დიაბეტი

გააზიარე:

 ამჟამად მსოფლიოში მილიარდ-ნახევრამდე ადამიანს აღენიშნება მეტაბოლური სინდრომი, რომელიც, არსებითად, პრედიაბეტურ და პრეათეროსკლეროზულ მდგომარეობას წარმოადგენს. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში დიაბეტის ყოველწლიური მატება მოსახლეობის ნამატს აჭარბებს. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეიძლება დავუშვათ, რომ დადგება დრო, როდესაც ევროპის მთელი მოსახლეობა დიაბეტით დაავადდება, თუმცა, მეცნიერთა დაკვირვებით, ცხოვრების ჯანსაღ წესს შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ვაჟა ივერიელის სახელობის საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე დავით ვირსალაძე.

   დიაბეტის გავრცელებული ფორმებია ტიპი 1, ტიპი 2 და გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი (გესტაციურია დიაბეტი, როდესაც ქალს დაავადება ორსულობისას გამოაჩნდება, ხოლო პრეგესტაციურს იმ ფორმას უწოდებენ, როდესაც დაორსულება დიაბეტის ფონზე ხდება).
   თანაფარდობა ტიპ 1-სა და ტიპ 2-ს შორის, საბედნიეროდ, ტიპი 2-ისკენ იხრება – მასზე შემთხვევათა 90% მოდის.
   ტიპი 1 (დიაბეტის ის ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და შედარებით ახალგაზრდებს ემართებათ) გამოწვეულია იმუნური პროცესების დარღვევით ან იდიოპათიურია (დაუდგენელი მიზეზით არის განპირობებული). ამ დროს ზიანდება და იშლება ინსულინის გამომმუშავებელი უჯრედები და ორგანიზმში ეს ჰორმონი საჭიროზე გაცილებით ნაკლები ოდენობით ან სრულებით აღარ წარმოიქმნება, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას ქმნის. ასეთი ავადმყოფები მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიაზე იმყოფებიან – მუდმივად იკეთებენ ინსულინს. სხვაგვარად ისინი კეტოაციდური კომით დაიღუპებიან.
   ტიპი 2 უმთავრესად მოწიფულ და ასაკოვან პირებს ემართებათ. 
   მოგეხსენებათ, მედიცინაში ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არ არის. ბოლო დროს ბავშვებშიც მოიმატა ტიპის 2 დიაბეტმა (უმთავრესად – ჭარბწონიანობის ხარჯზე) და მოზრდილებს შორისაც შეიძლება შევხვდეთ დიაბეტის ტიპ 1-ს, რომელიც ამ ასაკისთვის ტიპური არ არის, მაგრამ ბეტა უჯრედების დაზიანება ახასიათებს. მას მოგვიანებითი იუვენილური დიაბეტი ეწოდება.
   რაც შეეხება ორსულთა დიაბეტს, ამ დროს ორგანიზმში ხდება ჰორმონული ძვრების მთელი წყება. იმატებს ინსულინის საწინააღმდეგო ჰორმონების სინთეზი. საბედნიეროდ, მეტწილად ეს ფიზიოლოგიური მდგომარება თავისთავად გაივლის. თუ ნახშირწყლოვანი ცვლა დაირღვა, ქალი ინსულინზე გადაგვყავს. ორსულს ტაბლეტებს არ ვუნიშნავთ, რადგან პლაცენტური ბარიერი მათ ვერ აკავებს. ორსულობის გამო სარისკოა შეზღუდული დიეტის დანიშვნაც.
   ბავშვის დაბადების შემდეგ დიაბეტისგან შესაძლოა კვალიც არ დარჩეს, მაგრამ დედა-შვილი რისკჯგუფში რჩება და პერიოდულად მაინც სჭირდება ნახშირწყლოვანი ცვლის გაკონტროლება სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრით როგორც უზმოზე, ასევე საკვებით ან გლუკოზით დატვირთვის შემდეგ, ანდა გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრით, რაც გვიჩვენებს, რამდენად იყო დარღვეული ნახშირწყლოვანი ცვლა იმ სამი თვის განმავლობაში, რომელიც ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობას შეესაბამება.
   დიაბეტის ტიპური და ცნობილი სიმპტომებია პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი, გაძლიერებული შარდვა, წონის კლება ნორმალური ან გაძლიერებული მადის ფონზე. ეს ნიშნები მკვეთრად აქვთ გამოხატული ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულებს. ტიპი 2-ის შემთხვევაში ხსნებული სიმპტომები  გაცილებით სუსტია, ამიტომ მათ ხშირად ყურადღებას არ აქცევენ და ექიმს დაგვიანებით, უკვე გართულებების (მაგალითად, კანის ქავილის, ჰიპერტენზიის, მხედველობის დაქვეითების და სხვ.) გამო მიმართავენ.
   ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში დაავადებულთა 80%-ს აღენიშნება ჭარბი წონა ან სიმსუქნე, რაც ინსულინის ბიოლოგიური ეფექტების დაქვეითებას იწვევს. ასეთ შემთხვევას ინსულინრეზისტენტულს ვუწოდებთ.
   დღეს ერთობ აქტუალურია მეტაბოლური სინდრომი – პრედიაბეტური და პრეათეროსკლეროზული მდგომარეობა, ინსულინრეზისტენტობა, რაზეც ინსულინის წარმომქნელი ნორმალური ბეტა უჯრედები ინსულინის ჭარბი სეკრეციით პასუხობენ. საბედნიეროდ, ეს შედარებითი რეზისტენტობაა და ბეტა უჯრედების ფუნქციის ადეკვატური გაძლიერების ხარჯზე ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა შესაძლოა კარგა ხანს არც კი გამომჟღავნდეს. უკეთ, არ ჩამოყალიბდეს დიაბეტის ტიპური სურათი, მაგრამ მოიმატოს არტერიულმა წნევამ, ცხიმოვანი ცვლის დარღვევამ გამოიწვიოს ათეროსკლეროზი – სისხლძარღვებში ლიპიდების ჩალაგება და მათი სანათურის შევიწროება, რაც ინსულინრეზისტენტობის ფონზე უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს და შედარებით ახალგაზრდებს უვითარდებათ.
   დაიხსომეთ: თუ ბეტა უჯრედები ჯანმრთელია, ტკბილეულის მიღება ნახშირწყლოვან ცვლას არ არღვევს, მაგრამ ბევრი ტკბილეული ასუქებს ადამიანს, სიმსუქნე კი დიაბეტის აღმოცენების ალბათობას ზრდის. თუ რისკის ფაქტორი, მაგალითად, მეტაბოლური სინდრომი, იმთავითვე არსებობს, სჯობს, შევზღუდოთ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები: შაქარი, გლუკოზა, ლეღვი, ფუნთუშეული, თეთრი პური, ღომი და სხვა.
   საკვების შემადგენლობის გარდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი მიღების ჯერადობას და დროს. ზოგი დილით და შუადღისას არაფერს ჭამს და ვახშამზე ინაზღაურებს მთელი დღის ნორმას. ეს არაჯანსაღი კვებაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობასაც, რომელსაც ზომიერად ყველა უნდა მისდევდეს. მეტაბოლური სინდრომისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისგან განსხვავებით, ინსულინოთერაპიაზე მყოფმა პაციენტმა იცის, რა არის ჰიპოგლიკემია და კეტოაციდოზი, ამიტომ უფრო დისციპლინირებულია, უფრო მეტად ითვალისწინებს ექიმის რჩევას. ტიპი 2 დიაბეტისა და მეტაბოლური სნდრომის მქონე პირები ნაკლებად დისციპლინირებულნი არიან, ვერ ელევიან ცხოვრების ჩვეულ წესს, ვიდრე ნახშირწყლების ცვლის დარღვევა არ ჩამოუყალიბდებათ ან ათეროსკლეროზის ნიშნები არ გამოაჩნდებათ. ამ ეტაპზე დაავადების უკუგანვითარება პრაქ3ტიკულად შეუძლებელია, მაშინ როცა მეტაბოლური სინდრომის მკურნალობით შეიძლება დიაბეტისა და ათეროსკლეროზის თავიდან აცილება თუ არა, საგრძნობი გადავადება მაინც. ამის კვალობაზე, მიდგომა რამდენადმე შეიცვალა: მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მას დიაბეტის და ათეროსკლეროზის ჩამოყალიბების მაღალი რისკი გააჩნია და იგი, რაც შეიძლება სწრაფად, საჭიროებს მკურნალობას (ძირითადად ცხოვრების წესის მოდიფიცირების გზით).  არადა, ცხოვრების წესის შეცვლა (დიეტა და დოზირებული ფიზაქტივობა) უაღრესად ეფექტური საშუალებაა ტიპი 2 დიაბეტისა და ათეროსკლეროზის პრევენციისთვის. ამერიკასა და შვედეთში ამ საკითხის შესასწავლად ექსპერიმენტი ჩატარდა. ტიპი 2 დიაბეტის რისკჯგუფს დაუნიშნეს დიეტა შეზღუდული კალორაჟით და ოდნავ გაუზარდეს ფიზიკური აქტივობა, ვთქვათ, მოსთხოვეს დღეში ოცდაათწუთიანი სიარული. შედეგად ამ ჯგუფში საკონტროლოსთან შედარებით 58%-ით შემცირდა დიაბეტის განვითარების ალბათობა.
   დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის დიეტის არსი ის არის, რომ თუ დიაბეტიანი ადეკვატურ მკურნალობას იტარებს, ყოველგვარი პროდუქტის მიღება შეუძლია, ოღონდ ზომიერად. ჩვენთან დიაბეტიან ბავშვებს (ტიპი 1) ყოველწლიურად უტარდებათ 10-14-დღიანი საბანაკო შეკრებები, სადაც თვითმოვლის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ტრეინინგს გადიან. ბავშვებს იქ ყოველგვარ საკვებს აძლევენ, მხოლოდ – მკაცრი დოზირებით. ასე ხდება ბავშვების ფსიქოლოგიური რეადაპტაცია საზოგადოებაში. 
   რაც შეეხება დაფინანსებას, ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს საერთაშორისო დონის იდეალური პროგრამა ბავშვებისთვის. სახელდობრ, არსებობს დიაბეტურ ბავშვთა ასოციაცია, რომელსაც ბატონი კობა ამირხანაშვილი ხელმძღვანელობს. ასოციაცია ათასამდე ბავშვს აერთიანებს. მათ ყოველგვარი დაფინანსება აქვთ: ინსულინის შპრიც-კალმისტრები, გლუკომეტერები, ინსულინი, კონტროლი ყოველ ექვს თვეში და თუ საჭირო გახდა, დამატებითაც. ჩვენი მიზანია, მოზრდილებშიც იმავეს მივაღწიოთ.

გააზიარე: