მიკრობები: კარგი, ცუდი, ბოროტი
გააზიარე:
ჩვენს სხეულში ტრილიონობით მიკრობი ბინადრობს. მიკრობები არიან ყველგან – ჰაერში, საკვებში, მცენარეებში, ნიადაგში, წყალში, ნებისმიერ ზედაპირზე, მათ შორის – ცხოველებისა და ადამიანების კანზე. ისინი იყოფიან ბაქტერიებად, ვირუსებად, სოკოებად, უმარტივესებად. მათ ვერსად დავემალებით. არც არის საჭირო – აღმოჩნდა, რომ მიკრობები მხოლოდ ავადმყოფობას კი არ იწვევენ, არამედ ხშირად მასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარებიან.
ახალშობილის კანი, პირის ღრუ და ნაწლავები დაბადებისთანავე მიკრობებით ივსება. ამ უხილავი ორგანიზმების რაოდენობა, თანაფარდობა, განაწილება გენეტიკურად არის განპირობებული და მკაცრ კანონზომიერებებს ემორჩილება. გამოდის, მიკრობებისა და ადამიანის თანაარსებობა შემთხვევითობა არ ყოფილა – იმთავითვე ასე ჩაუფიქრებია ბუნებას. მაინც რატომ? რა სარგებლობა მოაქვთ მიკროორგანიზმებს?
სამყარო სამყაროში
მოდი, მიკრობების სამყაროში მცირე ექსკურსია მოვაწყოთ. ყველა იმ მიკროორგანიზმის – ბაქტერიის, ვირუსისა თუ პარაზიტის – ერთობლიობას, რომლებიც ადამიანთან თანაარსებობენ, მიკრობიომა ეწოდება. მიკრობიომა ძალიან საინტერესო სისტემაა.
მიკრობების რაოდენობა თვით ამ სხეულის უჯრედების რაოდენობას ათჯერ (!) აღემატება. და რა უცნაურია, რომ მათი უმეტესობა სასარგებლოა, მეტიც – აუცილებელი. მაგალითად, მიკრობიომა წარმოქმნის გაცილებით მეტ გენს, ვიდრე საკუთრივ ადამიანის გენომი (8 მლნ 22 000–ის წინააღმდეგ).
კარგი მიკრობები
რას უნდა ვუმადლოდეთ მიკრობიომას?
მიკრობები გამოიმუშავებენ ვიტამინებს. ამ ფუნქციის მნიშვნელობაზე ბევრის თქმა ალბათ არ არის საჭირო. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვალეობაა მავნე მიკრობებისგან ორგანიზმის დაცვა. დიახ, მიკრობების შემოტევებისგან დიდწილად მიკრობებივე გვიცავენ. ამიტომ სავსებით სამართლიანი იქნება, თუ ამ მიკროორგანიზმებს მოკავშირეებს ვუწოდებთ. უცხოურ ლიტერატურაში მათ მეგობარ მიკროორგანიზმებად მოიხსენიებენ. უამრავი დაავადება სასარგებლო მიკრობების განადგურებით იწყება, მათი ეფექტური მკურნალობის მთავარი პირობა კი დარღვეული მიკრობული ბალანსის აღდგენაა.
სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად მიკრობიომა ჩვენსავე უგუნურებას ეწირება. მაგალითად, ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენება მიკრობთა სამყაროს მიმართ განხორციელებული აგრესიის ერთ–ერთი საშიში ფორმაა.
ცუდი მიკრობები
ჩვენს ორგანიზმში მობინადრე ყველა მიკრობი სასარგებლო როდია. ზოგიერთი მათგანი პოტენციური მტერია, რომელიც ცბიერი ტაქტიკით მოქმედებს: ომის დასაწყებად ძალა არ ყოფნის, ამიტომ მოწინააღმდეგის დასუსტებას ელოდება. საკმარისია, ამა თუ იმ მიზეზით ორგანიზმის თავდაცვითმა პოტენციალმა იკლოს ან სასარგებლო ბაქტერიებს ზიანი მიადგეთ, რომ მაშინვე წამოყოფენ თავს ზემოხსენებული მიკრობები. ასეთ მიკროორგანიზმებს კომენსალები ანუ პირობით პათოგენური ორგანიზმები ეწოდება. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ პათოლოგიურ ძვრებს ისინი მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში იწვევენ. თითქოს ერთი პრობლემა საკმარისი არ იყო, პირობითპათოგენური მიკრობების წყალობით ახალიც იჩენს თავს.
პირობითპათოგენური მიკრობია, მაგალითად, ყველასთვის კარგად ნაცნობი ნაწლავის ჩხირი, რომლითაც უხვად არის დასახლებული ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.
ბოროტი მიკრობები
სადაც სიკეთეს ვახსენებთ, არც ბოროტების დავიწყება ეგების. ან როგორ დავივიწყოთ, როდესაც ამ უხილავ არსებებს მთელი თაობები გაუნადგურებია. ყვავილს, გრიპს, პნევმონიას, პოლიომიელიტს და სხვა ინფექციურ დაავადებებს საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საბედნიეროდ, მედიცინის განვითარებამ, იმუნიზაციისა და ანტიბიოტიკების აღმოჩენამ მრავალი მკვლელი მიკრობი გაანეიტრალა, მაგრამ დღესაც არიან გარემოში ძალიან საშიში მიკროორგანიზმები, რომელთა დამარცხებაც თანამედროვე მედიცინის გამოწვევაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, დიარეული ინფექციები და ტუბერკულოზი მსოფლიოს 10 ყველაზე გავრცელებული სასიკვდილო დაავადების ნუსხაში შედის. დადგენილია ისიც, რომ ზოგიერთი მიკრობი ავთვისებიანი დავადების განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად, პაპილომავირუსი – საშვილოსნოს ყელის, ჰელიკობაქტერ პილორი – კუჭის, B და C ჰეპატიტი კი ღვიძლის კიბოს ალბათობას ზრდის.
გვანცა გოგოლაძე