ზოსტერი ტკივილის გარეშე

გააზიარე:

მართალია, საქართველოში ჰერპეს ზოსტერით ავადობის სტატისტიკა ვერ მოვიძიე, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ ჩემმა ორმა ახლობელმა გადაიტანა ეს დაავადება. ორივე სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი გახლდათ, ავადმყოფობა ორივეს ნევრალგიით გაურთულდა და ორივე საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. ეს ამბავი რედაქციაში შემოსულმა ზარმა გამახსენა – უცნობი ქალბატონი მოკრძალებით გვთხოვდა, ამ თემაზე დაგვეწერა. საინტერესო ის იყო, რომ ჰერპეს ზოსტერი ახალგაზრდა გოგონას დამართოდა, რაც არცთუ ხშირია, ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და ახლობლების რჩევით ჰერპეს ზოსტერზე, იმავე შემომსარტყვლელ ლიქენზე სასაუბროდ ინფექციონისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ასოცირებულ პროფესორ ლალი შარვაძეს ვესტუმრე.
– ჰერპეს ზოსტერი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვარიცელა ზოსტერის ვირუსით არის გამოწვეული. საინტერესოა, რომ ეს ვირუსი ორ დამოუკიდებელ დაავადებას – ჩუტყვავილას (ვარიცელას) და ჰერპეს ზოსტერს იწვევს. ასეთი რამ ძალზე იშვიათია.
ჩუტყვავილას უმეტესობა ბავშვობისას იხდის. ავადმყოფი იკურნება და მეორედ ეს დაავადება აღარ ემართება, მაგრამ ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში რჩება, ძირითადად – ზურგის ტვინის განგლიებში (ნერვულ კვანძებში), და გარკვეული ხნის შემდეგ, თუ პაციენტს იმუნიტეტი შესუსტებული აქვს, შესაძლოა უკვე მეორე დაავადება – ჰერპეს ზოსტერი გამოიწვიოს. მაშასადამე, როდესაც იმუნური სისტემა ვეღარ აკონტროლებს დაავადების გამომწვევის რეპლიკაციას (გამრავლებას), განგლიებში მიძინებული ვარიცელა ზოსტერის ვირუსი აქტიურდება და იწვევს უკვე არა ჩუტყვავილას, არამედ ჰერპეს ზოსტერს.
ამრიგად, ჰერპეს ზოსტერი არა გარედან შეჭრილი, არამედ შიგნიდან განვითარებული ინფექციაა, მაგრამ თუ ვირუსთან კონტაქტის შემთხვევაში ჩუტყვავილა პრაქტიკულად ყველას ემართება (მათ გარდა, ვინც აცრილია ჩუტყვავილაზე ან უკვე გადატანილი აქვს დაავადება), ზოსტერი ყოველთვის არ ვითარდება.
– შესაძლოა თუ არა, ადამიანს ჩუტყვავილა არ ჰქონდეს გადატანილი და პირდაპირ ზოსტერი დაემართოს?
– მინახავს ასეთი შემთხვევა, მაგრამ უფრო ის არის სავარაუდო, რომ ასეთმა ადამიანმა თავის დროზე გადაიტანა ჩუტყვავილა, ოღონდ მსუბუქად ან სუბკლინიკური ფორმით (კლინიკური გამოვლენის გარეშე), ამიტომ დიაგნოზი არ ან ვერ დაუსვეს. მახსოვს უიშვიათესი შემთხვევაც, როდესაც ორივე დაავადება, ჩუტყვავილა და ზოსტერი, ერთდროულად განვითარდა, მაგრამ ეს ერთეული, ატიპური შემთხვევაა.
– ჩუტყვავილაგადატანილთაგან ვის ემუქრება ზოსტერის განვითარების რისკი?
– მიიჩნევა, რომ ჰერპეს ზოსტერი უმეტესად 60 წელს გადაცილებულთა ხვედრია, მაგრამ არ არის გამორიცხული, სტრესის ან სხვა ფაქტორის გავლენით იმუნური სისტემა დასუსტდეს და ეს დაავადება ახალგაზრდასაც დაემართოს.
ჰერპეს ზოსტერი ხშირად ემართებათ აივ ინფექცია`შიდსით ავადმყოფებს, ორგანოტრანსპლანტირებულ პირებს (რადგან ასეთ ადამიანებს ხელოვნურად უთრგუნავენ იმუნურ სისტემას), ონკოლოგიურ პაციენტებს, განსაკუთრებით – ქიმიოთერაპიის შემდეგ, ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებსაც ხანგრძლივი  მედიკამენტური მკურნალობა სჭირდებათ, ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც ფიზიოლოგიურად აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი და სხვა. 
– ახალგაზრდებთან ჰერპეს ზოსტერი იმუნური სისტემის სერიოზულ დარღვევებზე ხომ არ მიანიშნებს?
– ზოსტერის განვითარება ყოველთვის არ ნიშნავს სერიოზულ პრობლემას, მაგრამ თუ ის ახალგაზრდას დაემართა, ექიმი მაინც შესთავაზებს აივ ინფექციაზე ტესტირებას, რადგან ცნობილია, რომ აივ ინფექცია`შიდსს გამოხატული კლინიკური ნიშნები არ გააჩნია. 
– შესაძლოა თუ არა, ადამიანს მეორედ დაემართოს ჰერპეს ზოსტერი?
– ადამიანს არც ჩუტყვავილა და არც ჰერპეს ზოსტერი არ უმეორდება, თუმცა შესაძლოა წავაწყდეთ გამონაკლისებს აივ ინფექციისა და ღრმა იმუნოდეფიციტის მქონე პირებთან. პრაქტიკაში ასეთი რამ მეც შემხვედრია, მაგრამ აივინფიცირებულებთან ბევრი რამ აღარ გვიკვირს. მით უმეტეს, მედიცინა მათემატიკა არ არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
– როგორ ამოვიცნოთ დაავადება, რათა შესაბამის სპეციალისტს მივმართოთ?
– ჰერპეს ზოსტერის ამოცნობა ადვილია, რადგან, ბევრი სხვა დაავადებისგან (თუნდაც B ჰეპატიტისგან, ჩ ჰეპატიტისგან, აივ ინფექცია`შიდსისა და სხვათაგან) განსხვავებით, რომლებსაც მკაფიო კლინიკური სურათი არ გააჩნია და ლაბორატორიულად სადიაგნოზო დაავადებათა რიცხვს მივაკუთვნებთ, ჰერპეს ზოტერის დიაგნოზი თავისუფლად შეიძლება დაისვას კლინიკური ნიშნების საფუძველზეც. 
ზოსტერს ორი კარდინალური ნიშანი აქვს: ვეზიკულური გამონაყარი, ანუ სეროზული სითხით სავსე ბუშტუკები, რომლებიც ერთი ნერვის საინერვაციო არეს მოიცავს (ექიმები ამას დერმატომულ ლოკალიზაციას ვუწოდებთ) და ნევრალგია, ანუ ტკივილი გამონაყარის არეში.
– უმეტესად სხეულის რომელ ნაწილზე ვითარდება გამონაყარი?
– გამონაყარი შეიძლება ყველგან განვითარდეს, სადაც ნერვია. უმეტესად გვხვდება ნეკნთაშორის სივრცეებში, წელის არეში. თუმცა ბოლო ხანს ტრადიციული ლოკალიზაცია იშვიათია – გამონაყარი ჩნდება სახეზე, როგორც ზედა, ასევე ქვედა კიდურებზე, ბეჭზე, დუნდულებზე... სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ცალმხრივია და ძირითადად ერთი დერმატომის არეშია თავმოყრილი. ზოგჯერ გამონაყარი ერთდროულად რამდენიმე დერმატომის არეს მოიცავს, მაგრამ ასე მხოლოდ ღრმა იმუნოდეფიციტის შემთხვევაში ხდება. ღრმა იმუნოდეფიციტის დროს ის შესაძლოა მთელ სხეულზეც გავრცელდეს, თუმცა მაინც ასიმეტრიულია.
– რომელ დაავადებას ახასიათებს მსგავსი გამონაყარი? შესაძლოა თუ არა, ზოსტერი სხვა დაავადებაში აგვერიოს?
– ასეც ხდება. მარტივმა ჰერპესმა, რომელსაც, ჩვეულებრივ, გამონაყარის ტუჩზე, ცხვირზე და საზოგადოდ სახეზე გაჩენა ახასიათებს, შესაძლოა გავრცობილი ფორმა მიიღოს, გამოვლინდეს ჰერპეს ზოსტერის მსგავსი გამონაყარით ზუსტად მისთვის დამახასიათებელ ადგილებში და თანმხლები ტკივილით, მაგრამ გამოცდილი ექიმი მიხვდება, რომელ დაავადებასთან აქვს საქმე, რადგან მარტივი ჰერპესი პერიოდული გამწვავებებით მიმდინარე ქრონიკული ინფექციაა, ზოსტერი კი ერთხელ ვითარდება. დიფერენცირებაში ძლიერ გვეხმარება ანამნეზის შეკრება – პაციენტის გამოკითხვა. მაგალითად, მნიშვნელოვანია, ასეთივე გამონაყარი მას ადრეც ჰქონია თუ არა. 
– როგორც თქვენ ბრძანეთ, ჰერპეს ზოსტერის დიაგნოზი კლინიკურადაც იოლად დაისმის. არის თუ არა შემთხვევა, როდესაც ლაბორატორიული გამოკვლევა აუცილებელია?
– ჰერპეს ზოსტერის დიაგნოსტიკისთვის ზოგჯერ განვსაზღვრავთ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს, რომლებიც დაავადების აქტიურ ფაზაში ვლინდება. ეს გახლავთ ინფექციის მწვავე პროცესის მარკერი – IgM. IgG-ს განსაზღვრას (ეს ის ანტისხეულებია, რომლებიც ქრონიკულ ან გადატანილ პროცესზე მიგვითითებს) აზრი არ აქვს, რადგან ისინი ჩუტყვავილის გადატანის შემდეგაც რჩება ორგანიზმში. ზოსტერის შემთხვევაში არც IgM- ია დიდად ღირებული გამოკვლევა. თუ მაინცდამაინც გვინდა, ლაბორატორიულად დავრწმუნდეთ ამ დაავადების არსებობაში, ყველაზე საიმედო გამოკვლევა უშუალოდ ვირუსის აღმოჩენაა, მაგრამ ეს გამოკვლევები საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამიტომ, რაკი მედიცინა საშუალებას გვაძლევს, ზოსტერის დიაგნოზი მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე დავსვათ, ლაბორატორიულ გამოკვლევებს ფაქტობრივად არ მივმართავთ. 
– რა არის და როგორ შეიძლება ჰერპეს ზოსტერის გართულებების თავიდან აცილება?
– ჰერპეს ზოსტერის ყველაზე ხშირი გართულებაა პოსტჰერპესული ნევრალგია – ტკივილები დაავადების ჩათავების შემდეგ. ზოსტერის ვირუსი ნერვის მგრძნობიარე ტოტს აზიანებს, რაც საკმაოდ ძლიერ ტკივილს იწვევს. რაკი დაზიანებული ნერვი აღდგენას საკმაოდ დიდხანს უნდება, ზოგიერთ შემთხვევაში ტკივილი შეიძლება წლობითაც კი გაგრძელდეს (პოსტჰერპესული ნევრალგია ცალკე ნოზოლოგიადაა გამოყოფილი). ამ პათოლოგიას უკვე ნეროპათოლოგმა უნდა უმკურნალოს. ეს გართულება რომ არ განვითარდეს, აუცილებელია, პაციენტმა ანტივირუსული მედიკამენტით დროულად დაიწყოს მკურნალობა. მკურნალობის დროულ დაწყებად ითვლება პრეპარატის მიღება გამონაყარის გაჩენიდან 24-48 საათის განმავლობაში. მედიკამენტი პროცესის კუპირებას ძალიან სწრაფად ახდენს, ამიტომ ნერვული უჯრედი დაზიანებას ვერ ასწრებს და, შესაბამისად, აღარც ტკივილი იჩენს თავს. ამიტომ პაციენტი ექიმთან დროულად უნდა მივიდეს. 
იშვიათად შესაძლოა დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემებით (მენინგიტით, ენცეფალიტით) გართულდეს, მაგრამ თუ მკურნალობა დროზე დაიწყო, ყველაფერი სწრაფად ალაგდება. 
თანამედროვე ანტივირუსული მედიკამენტები წინამორბედებზე გაცილებით ეფეტურია, რაც დაავადების პროგნოზზეც აისახება. წინათ ჰერპეს ზოსტერის სამკურნალოდ აციკლოვირს იყენებდნენ. 1995 წლიდან ის ვალაციკლოვირმა შეცვალა. ვალაციკლოვირი გაუმჯობესებული აციკლოვირია და მისი ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა გაცილებით აღემატება აციკლოვირისას. ვალაციკლოვირით მკურნალობის შემთხვევაში პოსტჰერპესული ნევრალგია გაცილებით იშვიათია. 
– არსებობს თუ არა ჰერპეს ზოსტერის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები?
– ჩუტყვავილას პრევენცია მისი იმუნიზაციაა (აცრა), მაგრამ თუ ადამიანს ჩუტყვავილა უკვე გადატანილი აქვს, ზოსტერის პრევენციისთვის კეთდება სხვა ვაქცინა (სამწუხაროდ, საქართველოში ის არ არის რეგისტრირებული), რომელიც რისკის ჯგუფებისთვის – აივინფიცირებულთათვის, ხანდაზმულებისთვის და სხვა – არის მოწოდებული. მიიჩნევა, რომ ეს ვაქცინა 50-60%-ით ამცირებს დაავადების განვითარების რისკს.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: