ანთება- თვალი, ყელი, ყური

გააზიარე:

ანთების ანატომია

 

ხელი გაიჭერით, ფრჩხილი ჩაგეზარდათ თუ თქვენი სხეულის საზღვრები საშიშმა მიკრობმა გადმოლახა, ორგანიზმი უმალვე განგაშის ზარს შემოჰკრავს, საბრძოლო მზადყოფნას გამოაცხადებს და დაზიანების ადგილას ჯარისკაცებს გაგზავნის. ბრძოლის შედეგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული – გამარჯვება ზოგჯერ ადვილად მოდის, ზოგჯერ კი უდიდესი ძალისხმევის შედეგად. არც დამარცხებაა გამორიცხული... და ასეა ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე ფაქტორი ორგანიზმის ჰარმონიას არღვევს.

ანთება – სწორედ ეს გახლავთ დაზიანების საპასუხოდ განვითარებული თავდაცვითი რეაქცია. მის გარეშე ვერც ჭრილობა შეხორცდება, ვერც ინფექციას მოვერევით. თუმცა, თუ ანთებითი პროცესი მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა ან უადგილო ადგილას განვითარდა, თავდაცვის ფიზიოლოგიური მექანიზმი ახალ პრობლემად გვექცევა. პრობლემად, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.

 

ამოვიცნოთ

ანთებითი დაავადებები მრავალფეროვანია. მათი ნიშნები დაავადების სიმწვავეზე, ანთების ლოკალიზაციაზე, თანმხლებ პათოლოგიებსა და არაერთ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა არსებობს ზოგადი კანონზომიერებანიც:

ანთებითი უბანი ხშირად მტკივნეულია. განსაკუთრებით – შეხების დროს. ამის მიზეზი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ანთების უბანში გამოიყოფა და ნერვულ დაბოლოებებს ასტიმულირებს. თუმცა, თუ ანთებითი კერა ისეთ ადგილას განვითარდა, სადაც ასეთი დაბოლოებები არ არის, არც ტკივილი იჩენს თავს.

როგორც ითქვა, ანთების დროს ორგანიზმი განგაშის ზარებს შემოჰკრავს. ბრძოლის გამოცხადებასთან ერთად ანთების კერისკენ ჯარისკაცების მთელი ჯარი მიემართება. ისინი სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილდებიან, ამიტომ ანთებით უბანში იმატებს სისხლის მიწოდება. შესაბამისად, ანთების კერა ფერს იცვლის – წითლდება.

მეტი სისხლი მეტ სითბოს ნიშნავს, ამიტომ ანთებითი უბანი ხშირად ხურს.

იმისთვის კი, რომ ჯარისკაცები სისხლძარღვებიდან დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, სისხლძარღვის განვლადობა იმატებს, ამიტომ არცთუ იშვიათია ანთებითი კერის შეშუპებაც.

საბოლოოდ ეს ყველაფერი ორგანოს მუშაობაზე აისახება. ფუნქციის მოშლა ანთებითი პროცესის კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელია.

მიმდინარეობის ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ  ანთების მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ზოგჯერ ქვემწვავე ფორმასაც გამოყოფენ.

ანთების სიმპტომები არასასიამოვნოა, ზოგჯერ – მეტისმეტად შემაწუხებელიც, მაგრამ ეს გახლავთ სიცოცხლის ნიშანი – ორგანიზმის მცდელობა, თავადვე მოაგვაროს პრობლემები.

მაშ, როდის არ უნდა შევუშალოთ ხელი ადაპტაციურ პროცესს და პირიქით, როდის გვმართებს სისწრაფე და განსაკუთრებული ყურადღება?

ქვემოთ გავრცელებულ ანთებით დაავადებებზე გესაუბრებით.

 

ანთების სეზონი

 

ანთება – მრავალმა ჩვენგანმა ეს ცნება ბავშვობაშივე გაიცნო. უფროსები გვაშინებდნენ ფილტვების ანთებით, ყელის ანთება “გლანდების ოპერაციასთან” ასოცირდებოდა, ყურისა კი – მტანჯველ ტკივილთან. თანდათან ისიც გავიგეთ, რომელი იყო ანთების საყვარელი სეზონი და აღარც მეათასედ ნათქვამი “ქუდი დაიხურე, თბილად ჩაიცვი, ცივი წყალი არ დალიო” გვაბრაზებდა უწინდებურად.

გავიზარდეთ, მაგრამ წარმოდგენები მაინცდამაინც არ შეგვცვლია – ზამთრის მოახლოება, საახალწლო სამზადისსა და უქმეებთან ერთად, დღემდე სწორედ “ანთებასთან” ასოცირდება. თვალები, ყელი, ყური, ცხვირი, ბრონქები, ფილტვები... რომელ ერთზე ვიდარდოთ?! ორგანიზმი თითქოს დანაღმულია და როდის რომელი ნაღმი აფეთქდება, არავინ იცის...

მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ანთებითი დაავადებები, მათი მიზეზები და მათთან ბრძოლის გზები.

 

***

რა ემუქრება თვალებს

კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებულია – ოფთალმოლოგიური დაავადებების მესამედი სწორედ კონიუნქტივიტის წილად მოდის.

კონიუნქტივიტის მიზეზი ყველაზე ხშირად ინფექციაა. ვირუსული კონიუნქტივიტი განსაკუთრებით სწრაფად ბავშვებში ვრცელდება და სეზონზე ეპიდემიასავით ედება პატარებს. არსებობს ბაქტერიული კონიუნქტივიტიც. თვალის ანთების გამოწვევა არაერთ ბაქტერიას შეუძლია. ბაქტერიული კონიუნქტივიტი ახალშობილსაც ემართება, თუ სამშობიარო გზებში გავლისას დაინფიცირდა. ახალშობილთა კონიუნქტივიტის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა მხედველობას საფრთხე არ შეექმნას.

ცრემლი თვალს იცავს: ერთი მხრივ, მიკრობებსა და გამღიზიანებლებს ჩამობანს, მეორე მხრივ კი შეიცავს ანტისხეულებსა და სპეციფიკურ ცილებს, რომლებიც მავნე მიკრობებს ანადგურებს, ამიტომ თვალის სიმშრალე ინფექციის ალბათობას ერთიორად ზრდის. თვალის გამოშრობა კი ეკრანის დიდხანს ყურებასაც შეუძლია და ზოგიერთ დაავადებასაც.

ხშირია ყვავილის მტვრისა თუ ალერგიის გამომწვევი სხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად განვითარებული კონიუნქტივიტიც. გასაგები მიზეზების გამო დაავადების ეს ფორმა უმეტესად გაზაფხულზე იჩენს თავს.

კონიუნქტივიტი შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა სხვა ფაქტორმაც, რომელიც თვალებს აზიანებს: ქიმიურმა ნივთიერებებმა, მტვერმა, კვამლმა, კონტაქტური ლინზების ხანგრძლივმა გამოყენებამ...

კონიუნქტივიტი ძნელი ამოსაცნობი არ არის – მისთვის დამახასიათებელია მხედველობის დაბინდვა, თვალის ტკივილი, ქავილი და სიწითლე, სინათლის მიმართ მომატებული მრგძნობელობა, ცრემლდენა, გამონადენი.

მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. ალერგიული კონიუნქტივიტის მართვის მთავარი პრინციპი ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტაა. ამ შემთხვევაში დაავადება შესაძლოა ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე ალაგდეს. ალერგიისგან გაღიზიანებული კონიუნქტივის დამშვიდებას ხელს უწყობს ცივი კომპრესი. უფრო მძიმე შემთხვევებში ინიშნება თვალის წვეთები, რომლებიც ანტიჰისტამინურ საშუალებებს ან სტეროიდებს შეიცავს.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს ეფექტურია ანტიბიოტიკები. მათაც უმეტესად თვალის წვეთების სახით უნიშნავენ.

ვირუსული კონიუნქტივიტის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებას, ცხადია, აზრი არ აქვს. ანთება თავისთავად გაივლის. დისკომფორტის შესამსუბუქებლად შეიძლება თვალში მსუბუქი სტეროიდების ჩაწვეთება.

მშრალი თვალის სინდრომის დროს ხელოვნურ ცრემლს შემოგთავაზებენ.

ექიმს მიმართეთ, თუ:

* კონიუნქტივიტის სიმპტომები 3-4 დღეზე მეტია გრძელდება;

* გაგიუარესდათ მხედველობა;

* ტკივილი თანდათან იმატებს;

* ქუთუთოები ან კანი თვალების გარშემო შეშუპებული და გაწითლებულია.

 

***

გააღე პირი და თქვი “ააა!”

მნიშვნელობით, გავრცელებითა თუ დისკომფორტის ხარისხით კონიუნქტივიტს ღირსეულ კონკურენციას უწევს ყელის ტკივილი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ნერწყვის ყლაპვაც კი დიდ ძალისხმევას და ტკივილის ატანის ზებუნებრივ უნარს მოითხოვს. ფარინგიტი – მედიცინაში სწორედ ასე უწოდებენ ყელის ანთებას. თუმცა არც ტონზილიტის – ნუშურა ჯირკვლების ანთების – დავიწყება შეიძლება, რომელიც ყელის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ხშირად მის სინონიმადაც ვიყენებთ.

ფარინგიტი უმეტესად გაციების ან გრიპის შედეგია, თუმცა შესაძლოა, კოქსაკის ვირუსმა და ინფექციურმა მონონუკლეოზმაც გამოიწვიოს. ბაქტერიებიდან მის გამომწვევებს შორის პირველ ადგილზე A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი დგას. ეს ის ბაქტერიაა, “სუსტი ყელის” მქონე ბავშვებთან ლამის ყოველი გაციებისას ყელის დაჩირქებას რომ იწვევს, “გლანდების” ოპერაციის მიზანშეწონილობას გვკარნახობს და თუ ნებაზე მივუშვით, გულსა და სახსრებსაც აზიანებს.

გვხვდება გონოკოკით და ქლამიდიით გამოწვეული ფარინგიტიც.

ყელის ტკივილთან ერთად ფარინგიტისთვის დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.

ვირუსულ ფარინგიტს მკურნალობა არ სჭირდება. თუ ტკივილმა მეტისმეტად შეგაწუხათ, შეგიძლიათ, ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ. ყელის ტკივილის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ხახის ნაცხის ტესტი სტრეპტოკოკზე, ქლამიდიაზე ან გონორეაზე დადებითია (მხოლოდ დათვალიერებით და გასინჯვით ექიმი ამას ვერ დაადგენს). ხშირი ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში შესაძლოა ქირურგიული ჩარევა – ნუშურების ამოკვეთა შემოგთავაზონ, მაგრამ გახსოვდეთ: ბაქტერიის დადასტურება ჯერ კიდევ არ არის ტონზილექტომიის ჩვენება. არსებობს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ქირურგიული მკურნალობის მიზანშეწონილობა. სტრატეგიის შერჩევისას ექიმი სწორედ ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს.

ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს:

* სვით ბევრი სითხე – როგორც ცხელი, ისე ცივი.

* გამოივლეთ ყელში თბილი მარილიანი წყალი (ნახევარი ჩაის კოვზი (3 გ) მარილი 1 ჭიქა (240 მლ) წყალზე).

* გამოიყენეთ დამატენიანებელი ან თავად დაატენიანეთ ოთახი.

 

 

***

სამიზნე – ყური

 

ყურის ანთება ერთხელ მაინც ყველას გამოუცდია. მედიცინის ენაზე ამ მდგომარეობას ოტიტი ეწოდება. ის მოზრდილებსაც ემართებათ და ბავშვებსაც, თუმცა ბავშვებთან გაცილებით ხშირია. მაგალითად, ამერიკაში ყურის ინფექციები პედიატრთან ვიზიტის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ოთხიდან სამ ბავშვს მესამე დაბადების დღემდე ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ეს დაავადება.

ოტიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. პირველი, წესისამებრ, ინფექციის შედეგია, ერთბაშად იწყება და მალევე გაივლის, ქრონიკული ოტიტი კი შესაძლოა სმენის შეუქცევადი დაქვეითების მიზეზად იქცეს.

ყური სამი ნაწილისგან შედგება. ანთებითი პროცესი რომელიმე მათგანს აზიანებს. ყველაზე ხშირად შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი გვხვდება. ჩვენც სწორედ მასზე ვისაუბრებთ.

შუა ოტიტი უმეტესად ინფექციურია – შუა ყურში ბაქტერიის ან ვირუსის შეჭრისას ვითარდება. მიკრობული აგრესია, წესოსამებრ, გრიპის ან გაციების შედეგია.

შუა ყურის შემადგენლობაში შემავალი ევსტაქის მილი შუა ყურში წნევის რეგულირებას, ყურის განიავებასა და გამონადენის ჩამობანას უზრუნველყოფს. შუა ოტიტის დროს ყურის არხი სითხითა და ლორწოთი ივსება. ეს სასმენ მილში ბგერის გავლას აფერხებს და სმენის დაქვეითებას იწვევს. მილების შეშუპება სითხის დაგროვებას განაპირობებს, სითხე კი შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს. ამ პროცესის საბოლოო აკორდია ოტიტი.

ბავშვებს უფრო წვრილი ევსტაქის მილი აქვთ, ამასთან, უფრო ჰორიზონტალურად მოთავსებულიც. ეს მის დრენირებას ართულებს და ინფიცირების ალბათობას ზრდის. სწორედ ამიტომ იჩაგრებიან პატარები დიდებზე მეტად.

შუა ყურის ინფექციის მიზეზად შესაძლოა ადენოიდებიც იქცეს. ადენოიდები ევსტაქის მილის ახლოს მდებარეობს, მათი ანთება კი მილის ბლოკირებას იწვევს. ამ მიზეზით გამოწვეული ოტიტიც  დიდი ზომის ადენოიდების გამო უმეტესად ბავშვებთან გვხვდება.

არც ის არის გამორიცხული, ოტიტი ყოველგვარი მიკრობული აგრესიის გარეშე განვითარდეს.

 

როდის ველოდოთ

ოტიტის რისკფაქტორებს, გარდა მცირე ასაკისა, მიეკუთვნება:

* ბავშვის კვების ტიპი – ოტიტი უმეტესად ჩვილ ბავშვებთან გვხვდება, რომლებიც, მწოლიარენი, ბოთლიდან იკვებებიან;

* მჭიდრო კონტაქტები – საბავშვო ბაღი თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები გაციებისა და გრიპის გავრცელების ალბათობას ზრდის, შესაბამისად, იმატებს ოტიტის რისკიც;

* სეზონური ფაქტორები – რა გასაკვირია, რომ ყურის ინფექციები უმეტესად შემოდგომასა და ზამთარში გვხვდება. ანთების სეზონური ბუნებაა გასათვალისწინებელი ალერგიის შემთხვევაშიც – გაზაფხულზე ყვავილის მტვერის მაღალი კონცენტრაცია ყურის ინფექციების განვითარების ალბათობასაც ზრდის;

* ჰაერის დაბინძურება;

* თამბაქოს წევა.

ყურის ინფექციის ნიშნები, როგორც წესი, სწრაფად ვითარდება. ოტიტზე მიანიშნებს:

* ყურის ძლიერი ტკივილი, განსაკუთრებით – წოლისას;

* წონასწორობის დარღვევა;

* 38 0ჩ და უფრო მაღალი ტემპერატურა;

* გამონადენი ყურიდან;

* თავის ტკივილი;

* სმენის დაქვეითება;

* ჩვილებთან – ძილის დარღვევა, ჩვეულებრივზე მეტი ტირილი, მოუსვენრობა და უმადობა.

 

გართულებები

ოტიტი უმეტესად გაურთულებლად მიმდინარეობს, მაგრამ თუ ყურის ინფექცია მეტისმეტად ხშირად მეორდება, მოსალოდნელია:

* სმენის დაქვეითება – სმენის მსუბუქი დაქვეითება თითქმის ყოველთვის ახლავს თან ოტიტს, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ სმენა ორივე ყურში აღდგება. როდესაც ინფექცია ხშირად მეორდება, სმენის დაქვეითება უფრო სერიოზულ მასშტაბს იძენს, ყურის რომელიმე ნაწილის დაზიანების შემთხვევაში კი ის შესაძლოა შეუქცევადიც გახდეს;

* მეტყველების ან განვითარების შეფერხება – სმენის პრობლემები გავლენას ახდენს ბავშვის მეტყველების და, საზოგადოდ, გონებრივ განვითარებაზე;

* დაფის აპკის პერფორაცია – დაახლოებით 72 საათში აპკი უმეტესად თავისთავად აღდგება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მდგომარეობის გამოსასწორებლად ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო;

* თავის ტვინის დაზიანება – მძიმე ფორმის დაავადება შესაძლოა თავის ტვინის სტრუქტურებზეც გავრცელდეს და მენინიგიტი ან სხვა სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ასეთი გართულება იშვიათია.

 

ექიმს მიმართეთ, თუ:

* სიმპტომები ერთ დღეზე მეტია გრძელდება და ბავშვი 6 თვემდე ასაკისაა;

* ყურის ტკივილი მეტისმეტად ძლიერია;

* გაციების ან ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციის შემდეგ ბავშვს აწუხებს უძილობა, მოუსვენრობა, აქვს ყურიდან სისხლიანი ან ჩირქიანი გამონადენი.

გააზიარე: