მეცხრე გაკვეთილი დიაბეტური ტერფი

გააზიარე:

დაპირებისამებრ, ამჯერად შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ გართულებაზე – დიაბეტურ ტერფზე გესაუბრებით. მის სიხშირეზე ისიც მეტყველებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში არატრავმული ამპუტაციების 50-70%-ის მიზეზი დიაბეტია. თუ ენდოკრინოლოგთან პირველივე ვიზიტის დროს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტის ტერფს ინსტრუმენტულად შევაფასებთ, ათიდან ცხრა შემთხვევაში განსაზღვრული ტიპის ნეიროპათიას აღმოვაჩენთ. ამიტომ დიაბეტური ტერფის სწორი მკურნალობისთვის ადრეული დიაგნოსტიკა მეტად მნიშვნელოვანია.
კონკრეტული მიზეზები
დიაბეტური ტერფი შესაძლოა გამოწვეული იყოს ქვედა კიდურების მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით, ნერვული დაბოლოებების დაზიანებით ან ორივე მიზეზით ერთდროულად (დიაბეტური ტერფის ანგიოპათიური, ნეიროპათიური და კომბინირებული ფორმები). სათანადო მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია იმის დადგენა, რა ტიპის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. 
რას ვიკვლევთ
დაიბეტურ ტერფს აფასებს პოდიატრი – ექიმი, რომელიც დიაბეტური ტერფის მკურნალობაში სპეციალიზდება. მან უნდა გამოიკვლიოს ქვედა კიდურების სისხლძარღვების გამავლობა, შეაფასოს ზედაპირული მგრძობელობა, ტერფის დეფორმაცია, ცვლილებები კანისა და ფრჩხილების მხრივ. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ეს სამედიცინო სპეციალობა არ არსებობს, ჩვენს კლინიკაში ერთი კონსულტაციის ღირებულებით დიაბეტურ ტერფს სამი სპეციალისტი– ნევროლოგი, ანგიოლოგი და დერმატოლოგი – იკვლევს.
სტანდარტულ შემთხვევაში დიაბეტური ტერფი პაციენტმა წელიწადში ერთხელ უნდა გამოიკვლიოს.
ქვედა კიდურების სისხლძარღვებს ვაფასებთ გოჯ-მხარისა და თით-მხარის ინდექსების განსაზღვრით და ქვედა კიდურების არტერიათა ულტრაბგერითი გამოკვლევით. ქვედა კიდურების მაინერვირებელი ნერვების შეფასება შემდეგნაირად ხდება: ნევროლოგი სპეციალური ხელსაწყოებით ამოწმებს ზედაპირულ მგრძნობელობას ანუ მგრძნობელობას შეხების, ტკივილის, ტემპერატურისა და ვიბრაციის მიმართ. ამასთან ერთად, ატარებს იმ ორი ნერვის ნეიროგრაფიას, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანება დიაბეტის დროს.
დერმატოლოგი აფასებს კანსა და ფრჩხილებს. დიაბეტიან პაციენტებს ხშირად აქვთ სოკოვანი ინფექცია.
როგორ ვმკურნალობთ
ნეიროპათიური დაზიანების მკურნალობის უპირველესი კომპონენტი გლიკემიის მოწესრიგება გახლავთ. ფართოდ გამოიყენება ასევე B ჯგუფის ვიტამინები და ალფა ლიპოის მჟავა. ამგვარი მკურნალობა სასურველია ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, სამთვიანი კურსების სახით. ზოგიერთ პაციენტთან აუცილებელია ტკივილის მართვა ნევროლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტებით.
სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში, სათანადო ჩვენების არსებობისას, შესაძლებელია არტერიების გამავლობის აღდგენა ბალონირებით ან შუნტირებით (ოპერაციული გზით).
დეფორმაცია
ნეიროპათია ხშირად იწვევს ტერფის დეფორმაციას, რის შედეგადაც ტერფის ყრდნობის წერტილები იცვლება და იზრდება ამ ადგილას წყლულის გაჩენის ალბათობა. მარტივი დეფორმაციის შემთხვევაში სასურველია, პაციენტმა  ორთოპედს მიმართოს, რომელიც შესაბამის ფეხსაცმლს შეურჩევს და მოარგებს (თუმცა ჩვენს სინამდვილეში ასეთი სპეციალისტის პოვნა რთულია). თუ დეფორმაცია ისეთია, რომ ფეხსაცმელი ვერაფერს უშველის, საქმეში პლასტიკური ქირურგი უნდა ჩაერიოს და დეფორმაციის კორექცია ქირურგიული გზით მოხდეს. დიაბეტური ტერფის მკურნალობა კომპლექსურია და სხვადასხვა სპეციალისტის გუნდურ მუშაობას მოითხოვს.
რეკომენდაციები დიაბეტური ტერფის საპროფილაქტიკოდ
• ნუ მოსწევთ თამბაქოს – ის აზიანებს სისხლძარღვებს.
• ტერფები ყოველდღიურად შეიმოწმეთ. არ გამოგეპაროთ ბუშტუკი, ნახეთქი, ნაკაწრი. გულდასმით დაითვალიერეთ პლანტარული ზედაპირი – ფეხისგულები და თითებშუა არსებული არეები. ამისთვის სარკე გამოიყენეთ.
• თუ ნაკაწრი ან სხვა სახის დაზიანება 2-3 დღის განმავლობაში არ შეხორცდა, მიმართეთ ექიმს.
• ფეხები ყოველდღე დაიბანეთ თბილი წყლით და კარგად გაიმშრალეთ, განსაკუთრებით – არეები თითებს შორის.
• ერიდეთ მეტისმეტად დაბალ და მაღალ ტემპერატურას. ბანაობის წინ წყლის ტემპერატურა შეამოწმეთ არა მტევნით ან ტერფით, არამედ იდაყვით.
• ნუ ივლით ფეხშიშველი, ნურც მეტისმეტად ღია ფეხსაცმლით – შესაძლოა, ტერფი დაიზიანოთ.
• ნუ დაიდებთ ტერფებზე სათბურს.
• ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანებს.
• ნუ გამოიყენებთ ქიმიურ და ანტისეპტიკურ საშუალებებს კოჟრების მოსაცილებლად. 
• კატეგორიულად იკრძალება ფრჩხილის დამარბილებელი პლასტირებისა და ხსნარების გამოყენება.
• ფრჩხილი უნდა დამოკლდეს ქლიბით და არა მაკრატლით.
• წინდა და ფეხსაცმელი გულდასმით უნდა შეირჩეს, იყოს ნატურალური, თავიდანვე კარგად მორგებული, ორთოპედიული.
გვესაუბრა „ავერსის კლინიკის“ ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი
მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: