როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს
გააზიარე:
ანუ ფრჩხილიც რომ არ წამოგვტკივდეს
ჩვენი ცხოვრებიდან ტკივილის გაქრობა ლოცვა კი არა, წყევლა იქნებოდა. შეგახსენებთ: ბუნებამ ეს უმნიშვნელოვანესი ფენომენი ჩვენსავე გადასარჩენად გვიბოძა. უამისოდ ცეცხლს შემთხვევით წამოდებულნი ხელის გაწევას მხოლოდ მაშინ მოვიფიქრებდით, როცა დამწვარი ხორცის სუნი შეგვაწუხებდა. ტკივილი ერთგვარი განგაშის სიგნალია, რომელიც გვამცნობს, რომ ორგანიზმში რაღაც რიგზე
ვერ არის და შველა სჭირდება. მაგრამ რა მნიშვნელოვანიც უნდა იყოს მის მიერ მოტანილი ამბავი, თუ დროზე არ დაგვანება თავი, ძლიერ მუხრუჭად იქცევა, ცხოვრებას გაგვიმწარებს და თავბედს გვაწყევლინებს. თუ
დაფუფქული პირიჰარვარდელ მეცნიერებს დავუჯერებთ, ტკივილი, გუნება-განწყობით დაწყებული, სიცოცხლის ხარისხით დამთავრებული, ყველაფერზე ახდენს გავლენას, თუმცა ამ ბატონებს თავიანთი ხანგრძლივი მეცნიერული მოღვაწეობა მხოლოდ ამ მნიშვნელოვანი დასკვნისთვის არ მიუძღვნიათ – ტკივილის კონტროლის სტრატეგიაც შეიმუშავეს.
შეიცანი: პირის ღრუს სახურავი თხელი და ნაზი ლორწოვანით არის ამოფენილი, ამიტომ თუ ცხელი ლუკმა სასას მოხვდა, მტკივნეულ დამწვრობას წინარაფერი დაუდგება.
შეაჩერე: ეცადეთ, სასწრაფოდ იპოვოთ ყინულის ნატეხი და პირი გაიგრილოთ – ამით ხელს შეუშლით ლორწოვანის შემდგომ დაზიანებას და დამწვარ უბანს საგრძნობლად შეამცირებთ. ამავე დროს ყინული ქსოვილებს აბუჟებს და შეშუპებას აცხრობს. გამოგადგებათ ანესთეტიკების შემცველი გელებიც – მუნდიზალი, კალ-გელი…
მაინც არ ცხრება? ჩაის ჭიქა წყალში ნახევარი ჩაის კოვზი მარილი გახსენით და პირში გამოივლეთ. მარილი ბაქტერიებს სიცოცხლის ხალისს ჩაუკლავს. მარილი შეგიძლიათ სოდით, გვირილის ან სალბის ნაყენით შეცვალოთ – შედეგი იგივე იქნება.
თავიდან აიცილე: ქურიდან ახალგადმოღებული საკვები ცხელია, ამიტომ მოთმინება მოიკრიბეთ და გაცივება აცადეთ. ამერიკელები ყველაზე მეტად მიკროტალღოვან ღუმელს ემდურიან. მართლაც, გარედან ოდნავ შემთბარი ლუკმა შუაგულში შესაძლოა ქაფქაფა იყოს.
გულძმარვა
შეიცანი: კუჭიდან მარილმჟავა უკან, საყლაპავში გადადის და ცეცხლს უკიდებს. ამ მოვლენას ექიმები რეფლუქსს უწოდებენ.
შეაჩერე: მამაპაპური მეთოდი ასეთია: ვიღებთ სოდიან წყალს და ვსვამთ. შედეგი მყისიერი შვებაა, თუმცა კარბონატები ცოტა ხნის შემდეგ კუჭს უფრომეტი მჟავას გამოყოფას აიძულებენ და გულძმარვაც შესაძლოა გაორმაგებული ძალით დაბრუნდეს უკან. ვერ გეტყვით, ეს ფაქტი აღელვებთ ამერიკელებს თუ სოდიანი წყლის მომზადება არ იციან – ტანჯულებს ურჩევენ, აფთიაქში რომელიმე ანტაციდი (მაგალითად, ტალციდი) ან, უბრალოდ, უშაქრო საღეჭი რეზინი მოიკითხონ. ერთ-ერთ გამოკვლევას დაუდასტურებია, რომ ცხიმიანი საკვების მირთმევის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში საღეჭი რეზინის ღეჭვისას იმდენი ნერწყვი გამოიყოფა, მჟავას ანეიტრალებს ან უკანვე, კუჭში გადაისვრის.
