შაქრიანი დიაბეტი და ორსულობა

გააზიარე:

როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იუწყება, შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში 220 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ესოდენგავრცელებული ქრონიკული დაავადება, ბუნებრივია, არც მომავალ დედებს აუვლის გვერდს. მეტიც: დაავადებამ შესაძლოა სწორედ ორსულობისას იჩინოს თავი. რა იწვევს ორსულთა დიაბეტს, რა პრობლემებს უქმნის დაავადება მომავალ დედასა და ნაყოფს? ამ და სხვა საკითხებზე “ავერსის კლინიკის” ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი გვესაუბრება.

– ქალბატონო ნინო, რამდენად ხშირად ვხვდებით შაქრიან დიაბეტს ორსულებში და თუ შეიძლება, ყველა შემთხვევას ორსულთა დიაბეტი ვუწოდოთ?
– გესტაციური (ორსულთა) დიაბეტის გავრცელების სტატისტიკური მონაცემები, ქვეყნისა და მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად, სხვადასხვანაირია. მაგალითად, აშშ-ში ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა ორსულთა 0.6-15%-ს აღენიშნება. აქედან მეათედს შაქრიანი დიაბეტი ორსულობამდეც ჰქონდა, დანარჩენს კი დაავადება პირველად ორსულობისას გამოუმჟღავნდა. გესტაციური დიაბეტი მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევას ეწოდება.
ეთნიკური კუთვნილება შემთხვევით არ მიხსენებია. მაგალითად, კავკასიელ ქალებში ტიპობრივად ყოველი 100 ორსულიდან გესტაციური დიაბეტი მხოლოდ 1-ს ან 2-ს უვითარდება, აზიელებში, აფრიკელებში, ლათინოამერიკელებში – 5-8-ს, ხოლო ამერიკის აბორიგენებში – 15-საც კი.
– რა განაპირობებს ორსულთა დიაბეტის განვითარებას?
– ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნას ორგანიზმში ინსულინი უზრუნველყოფს. ორსულობის დროს მთელი ორგანიზმი განსხვავებულ რეჟიმში ფუნქციობს. პლაცენტის ჰორმონები ინსულინს თავისი საქმის შესრულებაში ხელს უშლიან, ამიტომაც ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალურ დონეზე შესანარჩუნებლად პანკრეასს 3-ჯერ მეტი ინსულინის გამომუშავება უხდება. ამ გამოცდას ორგანიზმი  უმეტესად წარმატებით ართმევს თავს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სისხლში გლუკოზის ნორმალური კონცენტრაციის შენარჩუნებას ზედმეტი ინსულინიც კი ვერ უზრუნველყოფს და ორსულობის მე-20-24 კვირისთვის გესტაციური დიაბეტი იჩენს თავს.
– რა საფრთხეს უქადის შაქრიანი დიაბეტი დედასა და ნაყოფს და როდის არის ეს საფრთხე განსაკუთრებით მაღალი?
– თუ დიაგნოზი დასმულია და პაციენტი ექიმის მითითებებს ზუსტად ასრულებს, გართულების რისკი ჩვეულებრივი ორსულობისას ოდნავ თუ აღემატება, ნებაზე მიშვებული შაქრიანი დიაბეტი კი დიდ საფრთხეს უქმნის როგორც მომავალი დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას.
ნაყოფის განვითარებისთვის პირობები განსაკუთრებით არახელსაყრელია, როდესაც ქალს შაქრიანი დიაბეტი ორსულობამდეც ჰქონდა, მით უმეტეს – თუ არ იცოდა მისი არსებობა ან ცუდად აკონტროლებდა. ნაყოფის ორგანოები ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში ყალიბდება. ამ ხნის განმავლობაში გლუკოზის მაღალმა დონემ ან მისი დონის ძლიერმა მერყეობამ შესაძლოა ტვინის, ხერხემლის, გულის განვითარების მანკები ან თვითნებური აბორტი გამოიწვიოს. გესტაციური დიაბეტი კი, ჩვეულებრივ, მაშინ ვითარდება, როდესაც ნაყოფის ორგანოგენეზი დამთავრებულია, ამიტომ განვითარების მანკის ჩამოყალიბების ალბათობა ნაკლებია. სამაგიეროდ, თუ ამ დროს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, შესაძლოა თავი იჩინოს მაკროსომიამ (ახალშობილის ნორმალურზე მეტმა წონამ), რაც, თავის მხრივ, ართულებს მშობიარობას და ზრდის სამშობიარო ტრავმის ალბათობას. შესაძლოა, ბავშვს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდეს. რაც შეეხება დედის მხრივ მოსალოდნელ პრობლემებს, ამ დროს იმატებს ეკლამფსიის – ორსულობასთან დაკავშირებული ყველაზე მძიმე პათოლოგიის – განვითარების საფრთხე. 
– რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, შაქრიანი დიაბეტი რომ არ გამოგვეპაროს?
– ეს სიმპტომები ყველამ იცის: ხშირი შარდვა, წყურვილი, კანის ქავილი, ადვილად დაღლა. თუმცა ზოგჯერ ისინი საერთოდ არ არის გამოხატული, ზოგჯერ კი ორსულობის ნორმალურ გამოვლინებაში ეშლებათ. გადახრას არც ის ანალიზები გვიჩვენებს, რომლებსაც ორსულებს ჩვეულებრივ უტარებენ; სტატისტიკით, შარდში გლუკოზა დიაბეტით დაავადებული ხუთი ორსულიდან მხოლოდ ერთს უფიქსირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რისკფაქტორების შეფასება. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მონაცემებით, სკრინინგის (გამოკვლევა ამა თუ იმ პათოლოგიის გამოსავლენად) ჩატარება მხოლოდ დაბალი რისკის დროს არ არის საჭირო, ამ ჯგუფში კი ხვდებიან 25 წლამდე ასაკის ნორმალური წონის მქონე ქალები, რომელთაც არ ჰყავთ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირველი რიგის ნათესავები, არ ჰქონიათ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის ან ინსულინრეზისტენტობის ეპიზოდი, ანამნეზში არ აღერიცხებათ მკვდრადშობადობა ან დიდი წონის ახალშობილის დაბადება. რაც შეეხება სკრინინგტესტს, ეს არის უზმოზე და 50 გ გლუკოზის ხსნარის დალევიდან 1 საათის შემდეგ სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა. თუ გლუკოზის მაჩვენებელი ტესტის შემდეგ 140მგ`დლ-ზე (7.8 მმმოლ`ლ) მაღალი აღმოჩნდა, მიმართავენ ტესტს 75 გ გლუკოზით (გლუკოზის დონეს უზმოზე და ხსნარის დალევიდან 2 საათში განსაზღვრავენ). ზოგიერთი ცენტრი ყველა გამოსაკვლევი ორსულისთვის პირდაპირ უკანასკნელი ტესტის ჩატარებას უჭერს მხარს.
– რით განსხვავდება ორსულობისას შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის პრინციპები?
– განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიეტას, ზომიერ და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და სისხლში გლუკოზის დონის ინტენსიურ კონტროლს. გლუკოზის სტაბილური დონის შესანარჩუნებლად ეს უმეტესად საკმარისია. რაც შეეხება მედიკამენტებს, დღემდე ძირითადად ინსულინს ვიყენებდით. ბოლო ხანს გამოჩნდა მონაცემები ზოგიერთი ორალური შაქარდამწევი პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, თუმცა პრაქტიკაში მათ გამოყენებაზე ლაპარაკი ნაადრევია, საჭიროა გამოკვლევების ჩატარება შორეულ შედეგებზე დასაკვირვებლად.
– თუ ემუქრებათ გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებსა და მათ შვილებს მომავალში დიაბეტის განვითარების საფრთხე?
– გესტაციური დიაბეტის დროს მშობიარობის შემდეგ გლუკოზის ცვლა, ჩვეულებრივ, ნორმას უბრუნდება, თუმცა მშობიარობიდან 5 წლის განმავლობაში ასეთ ქალებს II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობა აქვთ, თუმცა მრავალრიცხოვანი კვლევა ამტკიცებს, რომ ცხოვრების წესის გაჯანსაღებას შეუძლია, პაციენტთა ამ ჯგუფს (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს) საგრძნობლად შეუმციროს ხსენებული საფრთხე.

გააზიარე: