რატომ გვტკივა გული

გააზიარე:

გულღია, გულისხმიერი, გულითადი, გულმხიარული, გულუბრყვილო, უგულო... გულთან დაკავშირებული უამრავი სიტყვა მიგვითითებს, რომ მას ტუმბოზე აღმატებული დანიშნულება აქვს. გული მართლაც უნიკალური ორგანოა, გარკვეულწილად ავტონომიურიც, რადგან უნარი შესწევს, დამოუკიდებლად, ორგანიზმის სხვა სისტემების დაუხმარებლად წარმოქმნას იმპულსები, რომლებიც მისი კუნთის შეკუმშვას და სისხლძარღვებში სისხლის გადასროლას იწვევს.
აღარ შეგახსენებთ, რომ გულისმიერი ჩივილების დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. “ავერსის” კლინიკის კარდიოლოგი ნონა გუმბერიძე გულის მუშაობის შიდა სამზარეულოს გაგვაცნობს, აგვიხსნის, რას იწვევს მისი ფუნქციების მოშლა და გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ ამის თავიდან ასაცილებლად.

– გული საოცარი ორგანოა. მის მუშაობაზე აისახება ორგანიზმში მიმდინარე ყოველი პროცესი, დადებითი თუ უარყოფითი განცდა, გარესამყაროსთან უწყვეტი კავშირი. იგი პასუხობს ადამიანის ცხოვრების ყოველ მოვლენას, ავსა თუ კარგს. ალბათ ამიტომაც არის, რომ გულის დაავადებები შრომისუნარიანობის დაქვეითების, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია. 2008 წლის მონაცემებით, საქართველოში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება 300 ათასზე მეტ ადამიანს აქვს.
– ქალბატონო ნონა, ვიდრე გულის ჩივილებს შევეხებოდეთ, იქნებ გაგვარკვიოთ – რა მექანიზმებით მუშაობს გული?
– გულის მუშაობის უკეთ წარმოსადგენად მის ცალკეულ ფუნქციებს სქემატურად გამოყოფენ. სახელდობრ, განასხვავებენ ავტომატიზმის, აგზნებადობის, გამტარობისა და კუმშვადობის ფუნქციებს.
გულს უნარი შესწევს, გარეგანი ზემოქმედების გარეშე რიტმულად გამოიმუშაოს იმპულსები, რომლებიც გულის მთელ კუნთში ვრცელდება და მის აგზნებასა და შეკუმშვას განაპირობებს. ფიზიოლოგიურ  პირობებში გულის ავტომატიზმის წყაროა სინუსის კვანძი. იგი გულის რიტმის პირველი რიგის პეისმეკერი ანუ წამყვანია.
ავტომატიზმის, აგზნებადობისა და გულის მიერ აგზნების გატარების დარღვევა იწვევს არითმიას, გულის კუნთის შეკუმშვათა რიცხვის, რითმისა და თანმიმდევრობის დარღვევას.
ავტომატიზმის ფუნქციის მოშლა ვლინდება სინუსური იმპულსების გახშირებით – სინუსური ტაქიკარდიით, შენელებით – სინუსური ბრადიკარდიით ან მათი მონაცვლეობის (რიტმულობის) დარღვევით – სინუსური არითმიით. – როგორ ვლინდება ტაქიკარდია და რა არის მისი მიზეზი?
– ტაქიკარდიის დროს გულისცემა წუთში 90 დარტყმას აღემატება. მისი კლინიკური სურათი ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. პაციენტები 
შეიგრძნობენ გულის ფრიალს, რასაც ხშირად თან სდევს ჰაერის უკმარისობა, გულის არეში სიმძიმე. ჩივილების ინტენსივობა ტაქიკარდიის ხარისხს შეესაბამება.
ტაქიკარდია შეიძლება გამოიწვიოს:
. ფიზიკურმა გადაძაბვამ, ფსიქოემოციურმა სტრესმა, განცდებმა;
. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებმა;
.  მედიკამენტებმა და ტოქსიკურმა ნივთიერებებმა;
. ინფექციურმა დაავადებებმა;
სხეულის ტემპერატურის მომატებამ.
– როდის საუბრობენ ბრადიკარდიაზე?
– სინუსური ბრადიკარდიის დროს გულისცემა შენელებულია, 60-ზე ნაკლებია. ბრადიკარდიას ინფექციები, ინტოქსიკაციები და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზეგავლენა განაპირობებს. პაციენტები უჩივიან თავბრუხვევას, გულის წასვლის შეგრძნებას.
. რა არის ექსტრასისტოლია?
– ექსტრასისტოლია არითმიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ავადმყოფი მას შეიგრძნობს როგორც გულის არეში დარტყმას, მის ხანმოკლე გაჩერებას, ჩავარდნას, შეფრთხიალებას, რასაც თვითმფრინავის საჰაერო ორმოში ჩავარდნით გამოწვეულ შეგრძნებას ადარებენ. ზოგჯერ პაციენტს ხველა ან სლოკინიც აღენიშნება.
ექსტრასისტოლიას განაპირობებს მომატებული აგზნებადობის კერა, რომელიც უმეტესად სინუსის კვანძის გარეთ წარმოიქმნება. ექტოპიური კერის წარმოქმნას ორგანიზმის ფუნქციური, ნევროგენული ცვლილებები, გულის ორგანული დაზიანებები და ტოქსიკური ზემოქმედება იწვევს.
მოციმციმე არითმია, წინაგულთა ფიბრილაცია, ექსტრასისტოლიისგან განსხვავდება. მრავლობითი ექტოპიური იმპულსი ცალკეული უბნების არაკოორდინირებულ, ქაოსურ აგზნებას და რიტმის სრულ უწესრიგობას იწვევს. მოციმციმე არითმია თითქმის ყოველთვის გულის კუნთის ორგანული პათოლოგიით არის გამოწვეული, მაგალითად, გულის იშემიური დაავადებით, გულის მანკით და სხვა. ადამიანი ან ვერ გრძნობს მოციმციმე არითმიას, ან გულის ფრიალს, არათანაბარ ძგერას აღნიშნავს.
გულის გამტარობის ფუნქციის მოშლის დროს იმპულსის გატარება შესაძლოა გახანგრძლივდეს, სრულიად დაიბლოკოს ან აჩქარდეს (WPW სინდრომის დროს). გამტარობა სინუსის კვანძის ქვემოთ ნებისმიერ დონეზე შეიძლება დაირღვეს. ამის შესაბამისად გამოყოფენ ბლოკადის სხვადასხვა ტიპს. მათი ტოპიკური დიაგნოსტიკა ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევით არის შესაძლებელი.

გულის უკმარისობა
გულის ძირითადი ფუნქცია ვენებიდან მიღებული სისხლის არტერიულ სისტემაში გადასროლაა. ამ გზით ის ჟანგბადით ამარაგებს ორგანოებსა და ქსოვილებს. გულის შეკუმშვის უნარის დაქვეითება იწვევს გულის უკმარისობას – მდგომარეობას, როდესაც გული ნორმალური ჰემოდინამიკის შესანარჩუნებლად საჭირო რაოდენობის სისხლს ვეღარ გადმოისვრის.
გულის უკმარისობის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დაიყოს:
I – დაავადებები, რომლებიც გულის კუნთს აზიანებენ. ესენია გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტი, ინფექციები, ინტოქსიკაციები.
II – დაავადებები, რომლებიც იწვევენ გულის გადატვირთვას, გულის კამერების სისხლით გადავსებას ან კამერიდან სისხლის გადმოსვლისადმი წინააღმდეგობის გაზრდას – გულის მანკები.
– რა სიმპტომები გვაეჭვებინებს გულის უკმარისობის არსებობას? 
– გულის უკმარისობის ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია ადვილად დაღლა, სისუსტე, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი (კანის მოლურჯო ელფერი), შეშუპება, შარდის გამოყოფის შემცირება. შორსწასულ სტადიაში სიმპტომები უფრო მკაფიოდ არის გამოხატული. მათი ინტენსივობა დაავადების მწვავე თუ ქრონიკულ მიმდინარეობაზეც არის დამოკიდებული. გულის უკმარისობას ანატომიის შესაბამისი თავისებურებებიც ახასიათებს – მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის დაზიანების ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავდება.

გულის ტკივილი
– ტკივილი გულისა და გულმკერდის არეში სწრაფ დიაგნოსტიკასა და გამომწვევი მიზეზის დროულ დადგენას მოითხოვს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მთავარია გაირკვეს, სჭირდება თუ არა პაციენტს გადაუდებელი ჩარევა და ტკივილი კარდიულია თუ ექსტრაკარდიული, ანუ გულიდან მომდინარეობს თუ სხვა ორგანოდან.
– როდის ვითარდება კარდიული ტკივილი?
– კარდიული ტკივილი შეიძლება იყოს იშემიური – გამოწვეული გულის კუნთის მხრივ ჟანგბადის მოთხოვნილებასა და მის მიწოდებას შორის არსებული დისბალანსით (სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს) – და არაიშემიური, რომელიც ვითარდება მიოკარდიუმის ან პერიკარდიუმის ანთებითი პროცესის შედეგად. ექსტრაკარდიული ტკივილი მომიჯნავე ორგანოებიდან აღმოცენებული ტკივილია, რომელიც გულის ტკივილის იმიტაციას ქმნის.
ექსტრაკარდიული ტკივილი ვითარდება:
. აორტის განმაშრევებელი ანევრიზმის,
. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის,
. პლევრისა და ფილტვების პათოლოგიების – მშრალი პლევრიტის, მწვავე პნევმოთორაქსის,
. საჭმლის მომნელებელი ორგანოების პათოლოგიების – საყლაპავის სპაზმის, პეპტიური წყლულის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის,
. გულმკერდის ნერვკუნთოვანი და ძვალსახსროვანი პათოლოგიების – ნეკნთაშუა ნევრალგიის, ოსტეოქონდროზის დროს.
გულის არეში ტკივილი ძალიან საგულისხმო ჩივილია. ზოგჯერ ის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებაზე მიუთითებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი
– როგორ ვიცხოვროთ, რომ გულმა არ შეგვაწუხოს?
– გულით ავადობის შემცირებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი გარემო ასრულებს.
ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას რეალურად მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ის თავს ახსენებს. არადა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც შესაძლებელია. საამისოდ საკმარისია, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღი წესს.
– რას გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესი?
– ჯანსაღი ცხოვრება შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმია, რაც რეკომენდებულ ფარგლებში ყოველდღიურ ფიზიკურ აქტიურობას, რაციონალურ კვებას, მავნე ჩვევების უარყოფას, ნორმალური წონის შენარჩუნებას მოიცავს.
პირველხარისხოვანი მნიშვნელობა სწორი კვების ჩვევების გამომუშავებას და სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნებას ენიჭება. სიმსუქნე სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას 8-10 წლით ამცირებს. აქედან გამომდინარე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან საბრძოლველად სიმსუქნის პროფილაქტიკა ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა.
საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ძირითადად მცენარეული. დღეში რამდენჯერმე უნდა მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, უმჯობესია უმად. ისინი ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
უშუალო კავშირი არსებობს ნაჯერი ცხიმების მოხმარებასა და სისხლში ქოლესტეროლის დონის მატებას შორის. ნაჯერი ცხიმები ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, კორონარული დაავადებების, ინსულტისა და პერიფერიული არტერიული პათოლოგიების ჩამოყალიბებას აჩქარებს, ამიტომ უნდა შეიზღუდოს ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტეროლის შემცველი პროდუქტები: ცხოველური ცხიმი, განსაკუთრებით – ღორის ქონი, ხიზილალა, მოუხდელი რძე, ნაღები, ზეითუნის ზეთი, ცხვრის ხორცი, შინაური ქათმის კანი, კვერცხი (ნებადართულია არა უმეტეს ორისა კვირაში) და სხვა.
არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სუფრის მარილის ჭარბი გამოყენება. მისი ოდენობა დღეში 6 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.
– რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ ფიზიკურ აქტიურობას?
– რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ისევე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის, როგორც სწორი კვება. ორივე ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ანელებს დაბერების პროცესს. ახალგაზრდებმა, რომლებსაც ნაკლებმოძრავი ცხოვრება უწევთ, ზომიერი ინტესივობის ვარჯიშს დღეში არანაკლებ ნახევარი საათი უნდა დაუთმონ.
ცხოვრების ჯანსაღ წესთან სრულიად შეუთავსებელია თამბაქოს მოხმარება. მწეველებთან ერთად თამბაქოს კვამლს ირგვლივ მყოფი არამწეველი ადამიანებიც სუნთქავენ და თავისდაუნებურად პასიური მწეველებად იქცევიან. დამტკიცებულია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება აქვს თამბაქოს ოდენობისა და მისი მოხმარების ხანგრძლივობის მიმართ.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება უშუალოდ უკავშირდება ჰიპერტენზიას და ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. მცირეოდენი ალკოჰოლი, პირიქით, ანტიათეროსკლეროზულ ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ ასეთი ეფექტის მისაღწევად სუფთა ალკოჰოლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 10 გრამს, რასაც დაახლოებით ერთი ჭიქა ღვინო შეიცავს.
ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ამიტომ ადამიანმა უნდა აკონტროლოს საკუთარი ცხოვრების წესი და სრულფასოვანი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მავნე ჩვევები სრულიად უარყოს.

გააზიარე: