რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი?
გააზიარე:
ბავშვი გამოკეთდა, აღარც სიცხე აქვს, აღარც ახველებს, მადაც დაუბრუნდა. როგორც იქნა, გადავაგორეთ ავადმყოფობა, რა ბედნიერებაა! მაგრამ ეს რა არის?! ცხვირიდან ისევ ჩამოსდის, ყელი შესწითლებია, თვალები უბრწყინავს, შუბლიც უხურს. ისევ აუწია სიცხემ?! ნუთუ ყველაფერი თავიდან იწყება?! გეცნოთ სიტუაცია? გაწუხებთ ლოგიკური კითხვა “რატომ?” დამშვიდდით, თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი. ბოლო დროს მედიცინაში დამკვიდრდა ტერმინი “ხშირად მოავადე ბავშვი”, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პრობლემას უამრავი მშობელი უჩივის. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ ვეწვიეთ ექიმ პედიატრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ინგა მამუჩიშვილს.
- – ქალბატონო ინგა, რას ნიშნავს ტერმინი “ხშირად მოავადე ბავშვი” და როგორ მივხვდეთ, მიეკუთვნება თუ არა ჩვენი შვილი ამ კატეგორიას?
– “ხშირად მოავადე ბავშვი” არც დიაგნოზია და არც ნოზოლოგიური ფორმა. ეს ტერმინი აერთიანებს ბავშვებს, რომელთაც ორგანიზმის დამცავი სისტემის გარდამავალი და გამოსწორებადი გადახრები აღენიშნებათ და არა იმუნური სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები. ჯანმოს მონაცემებით, ხშირ ავადობას ძირითადად წლის განმავლობაში მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და მათი გართულებების სიხშირით, ავადმყოფობის სიმძიმით და მკურნალობისას ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების აუცილებლობით განსაზღვრავენ.
ბავშვს ხშირად მოავადეთა კატეგორიას მიაკუთვნებენ, თუ წლის განმავლობაში განსაზღვრული სიხშირით ემართება მწვავე რესპირატორული დაავადება:
1 წლამდე _ დაავადების 4 ეპიზოდი და მეტი;
1-დან 3 წლამდე – 6 ეპიზოდი და მეტი;
4-დან 5 წლამდე – 5 ეპიზოდი და მეტი;
5 წლიდან – 4 ეპიზოდი და მეტი.
- _ რა მდგომარეობაა ხშირი ავადობის მხრივ საქართველოში?
– საქართველოში მწვავე რესპირატორული დაავადებების 2012 წლის სტატისტიკა მოწმობს, რომ ბავშვთა ავადობის 67.7-75% სწორედ ამ დაავადებების წილად მოდის და წლის განმავლობაში თითოეული ბავშვი ამ მიზეზით საშუალოდ 4-6 ჯერ ავადმყოფობს. სასუნთქი და იმუნური სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო ხშირი ავადობა განსაკუთრებით 1-დან 3 წლამდე ასაკში აღინიშნება. 3-დან 5 წლამდე ავადობის სიხშირე შედარებით ნაკლებია, 10 წლიდან კი 2-2.5-ჯერ უფრო იშვიათი.
ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში ვირუსული ინფექციების წილმა განსაკუთრებით მოიმატა, რასაც, ვფიქრობ, ბევრი გარეგანი მიზეზი აქვს: არასასურველი, არაჯანსაღი სურსათით კვება (განსაკუთრებით საჭიროა ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების კონტროლი), გარემოს დაბინძურება – დადასტურებულია, რომ ჰაერში მომატებულია ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების, განსაკუთრებით _ ბენზოპირინის, ასევე _ მძიმე მეტალების შემცველობა და სხვა. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, რადგან ნებსიმიერი დაავადება, თუნდაც გენეტიკურად დატერმინებული, მაშინ მჟღავნდება, როდესაც ამას სოციალური გარემო უწყობს ხელს. ამ მხრივ არც იმუნური სისტემის დარღვევებია გამონაკლისი. ვიმედოვნებ, ასე დიდხანს აღარ გაგრძელდება და ეკოლოგიურ პირობებსა და საკვების ხარისხს ჩვენი სახელმწიფო გააკონტროლებს.
- – ხშირი ავადობა უმეტესად ალბათ იმუნური სისტემის პრობლემებს უკავშირდება...
– ყოველთვის არა. იმუნური ჩამორჩენის საკითხი ხანგრძლივად მოავადე ბავშვებთან უფრო დაისმის, ვიდრე ხშირად მოავადეებთან. მაგალითად, როდესაც ვირუსული ინფექცია ხუთ დღეში არ გაივლის, ვირუსსს ვირუსი ემატება ან ორგანიზმის მეორეული ბაქტერიული ფლორა აქტიურდება, რასაც მოჰყვება სხვადასხვა გართულება: ბრონქიტი, პნევმონია და ა.შ., ანუ ზედა სასუნთქ გზებში დაწყებული დაავადება ქვედა სასუნთქი გზების ინფექციით რთულდება, მას ალერგიული ფონიც ერთვის და ლორწოვანი გარსების შეშუპების გამო ბავშვი ცხვირით ნორმალურად ვეღარ სუნთქავს, ან ხველა დიდხანს გრძელდება და ავადმყოფობა ზოგჯერ მთელი თვე გასტანს. ამ შემთხვევაში ექიმმა სწორედ იმუნური სისტემის ჩამორჩენა უნდა იეჭვოს და ბავშვი გამოიკვლიოს.
ზოგჯერ მშობლებს უსაფუძვლო პანიკა იპყრობთ, როცა ბავშვი თვეში ორჯერ ხდება ავად. ეპიდემიის პერიოდში ეს სავსებით დასაშვებია, თუ ერთი ვირუსის გადატანის შემდეგ ბავშვს სხვა ვირუსით დაავადებულთან მოუხდა კონტაქტი.
- – რა განაპირობებს იმუნურ ჩამორჩენას? კიდევ რა იწვევს ბავშვის ხშირ ავადმყოფობას?
– ხშირად მოავადე ბავშვთა იმუნური სტატუსის მიზეზად ხშირად აფერხებს პერინატალური – მუცლად ყოფნის პერიოდის _ ინფექციები (ციტომეგალოვირუსი, ჰერპესვირუსი, ქლამიდია, ტოქსოპლაზმა), რომლებიც უმთავრესად სქესობრივი გზით გადაედება. თუ მუცლად ყოფნის პერიოდში ინფექციის გააქტიურებისას ბავშვის იმუნოლოგიური სტატუსის განვითარება გარკვეულწილად ფერხდება, ყალიბდება იმუნოლოგიური სისუსტე, რასაც შესაძლოა ბავშვის ხშირი ავადობა მოჰყვეს.
ხშირი ავადობის მიზეზები შეიძლება შიდა (ენდოგენურ) და გარე (ეგზოგენურ) ფაქტორებად დავყოთ. შიდა ფაქტორებს მიეკუთვნება:
* ანტე და პოსტნატალური (მუცლად ყოფნის და დაბადების შემდგომი) პერიოდის პათოლოგიები: დღენაკლულობა, ჰიპოტროფია, ანემია, რაქიტი, მუცლადყოფნის პერიოდის ინფექციები, ხელოვნური კვება. ეს მიზეზები იმუნიტეტის დათრგუნვას იწვევს;
* ბავშვის ნერვული სისტემის მდგომარეობა, პერინატალური (მშობიარობის პერიოდში განვითარებული) ჰიპოქსია, თერმორეგულაციის დარღვევა;
* პირველადი და მეორეული იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
* ალერგიული დაავადებები;
* დისბიოზი (ნაწლავის მიკროფლორის შეცვლა);
* ცხვირ-ხახის ქრონიკული დეკომპენსირებული პროცესები.
გარეგანი ფაქტორებიდან კი გამოყოფენ:
* ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს, ეპიდემიოლოგიურ პერიოდში – გრიპის ვირუსს, ეპიდემიათა შორის – სხვა ვირუსულ, ვირუსულ-ბაქტერიულ და ვირუსულ-ვირუსულ ინფექციებს;
* სამედიცინო განათლების დაბალ დონეს და დაბალ მოქალაქეობრივ კულტურას;
* მატერიალურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ფაქტორებს;
* იატროგენულ ანუ ექიმის ჩარევით გამოწვეულ მოქმედებას იმუნურ სისტემაზე;
* მშობლების მიერ ექიმთან კონსულტაციის გარეშე სხვადასხვა რიგის მედიკამენტების უმიზნო გამოყენება.
- – რას გულისხმობს იატროგენული მიზეზების ცნება?
– ძირითადად _ ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების არარაციონალურ დანიშვნას, ან “ვაითუ რამე განვითარდეს” პრინციპით ერთდროულად ბევრი პრეპარატის დანიშვნას. პრეპარატების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, დაინიშნოს მხოლოდ ის, რაც პათოგენეზის (დაავადების განვითარების) დაზიანებულ რგოლზე ზემოქმედებისთვის არის საჭირო.
ასევე არ შეიძლება მკურნალობის დაწყება პირდაპირ მესამე, მეოთხე თაობის ანტიბიოტიკებით, როდესაც გაიდლაინებითაც პირველი რიგის, მარტივი ანტინიბიოტიკებია მოწოდებული.
მშობლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ვირუსულ ინფექციას ანტიბაქტერიული პრეპარატი ვერ კურნავს. ამ დროს საუკეთესო “წამალია” მოვლა, სითბო, სითხე, ტემპერატურის კონტროლი და ვიტამინებით მდიდარი საკვები.
თუმცა ზოგჯერ სხვაგვარად მოქცევაც გვიწევს. მაგალითად, ახლახან, გრიპის ეპიდემიის პერიოდში, მეორეული ბაქტერიული ფლორა ძალზე სწრაფად აქტიურდებოდა, რის გამოც ტემპერატურის უკვე მეორე-მესამე დღეს ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა გვიხდებოდა.
რა თქმა უნდა, აქ ექიმის ხელოვნებასა და პირად გამოცდილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ზოგჯერ სხვა ქვეყნებისთვის დაწერილი გაიდლაინების გადმოწერა და გამოყენება არ ამართლებს. ჩვენს ბავშვებს ჩვენ უკეთ ვიცნობთ და ვიცით, რა სჭირდებათ. მკურნალობის სქემის ჩონჩხი მაინც გაიდლაინი უნდა იყოს, მაგრამ ექიმი, სოციალური გარემოს, ინდივიდის თავისებურებების გათვალსიწინებით, ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს.
იატროგენულ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ ექიმის სიტყვაც. ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ ან არასწორად გამოყენებულმა სამედიცინო ტერმინმა შესაძლოა ბავშვის იმდენად უარყოფითი ემოცია გამოიწვიოს, რომ იმუნურ სისტემაზე იმოქმედოს, ან მშობელი შეშფოთდეს, შეშინდეს, ბავშვი სხვა ექიმებთან წაიყვანოს, ამასობაში დრო დაკარგოს და მისი მდგომარეობა გაართულოს.
- – რას იწვევს იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების არამიზნობრივი ხმარება?
– წესისამებრ, იმუნური სისტემა ძირითადად რვა წლამდე ყალიბდება, თუმცა მერეც განაგრძობს განვითარებას და იმუნური სტატუსი უკვე მოზარდი ასაკის დასასრულს ხდება სრულყოფილი.
თუ იმუნური სისტემის ჩამოყალიბება შეფერხდა, მივიღებთ არადიფერენცირებულ უჯრედებს, რომელთაც ბრძოლის უნარი არ შესწევთ. ამას მივყავართ იმუნოლოგიურ ტოლერანტობამდე, რაც იმუნური სისტემის სისუსტით ვლინდება. თუ ბავშვთა ასასკში იმუნომასტიმულირებელ საშუალებებს დავნიშნავთ, ვინაიდან იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, რა მიმართულებით მოხდება მისი განვითარება, არავინ იცის; გამორიცხული არ არის, ძალზე უსიამოვნო პროცესები გამოვიწვიოთ.
იმუნომასტიმულირებელი საშუალებების დანიშვნამდე აუცილებელია ბავშვის იმუნოლოგიური სტატუსის შესწავლა. ამისთვის ჯერ გამოვიკითხავთ, როდის და რამდენჯერ ავადმყოფობს ბავშვი. თუ ის ხუთ წელს გადაცილებულია, ეპიდემიების მიღმა (ანუ არა ეპიდემიების პერიოდში) ხშირად ხდება ავად, ავადმყოფობა უხანგრძლივდება, ურთულდება მეორეული ბაქტერიული ფლორით, ვირუსს ახალი ვირუსი ძალიან სწრაფად ედება და სხვა, უნდა ვიეჭვოთ იმუნური სტატუსის დარღვევა და ბავშვის გამოკვლევა ლაბორატორიულად განვაგრძოთ, კერძოდ, შევისწავლოთ უჯრედული, ჰუმორული იმუნიტეტი.
ძლიერი იმუნმასტიმულირებელ საშუალებებით იმუნიტეტის კორეგირება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დაისვა თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დიაგნოზი.
თუმცა არსებობს იმუნომოდულატორები, იმუნიტეტზე მოქმედი შედარებით რბილი საშუალებები, რომელთა გამოყენება ექიმს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია.
- – ბევრი მშობლის სადარდებელია ბავშვის “სუსტი ყელი”. რას გვეტყოდით ამის შესახებ?
– ორგანიზმში შეჭრისას შემთხვევათა 80%-ში ვირუსი ხახისა და ნუშისებრი ჯირკვლების ლორწოვან გარსზე ხვდება. ნუშისებრ ჯირკვალზე არსებობს ე. წ ლორწოვანის დეფექტი, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმის იმუნოპრეზანტატორი (უცხო აგენტების ამომცნობი) უჯრედები გამომწვევთან შესახვედრად გამოდიან და ხელჩართულ ბრძოლას უმართავენ, რაც ნუშისებრი ჯირკვლების სიწითლეს და ხშირად გადიდებასაც იწვევს. მოცემულ ვითარებაში ეს სავსებით ნორმალურია.
მაგრამ ყურადღება გვმართებს ნუშურების ჩირქოვან ანთებასთან – ანგინასთან. არამც და არამც არ ვემხრობი ტონზილექტომიის – ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის _ საკითხის მარტივ გადაწყვეტას, რადგან ეს წარმონაქმნი ვეგეტაციური რგოლია, რომელიც ორგანიზმს სხვადასხვა მიკროორგანიზმის შეჭრისგან იცავს, მაგრამ თუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ ემართება ჩირქოვანი ანთება, უჩივის ტაქიკარდიას, სწრაფ დაღლას, ღრმა ჩასუნთქვის სურვილს, სახსრების ტკივილს, თანაც გამომწვევი სტრეპტოკოკული ინფექციაა, ოპერაცია აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა თავიდან ავიცილოთ მისი გართულებები (რევმატიზმი, გულის, სახსრების დაზიანება). თუ ბავშვი ამბობს, რომ დაიღალა, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ (პატარები იშვიათად უჩივიან დაღლას) და სისხლის საერთო ანალიზი მაინც გავუკეთოთ.
- – რა პოტენციურ საფრთხეს შეიცავს ბავშვის ხშირი ავადმყოფობა?
– ხშირი, ხანგრძლივი ავადმყოფობა ზოგჯერ ჰიპოტროფიას _ ბავშვის წონაში ჩამორჩენას იწვევს. როცა ბავშვი ცხვირით ნორმალურად ვერ სუნთქავს, გემოვნებითი აღქმა უქვეითდება და შესაძლოა, ჭამაზე უარი თქვას. ხველამ, ცხვირით სუნთქვის გაძნელებამ და, ამის კვალობაზე, ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერების დარღვევამ გახანგრძლივებული ავადმყოფობის შემთხვევაში შესაძლოა ნერვულ-რეფლექტორული აღგზნებადობის სინდრომი გამოიწვიოს. ასეთ დროს ბავშვი ზოგჯერ ხასიათის მიძინებულ თავისებურებებსაც ამჟღავნებს, რადგან წინა პლანზე წამოიწევს აღგზნება, უძილობა, რასაც დღეს ხშირად უჩივიან, დესოციალიზაცია – ბავშვი ხშირად აცდენს საბავშვო ბაღს და უკვე აღარც სურს წასვლა, ურთიერთობის კომპლექსი უჩნდება, რაც ნერვული აღგზნებადობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია.
საზოგადოდ, ბაღებში ინფექციების პრობლემა მოსაგვარებელია. ჩვენს მძიმე სოციალურ ყოფაში სამსახურის გაცდენა მშობლებისთვის უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ იძულებული არიან, ავადმყოფ ბავშვს დილით სიცხის დამწევი მისცენ და ბაღში წაიყვანონ. ასთი ბავშვი ვირუსების აქტიური გამომყოფია და სხვებსაც აავადებს, მეტადრე _ თუ ისინი ახალი განკურნებულები არიან სხვა ვირუსული ინფექციისგან. ამიტომ ბაღში თუ სკოლაში მისული ბავშვის ჯანმრთელობის კონტროლი აუცილებელია, რისთვისაც სასურველია, ბაღს, სკოლას საკუთარი ექიმი ჰყავდეთ.
- – ნორმალურია თუ არა, როდესაც ბავშვი საერთოდ არ ავადმყოფობს?
– ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, თუ ბავშვი სამ წლამდე საერთოდ არ გახდა ავად ან სულ ერთი-ორი ავადმყოფობა გადაიტანა, მის იმუნურ სისტემას საგანგებოდ სწავლობენ, რათა გაარკვიონ, სწორად ვითარდება თუ არა ის.
ზრდასრული ადამიანი ვირუსული ინფექციებით ხშირად იმიტომ არ ავადობს, რომ ბავშვობის პერიოდში გადატანილი ვირუსული ინფექციების შედეგად გარკვეული იმუნოლოგიური მეხსიერება აქვს ჩამოყალიბებეული და მისი იმუნიტეტი შედარებით სტაბილურია. იმუნიტეტი ავადმყოფობის გარეშე ვერ გამოიწრთობა. ვირუსთან თითოეული შეხვედრა იმუნურ სისტემას უფრო და უფრო აკაჟებს. ასე რომ, ნუ შეშინდებით. დაე, ექიმმა გადაწყვიტოს, მიეკუთვნება თუ არა თქვენი შვილი ხშირად მოავადე ბავშვთა კატეგორიას, ოღონდ ნუ დაიწყებთ დამოუკიდებელ მკურნალობას ნაცადი თუ ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი, ქიმიური თუ მცენარეული პრეპარატებით. ენდეთ ექიმს და ნუ შეუქმნით საფრთხეს ბავშვის ჯანმრთელობას.
მარი აშუღაშვილი