მაინც არ ცხრება ან ხშირად გაწუხებთ? აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გასტროეზოფაგურმა (კუჭ-საყლაპავის) რეფლუქსმა შესაძლოა კიბოც კი გამოიწვიოს.
თავიდან აიცილე: ნოყიერი ტრაპეზის შემდეგ ნურც ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღებას იჩქარებთ და ნურც მძიმე საქმეს შეეჭიდებით. აცადეთ საკვებს, ქვემოთ, ნაწლავებისკენ გაიგნოს გზა და უკან დაბრუნების სურვილი აღარ გაუჩნდეს. ღამღამობით გრავიტაცია დაიხმარეთ – თავის მხარეს საწოლს ფეხებქვეშ თითო აგური შეუწყვეთ. დიახ, სწორედ სასთუმლის ამაღლებაა საჭირო და არა მაღალი ბალიშის დადება, რომელიც მხოლოდ თავს აგაწევინებთ და საყლაპავს უფრო გაურთულებს საქმეს.
თუ მწეველი ხართ, გულძმარვა მავნე ჩვევასთან განშორების კიდევ ერთი საფუძველია. ნიკოტინი კუჭსა და საყლაპავს შორის არსებულ სპინქტერს ადუნებს, რითაც საკვებს და მჟავას კუჭიდან გამოსხლტომას უადვილებს.
ბუასილი
შეიცანი: ვენები სწორ ნაწლავში ან მის ირგვლივ შეშუპებული და გაღიზიანებულია.
შეაჩერე: აფთიაქში ბუასილის საწინააღმდეგო საშუალების (მაგალითად, ჰემოროლის) ყიდვა ურეცეპტოდაც შეიძლება. ის დილით, ძილის წინ და ყოველი მოსაქმების შემდეგ გამოიყენეთ. დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ მტკივანი ადგილის 15-20-წუთიანი თბილი აბაზანა.
მაინც არ ცხრება? მიმართეთ ექიმს. თუ თვითმკურნალობით ტკივილმა ორ კვირაში არ იკლო, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დაგჭირდეთ. ამავე დროს ბუასილის სიმპტომების მიღმა შესაძლოა სხვა, გაცილებით საშიში დაავადება იმალებოდეს.
თავიდან აიცილე: რაციონი უჯრედისით გაიმდიდრეთ – ყოველდღე მიირთვით უმი ხილი და ბოსტნეული (კომბოსტო, სალათა, მწვანილი, მხალეული), საღი მარცვლეულის კერძები. უპირატესობა შავ, ქატოიან ან გაღივებული ხორბლის პურს მიანიჭეთ. სვით ბევრი სითხე (უალკოჰოლო) – დღეში საშუალოდ 2-3 ლიტრი. ერიდეთ დიდხანს ჯდომას ან დგომას. ივარჯიშეთ.
მაჯის არხის სინდრომი
შეიცანი: წინამხრიდან მტევნისკენ მიმავალი ნერვი მაჯასთან იოგებისა და ძვლების შექმნილ ვიწრო არხში იჭყლიტება.
შეაჩერე: აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში ორჯერ იოგას სისტემით ვარჯიში რვა კვირის განმავლობაში ტკივილს ამცირებს. თუ ბეჭდავთ ან მანქანას მართავთ, ღამღამობით მაჯაზე სახვევი გაიკეთეთ. ის მაჯას ნეიტრალურ მდგომარეობას შეუნარჩუნებს და ნერვს შემდგომი ზეწოლისა და გაღიზიანებისგან დაიცავს.
მაინც არ ცხრება? მიმართეთ სპეციალისტს. შესაძლოა, მაჯის არხში მედიკამენტის შეყვანა ან მიკროქირურგიული ოპერაცია დაგჭირდეთ.
თავიდან აიცილე: კომპიუტერის კლავიატურა იმსიმაღლეზე დააყენეთ, რომ მუშაობისას ხელები სწორად გეჭიროთ. მაჯა არც წინ, არც უკან არ უნდა იხრებოდეს, თორემ ნერვს სიმშვიდე სულ დაეკარგება.
შაკიკი
შეიცანი: ტვინში ქიმიურ ნივთიერებათა ოდენობის ცვლილება ნეიროპეპტიდებს ააქტიურებს, რომლებიც ტვინის გარსებს უტევენ და სისხლის მოწოლას და ანთებას იწვევენ, შედეგი კი თავის გამჭოლი, მოპულსირე ტკივილია, რომელმაც შესაძლოა რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე გასტანოს.
შეაჩერე: ეცადეთ, შეტევა ტკივილგამაყუჩებლით (დიკლოფეროლით, კეტოლონგით, ანბერით) შეაჩეროთ. ამავე დროს, უნდა დაისვენოთ. მას, ვისაც შაკიკი აწუხებს, უფრო ადვილად აგზნებადი ტვინი აქვს, ამიტომაც ტკივილი ხშირად სტრესორებთან შეხვედრის შემდეგ უტევს. ტკივილს ხშირად ბნელ ოთახში წამოწოლა და კეფაზე 10-15 წუთით ყინულის მიდებაც ასუსტებს.
მაინც არ ცხრება? თუ ტკივილის შეტევები ძლიერი და ხშირია, ექიმს მიმართეთ შაკიკისაწინააღმდეგო სპეციალური წამლების – ტრიპტანების დასანიშნავად. ჰარვარდელთა მტკიცებით, თუ დოზა სწორად შეარჩიეს, ეს წამლები ძალიან ეფექტურია.
თავიდან აიცილე: აწარმოეთ შაკიკის დღიური. დააკვირდით საკუთარ თავს და აღნუსხეთ, რას აკეთებდით, როცა ტკივილი დაგეწყოთ, ხომ არ უკავშირდება ის რომელიმე საკვებს, რამდენ ხანს გაგრძელდა და რამ მოგგვარათ შვება. ასე უფრო ადვილად მიაგნებთ ტკივილის გამშვებ სტიმულებს და მოერიდებით. შედარებით მცირემასშტაბიანი კვლევები, რომელთა შედეგები ჯერჯერობით გადასამოწმებელია, გვაუწყებენ, რომ შაკიკის განვითარებას მაგნიუმისა და B2 ვიტამინის (რიბოფლავინის) დეფიციტი უწყობს ხელს, ამიტომაც ამერიკელები გვირჩევენ, რაციონში ერთის ოდენობაც გავზარდოთ და მეორისასაც.
მყესის ანთება
შეიცანი: შეგახსენებთ – მყესი თოკია, რომელიც კუნთს ძვალზე ამაგრებს. მისმა გაცვეთამ, ანთებამ ან გაღიზიანებამ შესაძლოა მიმდებარე სახსრის ტკივილი ან მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს. მიზეზი, ჩვეულებრივ, არის ზედმეტი დატვირთვა, უხერხული, არასწორი მოძრაობა ან ორივე ერთად.
შეაჩერე: ერთი კვირა მაინც ერიდე აქტივობას, რომელმაც ტკივილი გამოიწვია. ამ ხნის განმავლობაში ტკივილს ადგილობრივი გელებითა და მალამოებით და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (დიკლოფეროლით, კეტოლონგით, მაგენოლით) ებრძოლე. ვიდრე ტკივილი ჩაცხრებოდეს, შეგიძლია, დღეში 2-3-ჯერ დაზიანებულ ადგილას 15-20 წუთით ყინული დაიდოთ.
მაინც არ ცხრება? მიმართეთ ტრავმატოლოგს და მისი რჩევისამებრ, ფიზიოთერაპიული პროცედურები ჩაიტარეთ.
აიცილე: სახსრებისა და მყესების დასაცავად იზრუნეთ, რომ მათი ანტაგონისტებიც ასევე აქტიურნი იყვნენ. თუ, ვთქვათ, ჩოგბურთი და სირბილი გიტაცებთ, ეცადეთ, თქვენს ცხოვრებაში ცურვის, ველოსპორტის ან ძალოსნობისთვისაც გამონახოთ ადგილი. ბუნებრივია, უკანასკნელ შემთხვევაში ნაკლებად დატვირთულ კუნთებს უნდა გაუჩინოთ საქმე და არა ისედაც გადაძაბულებს.
კბილის ტკივილი
შეიცანი: ტკბილეულით ყელის ჩაკოკლოზინებისას თქვენს ტრაპეზს კბილის ნადებში მოკალათებული ბაქტერიებიც იზიარებენ, ტრაპეზის შემდეგ კი, არც მეტი, არც ნაკლები, მჟავა რჩებათ. სწორედ ეს აგრესიული ქიმიკატები ხრავენ კბილის მინანქარს, წარმოქმნილი ღრუდან კი ბაქტერიები ქსოვილებსა და ნერვს აღწევენ და მტკივნეულ ინფექციას იწვევენ.
შეაჩერე: სასწრაფოდ სტომატოლოგს დაუკავშირდით და მიღებაზე ჩაეწერეთ. მანამდე ტკივილი ტკივილგამაყუჩებლით (დიკლოფეროლით, კეტოლონგით, მაგენოლით) გაიყუჩეთ, დღეში რამდენიმეჯერ კი პირში თბილი მარილწყალი გამოივლეთ, გაღიზიანებული ღრძილი რომ დამშვიდდეს და პრობლემები არ მოგიმატოთ.
მაინც არ ცხრება? კბილი თუ აგტკივდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალო ბჟენის დრო წასულია. ისღა დაგრჩენიათ, ნერვი, მძიმე შემთხვევაში კი მთელი კბილი ამოიღოთ.
თავიდან აიცილე: მიირთვით ნაკლები ტკბილეული. მსგავს საკვებთან ყოველი შეხება კბილს მჟავას 20-წუთიან შეტევას უწყობს. ტკბილი სასმელები კოქტეილის ჩხირით სვით, რათა კბილებს ნაკლებად მოხვდეს, ნადების მოსაცილებლად კი კბილის ჯაგრისი და ფლოსი გამოიყენეთ. არც სტომატოლოგთან რეგულარულად სიარული დაგავიწყდეთ.
წელის ტკივილი
შეიცანი: წელის ტკივილი უმეტესად კუნთების დაჭიმულობის ბრალია. გადაძაბულ კუნთის ბოჭკოებს შორის მიკროსკოპული ნახეთქები ჩნდება, ამ დროსგადმოღვრილი ქიმიური ნივთიერებები კი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებენ.
შეაჩერე: ტკივილგამაყუჩებელი დალიე და დღეში რამდენჯერმე 10-15 წუთით გაითბე წელი (შემოიხვიე თბილი შალი, წაისვი გამახურებელი მალამო), ოღონდ გულხელის დაკრეფა არც იფიქროთ – წოლა კუნთებს ადუნებს და მოქნილობას უკარგავს, რაც ტკივილს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს. უბრალოდ, ცოტა ხნით წელის დამზოგველ საქმიანობაზე გადადი, ძველებურ რიტმს კი ტკივილის დაამების შემდეგ დაუბრუნდი.
მაინც არ ცხრება? თუ ამ მარტივმა საშუალებებმა არ გიშველათ, მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს ფიზიკური აქტივობა, ფიზიოთერაპია, მედიკამენტის ინექცია ღრმა ქსოვილებში, შესაძლოა, ოპერაციაც კი. ასე რომ, ექიმს მიაკითხეთ.
თავიდან აიცილე: გაუფრთხილდით ხერხემალს, ნურც უმოძრაო ცხოვრებას მიეცემით და ნურც ქანცს გაიწყვეტთ. ჯდომაც, დგომაც და ძილიც ისე მოახერხეთ, რომ ხერხემალს ზედმეტი ჯაფა არ დაადგეს. ამერიკელები მუხლის უკანა იოგების ყოველდღიურ დაჭიმვას გვირჩევენ, ოღონდ მოთელვის შემდეგ. თუ იქაურ პროფესორებს დავუჯერებთ, ეს იოგები დაჭიმვისას პატარ-პატარა პოსტურალურ კუნთებს ძაბავს და წელის ტკივილს იწვევს.