გინეკომასტია
გააზიარე:
რა თქმა უნდა, მას სამშობლოს ანდა საყვარელი ქალის დაცვა უფრო შეეფერება, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან იქვე მიჩქმალული და განუვითარებელი ქსოვილი ძლიერი სქესის გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ილაშქრებს და საკუთარ პრეტენზიებს თვალში საცემად აცხადებს. ასე რომ, თუ სარკეში ჩახედვისას ან შვილის შიშველი ტორსის თვალიერებისას ელდა გეცათ, მტკვარში გადახტომას ნუ იჩქარებთ. უმეტესად სანერვიულო არც არაფერია, სხვა შემთხვევაში კი მდინარისკენ არა, მაგრამ ექიმის კაბინეტისკენ მოკურცხვლა ნამდვილად მოგიწევთ. მოდი, ნიუანსებში ერთად გავერკვიოთ.
ყველაფერი რიგზეა
ვერ გეტყვით, თანასწორობის მოტრფიალეა ბუნება თუ სხვა ბრძნულ ჩანაფიქრს მისდევს, მაგრამ ფაქტია: სარძევე ჯირკვლის ქსოვილით ორივე სქესს აჯილდოებს. თავდაპირველად ეს ძუძუს დვრილების უკან განლაგებული 3-4-სანტიმეტრიანი უჯრედების გროვაა. შთამბეჭდავ ზომებს მიაღწევენ თუ ასეთივენი დარჩებიან, ეს უკვე სასქესო ჰორმონებზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელთ კი თავ-თავიანთი საქმე აქვთ: ანდროგენები თმის ზრდას, კუნთების განვითარებას, ხმის დაბოხებას განაგებენ, ესტროგენები კი ქალურ ფორმებს… დიახ, თითოეულ ჩვენგანს ერთიც მოეპოვება და მეორეც, ხოლო რომელ სქესში რომელი ჭარბობს, ვგონებ, არავისთვის უნდა იყოს ძნელად მისახვედრი.
ზოგჯერ ბალანსი შესაძლოა ოდნავ დაირღვეს ან ორგანიზმმა მათზე არასტანდარტული პასუხის გაცემა მოინდომოს. ზოგიერთ ასაკში ეს პათოლოგიად არც კი ითვლება. ასე, მაგალითად: თუ თქვენს ახალშობილ ვაჟს წამოზრდილი ძუძუები ან რძის მსგავსი გამონადენი შეამჩნიეთ, ეს არც იშვიათობაა და არც პათოლოგია, უბრალოდ, ქსოვილმა დედისგან გადმოსულ ესტროგენებზე მოახდინა ადეკვატური რეაქცია. რამდენიმე დღეში ყველაფერი თავისთავად გაივლის. თინეიჯერობის პერიოდში მიმდინარე ჰორმონულ გარდაქმნებზე მსგავსი რეაქციაც არ არის საგანგაშო. რამდენიმე თვეში, დიდი-დიდი, ორ-სამ წელიწადში ბუნება თავისას გაიტანს და მამლაყინწასავით თავწამოყოფილ სარძევე ჯირკვალსაც თავის ადგილს მიუჩენს.
ახლა კი ინერვიულეთ
ყველა სხვა შემთხვევაში, ნერვიულობისა რა მოგახსენოთ, მიზეზის დადგენა კი ნამდვილად საჭიროა. მსგავსი რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს:
. ზოგიერთმა დაავადებამ:
- თირკმელზედა ჯირკვლის, სათესლის ან ჰიპოფიზის სიმსივნემ;
ჰიპერთირეოზმა (ზედმეტად აქტიურმა ფარისებრმა ჯირკვალმა);
ჰიპოგონადიზმმა (სასქესო ორგანოების განვითარების შეფერხებამ);
თირკმლის პათოლოგიებმა;
ღვიძლის უკმარისობამ;
. ზოგიერთმა მედიკამენტმა:
ჰორმონულმა პრეპარატებმა;
შიდსის სამკურნალო საშუალებებმა;
ანტიდეპრესანტებმა;
ანტიბიოტიკებმა;
ქიმიოთერაპიულმა საშუალებებმა;
წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებებმა;
. დოპინგებმა და ნარკოტიკებმა:
ანაბოლურმა სტეროიდებმა;
ამფეტამინებმა;
ჰეროინმა;
მარიხუანამ.
რა ვიღონოთ
ბუნებრივია, თუ მესამე ჯგუფთან რამე შეხება გაქვთ, თავი უნდა დაანებოთ და პრობლემაც მოგვარდება. მეორე შემთხვევაშიც ხანმოკლე გვერდითი ეფექტი მკურნალობის დამთავრების შემდეგ თავისთავად გაივლის, მაგრამ თუ ძალიან გაწუხებთ და თან ტკივილიც ახლავს, შესაძლოა, ექიმმა მედიკამენტის ნაკლებად გამაღიზიანებელი ანალოგით შეცვლაც მოახერხოს (რა თქმა უნდა, თვითშემოქმედება სასტიკად იკრძალება!). პირველ ჯგუფში შემავალ ყველა მიზეზს კი სასწრაფოდ დადგენა და მკურნალობა სჭირდება. ამისთვის, არ არის გამორიცხული, სისხლის ანალიზებისა და შინაგანი ორგანოების გამოკვლევასთან ერთად წმინდა ქალური ტესტების – მკერდის ულტრაბგერისა და მამოგრაფიის ჩატარებაც მოგიწიოთ.
გარდატეხის ასაკში კი, როგორც გითხარით, არავითარი ღონისძიება არ არის საჭირო. საკმარისია, ყმაწვილს ექიმმა რამდენიმე თვეში ერთხელ შეუმოწმოს მკერდის ზომა. პრობლემა თავისთავად მოგვარდება. მაგრამ თუ ტკივილი ან გარეგნობის შეცვლა ბიჭს ძალიან აწუხებს, შეიძლება, პროცესი სპეციალური წამლებით დავაჩქაროთ, ძალიან იშვიათად კი ქირურგის დახმარებასაც მივმართოთ.
კიბო რომ იყოს!..
ზემოხსნებული სიმსივნეებისა რა მოგახსენოთ, მკერდის კიბო კი ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ ერთი, ასეთი რამ მამაკაცებს ქალებზე 35-ჯერ უფრო იშვიათად ემართებათ. მეორეც, გინეკომასტიისა და კეთილთვისებიანი კვანძებისგან განსხვავებით, სიმსივნე უშუალოდ დვრილის ქვეშ იშვიათად ვითარდება და გინეკომასტიის დროს განვითარებული ჯირკვლის ქსოვილისგან შეხებითაც ადვილი გასარჩევია.
ნებისმიერ შემთხვევაში დაიმახსოვრეთ ერთი რამ: თუ მკერდის ასიმეტრიული ზრდა, მკერდზე კანის ჩაღრმავება ან დანაოჭება, დვრილის, მის ირგვლივ არსებული კანის სიწითლე ან აქერცვლა, დვრილიდან გამონადენი (მაგალითად, სისხლი) შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.