ნაბიჯი სრულყოფილებისკენ

გააზიარე:

 თუ თქვენი მკერდის ზომა არ მოგწონთ, მიგაჩნიათ, რომ ლაქტაციის შემდეგ მან ფორმა დაკარგა და დაუშნოვდა ან იმდენად დიდია, რომ მისი ტარება უბრალოდ გიჭირთ, ეს ინტერვიუ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. პლასტიკური ქირურგიის წყალობით ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ამისთვის მხოლოდ სურვილი და ცოტაოდენი გამბედაობაა საჭირო.
დარწმუნებული ვარ, თქვენც ჩემსავით უამრავი დეტალი გაინტერესებთ. კლინიკა “კარაპს მედლაინის” რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელმა, პლასტიკურმა ქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე კალანტაროვმა ყველა კითხვაზე ამომწურავი და საინტერესო პასუხი გამცა: 
– ძუძუზე რამდენიმე ტიპის პლასტიკური ოპერაცია ტარდება. მათგან ყველაზე მარტივი და იმავდროულად ხშირიც ძუძუს გადიდება ანუ აუგმენტაციაა. ასევე ხშირია ძუძუს აწევა, ლიფტინგი, და ძუძუს დაპატარავება. ტექნიკურად საკმაოდ რთულია მეოთხე ტიპის ოპერაცია – ძუძუს რეკონსტრუქცია, მთლიანად ან ნაწილობრივ მოკვეთილი ძუძუს აღდგენა. ბოლო ხანს ძუძუს პლასტიკურმა ოპერაციებმა საგრძნობლად მოიმატა. ჩვენთან კვირაში საშუალოდ სამი ოპერაცია კეთდება.
– ძუძუს გადიდების რა მეთოდები არსებობს?
– დღესდღეობით მსოფლიოში ძუძუს გადიდების ორი მეთოდია ცნობილი, რომლებმაც გაამართლა. პირველი იმპლანტის მეშვეობით გადიდებაა, ხოლო მეორე – საკუთარი ცხიმით. ეს ორი მეთოდი ერთმანეთს ვერ შეედრება, პირველი აშკარად ჯაბნის მეორეს. საკუთარი ცხიმით გადიდებას მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა პაციენტი კატეგორიულად უარყოფს იმპლანტს. ამ დროს ჩვენ მას ალტენატივას – საკუთარი ცხიმით ძუძუს გადიდებას ვთავაზობთ. ცხიმს, როგორც, ალბათ, უკვე მიხვდით, თავად პაციენტის სხეულიდან ვიღებთ – ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ის ჭარბადაა. 
იმპლანტს რამდენიმე უპირატესობა აქვს: უწინარესად, შედეგი გაცილებით მყარია, ვიდრე ცხიმის გამოყენებისას, არც ზომაა შეზღუდული – პაციენტს რამხელა მკერდიც უნდა, იმხელა იმპლანტს ჩავუდგამთ. ცხიმით გადიდებისას კი ლიმიტი არსებობს – ამ დროს ერთი, მაქსიმუმ ერთნახევარი ზომით თუ მოვახერხებთ ძუძუს გაზრდას.
იმპლანტის განლაგების ორი პრინციპი არსებობს: ზედაპირულად ანუ ჯირკვლის ქვეშ და უფრო ღრმად – მკერდის კუნთის ქვეშ. თუ პაციენტს პრინციპულად არ სურს იმპლანტის კუნთის ქვეშ ჩადგმა, მხოლოდ მაშინ ვთავაზობთ მის ჯირკვლის ქვეშ მოთავსებას, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება – წესისამებრ, პაციენტები ჩვენს რჩევებს ითვალისწინებენ, ჩვენ კი მათ კუნთისქვეშა იმპლანტს ვურჩევთ. რაც უფრო ღრმადაა იმპლანტი, მით უკეთესი ქალისთვისაც და თავად იმპლანტისთვისაც – ამ დროს იგი უფრო დაცულია, მეტად არის დაშორებული კანსა და ძუძუს ჯირკვლოვან ქსოვილის, არ ეხება მათ და თითქმის არ იგრძნობა. ამ მეთოდის გამოყენების დროს არც ლაქტაცია ირღვევა და მომავალშიც, საჭიროებისამებრ, ძუძუზე ყოველგვარი ქირურგიული ჩარევაა შესაძლებელი (მაგალითად, კვანძის ამოკვეთა) – იმპლანტი არ დაზიანდება. კუნთუკანა იმპლანტის ჩადგმისას თავისუფლად შეიძლება მამოგრაფიის ჩატარებაც. ამ მეთოდის მეორე ღირსება მისი სტაბილურობაა – კუნთქვეშ ჩადგმული იმპლანტი პრაქტიკულად არ მოძრაობს, დროთა განმავლობაში პოზიციას არ იცვლის და პირვანდელ მდგომარეობას ინარჩუნებს. როცა პაციენტი გამხდარია და კანქვეშა ცხიმი სათანადოდ არ აქვს განვითარებული, რათა იმპლანტის კონტური დაფაროს, ეს კუნთქვეშა იმპლანტის პირდაპირი ჩვენებაა. დანარჩენ შემთხვევებში ოპერაციის ტიპი ექიმისა და პაციენტის შეთანხმებით ირჩევა.
ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდება. კანზე განაკვეთი შეიძლება ოთხ ადგილას გაკეთდეს: ძუძუს ნაკეცში, არეოლასთან ახლოს, იღლიის ქვეშ და ჭიპშიც კი. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია ძუძუს ნაკეცში და დვრილთან გატარებული განაკვეთები. როცა იმპლანტის ჩადგმას კუნთის ქვეშ ვგეგმავთ, ამას ძირითადად ძუძუს ქვედა ნაკეციდან ვაკეთებთ. 
– არსებობს მოსაზრება, რომ კუნთქვეშა იმპლანტის ჩადგმისას რეაბილიტაციის პროცესი უფრო ხანგრძლივი და მტკივნეულია...
– მართალია, თუმცა სხვაობა სულ რაღაც 3-4 დღეა. კუნთქვეშა იმპლანტის შემთხვევაში პაციენტს 3-4 დღით ძუძუში დრენაჟი უდგას და ერთი კვირით ეზღუდება კიდურების აქტიური მოძრაობა. დანარჩენი პროცესები კი ერთნაირად მიმდინარეობს. ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტი მეორე დღესვე მიდის სახლში. თუ ოპერაცია პარასკევს გაკეთდა, ორშაბათს მას უკვე შეუძლია, სამსახურს დაუბრუნდეს. ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე შეხორცება მიმდინარეობს, პაციენტი სპეციალურ კორსეტს ატარებს, რომელიც ძალიან კომფორტულია და ხელს არაფერში უშლის. 
– რამდენად დიდია შორეული გართულებების განვითარების ალბათობა?
– როგორც ჩვენთვის, ისე პაციენტისთვისაც ყველაზე რთული და არასასიამოვნო გართულება კაფსულარული კონტრაქტურაა. ამ დროს ძუძუ ფორმას იცვლის, მაგრდება. სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული გართულება ასიდან ათამდე შემთხვევაში გვხვდება, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ეს მეტისმეტად დიდი რიცხვია; რეალურად, თანამედროვე იმპლანტების გამოყენების პირობებში, მაჩვენებელი 3%-ზე ნაკლებია. კონტრაქტურის განვითარება პაციენტის ორგანიზმის თვისებებზეა დამოკიდებული, მაგრამ თანამედროვე იმპლანტები ისეთი ტექნოლოგიით მზადდება, მათი ზედაპირი იმგვარადაა დამუშავებული, რომ ამგვარი გართულება ნაკლებად გამოიწვიოს. ჩვენ უკვე ათ წელიწადზე მეტია ამ ტიპის ოპერაციებს ვაკეთებთ და სულ ორი ასეთი შემთხვევა გვქონდა. 
99%-ში იცვლება კანისა და დვრილის მგრძნობელობა, მაგრამ ეს დროებითია, საშუალოდ ერთი წლის შემდეგ მკერდი თავდაპირველ მდგომარეობას იბრუნებს.
– ლაქტაციის შემდეგ ხშირია ძუძუს დაწევა. ამ შემთხვევაში რა ტიპის ოპერაციული ჩარევაა რეკომენდებული?
– ძუძუს აწევის ოპერაციას ძუძუს ლიფტინგს ან მასტოპექსიას ვუწოდებთ. ზოგჯერ ლიფტინგი არც კი გვჭირდება – თუ ძუძუს ქსოვილის რაოდენობა საკმარისია, იმპლანტის გამოყენებაც კმარა. ამ დროს ძუძუ გადიდებასთან ერთად თავდაპირველ ადგილს უბრუნდება, ხოლო თუ ის მეტისმეტადაა დაწეული და არც ძუძუს ქსოვილია დიდად განვითარებული, კომბინირებულ ოპერაციას ვატარებთ – ვდგამთ იმპლანტს და იმავდროულად ძუძუს მაღლა ვწევთ. ძუძუს აწევა ტექნიკურად საკმაოდ რთული ჩარევაა: ჯერ დაწეული დვრილი აგვაქვს ზევით, მერე კი დაკიდებული ქსოვილი და ვაფიქსირებთ. კანზე გაკეთებული განაკვეთების რაოდენობა დაწევის ხარისხზეა დამოკიდებული – რაც უფრო მეტადაა დაწეული ძუძუ, მით უფრო დიდი მასშტაბის ქირურგიული ჩარევაა საჭირო და, შესაბამისად, უფრო გრძელია განაკვეთები. ამ ოპერციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით ერთი თვე გრძლედება. ოპერაციის შემდეგ ჩამოყალიბებული ნაწიბურების ხარისხი, წესისამებრ, ნორმალურია და პაციენტს დისკომფორტს არ უქმნის. საუკეთესო შედეგი პატარა და დასუსტებული მკერდის პატრონ ქალებთან მიიღწევა.
