ჰიპერაქტიური ფარი
გააზიარე:
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის პატარა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა. მისი ესა თუ ის პათოლოგია საქართველოს მოსახლეობის 30-40%-ს აღენიშნება. თქვენს ყურადღებას ამჯერად კლინიკურ სინდრომზე – ჰიპერთირეოზზე შევაჩერებთ, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბის შედეგად ვითარდება. მის შესახებ გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ “იუნონას” ექიმი ენდოკრინოლოგი ნარგიზ ბობოხიძე.
– ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ორგანოა, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს: თიროქსინს (შემოკლებით – FT4), ტრიიოდთირონინს (FT3) და კალციტონინს. ეს ჰორმონები პრაქტიკულად მთელი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ.
ისინი შეიცავენ მიკროელემენტ იოდს, რომელიც ჰაერის, წყლისა და საკვების საშუალებით ხვდება ორგანიზმში და რომლის 60-80% ფარისებრ ჯირკვალში გროვდება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობენ ზრდისა და განვითარების პროცესებში, ზრდიან ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას, ქსოვილებისა და უჯრედების მიერ ჟანგბადის მოხმარებას. თიროქსინი და ტრიიოდთირონინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში არეგულირებენ ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების წარმოქმნას, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს და სხვა, ხოლო კალციტონინი ძირითადად კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები უშუალოდ არის დამოკიდებული სისხლში იოდის ნორმალურ კონცენტრაციაზე. იოდის სიჭარბისას ჰორმონებიც ჭარბად წარმოიქმნება, ნაკლებობისას კი – მცირე რაოდენობით, რაც პათოლოგიურ მდგომარეობებს იწვევს.
ჰიპოთალამუსის გავლენით ჰიპოფიზში (ორივე თავის ტვინში მდებარე ენდოკრინული ჯირკვალია) გამომუშავდება თირეოტროპული ჰორმონი (TSH), რომლის ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს წარმოქმნის.
ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-პერიფერიული ჯირკვლების სისტემა მყარია, მაგრამ მისი ნებისმიერი რგოლის გამოვრდნა ენდოკრინული დაავადებების განვითარებას იწვევს.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების ანუ ჰიპერთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი აუტოიმუნური დაავადებებია. ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომელთა ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი დიდდება და ჭარბად გამოყოფს თირეოიდულ ჰორმონებს.
– გარდა აუტოიმუნური დაავადებებისა, რა შეიძლება იქცეს ჰიპერთირეოზის მიზეზად?
– ხშირად ჰიპერთირეოზის მიზეზია შემდეგი დაავადებები და მდგომარეობები:
* დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (ბაზედოვ-გრეივსის დაავადება);
* ფარისებრი ჯირკვლის ან ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი (ადენომა);
* მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი;
* იოდის ქრონიკული დეფიციტის ფონზე განვითარებული კვანძოვანი ჩიყვის ზოგიერთი ფორმა, როცა კვანძები იძენენ ეგრეთ წოდებულ ფუნქციურ ავტონომიას ანუ იწყებენ ჰორმონის დამოუკიდებელ, უკონტროლო გამომუშავებას;
* ქვემწვავე თირეოიდიტი;
* უსიმპტომო თირეოიდიტი;
* საკვერცხეების ან სათესლე ჯირკვლების ზოგიერთი სიმსივნე;
* იოდინდუცირებული (იოდის პრეაპრატების შემცველი პრეაპრატების მიღებით გამოწვეული) თირეოტოქსიკოზი (ხშირად გვხვდება ხანდაზმულ ასაკში);
* იოდის გადაჭარბებული მიღება;
* თირეოიდული ჰორმონის გადაჭარბებული მიღება;
* ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესები (ვირუსული ინფექციის ან სხვა მიზეზის გამო).
თითოეულ მათგანს თავ-თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
– რა სიმპტომებით ვლინდება ჰიპერთირეოზი?
– თორეოტოქსიკოზით დაავადებული უჩივის: ადვილად დაღლას, გაღიზიანებას, მადის გაძლიერებას, წონის კლებას, სიცხის აუტანლობას, გულის ფრიალს, გულისცემის აჩქარებას (ტაქიკარდია), გაძლიერებულ ოფლიანობას, კანკალს. კანი ნამიანი და ცხელი აქვს, აღენიშება კიდურის კუნთების ძლიერი სისუსტე (განსაკუთრებით – მხრისა და ბარძაყის კუნთებისა), ფაღარათისადმი მიდრეკილება, თვალის კაკლების წინ წამოწევა, ცრემლდენა, მენსტრუაციის გაქრობა, სუბფებრილიტეტი (სხეულის ტემპერატურა – 37.500 C-მდე), არტერიული წნევის მომატება, მამაკაცებს ეზრდებათ მკერდი.
– რა გართულება მოჰყვება ჰიპერთირეოზს?
– უწინარესად – თირეოიდული კრიზი, რომელსაც შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს სტრესმა, ფსიქიკურმა ტრავმამ, ინფექციურმა დაავადებამ. კრიზის ნიშნებია: ცხელება, გონებრივი აქტიურობის დაქვეითება, მუცლის ტკივილი. ამ ნიშნების გაჩენისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სტაციონარული მკურნალობა.
ჰიპერთირეოზის სხვა გართულებებიდან უნდა დავასახელოთ ე.წ. “თირეოტოქსიკური გული” – გულის ძლიერი აჩქარება, გულის მდგრადი უკმარისობა, წინაგულების ციმციმი (ფიბრილაცია); ოფთალმოპათიის სხვადასხვა გამოვლინება; ენცეფალოპათიები.
ჰიპერთირეოზის ხანგრძლივი არსებობა ზრდის ოსტეოპოროზის რისკს.
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის შემდგომი ქირურგიული გართულებებია: ნაწიბური ყელზე, ხმის ჩახლეჩა სახმო ნერვის დაზიანების გამო, სისხლში კალციუმის დონის შემცირება პარათირეოიდული ჯირკვლების დაზიანების გამო.
ჰიპერთირეოზის გართულებად მოიაზრება ასევე რადიაქტიური იოდით მკურნალობის შედეგად განვითარებული ჰიპოთირეოზი.
ორსულობისას დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი ხელს უწყობს მკვდრადშობადობას, ნაადრევ მშობიარობას, გართულებას სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, სპონტანურ (თავისთავად) აბორტს, ხოლო დეკომპენსირებული თირეოტოქსიკოზი – ახალშობილთა თანდაყოლილი მანკების განვითარებას.
– რით გამოირჩევა ჰიპერთირეოზი ორსულებსა და ბავშვებში?
– ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ფიზიოლოგიურად ძლიერდება და თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნა იმატებს. მეთორმეტე-მეთექვსმეტე კვირამდე ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, ამ ხნის შემდეგ კი ისიც ამოქმედდება. შედეგად თავისუფალი თიროქსინი ორსულთა დაახლოებით 0,5-3%-ში სცდება ნორმის ზედა ზღვარს, ხოლო თირეოტროპული ჰორმონი დათრგუნულია. ამ მდგომარეობას ტრანზიტული გესტაციური ჰიპერთირეოზი ეწოდება.
ტრანზიტორული გესტაციური თირეოტოქსიკოზი მკურნალობას არ მოითხოვს და ნაყოფის ზრდასთან ერთად თავისთავად გაივლის. ეს მდგომარეობა უნდა განვასხვაოთ გრეივსის ავადმყოფობისგან. რაც შეეხება ტოქსიკურ ჩიყვს, ის საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ისე ნაყოფსაც, ხოლო ამ დაავადების მკურნალობა ორსულობის დროს მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამ დროს აუცილებელია FT3-ის, FT4-ისა და TSH-ის განსაზღვრა.
დაავადების ეფექტური მართვა ორსულობის კეთილსასურველ მიმდინარეობას უზრუნველყოფს.
ორსულთა 20%-ში გვხვდება მშობიარობის შემდგომი აუტოიმუნური თირეოიდიტი. რისკის ჯგუფის პირველ რიგს ანტითირეოიდული ანტისხეულების მატარებელ ქალებს მიაკუთვნებენ. მშობიარობიდან 8-14 კვირის შემდეგ ყალიბდება ტრანზიტორული თირეოტოქსიკოზი, მშობიარობიდან 19 კვირის შემდეგ – ჰიპოთირეოზი.
თირეოტოქსიკური ფაზაში გამოხატული კლინიკური ნიშნების დროს ნაჩვენებია β-ადრენობლოკატორების დანიშვნა.
პუბერტატულ პერიოდში (11-დან 18 წლამდე ასაკი) ჰიპერთირეოზის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. პათოლოგიური მდგომარეობა გამოიხატება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, სუბფებრილური სიცხეებით, ოფლიანობით, ადვილად აღგზნებადობითა და გაღიზიანებით. გოგონებში შეიმჩნევა მენსტრუალური ციკლის ნაადრევი (12 წლამდე) დაწყება, საკვერცხეების მეორეული პოლიკისტოზი.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმში ანთების ქრონიკული კერების გამოვლენასა და ანტიბაქტერიული პრეპარატებით დროულ მკურნალობას. ჰიპერთირეოზის დიაგნოზის დასადატურებლად ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი და ექოსკოპიური გამოკვლევა. – რას იკვლევენ ჰიპერთირეოზის დასადგენად და, საზოგადოდ, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის გამოსარკვევად?
– ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესასწავლად ტარდება შემდეგი გამოკვლევები:
* ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თირეოტროპული ჰორმონის, ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის – განსაზღვრა სისხლში;
* ანტითირეოიდული ანტისხეულების (ანტი-TPO) განსაზღვრა, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში ჩიყვი სწორედ მათი მატებით არის გამოწვეული;
* ფარისებრი ჯირკვლის ექოსკანირება – მისი დახმარებით განვსაზღვრავთ ჯირკვლის ფორმას, ზომებს, ქსოვილის სტრუქტურას;
* კომპიუტერული ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია ენდოკრინული ოფთალმოპათიების დროს ჰიპოფიზის დაავადებების გამოსავლენად;
* ფარისებრი ჯირკვლის პუნქციური ბიოფსია.
– როგორ მკურნალობენ ჰიპერთირეოზს?
– ჰიპერთირეოზს მკურნალობენ მედიკამენტებით, რომლებიც თრგუნავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყოფას ან, განსაზღვრულ შემთხვევებში, უჯრედების ფუნქციის აღმდგენი საშუალებებით – ე.წ. თირეოსტატიკებით (თიროზოლით ან პროპილთიოურაცილის ჯგუფის პრეპარატებით). მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით შეიძლება. თირეოტოქსიკური კრიზის დროს საკმაოდ ეფექტურია პროპრანოლოლი (ანაპრილინი), რომელიც ამცირებს ტაქიკარდიას, სხეულის ტემპერატურას. ანთების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, ინიშნება კორტიკოსტეროიდები და ანტიბიოტიკები. თირეოტოქსიკოზის დროს მედიკამენტური მკურნალობა ძალზე ეფექტურია. ეფექტი მკურნალობის პირველივე კვირებში ხდება შესამჩნევი, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობის გაუმჯობესება განკურნებად არ უნდა იქნეს მიჩნეული და პაციენტმა ექიმთან შეთანხმების გარეშე არ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა. მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტისას ხშირად ვითარდება დაავადების რეციდივი და საჭირო ხდება მკურნალობის თავიდან დაწყება.
ოპერაციული ქირურგიული ჩარევა ხდება ავთვისებიანი სისმსივნეების, დიდი ზომის ფარისებრი ჯირკვლის მზარდი კვანძების, მორეციდივე გრეივსის დაავადების, თირეოტოქსიკური ადენომის შემთხვევაში (ჰიპერთირეოზის მოხსნის შემდეგ).
თირეოტოქსიკოზის დროს, განსაკუთრებით – ხანდაზმულებში, ინიშნება რადიაქტიური იოდით მკურნალობა, რომელიც სპეციალიზებულ განყოფილებაში ტარდება. რადიაქტიური იოდი შლის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ნაწილს, რითაც აფერხებს ჰორმონების ჭარბ წარმოქმნას.
ქირურგიული და რადიაქტიური იოდით მკურნალობის შედეგად ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ზომაზე მეტად ქვეითდება. არის შემთხვევებიც, როდესაც თირეოტოქსიკოზი ხელახლა ვითარდება ოპერაციიდან ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ. ამიტომ ოპერაციის ან რადიაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ პაციენტებმა პერიოდულად (წელიწადში 1-2-ჯერ მაინც) უნდა მიმართონ საკონსულტაციოდ ექიმ ენდოკრინოლოგს.
ყოველ ავადმყოფს დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ღონისძიებებს ინდივიდუალურად ურჩევს სპეციალისტი – ექიმი ენდოკრინოლოგი. ნუ “დაინიშნავთ” თვითონ გამოკვლევებსა და მკურნალობას – ეს არა მხოლოდ უეფექტო, შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს.
– შესაძლებელია თუ არა ჰიპერთირეოზის თავიდან აცილება?
– ჰიპერთირეოზის თავიდან აცილების პირდაპირი გზები არ არსებობს. ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობისას უკუნაჩვენებია იოდშემცვლელი საშუალებების მიღება, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებების საპროფილაქტიკოდ გამოიყენება. ერიდეთ ნერვულ სტრესს, დაიცავით კვებისა და დასვენების რეჟიმი, მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, თევზეული და ხორცი. პერიოდულად ჩაიტარეთ ვიტამინოთერაპია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზედმეტი ინსოლაცია (გარუჯვა) არასასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს.
სამახსოვრო
ნუ დატოვებთ ჰიპერთირეოზს უყურადღებოდ, აუცილებლად იმკურნალეთ. არანამკურნალები ჰიპერთირეოზი ყოველთვის პროგრესირებს და მრავალ გართულებას იწვევს. მიმართეთ ენდოკრინოლოგს, თუ:
. გადიდებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვალი;
. ამჩნევთ ჰიპერთირეოზის აშკარა ნიშნებს;
. ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს.
დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ ჰიპერთირეოზის მკურნალობისას შეამჩნიეთ ჰიპოთირეოზის ნიშნები:
. დეპრესია;
. ცნობიერების, ფიზიკური მოქმედებების შენელება;
. წონის მატება.