მეტყველებასთან დაკავშირებული რა ტიპის პრობლემები გვხვდება ბავშვთა ასაკში?

გააზიარე:

 ყველა ბავშვი თავისებური, სახასიათო ბგერების წარმოთქმით იწყებს მეტყველებას. ოჯახის წევრებს ბავშვის განვითარების ეს პერიოდი ყველაზე მეტად ახარებთ. უფრო მეტიც – აღტაცებით ეგებებიან მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას და თვითონაც ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. თუმცა ზოგჯერ ეს ეტაპი მეტისმეტად ხანგრძლივდება და ოჯახის წევრები ვერც კი ამჩნევენ, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ბავშვი ენის ამოდგმას იწყებს? რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ დროს? როგორ ვასწავლოთ პატარებს გამართული მეტყველება? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრებიან მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრის პედიატრი თამთა ივანაშვილი და ექიმი ფსიქოთერაპევტი ლიკა თუშიშვილი. 

  • – მეტყველებასთან დაკავშირებული რა ტიპის პრობლემები გვხვდება ბავშვთა ასაკში?

თამთა ივანაშვილი:
– მეტყველება არის ვერბალური კომუნიკაციის უნარი, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს ინფორმაციის გაზიარება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ადამიანთა შორის. 
ბავშვის მეტყველება განვითარების პროცესში რამდენიმე საფეხურს გაივლის. პირველი საფეხურია მარცვლები, ერთსიტყვიანი, ორსიტყვიანი წინადადებები. მერე და მერე მეტყველება უფრო და უფრო რთულდება, ემატება სიტყვათა რაოდენობა და ასე შემდეგ.
განასხვავებენ მეტყველების დარღვევის რამდენიმე ტიპს: ექსპრესიულს, რეცეფციულს და შერეულს.
ექსპრესიული დარღვევის დროს ადამიანი ვერ გამოხატავს აზრებს და გრძნობებს, რეცეფციულის დროს უჭირს სხვისი გაგება, ხოლო შერეული დარღვევის შემთხვევაში ხდება პირველი ორის შერწყმა.

  • გამოხატულების მიხედვით ცნობილია მეტყველების დარღვევის შემდეგი ფორმები:

. დისლალია – ბგერათწარმოქმნის დარღვევა;
. ალალია – მეტყველებისუუნარობა ან შეზღუდვა, რაც გამოწვეულია თავის ტვინის ჰემისფეროების მეტყველების ზონების განუვითარებლობით ან ენის ამოდგმამდე მათი დაზიანებით;
. დიზართრია – ცალკეული სიტყვების, მარცვლებისა და ბგერების (განსაკუთრებით – თანხმოვნების) წარმოთქმის გაძნელება ან დამახინჯებული წარმოთქმა, რაც თავის ტვინის დაზიანების ან მბგერავი იოგების, რბილი სასის, სახისა და სასუნთქი კუნთების ინერვაციის მოშლის შედეგია; გვხვდება კურდღლის ტუჩის, მგლის ხახის, უკბილობის დროსაც;
. დისლექსია – სწავლისუუნარობა, ვლინდება წერილობითი ენის აღქმის სირთულით;
. დისგრაფია – წერის უნარის დარღვევა, რომელიც ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან არ არის არ დაკავშირებული. დისგრაფიის მქონე ადამიანს თავისუფლად შეუძლია კითხვა, მაგრამ კოორდინაციის ნაკლებობის გამო უჭირს წერა; გართულებულია ზოგიერთი მოტორული ფუნქციის შესრულებაც, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა;
. რინოლალია – ჯუჯღუნი, ცხვირში ლაპარაკი;
. ლოგონევროზი – მეტყველების ტემპისა და რიტმულობის დარღვევა, ენის ბორძიკი;
. ტაქილალია – მეტყველების ტემპის აჩქარება, სიტყვების, ფრაზის მონაკვეთების გამეორება;
. ბრადილალია – შენელებული მეტყველება. 
ამათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია:
. დისლალია – როგორც აღვნიშნე, ამ დროს ირღვევა ბგერათწარმოთქმნა, ბავშვს შეუძლია საუბარი, აზრის გადმოცემა, მაგრამ ბგერებს სწორად ვერ წარმოთქვამს. მაგალითად, დისლალიის გამოხატულებაა ლ-ს გამოყენება რ-ს ნაცვლად, გრძელ სიტყვებში მარცვლების არევა. თუმცა 6-7 წლამდე ამ ტიპის შეცდომები მისაღებია.
დისლალიას სხვადასხვა მიზეზი აქვს: გადატანილი დაავადება, ენის, კბილების, ტუჩების, ყბების პათოლოგიები, საარტიკულაციო აპარატისა და სმენის ჩამოუყალიბებლობა, სამეტყველო გარემო (მათ შორის – ოჯახის წევრების ენის მოჩლექით ლაპარაკი) და სხვა;
. ენის მოჩლექა – ესეც, წესისამებრ, შვიდ წლამდე უნდა ალაგდეს;
. ენის ბორძიკი – ეს დარღვევა უმეტესად 2-დან 5 წლამდე შეინიშნება. მას ყველაზე ხშირად იწვევს შიში და ემოციური სტრესი, შედარებით იშვიათად – ტრავმა, ინფექცური დაავადებები. ხელშემწყობი ფაქტორია მემკვიდრეობითი განწყობა;
. დისლექსია – ვლინდება კითხვის შესწავლის დროს. იგი გამოწვეულია ტვინის მიერ წერითი და`ან ზეპირი მეტყველების განსხვავებული აღქმით. ეს დარღვევა მტკიცედ უკავშირდება ნევროლოგიურ პრობლემებს და არ წარმოადგენს ინტელექტუალურ უუნარობას. მას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.  –  აუცილებლად უნდა გკითხოთ აუტიზმის შესახებ. რა ხდება ამ დროს?

  • ლიკა თუშიშვილი:

– აუტიზმი კლასიფიცირდება როგორც ნეიროგანვითარების ფუნქციის მოშლა, რომელიც გამოიხატება სოციალური ინტერაქციისა და კომუნიკაციის დარღვევით, ინტერესთა და ქცევის მანერათა სპეციფიკურობით. შვილთან ურთიერთობის დროს მშობელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ბავშვს არ ესმის მისი, თითქოს უგულებელყოფს მას, სახელზე არ რეაგირებს, იშვიათად უყურებს თვალებში თანამოსაუბრეს. მას არ შესწევს მიცემული ინსტრუქციების (მაგალითად, “მომიტანე წიგნი”) შესრულების უნარი, არ შეუძლია თანატოლებთან თამაში, უმეტესად მარტო თამაშობს. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს ახასიათებთ განმეორებითი სტერეოტიპული მოქმედებები. თუ შეაწყვეტინეს, ყვირილით ან საკუთარი თავის ცემით აპროტესტებენ. ხშირად ამოიჩემებენ სათამაშოს ან რამე სხვა ნივთს და აღარ იშორებენ. ასეთი ბავშვი გვიან იდგამს ენას (განსაკუთრებულ შემთხვევებში მეტყველება შესაძლოა არც კი განვითარდეს), გამოირჩევა ლაპარაკის თავისებური – გაწელილი, მონოტონური – მანერით. მის მიერ ნათქვამი სიტყვები ხშირად არ შეესაბამება მნიშვნელობებს. ბავშვი გამუდმებით “თავის ენაზე” ბუტბუტებს; შესაძლოა, ლაპარაკობდეს საკუთარ თავზე მესამე პირში. 
სამწუხაროდ, ამ ტიპის დარღვევების მიზეზი უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ აუტიზმი გენეტიკურად განპირობებული სისუსტეა გარემოს ცვალებადობის მიმართ.
– რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?
– ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ ბავშვის განვითარების კრიტერიუმები შეიმუშავა:
. 6 თვის პატარა უნდა გამოსცემდეს მარცვლებს, იცინოდეს, წაიმღერებდეს;
. 9 თვისა – ამბობდეს: “დედა”, “მამა”; ახდენდეს დამშვიდობების იმიტაციას ხელის დაქნევით;
. 12 თვისა – ამბობდეს ერთ სიტყვას, “გვემშვიდობებოდეს” ხელის დაქნევით, ბაძავდეს ცხოველებს ხმით.

  • საყურადღებოა, თუ ბავშვი:

. 12 თვის ასაკში ვერ ამჩნევს გარემოს, არ დუდღუნებს თავისებურ ბგერებს;
. 15 თვისამ არ იცის 5-10-მდე საგნის ან ადამიანის სახელი და გადაბმულად ვერ წარმოთქვამს სამ სიტყვას;
. 18 თვისა ვერ ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ვერ ამბობს “დედას”, “მამას”;
. 2 წლისამ არ იცის სხეულის ნაწილების სახელები, 25-მდე სიტყვა და მინიშნება;
. 2,5 წლისა ვერ ხვდება შეკითხვას, არ შეუძლია 20-30 სიტყვის წარმოთქმა;
. 3 წლისას არ ესმის სიტყვათა მნიშვნელობა, არ იცის 200-მდე სიტყვა;
. არ აინტერესებს საგნების სახელები.
ნებისმიერ ასაკში საშიშია, თუ  ავშვმა უკვე ამოიდგა ენა და მერეღა დაეწყო რეგრესი.

  • – როგორ მოვიქცეთ მშობლები, თუ ზემოთ აღნიშნული რომელიმე დარღვევა შევამჩნიეთ?

– ხშირად უკითხეთ ბავშვებს წიგნები, რადგან ეს ყველაზე ეფექტური წყაროა სიტყვათა მარაგის დასაგროვებლად, ფანტაზიის განსავითარებლად. ხშირად უმღერეთ, უკითხეთ ლექსები, ესაუბრეთ, ასწავლეთ სიტყვის სწორი ფორმების გამოყენება. შეცდომა მშვიდად გაუსწორეთ, ხოლო მართებული ფორმების წარმოთქმისას შეაქეთ. ენის ბორძიკის დროს ბავშვს უნდა ესაუბროთ თბილად, რბილად, ოდნავ ხმადაბლა. ხშირად ეჩურჩულეთ, უყურეთ თვალებში, გაუღიმეთ. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ შენიშვნა. თუ ბავშვს ალერგია ან სურდო აქვს, ამასაც მიაქციეთ ყურადღება – გაჭედილი ცხვირი ხელს უშლის სუნთქვას და ვნებს მეტყველებას.
საჭიროა მუდმივი ემოციური და ვერბალური კომუნიკაცია ბავშვთან. ამას ლომის წილი უდევს მის განვითარებაში, ეს არის, რომ შედეგს უმალვე ვერ შეამჩნევთ – ის თვეების შემდეგ გახდება თვალსაჩინო.
საუკეთესო შედეგს მივაღწევთ, თუ თერაპიას დავიწყებთ სამ წლამდე. წლიდან წლამდე შედეგის მიღწევა უფრო და უფრო რთულდება.
თერაპია უნდა იყოს კომპლექსური, მასში ჩაერთოს მეტყველების კორექცია, ფსიქოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები, სპეციალური მასაჟები. ძლიერმოქმედი წამლები ამ დროს საჭირო არ არის. დაბოლოს, აუცილებელია მშობლების სათანადო მომზადება. მშობელი ბავშვის მეტყველების საუკეთესო შემფასებელია. ასე რომ, თუ ყურადღებით იქნებით და ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ადრევე შეძლებთ პრობლემის გამოვლენასა და მართვას.

გააზიარე: