რა მიიჩნევა კორონარული დაავადების რისკის ფაქტორად?

გააზიარე:

არავის ვუსურვებ განცდას, რომ შესაძლებელი იყო საყვარელი ადამიანის გადაჩენა და ვერაფერი იღონა, რომ მეტი ყურადღება, კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, დროული მკურნალობა ტრაგედიას თავიდან ააცილებდა. ასეთი უბედურება უმეტესად გულს უკავშირდება – მსოფლიო პოპულაციაში ნომერი პირველი მკვლელი გულის კორონარული დაავადებაა. სწორედ მის შესახებ გვესაუბრება აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგი, პრევენციისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნონა დოლიძე:

– ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ღვთისგან დაწესებული განვითარების შემდეგ პერიოდებს გაივლის: ბავშვობას, ახალგაზრდობას, სიბერეს. სიბერის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია ათეროსკლეროზი. ეს არის დინამიკური პროცესი, რომელიც ბავშვობაში იწყება და მთელი სიცოცხლე გრძელდება. ათეროსკლეროზული პროცესი წლების განმავლობაში უსიმპტომოდ პროგრესირებს და, სამწუხაროდ, ხშირად მისი ერთადერთი გამოვლინება უეცარი სიკვდილია. ათეროსკლეროზის განვითარების რთული მექანიზმის სრულყოფილი ახსნა და მისგან განკურნება ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება და, ვფიქრობ, არც არასოდეს გახდება შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა სიბერეც. მაგრამ არსებობს ექიმის პროფესიაც და თანამედროვე მედიცინაც, რომელიც სხვადასხვა საშუალებით ცდილობს ამ რთული პროცესის პროგრესირების ტემპის შეფერხებას.
ყველას სურს, იცოცხლოს დიდხანს, იყოს ჯანმრთელი.

ვინაიდან ეს სურვილი სავსებით ბუნებრივია, ხშირად გვგონია, რომ ის ასევე ბუნებრივად, ავტომატურად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე ასრულდება. ეს რწმენა ჩვენში ისე მყარადაა ფესვგადგმული, რომ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვკარგავთ ახლობლებს, ნაცნობებს, რომლებიც იღუპებიან გულის კუნთის ინფარქტით, თავის ტვინის ინსულტით, გულის უკმარისობით, ზოგჯერ – უეცრადაც, ყოველგვარი წინა პირობის გარეშე; თუნდაც რამდენია ჩვენ ირგვლივ ავად გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მრავალი მათგანი საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა წინათ გულის დაავადებები, ჩვეულებრივ, ხანდაზმულ ასაკთან ასოცირდებოდა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს თუნდაც ზოგადი წარმოდგენა ამ ვერაგი დაავადებების შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ მათი განვითარება.


ათეროსკლეროზით განპირობებული კარდიოვასკულური დაავადება აერთიანებს გულის იშემიურ დაავადებას, იშემიურ ინსულტს და პერიფერიული არტერიების დაავადებას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების თანამედროვე პრევენციის გაიდლაინის მიხედვით, საქართველო კარდიოვასკულური დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებლით ძალიან მაღალი რისკის ქვეყანაა. 2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ყველა ასაკისა და სიკვდილის ყველა მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოში დაავადებათა პროცენტული განაწილების მიხედვით ყველაზე მაღალი – 71%-იანი მაჩვენებელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის. მათგან ყველაზე ხშირი, სიკვდილობის ნომერი პირველი მიზეზი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გულის იშემიური დაავადებაა, თანამედროვე ტერმინოლოგიით კი გულის კორონარული დაავადება ანუ კორონარული არტერიების დაავადება. მისი განვითარების ზოგადი მექანიზმი გულისხმობს დისბალანსს გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მოთხოვნასა და მის მიწოდებას შორის. გული, მოგეხსენებათ, კუნთოვანი ორგანოა და მას სისხლით მომარაგება ისევე სჭირდება, როგორც ნებისმიერ სხვა ორგანოს. როდესაც გულის მკვებავი არტერიების (კორონარების, გვირგვინოვანი არტერიების) მეშვეობით გულის კუნთი არ მარაგდება საჭირო რაოდენობის სისხლით, გულის კუნთის იშემია ვითარდება. იშემია უმეტესად კორონარული არტერიების ათეროსკლეროზითაა გამოწვეული. ეს ნიშნავს, რომ გულის მკვებავ გვირგვინოვან სისხლძარღვებში წარმოქმნილი ათერომები მათ სანათურს ავიწროებს (სტენოზი) ან სრულიად ახშობს (ოკლუზია). ასეთ შემთხვევებში სწორედ ზემოხსენებული დისბალანსი და გულის კორონარული დაავადება ვითარდება. 

  • – რა მიიჩნევა კორონარული დაავადების რისკის ფაქტორად?

– დიახ, უპირველესად, რისკის ფაქტორების შესახებ უნდა იყოს მოსახლეობა ინფორმირებული. რისკის ფაქტორის საერთაშორისო განმარტება ასეთია: ეს არის ნებისმიერი მახასიათებელი, რომელიც ზრდის დაავადების განვითარების ალბათობას და მჭიდრო კავშირი აქვს მის დასაწყისსა და პროგრესირებასთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია ადეკვატური პირველადი და მეორეული პრევენციით, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ რისკის ფაქტორების სრულყოფილ კორექციას გულისხმობს.
კორონარული და, საზოგადოდ, კარდიოვასკულური დაავადების რისკის ფაქტორები ორი სახისაა: მოდიფიცირებადი, რომელთა კორექცია შესაძლებელია და არამოდიფიცირებადი, რომელთა კორექციაც შეუძლებელია. ამ უკანასკნელთა რიცხვს ეკუთვნის მამრობითი სქესი, ხანდაზმული ასაკი და გენეტიკური დატვირთვა ანუ ოჯახური ანამნეზი. დანარჩენი რისკის ფაქტორები მოდიფიცირებადია, ესენია:


* არტერიული ჰიპერტენზია – კორონარული ათეროსკლეროზის საკმაოდ მძლავრი რისკის ფაქტორია და გულისხმობს სისხლის წნევის მომატებას რეკომენდებულ დონეზე მეტად;
* დისლიპიდემია – ქოლესტეროლის ცვლის დარღვევაა, განსაკუთრებით – სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტეროლის (ცუდი ქოლესტეროლი) კონცენტრაციის სიჭარბე, ასევე – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტეროლის (კარგი ქოლესტეროლი) დაბალი კონცენტრაცია და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მატება;
* შაქრიანი დიაბეტი – ერთადერთი რისკის ფაქტორია, რომელიც გულის კორონარული დაავადების ეკვივალენტად არის აღიარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტი თითქმის გაიგივებულია კორონარულ დაავადებასთან, შესაბამისად, დიაბეტიანი პაციენტები კორონარული დაავადების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის მქონე პაციენტები არიან;
* ჰიპოდინამია – ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა კორონარული დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. არსებობს მტკიცებულება, რომ მიმდინარე საუკუნეში მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონე არსებითად შემცირდა, თანამედროვე მსოფლიო პოპულაციის 60% ფიზიკური აქტივობის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით აიხსნება;
* თამბაქოს წევა – კორონარული ათეროსკლეროზის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული რისკის ფაქტორია. რისკების კალკულატორის თანახმად, მწეველებში ათწლიანი ფატალური კარდიოვასკულური რისკი თითქმის გაორმაგებულია;
* სიმსუქნე – მულტიფაქტორული გენეზის დაავადებაა და ორგანიზმში ცხიმების ჭარბად დაგროვებას გულისხმობს. მის განვითარებას საფუძვლად უდევს ქრონიკული დისბალანსი მიღებულ და დახარჯულ ენერგიას შორის.


ამ ექვსი ძირითადი რისკის ფაქტორის გარდა არსებობს სხვებიც, მაგალითად, ალკოჰოლი, თუმცა არის თუ არა ის კარდიოვასკულური დაავადების რისკის ფაქტორი, დღემდე ერთმნიშვნელოვნად არ არის გადაწყვეტილი. რისკის ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ ადამიანთა ემოციური ტიპიც. დადგენილია, რომ ემოციურ (A ტიპის) ადამიანებს კორონარული დაავადების განვითარების ალბათობა გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე შედარებით გაწონასწორებულებს (B ტიპისას).
თუ ადამიანს ჩამოთვლილთაგან რომელიმე რისკის ფაქტორი ან მათი კომბინაცია აქვს, შესაძლოა, ნებისმიერი კარდიოვასკულური დაავადება, მათ შორის – კორონარული დაავადებაც, განუვითარდეს. 

  • – რა მიგვანიშნებს კორონარულ დაავადებაზე?

– გულის კორონარული დაავადება მოიცავს სტენოკარდიასა და გულის კუნთის ინფარქტს. ორივე შემთხვევაში ყველაზე ხშირი სიმპტომია ტკივილი გულის არეში. ტიპობრივია რეტროსტერნალური (ანუ მკერდის ძვლის უკან) ან გულმკერდის არეში განვითარებული ტკივილი. პაციენტები ხშირად უჩივიან მოჭერას ან წვის შეგრძნებას. ხშირად ტკივილი სხეულის მარცხენა ნახევარში გადაეცემა, განსაკუთრებით – მარცხენა მხარში, წინამხარსა და მარცხენა ბეჭში. შესაძლოა, ორივე ზედა კიდურშიც გადაეცეს. საკმაოდ ხშირია ქვედა ყბასა და ყელში მოჭერის შეგრძნებაც.
თუმცა სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის ტკივილით არ ვლინდება. მათი საკმაოდ იშვიათი – ატიპური ფორმებიდან შეიძლება გამოვყოთ არითმიული ან გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ჩივილებით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი, რომელიც უმთავრესად ასაკოვან პირებში გვხვდება. ის ჰაერის უკმარისობით, ქოშინით, სუნთქვის გაძნელებით იწყება. 
ამგვარი ჩივილების აღმოცენებისას აუცილებელია კარდიოლოგთან დაუყოვნებლივ ვიზიტი ჯობია, სათანადო გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარება.

  • – რა სახით ვლინდება კორონარული დაავადება, როგორია მისი შორეული შედეგები?

– კორონარული დაავადება ვლინდება სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდიითა და მიოკარდიუმის ინფარქტით. ეს უკანასკნელი გულის კუნთის გარკვეული უბნის ნეკროზს ანუ სიკვდილს გულისხმობს. 
კორონარული დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ან გართულდეს გულის უკმარისობით, გულის რიტმის დარღვევით, თვით უეცარი კარდიული სიკვდილითაც კი, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი არ არის დამყოლი კონსერვატიული მკურნალობის მიმართ, პერიოდულად წყვეტს პრეპარატების მიღებას. ამ შემთხვევაში გართულების რისკი უფრო მაღალია, მით უფრო – თუ პაციენტს მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს გადატანილი.

  • – ხშირად გამიგონია, რომ ადამიანს სხვადასხვა გამოკვლევა ჩაუტარებია, მაგრამ კორონარული დაავადების დიაგნოზი ვერ დაუსვამთ, თუმცა მოგვიანებით მისი არსებობა დადასტურებულა (სამწუხაროდ, დაგვიანებითაც). რა გამოკვლევას უნდა ვერწმუნოთ, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ან გამოვრიცხოთ ეს დაავადება? 

– პაციენტის გამოკვლევა ანამნეზის შეკრებითა და გასინჯვით იწყება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ კარდიოლოგმა კორონარულ დავადებაზე მიიტანა ეჭვი, ჯერ ელექტროკარდიოგრაფული გამოკვლევა ტარდება, თუმცა სტენოკარდიის დროს ის ხშირად არ იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას – იგი ინფორმაციულია მიოკარდიუმის უკვე ჩამოყალიბებული ინფარქტის დროს. მომდევნო გამოკვლევაა ექოკარდიოსკოპია. ის კარდიოგრამისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის. მისი მეშვეობით განისაზღვრება გულის კუნთის კუმშვადობა. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სტრეს-ტესტი, იგივე დატვირთვის ტესტი ტრედმილზე, ან ველოერგომეტრზე. დატვირთვის ინტენსივობის მატებით გულისცემის სამიზნე სიხშირეს ვაღწევთ, რაც იშემიური დაავადების არსებობის შემთხვევაში მის გამოვლინებას იწვევს. ტესტის პრინციპი იმ ფარული იშემიის პროვოცირებაა, რომელიც სხვა გამოკვლევებით ვერ დიაგნოსტირდება. თუმცა შესაძლოა, ამ გამოკვლევამაც ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი შედეგი აჩვენოს, ესე იგი არ მოგვცეს ზუსტი ინფორმაცია კორონარული დაავადების არსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში კარდიოლოგის გადასაწყვეტია, ურჩევს თუ არა პაციენტს შემდეგ გამოკვლევას – კორონაროგრაფიას. კორონაროანგიოგრაფია კორონარული დაავადების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტია. იგი ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის კორონარული არტერიების სტენოზირების ხარისხის შესახებ, რის მიხედვითაც განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის სახე. 

  • – რა სახის მკურნალობაა საჭირო?

– უპირველესია კონსერვატიული, ანუ მედიკამენტური მკურნალობა, შესაბამისი ჩვენებების მიხედვით – მიოკარდიუმის რევასკულარიზაცია, რაც ორი მეთოდით ხორციელდება: კორონარული სტენტირებითა და კორონარული შუნტირებით. 
გულის კორონარული დაავადების კონსერვატიულ მკურნალობაში გამოყოფენ პირველი რიგის პრეპარატებს. ერთ-ერთი პირველთაგანია აცეტილსალიცილის მჟავა ანუ ასპირინი, იგივე კარდიო ფორსი – ეს პრეპარატი არის ანტიაგრეგანტი, ანუ თრომბოციტების აგრეგაციის (შეწებების) საწინააღმდეგო საშუალება, ესე იგი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას კორონარულ და სხვა არტერიებში, შესაბამისად, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას. იგი ნებისმიერი კარდიოვასკულური დაავადების შემთხვევაში ინიშნება, თუ არ არსებობს რაიმე უკუჩვენება 
ან არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფეფქტი. 


კარდიო ფორსს აქვს სტანდარტული დოზები: 75 მგ და 150 მგ, _ რომლებიც გამოიყენება ანტიაგრეგანტად მისი დანიშვნის დროს. კარდიო ფორსი დაფარულია მჟავაგამძლე ნაწლავში ხსნადი გარსით, რაც თავიდან აგვაცილებს შესაძლო გვერდით მოვლენებს. ამ პრეპარატით მკურნალობა მთელი სიცოცხლე გრძელდება, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა პაციენტს კორონარული დაავადების კლინიკური სიმპტომები. მის გარეშე ამ დაავადების მკურნალობა რეკომენდებული არ არის.


კორონარული დაავადების დროს ასევე პირველი რიგის პრეპარატებია სტატინები – ქოლესტეროლის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც ლიპიდურ ცვლას აწესრიგებს და რომელთა ხანგრძლივი მიღება საგრძნობლად ამცირებს მომავალი კარდიოვასკულური შემთხვეებისა და სიკვდილობის რისკს. ეს პრეპარატებიც ნებისმიერი დიაგნოსტირებული კარდიოვასკულური დაავადების ყველა შემთხვევაში მუდმივად ინიშნება. 


პირველი რიგის პრეპარატებს ეკუთვნის ასევე β-ბლოკერები, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა პაციენტს მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს გადატანილი, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, განსაკუთრებით – არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის შემთხვევაში. დანარჩენი პრეპარტები უკვე პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით ინიშნება. 

  • – რა ღონისძიებები აგვაცილებს თავიდან კორონარული არტერიების დაავადებასა და მის გართულებებს?

– პრევენცია! განასხვავებენ პირველად და მეორეულ პრევენციას. პირველადი პრევენცია უტარდება ადამიანების იმ კატეგორიას, რომელსაც ჯერ არ აქვს კორონარული დაავადება, თუმცა შესაძლოა ჰქონდეს რისკის ფაქტორები, რომელთა მოდიფიცირება დიდი ალბათობით თავიდან ააცილებს ამ პათოლოგიის განვითარებას. მეორეული პრევენცია კი უკვე დიაგნოსტირებული კორონარული დაავადების პროფილაქტიკას გულისხმობს რეკურენტული (განმეორებითი) კორონარული ეპიზოდების, უეცარი კარდიული სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. 
რა თქმა უნდა, კორონარული დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი სტილი, რაც, უპირველეს ყოვლისა, წონის რეგულირებას, დოზირებულ და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, თამბაქოს წევის მიტოვებასა და ჯანსაღ კვებას გულისხმობს. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს პრევენციისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი კლინიკა ჯერ კიდევ ერთადერთია, სადაც პაციენტებს თანამედროვე სტანდარტების საფუძველზე უტარდებათ კარდიული რეაბილიტაცია, ფიზიკური ტრენინგები, რაც მსოფლიოს სამი ყველაზე ავტორიტეტული კარდიოლოგიური ორგანიზაციის მიერ ყველაზე მაღალი კლასის რეკომენდაციებით არის ნაჩვენები.


ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ექიმთან ვიზიტით იწყება და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზუსტად ასრულებს პაციენტი ექიმის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე გულს ეხება.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: