მეექვსე გაკვეთილი

გააზიარე:

მედიკამენტური მკურნალობა
სადღეისოდ ყველა დაავადების მკურნალობის მეთოდები, მათ შორის – შაქრიანი დიაბეტისაც, მეტ-ნაკლებად უნიფიცირებულია მსოფლიოში.
ამერიკის დიაბეტის ასოციაციამ (ADA) და ევროპის დიაბეტის შემსწავლელმა ასოციაციამ (EASD) 2009 წელს ერთობლივად შეიმუშავეს დიაბეტი ტიპი 2-ის დროს ჰიპერგლიკემიის მართვის ალგორითმი.
მედიკამენტური მკურნალობის ფონზე პაციენტმა რეგულარულად უნდა იკონტროლოს შაქრის მაჩვენებლები და სამ თვეში ერთხელ – გლიკოზირებული ჰემოგლობინი. თუ ამ მონაცემებმა სამიზნე მაჩვენებლებს გადააჭარბა, გადავდივართ მკურნალობის მომდევნო საფეხურზე (შეგახსნებთ, რომ შაქრის სამიზნე მაჩვენებლებია: უზმოზე – 80 მგ`დლ-დან 130 მგ`დლ-მდე, ხოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ კარგია 140 მგ`დლ-მდე, დასაშვებია 180 მგ`დლ-მდე; გლიკოზირებული ჰემოგლობინი არ უნდა აღემატებოდეს 7%-ს, თუმცა უფროსი ასაკობრივი ჯგუფისა და მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებთან ნებადართულია < 8,5%).
შაქრის დამწევი აბები მარტივი მისაღებია. მრავალ მათგანს გახანგრძლივებული მოქმედება აქვს და დღეში ერთხელ ან ორჯერ ინიშნება.
პირველი საფეხური – მეტფორმინი
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოზის დასმისთანავე პაციენტს ეძლევა სათანადო რეკომენდაციები ცხოვრების წესის მოდიფიკაციის თაობაზე და ენიშნება მეტფორმინი. მსუბუქად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი უაღრესად მოწესრიგებულია: ზედმიწევნით იცავს დიეტას და ეწევა რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, – შეიძლება, მკურნალობა თავდაპირველად მხოლოდ ცხოვრების წესის მოწესრიგებით დავიწყოთ.
მეტფორმინი გამოიყენება არა მხოლოდ დიაბეტის სამკურნალოდ, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებთანაც. ის არის არა შაქრის დამწევი, არამედ მისი მარეგულირებელი მედიკამენტი. ვინაიდან მეტფორმინი არ ასტიმულირებს ინსულინის პროდუქციას პანკრეასის β უჯრედების მიერ, ამ პრეპარატის მიღების ფონზე ჰიპოგლიკემია არ ვითარდება. 
სისხლში შაქრის დონის რეგულირებასთან ერთად, მეტფორმინი დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე, ლიპიდური სპექტრის მაჩვენებლებზე, უმნიშვნელოდ აქვეითებს მადას და, როგორც უკანასკნელ ხანს ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების სიხშირეს. გვერდითი მოვლენები, რომლებსაც ეს პრეპრატი იწვევს (უმთავრესად – გულისრევის შეგრძნება, შებერილობა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება) გარდამავალია და, წესისამებრ, მკურნალობის დაწყებიდან ორიოდე კვირაში ალაგდება. მისი უკუჩვენებაა ორსულობა, ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაავადებები, გულის მძიმე უკმარისობა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, რის გამოც მის დანიშვნამდე აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება. 
რამდენ ხანს? მეტფორმინი წარმოადგენს ბაზისურ მედიკამენტს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობაში. მეტფორმინით მონოთერაპიის უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა მისი კომბინირება სხვა მედიკამენტებთან. 
მოდმევნო ნაბიჯი – სულფანილშარდოვანა სამწუხაროდ, დიაბეტი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ცუდი მოვლის პირობებში – სწრაფად, კარგი მოვლის პირობებში კი ნელა პროგრესირებს. დგება მომენტი, როდესაც ცხოვრების წესის მოდიფიკაცია და მეტფორმინით მონოთერაპია აღარ არის საკმარისი. ამ ეტაპზე მეტფორმინს არ ვხსნით – მას სხვა მედიკამენტს ვამატებთ. ეს არის სულფანილშარდოვანას რიგის პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა სახელწოდებით იყიდება ბაზარზე. ისინი ასტიმულირებენ პანკრეასის β უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფას. შესაბამისად, უფრო აქტიურად აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს. 
ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტებიდან საყურადღებოა ჰიპოგლიკემიის განვითარების საშიშროება – ასეთი რამ მოსალოდნელია, თუ პაციენტმა კვება გამოტოვა ან არასწორად კომბინირებული საკვები მიიღო. 
გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის ანალოგები და DPP-4 ის ინჰიბიტორები
სულფანილშარდოვანას ალტერნატივაა გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის ანალოგები (ინკრეტინები) და DPP-4 ის ინჰიბიტორები. მათ ბევრი ღირსება აქვთ და საუკეთესო მედიკამენტებად მიიჩნევიან. სულფანილშარდოვანას მსგავსად, ისინიც ასტიმულირებენ ინსულინის გამოყოფას პანკრეასის β უჯრედების მიერ საკვების მიღების საპასუხოდ, ახსიათებთ ეფექტური შაქარდამწევი მოქმედება, ამასთან, მათი მიღებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი ძალიან დაბალია. გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ წონის კლებას. მათი ერთადერთი ნაკლი მაღალი ფასია.
სხვა მედიკამენტები
თიაზოლიდინდიონები არ ასტიმულირებენ ინსულინის გამოყოფას, მაგრამ ზრდიან ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. ისინი არ არიან პირველი არჩევის მედიკამენტები, რადგან, მეტფორმინისგან განსხვავებით, მრავალი გვერდითი ეფექტი აქვთ, ამიტომ ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც მეტფორმინის უკუჩვენება ან აუტანლობა უდასტურდებათ.
აკარბოზა ნაწლავში ნახშირწყლების შეწოვას აფერხებს და სისხლში შაქრის დონეს ამ მექანიზმით აქვეითებს, მასაც საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს და არც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
ინსულინი
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დასაწყისში პანკრეასის β უჯრედები კარგად ფუნქციობენ, მაგრამ 10-15 წლის შემდეგ, განსაკუთრებით – თუ პაციენტი დიდხანს მკურნალობდა სულფანილშარდოვანას რიგის მედიკამენტებით, პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფის ფუნქცია ქვეითდება და შაქრის დონის დასარეგულირებლად მედიკამენტი აღარ არის საკმარისი. საჭიროა, მკურნალობაში დროულად ჩაერთოს ინსულინი.
წინათ მიიჩნეოდა, რომ ინსულინი შაქრიანი დიაბეტის მხოლოდ ქრონიკული გართულებების მოგვიანებით სტადიაზე ინიშნებოდა. დღესდღეობით ინსულინთერაპიისადმი მიდგომა განსხვავებულია: თუ მედიკამენტებით ვერ ვაღწევთ შაქრის სამიზნე მაჩვენებლებს, შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებებამდე საქმე არ მიგვყავს – სისხლში შაქრის დონის უკეთ დასარეგულირებლად და ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად ვნიშნავთ ინსულინს. თავდაპირველად შეიძლება კომბინირებული თერაპიის დანიშვნა, ანუ გახანგრძლივებული მოქმედების ინსულინის კომბინირება შაქარდამწევ აბებთან. ამ საფეხურის უეფექტობის შემთხვევაში გადავდივართ სრულ ინსულინოთერაპიაზე. 
სხვა მკურნალობა
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია არტერიული ჰიპერტენზიისა და დისლიპიდემიის კორექცია.
პრაქტიკულად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ყველა პაციენტს (იშვიათი გამონაკლისების გარდა) სჭირდება ქოლესტეროლის მარეგულირებელი მედიკამენტი. ამ შემთხვევაში არჩევის პრეპარატებია სტატინები.
მომავალ გაკვეთილზე ინსულინთერაპიის ჩვენებებსა და მის სხვადასხვა რეჟიმზე ვისაუბრებთ. 

გააზიარე: