტვის პარენქიმის დაზიანება თირკმლის ბიოფსიის დროს).
მყარი ქსოვილის ბიოფსია უდავოდ ინფორმაციულია, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თხევადი ბიოპტატების შესახებ. კლინიკურ ონკოლოგიაში დიდი ძალისხმევა იხარჯება თხევადი ქსოვილების ბიოფსიის დასანერგავად. ამ სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა (ბიომარკერების განსაზღვრა) შესაძლებელი გახადა სისხლში მოცირკულირე სიმსივნეთა უმეტესობის აღმოჩენა მინიმალურად ინვაზიური მეთოდით. ამ მხრივ ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ კვლევის სხვადასხვა მეთოდი ბიოქიმიური მარკერების სხვადასხვა მაჩვენებლებს აფიქსირებს, თუმცა მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება, ასე რომ, თამამად შეგვიძლია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს.
მარი მარღანია