მასტოპექსიის მეშვეობით ნებისმიერი ზომის მკერდის აწევაა შესაძლებელი, მაგრამ თუ მკერდი მძიმეა, ეფექტი არ იქნება ხანგრძლივი.
მასტოპექსია არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც მომავალში დაორსულებას გეგმავენ. ამ შემთხვევაში ოპერაციის გადადება ჯობს. მართალია, მასტოპექსია არავითარ გავლენას არ მოახდენს ორსულობასა და ძუძუთი კვების შესაძლებლობაზე, მაგრამ ორსულობისას მკერდი, სავარაუდოდ, კვლავ დაიწევს და ოპერაციის შედეგი დაიკარგება.
– ძუძუს დაპატარავების თხოვნით ხშირად მოგმართავენ?
– საკმაოდ ხშირად. ეს ოპერაცია ტექნიკურად რთული არ არის, ქალი კი შვებით ამოისუნთქავს – მოგეხსენებათ, რა დიდი ტვირთია ქალისთვის დიდი სარძევე ჯირკვალი – იგი იწვევს ზურგისა და მხრების ტკივილს, კანის ნაკეცების ოფლიანობას, ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას, გამონაყარის გაჩენას, ამიტომ, ძუძუს დაპატარავებას არა ესთეტიკურ, არამედ სამკურნალო ოპერაციად მიიჩნევენ. ოპერაციის დროს ამოიკვეთება როგორც ჯირკვლის, ისე ცხიმისა და კანის ნაწილი. 
მკერდის აწევა-დაპატარავების შემდეგ ლაქტაცია ერთხანს შეზღუდულია, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი აღდგება.
– შესაძლებელია თუ არა დღეს ჩვენში მოკვეთილი ძუძუს აღდგენა?
– ცხადია, შესაძლებელია. ასეთ ოპერაციებს ჩვენ უკვე რამდენიმე წელიწადია ვატარებთ. ძუძუს რეკონსტრუქცია ტექნიკურად საკმაოდ რთული ჩარევაა, მისი მრავალი სახეობა არსებობს. ოპერაციის ტიპი ძუძუს მოკვეთის ხარისხზეა დამოკიდებული. როცა ძუძუ მთლიანად არის მოკვეთილი (მაგალითად, ძუძუს კიბოს შემდეგ), ცხადია, უფრო რთული და მასშტაბური ოპერაციაა საჭირო, ვიდრე ნაწილობრივი რეზექციის დროს. მთლიანად მოკვეთილი მკერდის აღდგენა ქალის სხეულის სხვა ნაწილებიდან (მაგალითად, მუცლიდან ან ზურგიდან) აღებული ქსოვილებით ხდება. ოპერაცია ზოგჯერ ერთ ეტაპად ხორციელდება, ზოგჯერ კი ორ- ან სამეტაპიან ჩარევას მოითხოვს. ნაწილობრივ მოკვეთილი ძუძუს შემთხვევაში შეგვიძლია იმპლანტები ან ექსპანდერები გამოვიყენოთ, რათა ქალს სხეულის სხვა ნაწილები არ დავუზიანოთ.  თუ სიმსივნის სტადია ამის საშუალებას გვაძლევს და პაციენტსაც სურს, ტექნიკურად შესაძლებელია ერთი ოპერაციის ფარგლებში სიმსივნის ამოღება და იმავდროულად იმპლანტის ჩადგმა. ასეთი თხოვნით პაციენტმა ონკოლოგს უნდა მიმართოს. ამ ტიპის ოპერაციებს ონკოლოგები და პლასტიკური ქირურგები ერთად ვაკეთებთ. თუმცა, წესისამებრ, ძუძუს კიბოს დიაგნოზის გამო პაციენტი იმდენად ძლიერ სტრესს განიცდის, რომ ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ არის. უმეტესობა ჯერ სიმსივნური პროცესისგან თავისუფლდება და მხოლოდ სოციალური რეაბილიტაციის შემდეგ იწყებს ძუძუს რეკონტრუქციაზე ფიქრს.
თამარ არქანია

გააზიარე: