ორსულობა და გულის მანკი

გააზიარე:

ორსულობა ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ცვლილებათა წყებას იწვევს. ცხადია, ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც ეხება. მეტიც – ეს სისტემა ყველაზე მეტად მოითხოვს ახალ მდგომარეობასთან ადაპტირებას, ვინაიდან გული მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა სხვა საადაპტაციო მექანიზმის განხორციელებაში. სწორედ დედის სისხლის მიმოქცევაზეა დამოკიდებული ნაყოფის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები, ამიტომ ორსულის გულის მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც თავად ქალის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

რა ელის პატარას, როდესაც დედის გულს საფრთხე ემუქრება?

ქალის ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვანი ცხრა თვის განმავლობაში გულის მუშაობა შეიძლება ორი მიზეზით დაირღვეს: ან ორსულობამდე, ან ორსულობის დროს განვითარებული გულის დაავადების გამო. ამჯერად ყურადღებას პირველზე შევაჩერებთ.

დანის პირზე

ბავშვის მუცლით ტარება დედის გულს დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. ორსულობის დროს საგრძნობლად იმატებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვა, რადგან დედის სისხლის მიმოქცევას ნაყოფისაც ემატება: იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა (30-50%-ით ბოლო ორ თვეს), გულის შეკუმშვათა სიხშირე (10-20 დარტყმით მეტი წუთში), გულის წუთმოცულობა, არტერიული და ვენური წნევა, სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა.

საშვილოსნოს ზრდასთან ერთად დიაფრაგმა მაღლა იწევს, რის შედეგადაც გულის ღერძი ჰორიზონტალურად გადანაცვლდება.

ორსულობისას სხეულის წონა 10-11%-ით იმატებს, რის გამოც ჯანმრთელი გულის მქონე ორსულსაც კი შეიძლება დაერღვეს გულის რიტმი და სარქველთა მუშაობა.

ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმს დიდი სარეზერვო პოტენციალი აქვს – უნარი შესწევს, განსაზღვრულ ეტაპამდე საკუთარი რესურსებით გაუმკლავდეს პრობლემას. ორგანიზმის რეზერვებით განსაკუთრებით ადვილად კომპენსირდება მსუბუქი დარღვევები. მაგრამ საკმარისია ავადმყოფობა ან ზედმეტი დატვირთვა, რომ პათოლოგიამ თავი იჩინოს. ამგვარ გამშვებ მექანიზმად ხშირად სწორედ ორსულობა გვევლინება.

ორსულობის დროს უკვე არსებული პათოლოგია შესაძლოა გამწვავდეს, დამძიმდეს და გართულდეს.

რა უჭირს გულს

ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის თანახმად, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს შორის, რომლებიც ორსულებთან აღირიცხება, ყველაზე ხშირია გულის მანკი.

მანკი გულის სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის დარღვევაა (სარქველები აღებს და ხურავს გულის საკნებს შორის, ასევე – გულსა და მსხვილ სისხლძარღვებს შორის არსებულ ხვრელებს). ის თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. რეპროდუქციულ ასაკში უფრო მეტად თანდაყოლილი მანკები გვხვდება. შეძენილი მანკების 90% რევმატიზმის ფონზე ვითარდება. მათ შესაძლოა ორსულობის ნებისმიერ ვადაზე იჩინონ თავი.

ზოგიერთ ორსულს მანკი არც კი აწუხებს, ზოგიერთთან კი სერიოზულ გართულებებს იწვევს. ყველაზე საშიში გართულება გულის უკმარისობაა.

თუ ორსულობა არააქტიური რევმატული პროცესის ფონზე დაიწყო, პროგნოზი კეთილსაიმედოა.

როდესაც გულის მანკი მიშვებულია, მოსალოდნელია ისეთი გართულებების განვითარება, როგორიცაა ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, ანემია, პრეეკლამფსია. დედის სისხლის მიმოქცევის ასეთ დარღვევებს მოსდევს ფეტოპლაცენტური უკმარისობა, ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობა (ჰიპოქსია) და თუ ამ დროს სათანადო ზომები არ მივიღეთ, შესაძლოა, ნაყოფის ზრდა შეფერხდეს (ჰიპოტროფია).

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქალმა, რომელიც დედობისთვის ემზადება, დაორსულებამდე აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს გულის თანდაყოლილი თუ შეძენილი მანკის გამოსარიცხად. თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცოდნა მას მომავლის დაგეგმვას გაუადვილებს და თუ ორსულობა და მშობიარობა მისთვის ნებადართულია, შეეძლება, მშვიდად და გულდასმით მოემზადოს ამ საპასუხისმგებლო პერიოდისთვის.

თანდაყოლილი საფრთხე

გულის განვითარების ანომალიები მრავალფეროვანია. მათ წილად მოდის მანკების 3-5%. თანდაყოლილი მანკის დროს ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობა არა მარტო მანკის ფორმაზე, არამედ გართულების არსებობა-არარსებობაზეც არის დამოკიდებული. გართულებაა სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ფილტვის არტერიაში წნევის მატება, სისხლის ჟანგბადით გაჯერების გამოხატული დაქვეითება. ორსულობა ნებადართულია ისეთი თანდაყოლილი მანკების დროს, როგორიცაა ბოტალოს ღია სადინარი, ფილტვის არტერიის იზოლირებული უკმარისობა სუსტად გამოხატული სტენოზით, I ხარისხის აორტის კოარქტაცია (განშრევება), პარკუჭთაშორისი ძგიდის დაბლა მდებარე დეფექტი ან უმნიშვნელოდ გამოხატული წინაგულთაშორისი დეფექტი. ორსულობა უკუნაჩვენებია მაღლა მდებარე პარკუჭთაშორისი ძგიდის დეფექტის, მკაფიოდ გამოხატული ფილტვის არტერიის სტენოზის, მნიშვნელოვანი წინაგულთაშორისი დეფექტის, აორტის კოარქტაციის და ლურჯი ტიპის მანკების დროს (ლურჯს უწოდებენ მანკს, რომლის დროსაც არტერიული და ვენური სისხლი ერთმანეთს ერევა).

ქალებს, რომლებმაც გულის თანდაყოლილი მანკის წარმატებული ოპერაცია გადაიტანეს, უმეტესად შეუძლიათ მშობიარობა. ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი დაახლოებით ერთ წელიწადს გრძელდება, ამიტომ ორსულობა ამ ვადაზე ადრე არ უნდა დაიგეგმოს.

ოპერაციის შემდეგ ორსულობის უკუჩვენებაა ბაქტერიული ენდოკარდიტი, რევმატიზმის გამწვავება, მიტრალური სტენოზის განმეორებითი განვითარება.

პროცესის კვალდაკვალ

თუ მომავალ დედას გულის მანკი აქვს დიაგნოსტირებული, შესაძლოა, მედიკამენტური მკურნალობა მთელი ორსულობის განმავლობაში დასჭირდეს. მკურნალობის მიზანი სისხლის მიმოქცევის მოწესრიგება და ნაყოფის განვითარებისთვის ნორმალური პირობების შექმნაა. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას, უმეტესად – ორსულობის მე-18-26-ე კვირას. მთელი ორსულობის განმავლობაში პერიოდულად ტარდება ნაყოფის გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა (კარდიოტოკოგრაფია) და დოპლეროგრაფია საშვილოსნო-პლაცენტისა და ნაყოფის სისხლის მიმოქცევის შესაფასებლად და ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) გამოსარიცხად. ბუნებრივია, მუდმივი მეთვალყურეობა ხორციელდება დედის გულზე.

კვლევები ცხადყოფს, რომ გულის მანკის მქონე ქალები, რომელთათვისაც ორსულობა უკუნაჩვენები არ არის, არასასურველ შედეგამდე მიჰყავს ექიმთან არარეგულარულ ვიზიტებს, მეანისა და კარდიოლოგის მიერ ორსულობის კომპლექსური მართვის არარსებობას, უეფექტო სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას და შეცდომებს მშობიარობისა და ლოგინობის ხანაში.

კულმინაცია

გულის მანკით დაავადებული ორსულები, წესისამებრ, სპეციალიზებულ სამშობიაროებში მშობიარობენ, სადაც მათ მეან-გინეკოლოგთან ერთად თერაპევტი, კარდიოლოგი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიც მეთვალყურეობენ. მშობიარობის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა, იმის მიხედვით, რამდენად კომპენსირებულია ძირითადი დაავადება. თუ გულის უკმარისობა არ არის გამოხატული, მშობიარობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ნაყოფის მდგომარეობის მონიტორული კონტროლის თანხლებით. მშობიარობისას ტარდება თერაპია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად და შესაბამისი გაუტკივარება. უპირატესობა ენიჭება ეპიდურალურ ანესთეზიას. ნაყოფის გამოძევებასთან დაკავშირებული ჭინთვები განსაკუთრებით მძიმეა ანომალიის მქონე გულისთვის, ამიტომ მშობიარობის ამ პერიოდის გასაადვილებლად ხორციელდება პერინეოტომია ან ეპიზიოტომია – შორისის ჩაჭრა, ხოლო სისხლის მიმოქცევის ნებისმიერი ხარისხის უკმარისობის, წინა მშობიარობებთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების დროს და მაშინაც, თუ გულის უკმარისობა უშუალოდ მშობიარობისას განვითარდა, მშობიარობა სამეანო მაშების გამოყენებით სრულდება.

ვადამდელი მშობიარობის აუცილებლობა შესაძლოა წარმოიშვას, თუ შედეგი არ გამოიღო გულის უკმარისობის კომპლექსურმა მკურნალობამ, დამძიმდა ფილტვის ჰიპერტენზია, გააქტიურდა რევმატული პროცესი ან განვითარდა თრომბოემბოლია. უმჯობესია, ეს მოხდეს 37-38-ე კვირას. მშობიარობის მეთოდს ერთობლივად არჩევენ მეანი, კარდიოლოგი და რეანიმატოლოგი.

საკეისრო კვეთა ტარდება:

* გულის მანკისა და სამეანო გართულებების თანდართვისას (ვიწრო მენჯი, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, პლაცენტის წინამდებარეობა);

* მიტრალური სარქვლის უკმარისობისას, რომელსაც თან ახლავს სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი დარღვევა (მკვეთრად გამოხატული რეგურგიტაცია – სისხლის პარკუჭიდან უკან, წინაგულში გადასროლა);

* მიტრალური სტენოზის დროს, რომელიც არ ექვემდებარება ქირურგიულ კორექციას;

* სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე აორტული მანკების დროს.

მშობიარობის შემდეგ

ბავშვის დაბადებისთანავე დედის გულის სისხლძარღვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობა მცირდება, ამიტომ მშობიარობის შემდეგ ქალს უკეთებენ პრეპარატებს, რომლებიც გულის მუშაობას აუმჯობესებს. გულის მანკით დაავადებული მელოგინეები ბინაზე ეწერებიან მშობიარობიდან არა უმცირეს ორი კვირის შემდეგ და მხოლოდ კარდიოლოგის დაკვირვების ქვეშ. თუ მშობიარობის შემდეგ ქალს წამლების მიღება სჭირდება, შესაძლოა, ექიმმა ძუძუთი კვების შეწყვეტა მოითხოვოს, რადგან ზოგიერთი პრეპარატი დედის რძეში გადადის.

თუ მშობიარობის შემდეგ გულის მანკი კომპენსირებულია და მელოგინეს მკურნალობა არ სჭირდება, მას შეუძლია, ბავშვი ძუძუთი კვებოს.

ქალებმა, რომლებსაც რევმატიზმი აქვთ, მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, რადგან ამ პერიოდში დაავადება ხშირად მწვავდება.

მარი მარღანია

გააზიარე: