შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2
გააზიარე:
“ჩვენ სამნი ვართ – მე, შენ და შენი სენი. ორნი ერთს მოვერევით, მარტო კი ვერაფერს გავაწყობ”, – ასე მოძღვრავდა ავიცენა პაციენტებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეები გავიდა, სათქმელს უკეთესად ვერც თანამედროვე ექიმი ჩამოაყალიბებს.
როცა მკურნალობაზე ვსაუბრობთ, უწინარესად ტაბლეტები, შპრიცები, ამპულები გვახსენდება. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დასამარცხებლად კი არამედიკამენტური მეთოდები, მეტი რომ არ ვთქვათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
არამედიკამენტური მეთოდები განსაკუთრებულს არაფერს გულისხმობს: ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობაა. ამ ორი უძლიერესი იარაღით, რომლებიც თავისთავად ხელს უშლის ჭარბი წონის შეძენას, შეგვიძლია, შაქრიანი დიაბეტიც და პრედიაბეტური მდგომარეობაც თავიდან ავიცილოთ.
პრედიაბეტური მდგომარეობის დროსაც შესაძლებელია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას მხოლოდ ცხოვრების წესის მოდიფიკაციით დავაღწიოთ თავი. ვგულისხმობ დიეტათერაპიასა და ფიზიკური აქტივობის გაზრდას. კვებით რაციონში მაქსიმალურად ვზღუდავთ ცხოველური წარმოშვების ცხიმებისა და ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების (მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტების) შემცველობას. ნაცვლად ამისა, რაციონს ვამდიდრებთ უჯრედისით, ძნელად ასათვისებელი ნახშირწყლებითა და ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტებით. წონის კლება და ფიზიკური აქტივობის გაზრდა ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, საგრძნობლად აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს, აადვილებს არტერიული წნევის მაჩვენებლების დარეგულირებას, ამცირებს ღვიძლში ცხიმოვან ჩანართებს.
რაც უფრო მეტად მოინდომებს პაციენტი და სხეულის მასის ინდექსის ნორმასთან მიახლოებას შეძლებს, მით მეტად მცირდება შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობაც. პატარ-პატარა ნაბიჯებიც, ვთქვათ, წონის 5-7%-ით შემცირება (ოთხმოცი კილოგრამი წონის მქონე ადამიანისთვის ეს სულ რაღაც 4-6 კგ-ია) და კვირაში 5-ჯერ ნახევარსაათიანი საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვაც, რისკს საგრძნობლად ამცირებს. წონის სწრაფ კლებასა და ისევ მატებას კი ჯანმრთელობისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ამიტომ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჯანსაღი ცვლილებები ცხოვრების წესში სამუდამოდ შეგვაქვს და არა მოკლე ხნით.
ცხოვრების წესის გაჯანსაღებას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობაში. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მკურნალობის ეფექტიანობა 70%-ით სწორედ დიეტასა და ფიზიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული. წამლებზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, თუმცა სამივე კომპონენტში ცვლილებები დროულად რომ შევიტანოთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ღონისძიებები, რომლებიც უკვე გავატარეთ. მკურნალობის ეფექტს გლიკემიისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის ცვლილებათა მიხედვით ვაფასებთ. თუ გატარებული ღონისძიებებით სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ვერ მოვახერხეთ, საჭიროა მკურნალობის გაძლიერება.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის გლიკემიისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლების შესახებ სხვადასხვა პროფესიულ საზოგადოებას განსხვავებული შეხედულება აქვს, – შეგიძლიათ, ეს ცხრილშიც ნახოთ, – თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: რაც უფრო ახლოს არის ნებისმიერი პარამეტრი დიაბეტის არმქონე ადამიანების მაჩვენებლებთან, მით უფრო ნაკლებია ქრონიკულ გართულებათა განვითარების ალბათობა.
დიაბეტით დაავადებულმა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს გლიკემიისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე დონეც და ამჟამინდელი მაჩვენებელიც. თანამედროვე შეხედულებით, გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სამ თვეში ერთხელ არის საჭირო. რაც შეეხება გლიკემიას, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში თვეში ერთხელ, თუნდაც კვირაში ერთხელ მისი განსაზღვრა მიახლოებით წარმოდგენასაც არ გვაძლევს იმის თაობაზე, როგორ ვახერხებთ დაავადების კონტროლს. კომპენსაციას რომ მივაღწიოთ, პაციენტმა თავადაც რეგულარულად უნდა იკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე. სიხშირეს დანიშნული მკურნალობის მიხედვით ვადგენთ. გლიკემიის თვითკონტროლი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს რეკომენდებულია ან ყოველდღიურად, ან კვირაში სამჯერ მაინც უზმოზე, კვებიდან 2 საათის შემდეგ და ძილის წინ. ინსულინთერაპიის ერთ-ერთი (ე.წ. ბაზის-ბოლუსური) სქემის დროს კი დღეში ოთხჯერ და მეტჯერაც არის აუცილებელი.
ნუ გავართულებთ
განვითარებული ქვეყნები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ შაქრიანი დიაბეტი სერიოზული პრობლემაა, ჩვენთან, პირიქით, შაქრიანი დიაბეტისა განაჩენივით ეშინიათ, თუმცა საბოლოოდ ორივე დამოკიდებულება ერთსა და იმავეს – უმოქმედობას იწვევს და შაქრიანი დიაბეტის გართულებებს უნთებს მწვანე შუქს.
შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებები ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და შრომის უნარს საგრძნობლად აქვეითებს. არადა, ეს სულაც არ არის გარდაუვალი აუცილებლობა.
იცით თუ არა, რომ:
შაქრიანი დიაბეტის დროს
- 6-ჯერ მეტია გულის მკვებავი არტერიების დაზიანების საფრთხე;
- 10-20-ჯერ იმატებს მხედველობის დაკარგვის ალბათობა;
- გაცილებით ხშირია თირკმლის უკმარისობა და სწორედ ის არის შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა 10-20%-ის სიკვდილის მიზეზი;
- 20-40-ჯერ უფრო ხშირია ფეხის ამპუტაცია. ქვედა კიდურების სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანების გამო შესაძლოა წყლულები გაჩნდეს და თუ სამედიცინო ჩარევა დაგვიანდა, ექიმებმა ფეხის გადარჩენა ვერ მოახერხონ.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ძალიან ხშირად სისხლში შაქრის მაღალი დონით გამოწვეული სიმპტომებით კი არა, პირდაპირ გართულებებით ვლინდება, ამიტომაც დიაგნოზის დასმისთანავე უნდა ჩატარდეს შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებების სკრინინგი. დავაზუსტებთ: ქვემოთ მოყვანილი ჯერადობები მხოლოდ იმ შემთხვევებს ეხება, როცა პროფილაქტიკური გამოკვლევისას დარღვევას ვერ აღმოაჩენენ. როცა დაზიანება დაწყებულია, მკურნალობასაც და განმეორებითი ვიზიტის დროსაც თქვენი ექიმი შეგირჩევთ.
გული
დიაბეტის დროს გულის დასაცავად ამერიკელები ანბანს მიმართავენ. ანბანური რიგის დაცვით თარგმნა ძნელია, ამიტომ მოდი, ინგლისური და გულის დაცვა ერთად ვისწავლოთ:
A A1c – გლიკოზირებული ჰემოგლობინი (3 თვეში ერთხელ)
B blood pressure – არტერიული წნევის რეგულარული თვითკონტროლი
C cholesterole – ქოლესტეროლისა და მისი ფრაქციების განსაზღვრა, ანუ სისხლის ლიპიდური პროფილი
სამივე მაჩვენებლის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება დიაბეტის კარგი კონტროლის პარალელურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობასაც შეამცირებს.
თვალი
ოფთალმოლოგის კონსულტაცია და თვალის ფსკერის დათვალიერება (წელიწადში ერთხელ)
თირკმელი
. მიკროალბუმინურია (შარდის ანალიზი ცილის უმცირესი რაოდენობის აღმოსაჩენად, რათა რაც შეიძლება ადრე დავადგინოთ თირკმლის დაზიანების დასაწყისი) – წელიწადში ერთხელ
. კრეატინინის განსაზღვრა სისხლში (სისხლის ანალიზი თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად)
ქვედა კიდურები
. ნევროლოგის კონსულტაცია და მგრძნობელობის შემოწმება (წელიწადში ერთხელ)
. ანგიოლოგის კონსულტაცია და ქვედა კიდურების არტერიების გამავლობის შემოწმება (წელიწადში ერთხელ)