გულის იშემიური დაავადება

გააზიარე:

როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებმა კარგა ხანია დაიმკვიდრეს #1 ქილერის სახელი და სავარაუდოდ, ამ პიედესტალიდან კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვლენ. არც ერთი სხვა დაავადება ასე ხშირად არ იწვევს ნაადრევ სიკვდილს, როგორც ის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ მიზეზით ყოველწლიურად ათობით მილიონი ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილიანობის საერთო რიცხვის მესამედია. აქედან 82% საშუალო და დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებზე მოდის, თუმცა რიცხვები არც განვითარებულ ქვეყნებშია სანუგეშო: სტატისტიკოსებმა და კლინიცისტებმა გამოთვალეს, რომ 2030 წლისთვის 23.6 მილიონი კაცი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით (უმთავრესად – ინსულტით და გულის დაზიანებით) გარდაიცვლება.
ამას იმისთვის არ გეუბნებით, რომ შიშის ზარი დაგცეთ. ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ მსოფლიოს ყველა ექსპერტს მიაჩნია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილება ათიდან რვა შემთხვევაში შესაძლებელია. ამ 80%-ის არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგია.

სახე და სახელი
გულს კვებაც და ჟანგბადიც ისევე სჭირდება, როგორც მთელ დანარჩენ ორგანიზმს, რომლის მომარაგებაზეც ასე დაუღალავად ზრუნავს. გულს კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიები კვებავენ. ზემომოყვანილ სტატისტიკაშიც საკმაოდ დიდი წილი სწორედ მათ დაზიანებას შეაქვს. დასავლური სამედიცინო ლიტერატურა ამას კორონარული არტერიების დაავადებას (კად) უწოდებს, ყოფილი საბჭოთა სკოლა კი გულის იშემიურ დაავადებას (სიტყვა “იშემია” ადგილობრივ სისხლნაკლებობას ნიშნავს). 2004 წელს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით გარდაცვლილი 17.1 მილიონი კაციდან 7.2 მილიონი სწორედ გვირგვინოვანი არტერიების დაავადებამ შეიწირა.
გულის მკვებავ ძარღვებს ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზული ფოლაქები (სისხლძარღვის კედელში დაგროვილი ქოლესტეროლი) ან უსწორმასწორო ზედაპირის გამო გაჩენილი თრომბები ავიწროებს. პათოლოგია წლობით შეუმჩნევლად მიმდინარეობს. იშემია რომ განვითარდე, ამისთვის სისხლძარღვთა სანათურის  50-70%-ზე მეტი უნდა დაიხშოს.
როცა დაზიანების ხარისხი ზღვარს გადააჭარბებს, გიდ სამალავიდან გამოდის და თავს მთელი ”ბრწყინვალებით” წარმოგვიდგენს. ეს რამდენიმე ფორმით შეიძლება მოხდეს:
გულის ანგინა (სტენოკარდია): შემბოჭველი ხასიათის ტკივილი გულმკერდის შუა ხაზზე, მკერდის ძვლის უკან, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს კიდურებში, კისერში, ქვემო ყბაში, მუცლის ზედა ნაწილში. (უპირატესად მარცხნივ). იშემიურ ტკივილს არც აძლიერებს და არც ამსუბუქებს გარეგანი ზემოქმედება: გულმკერდზე ხელის დაჭერა, შეტრიალ-შემოტრიალება, გაჭინთვა, ჩახველება. ასეთი ტკივილი, წესისამებრ, ფიზიკურ თუ ემოციურ სტრესს მოჰყვება და მიზეზის მოცილებიდან (მაგალითად, დამქანცველი საქმიანობის შეწყვეტიდან) რამდენიმე წუთის შემდეგ ქრება. ხანმოკლეა – 2-5 წუთი, იშვიათად 15 წუთამდე გრძელდება. უფრო ხანგრძლივი ტკივილი ან არ არის იშემიური, ან იშემიის უფრო მძიმე ვარიანტზე – მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაზე მიუთითებს.
მიოკარდიუმის ინფარქტი: ამ დროს გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვები სისხლს აღარ ატარებს, რასაც მიოკარდიუმის განსაზღვრული უბნის მხოლოდ იშემია კი არა, ნეკროზიც (კვდომა) მოჰყვება. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტკივილი გაცილებით ძლიერი და ხანგრძლივია – ნახევარ საათამდე. გარდა ტკივილისა, შეტევის დროს ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავბრუხვევამ, სულხუთვამ, გულისრევის შეგრძნებამ და ღებინებამაც კი. ავადმყოფი ფერს კარგავს, სხეული ცივი და წებოვანი ოფლით ეფარება და შესაძლოა, გონაც კი დაკარგოს.
ხდება ხოლმე, რომ ინფარქტი თავს უცნაურად ავლენს და სხვა პათოლოგიის არსებობას გვაფიქრებინებს. მაგალითად, შესაძლოა კუჭის ტკივილის, კარდიული ასთმის შეტევის და, თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის ტკივილის სახითაც კი გამოვლინდეს. თუ სტატისტიკას ვერწმუნებით, ამგვარი ატიპური გამოვლინებები ქალებში უფრო ხშირია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინფარქტი ხილული სიმპტომის გარეშე ვითარდება. გულის კუნთის რა ნაწილი შეეწირება ამ მდგომარეობას, ეს დროულ და ადეკვატურ მკურნალობაზეა დამოკიდებული, ამიტომ მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი სასწრაფოდ ვიძახებთ სასწრაფოს.
არითმია: ჟანგბადოვანი შიმშილი ან ინფარქტის შემდეგ განვითარებული ნაწიბური ზოგჯერ გულის კუნთში ელექტრული იმპულსის წარმოქმნასა და გატარებას უშლის ხელს – ყალიბდება გულის რიტმისა და გამტარობის მოშლა.
გულის უკმარისობა: კუნთოვანი ბოჭკოების დაღუპვას გულის მთავარი – ტუმბოს – ფუნქციაც ეწირება და ორგანოების სისხლით ადეკვატური მომარაგება ვეღარ ხერხდება.
უეცარი კორონარული სიკვდილი. ასიდან 90-95 შემთხვევაში უეცარი სიკვდილი სწორედ გულის მკვებავი (კორონარული) სისხლძარღვების ბრალია.

წამქეზებელ-ხელშემწყობნი
სანამ საქმე აქამდე მივა, ბუნებრივია, დაზიანების თავიდან აცილებაც შეგვიძლია და პროცესის შეჩერება-შენელებაც, ოღონდ ერთი პირობით: ჯერ უნდა დავადგინოთ, შემდეგ კი ექიმთან ერთად ბრძოლა უნდა დავიწყოთ. 
შესაძლოა, დაზიანების მექანიზმი ზუსტად არ ვიცოდეთ, მაგრამ რისკფაქტორები უკვე ზომა-წონით არიან აღნუსხულ-შესწავლილნი და სპეციალური სქემებიც კი არსებობს, რამდენიმე წამში ზუსტად რომ გამოგითვლიან, რამდენი პროცენტია შანსი, უახლოეს ათ წელიწადში ინფარქტი ან ინსულტი დაგემართოთ.
ეს რისკფაქტორებია:
. ასაკი. საზოგადოდ,  ასაკთან ერთად სისხლძარღვების დაზიანებისა და შევიწროების საფრთხეც იმატებს, თუმცა ბოლო ხანს აშკარად აღინიშნება ამ პათოლოგიის გაახალგაზრდავების ტენდენცია.
. სქესი. მამაკაცებს გვირგვინოვანი არტერიების დაზიანების მეტი საფრთხე ემუქრებათ, თუმცა მენოპაუზის შემდეგ რისკი ქალებშიც იმატებს. ასეა თუ ისე გულ-სისხლძაღვთა პათოლოგიები ორივე სქესში სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზია.
. მემკვიდრეობა. ახლო ნათესავებში გულის დაზიანება გვირგვინოვანი არტერიების დაავადების რისკს ზრდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობელს პათოლოგია 60 წლამდე განუვითარდა.
. თამბაქოს წევა. ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ნახშირჟანგი კი მათ შიდა კედელს აზიანებს და ათეროსკლეროზისადმი მიდრეკილებას ზრდის. ქალებს, დღეში 20 ან მეტ ღერ სიგარეტს რომ ეწევიან, ინფარქტის ალბათობა არამწეველებთან შედარებით 6-ჯერ მეტი აქვთ, მწეველ მამაკაცებს კი არამწეველებზე 3-ჯერ მეტი საფრთხე ემუქრებათ.
. მომატებული არტერიული წნევა. წინა ნომერში, აღზევანს წასვლის საკითხებს რომ მიმოვიხილავდით, ამ რისკფაქტორისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების კავშირზე დაწვრილებით ვისაუბრეთ. მოკლედ შეგახსენებთ: წნევის მომატება ყველაზე ხშირად არის ასოცირებული ხსენებულ პათოლოგიათა რისკის მომატებასთან, მისი ნორმის ფარგლებში დაბრუნება კი სავალალო შედეგების თავიდან აცილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
. სისხლში ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა. სტატისტიკის თანახმად, თუ მისი  საერთო დონე 240 მგ-მდეა მომატებული (ნორმაში 200 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს), გულის იშემიური დაავადების განვითარების საფრთხე 2-ჯერ იმატებს, ხოლო თუ 300 მგ-ს აღემატება – 5-ჯერ, მეტადრე – თუ საერთო დონის ცვლილებები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. “ცუდი” ქოლესტეროლის) მომატებისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. “კარგი” ქოლესტეროლის) შემცირების ფონზე აღინიშნება.
. შაქრიანი დიაბეტი. შაქრის დონის ცვლილებები სისხლძარღვების (მათ შორის გვირგვინოვანის) მნიშვნელოვან დაზიანებას იწვევს. 
. ჭარბი წონა და სიმსუქნე. ამავე დროს ერთიც და მეორეც ზრდიან სხვა რისკფაქტორების, მაგალითად, წნევის მომატებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. იმასაც აქვს მნიშვნელობა, სად არის დაგროვილი ჭარბი ცხიმი. კარდიოვასკულურ გართულებებთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი აქვს აბდომინურ სიმსუქნეს, ანუ ღიპს.
. ჰიპოდინამია ანუ ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი. ამ დროს ცხიმები და ქოლესტეროლი არასრულად იშლება, ნარჩენი ნივთიერებები არტერიის შიგნითა კედლებზე ლაგდება და წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რაც, თავისთავად, ხელს უშლის სისხლის დინებას. ფიზიკური დატვირთვა აუმჯობებს ლიპიდურ (ცხიმების) ცვლას, ამცირებს თრომბების წარმოქმნის ალბათობას და გულის კუნთს მეტ ჟანგბადსაც აწვდის. ჯანმოს მონაცემებით, გულისა და სისხლძარღვების ფორმაში მოსაყვანად ზომიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას დღეში ნახევარი საათი მაინც უნდა დავუთმოთ. ვარჯიშის მაგივრობას გაგიწევთ სუფთა ჰაერზე სეირნობაც (ოღონდ ოდნავ სწრაფ ტემპში, დაახლოებით ისეთში, საუბარი თავისუფლად რომ შეგეძლოთ, სიმღერა კი გაგიჭირდეთ).
. სტრესი. უსტრესო ცხოვრება არ არსებობს, საბედნიეროდ, მასთან გამკლავება ყველას შეუძლია ისწავლოს.
. ალკოჰოლი. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ალკოჰოლისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება ინგლისური U-თი ან J-თი გამოვხატოთ. ზომიერად მსმელებს (მამაკაცებში – დღეში მხოლოდ ორი დრინქი, ქალებში – ერთი) არამსმელებთან შედარებით პათოლოგიის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ, სასმლის ოდენობის ზრდა კი საფრთხესაც ზრდის. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, მკვლევრებს სხვა ფაქტორები გამორჩენოდათ, თანაც, ვინაიდან რეკომენდებულს არავინ სჯერდება, ჯანმოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინმეს ალკოჰოლის თუნდაც ზომიერი მოხმარება ურჩიოს.

რომ აგვცდეს
თამბაქოსთან, ფიზიკურ აქტივობასა თუ ალკოჰოლთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს თავადაც მიხვდებოდით. რაკიღა რისკფაქტორების ნაწილი, როგორც თავად გვირგვინოვანი არტერიების დაავადება, შესაძლოა წლობით უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ცხოვრების წესის გაჯანსაღებასთან ერთად განსაზღვრული პერიოდულობით სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებასაც გვირჩევენ. წნევა რომ წნევაა, მასაც კი ხშირად ჩუმ მკვლელს ეძახიან, რადგან სიმპტომების გარეშე, პირდაპირ გართულებებით გვაცნობს თავს, ამიტომ თუნდაც რკინის ჯანმრთელობით გამოირჩეოდეთ, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ წნევა უნდა გაიზომოთ. თუ მანომეტრის სვეტმა 140/90-ზე მაღალი შედეგი დააფიქსირა, ექიმთან ვიზიტი და მისი რეკომენდაციების გულდასმით შესრულებაა საჭირო. მიდგომა “როცა მიწევს, წამალს მხოლოდ მაშინ ვსვამ”, ან “ამ წნევას მიჩვეული ვარ” უბრალო კი არა, მომაკვდინებელი უგუნურებაა.
გარდა ამისა, 35 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სისხლში ქოლესტეროლისა და ლიპიდების ფრაქციების განსაზღვრაა აუცილებელი. თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ ან თქვენს ახლო ნათესავს გულის დაავადება ადრეულ ასაკში დაემართა, შემოწმება 20 წლიდან დაიწყეთ.
თუ რომელიმე მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს გასცდა, ყველაფერთან ერთად სისხლში გლუკოზის დონის გადამოწმება და შაქრიანი დიაბეტის გამორიცხვაც აუცილებელია.
რაც შეეხება წამლებს, არტერიების დაზიანების პირველად პრევენციაში (ანუ დაავადების თავჩენამდე პროფილაქტიკაში) მათი როლი უმთავრესად წნევისა და ქოლესტეროლის დონის დაწევით შემოიფარგლება. ინფარქტის ძალიან მაღალი რისკის დროს ამას ასპირინის დაბალი დოზებიც ემატება, ოღონდ ექიმის რეკომენდაციით. რაც შეეხება ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, B, C, E ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კარდიოვასკულური რისკის შესამცირებლად ჯანმო მათ რეკომენდაციას არ უწევს.
 
გულის გასახარად
პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესი ერთ-ერთი საკითხი, ვინაიდან ჩვენთვის ესოდენ ძვირფას სმა-ჭამას ეხება, ბოლოსთვის მოვიტოვეთ. სხვათა შორის, გულსაამური სუფრა არც ისეთი ღარიბია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ და არც დიდ გმირობას მოითხოვს.
ანტიათეროგენულ დიეტაზე არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ მოკლედ შეგახსენებთ:
. ცხიმის წილად დღიური კალორიების დაახლოებით 30% უნდა მოდიოდეს, ნაჯერი (ცხოველური) კი აქედან 10%-ზე ნაკლები უნდა იყოს. 
. ეცადეთ, რაციონიდან სართოდ ამოიღოთ ტრანსცხიმები (ისინი მარგარინის მრავალ სახეობაში შედის). 
. კერძი მცენარეული ზეთით მოამზადეთ. დადგენილია, რომ მასში შემავალი უჯერი ცხიმები არამც თუ არ აბინძურებს სისხლძარღვებს, არამედ  პირიქით, ათეროსკლეროზისგან იცავს.
. უპირატესობა ნაკლებცხიმიან ან უცხიმო რძის ნაწარმს მიანიჭეთ. გამოყენების წინ რძეს ნაღები აუცილებლად მოხადეთ.
.  ეცადეთ, კვირაში ერთხელ მაინც გქონდეთ სუფრაზე თევზი. გულისთვის ძალზე სასარგებლოა ქაშაყი, თინუსი, სკუმბრია, ორაგული, ზუთხი, კალმახი.
. დღის განმავლობაში მიირთვით არანაკლებ 400 გ ხილი და ბოსტნეული. რაციონში ჩართეთ საღი მარცვლეულიც.
. თუ შეძლებთ, კარგი იქნება, მესამედით მაინც უკლოთ მარილის მოხმარებას. საუკეთესო შემთხვევაში სჯობს ერთ ჩაის კოვზზე ნაკლებზე ჩამოხვიდეთ.
. არ გამოტოვოთ საუზმე, სადილი და ვახშამი, შუალედში კი აუცილებლად წაიხემსეთ – მიირთვით 1-2 ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული. 
. დღის განმავლობაში დალიეთ არანაკლებ 1,5 ლ სითხე.
. თავი არიდეთ ფასთფუდს: ჰოთ-დოგს, ჰამბურგერს, ჩიფსებს.

გააზიარე: