ლეგენდებით განთქმული კურორტი

გააზიარე:

თუ გსურს, შაბათ-კვირა სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარო და არც დამქანცველი, ხანგრძლივი მგზავრობა დაგჭირდეს, გირჩევ, ნუნისს ეწვიო.
კურორტი ნუნისი ზღვის დონიდან 859-900 მეტრზე, საკურავის ზევით, დედაბერას მაღალი მთის ძირას, ნუნისის წყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.
თავდაპირველად ხარაგაულში ჩასვლა მოგიწევს. მგზავრობა იოლია – ავტობუსიც დადის, მიკროავტობუსიც და მატარებელიც. სწორედ ხარაგაულის რაიონში მდებარეობს კურორტი ნუნისი. რაიონული ცენტრიდან იქამდე 22 კილომეტრია, მაგრამ თუ მოლითის სარკინიგზო სადგურზე ჩამოხვალ, 6 კილომეტრიღა დაგრჩება გასავლელი. მოლითიდან შეგიძლია ტაქსი დაიქირაო – ეს 8-10 ლარი დაგიჯდება. დადის კურორტის კუთვნილი მიკროავტობუსიც, რომელიც სადგურთან ელოდება დამსვენებლებს. თუ საკუთარი ავტომობილით მიემგზავრები, ჩუმათელეთი-მოლითის ოცდაორკილომეტრიანი მონაკვეთის გასავლელად დაახლოებით საათ-ნახევარი დაგჭირდება. ნუნისიდან მოლითამდე და ზვარემდე მისვლა საბაგირო გზითაც შეიძლება. ის დილის ცხრიდან ღამის თერთმეტ საათამდე მუშაობს. კურორტზე ღამის გასათევის პოვნა არ გაგიჭირდება – აქ უამრავი ჰოსტელია, ნუნისის ცენტრში კი სასტუმრო მდებარეობს. თუ სასტუმროში დაბინავებას გადაწყვეტ, კვება საზრუნავი აღარ გექნება. ვერც მოსაწყენად მოიცლი – შენს გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ნუნისისა და მისი სამკურნალო წყლის აღმოჩენა დავით აღმაშენებელს უკავშირდება. მეფე ბრძოლის ველიდან ბრუნდებოდა. ქანცგაწყვეტილ, ზურგდაწყლულებულ ცხენებს გზის გაგრძელება ვეღარ მოუხერხებიათ და დასასვენებლად ნუნისის წყალში ჩაწოლილან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ცხენები სულ მალე გამოჯანმრთელებულან.
ღვთისმშობლის სახელობის უძველესი ეკლესიის ამბავიც ლეგენდად დადის – ომიდან მომავალ თამარს ნუნისის მიდამოებში შეუსვენია, შემოგარენი მოსწონებია და ამ თვალწარმტაც ადგილას ეკლესიის აგება უბრძანებია.
ამ ლეგენდისთვის კი, დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც მოგიკრავთ ყური. ამ ამბავმა ერთხანს მთელი საქართველო აალაპარაკა. საქმე ის არის, რომ ნუნისიდან ორი-სამი კილომეტრის მოშორებით გამოქვაბულია, რომელსაც ხალხი ნოეს კიდობანს ეძახის. თქმულების თანახმად, ნოეს კიდობანი სწორედ გუმბათი იყო და არა გემი. როდესაც წყლის დონეს აუწევია, გუმბათის ქვეშ ჰაერი დარჩენილა და კიდობანში მყოფი ცხოველები და ფრინველები გადაურჩენია.
აი, რას წერდა გაზეთი “დროება” 1875 წელს კურორტის შესახებ:
“ნუნისი და მისი გარშემო წყლები ეკუთვნის აბაშიძეებს, როგორც ამბობენ, ექვსი მეპატრონე არის, მაგრამ მეექვსე ნაწილი ხაზინას ეკუთვნის. წყლებს აქნობამდე პატრონი არ ჰყოლებია, დღეს აღებული აქვს 8 თუმნად ერთ იმერელ თავადიშვილს პაატა აბაშიძეს და მჟავე წყალი (იგულისხმება ზვარეს წყალი) ერთ ვიღაც ჩრდილელ გლეხს ოთხ თუმნად წელიწადში.
ეს აბანოები ისეთი კაცების ხელშია ჩავარდნილი, რომელთაც აბანოს ანგარიში სრულებით არ იციან. აქ დღეს მხოლოდ მახლობელნი დაიარებიან, რადგან თითო ქოხის მეტი არ არის. ძლიერ ძნელია ორ-სამ დღეს დადგომა. არც დუქანია ახლოს და არც გლეხები სახლობენ. ადგილმდებარეობა ძალზე ცუდია და გზაც საძაგელი. ახლა აკეთებენ გზას, მაგრამ უპლანოდ და ცუდად. ამ წყლებს რომ პატრონი ჰყავდეს, შენობები გამართოს და გზა გაიყვანოს, უეჭველია, მრავალ ხალხს მოაკლებს ბორჯომსა და აბასთუმანს.
საზოგადოდ, მახლობელ ხალხში ხმა დადის, რომ ეს წყლები ძლიერ არჩენს, როგორი გვარიც უნდა იყოს, მუწუკს, ბუასილს და ქარებით სნეულს.
გამოვიკითხე, თუ რად ჰქვიან ამ სოფელს ნუნისი და აი, რა მითხრეს გლეხებმა: ამ სოფელში წყლები ყოფილა და არის, რომელიც არჩენდა თურმე მუნს (ქეცს) და სოფელსაც მუნისი დაერქვაო, მაგრამ ბოლოს ეს სიტყვა “მუნისი” “ნუნისად”

 გადააკეთესო.
ნუნისის სოფელში ერთ დროს მრავალი ხალხი ყოფილა და ეს წყლები მათ უხმარიათ, მაგრამ როდესაც ხალხი გადაშენებულა, წყლებიც უპატრონოდ დაშთენილა. ბოლოს ხალხი მოსულა ამ მთიან ადგილებში და თევზაობის დროს ხელახლად უპოვნიათ მადნის წყლები მდინარე წყლის პირზედ. ძველ დროში ეს წყლები რომ უხმარია ხალხს, ამტკიცებს ის, რომ ძველ დროში ნაკეთები ქვიტკირის ავზი უნახავთ, წყლებამდის ერთი გზა ყოფილა მთის განზე გაყოლებით, რომელიც მიდიოდა ნუნისის დიდ ეკლესიაში”.
ნუნისის წყლებმა მალე გაითქვა სახელი. მათ ფართოდ იყენებდნენ კანისა და შინაგანი ორგანოების დაავადებათა სამკურნალოდ. მინერალური წყლის პირველი ანალიზი სტრუვემ ჩაატარა, 1940 წელს კი კურორტი ცნობილმა მეცნიერმა, ბალნეოლოგმა ალექსანდროვმა დაათვალიერა და ნუნისის წყლებს შეფასება მისცა. ეს ის ალექსანდროვია, რომელმაც შექმნა მინერალური წყლების ცნობილი კლასიფიკაცია.
რა განაპირობებს ნუნისის მინერალური წყლების ასეთ ეფექტურობას და როდის არის აქ მკურნალობა სასარგებლო, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ტრადიციისამებრ, თბილისის ბალენოლოგიურ კურორტ “თბილის სპას” საქართველოს ფიზიოთ
ერაპიის, კურორტოლოგიის, რეაბილიტაციიისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ მანანა ტაბიძეს მივმართეთ.
როგორც ქალბატონმა მანანამ გვითხრა, ნუნისი ბალნეოკლიმატურ კურორტებს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები მინერალური წყლები და დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავაა. 
ნუნისის წყალი 
ნუნისის მინერალური წყლები აზოტოვანი, მეთანიანი, სუსტად სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კარბონატული, ნატრიუმიანი და კალციუმიან-ნატრიუმიანი წყლებია. მათი საერთო მინერალიზაცია 0,2-0,4 გდმ3-ს უდრის, დღე-ღამის დებიტი – 80 000 ლ-ს
. სწორედ წყლის შემადგენლობაშია ნუნისის მაკურნებელი ძალის საიდუმლო. საქმე ის გახლავთ, რომ ნუნისის წყალს დაბალი მინერალიზაცია და მაღალი ტუტიანობა (pH8,3) ახასიათებს. ამის წყალობით კანის რქოვანი შრე იშლება და მინერალური წყალი კანში ღრმად აღწევს, ეს კი მის თერაპიულ მოქმედებას აძლიერებს. თავად წყლის სამკურნალო თვისებებს კი კაჟმჟავას მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს (22-30 მგ`ლ). კაჟმჟავას შემცველობის გამო ნუნისის წყალი უხდება კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე – ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია. კურსი 15-20 აბაზანისგან შედგება. აბაზანები პირველ დღეებში დღეგამოშვებით ინიშნება, მერე კი ყოველდღე. ვინაიდან წყლის ბუნებრივი ტემპერატურა 27 გრადუსია, აბაზანისთვის მას 36 გრადუსამდე ათბობენ. წყალი სხეულს ძუძუსთავებამდე უნდა ფარავდეს. პროცედურა 15-20 წუთს გრძელდება.
გახსოვდეთ: თუ დაავადება გამწვავების სტადიაშია, კურორტული მკურნალობა არ შეიძლება. ბალნეოპროცედურები ასევე იკრძალება ნებისმიერი სხვა დაავადების მწვავე სტადიაში, ინფექციური დაავადების, ტუბერკულოზის, ვენერული დაავადების, სიმსივნის დროს. ნუნისს მხოლოდ სამკურნალო წყლის გამო არ სტუმრობენ. მართალია, მისი მთავარი სამკურნალო ფაქტორი წყალია, მაგრამ ნუნისის ჰავაც სასარგებლო ყოფილა. ექიმი გვიხსნის, რომ აქაური კლიმატის ფორმირებაზე რელიეფის თავისებურებები ახდენს გავლენას. ტერიტორია უმეტესად ფოთლოვანი ტყეებითაა დაფარული, თუმცა მთის ფერდობებზე ალაგ-ალაგ ხელოვნური წიწვის კორომებიც გვხვდება. კლიმატი სუბტროპიკულია, ზამთარი – რბილი, თითქმის უთოვლო, ზაფხული კი თბილი, ზომიერად ნოტიო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,3 გრადუსია, აგვისტოსი კი 21 გრადუსი. ნალექების წლიური რაოდენობა 1150-1200 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 73%-ია, მზის ნათების ხანგრძლივობა კი წელიწადში 2200-2300 საათი. ექიმი გირჩევთ, ნუნისში დასვენებისას დრო ზედმიწევნით გამოიყენოთ და წყლის აბაზანების მიღებასთან ერთად ტყეშიც ისეირნოთ – სუფთა ჰაერი ხომ არასოდეს არის ზედმეტი. მით უმეტეს, ნუნისის ულამაზესი ბუნება ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს დაძაბული ცხოვრებით გამოწვეულ სტრესს.
ნუნისში დასვენება შეუძლიათ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს, ორსულებსა და მოხუცებსაც, ვინაიდან ის დაბალმთიანი კურორტია და ორგანიზმი ახალ გარემო პირობებთან ადაპტაციას ადვილად ახდენს. თუ აკლიმატიზაციის მოვლენებმა – თავის ტკივილმა, დაღლილობამ, აღგზნებამ, ძილიანობამ და სხვა – სუსტად მაინც იჩინა თავი, არ შეშინდეთ, ორ-სამ დღეში ყველაფერი გაივლის.
კურორტზე დასვენება, ცხადია, გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ჯობს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მინერალური წყლების ეფექტურობაზე გარემოს ტემპერატურა გავლენას არ ახდენს, ამიტომ, თუ პირობები ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ, კურორტს ნებისმიერ დროს ესტუმროთ.

გააზიარე: