კვებითი დანამატები

გააზიარე:

იდუმალებით მოცული E
ყველა პროდუქტი, რომელსაც ეტიკეტზე E აწერია, კიბოს აჩენს. E-ს ციფრიც უზის გვერდით, რაც, სავარაუდოდ, კიბოს გაჩენამდე დარჩენილ დღეებს უნდანიშნავდეს... ასეთი მოსაზრება ხალხში ნამდვილად არსებობს, თუმცა საქმეში მეტ-ნაკლებად გარკვეულ ადამიანებს უკვირთ, რატომ ამოიჩემა მომხმარებელმა სრულიად ლათინური ანბანის ეს უწყინარი ასო.
დავიწყებთ იმით, რომ აღნიშვნა E საკვების არც ღირსებასა და არც ნაკლზე არ მიუთითებს. მაგალითად, E300 გვაუწყებს, რომ პროდუქტი ასკორბინის მჟავას შეიცავს, E330 – ლიმონისას და ა.შ. E მხოლოდ და მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ აღნიშნულ ნივთიერებას ნუმერაციის საერთაშორისო სისტემის მიერ გარკვეული ნომერი აქვს მინიჭებული.
გემოს გამაძლიერებლები, საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, E600-დან E699-მდე იმალებიან. სწორედ მათი წყალობით არის, ყველისა და ლორისგემოიან ჩიფსებს რომ მივირთმევთ და საზამთროს არომატით გაჟღენთილ კევს ვღეჭავთ. ალბათ იტყვით: “აი, სწორედ ესენია, კიბოს რომ აჩენენ! ეს არის ის ქიმია, ორგანიზმს რომ წამლავს!” სინამდვილეში გემოს გამაძლიერებლები ბუნებრივი მასალისგან მზადდება, ასე რომ, “ქიმია” არაფერ შუაშია.

მეხუთე ელემენტი
გემოს გამაძლიერებელთა შორის გლუტამინის მჟავა ლიდერობს. ის უხვად არის ქათმის ხორცში, ნიახურში, ყველაზე მდიდარი საბადო კი წყალმცენარე კომბუა, რომელიც იაპონურ კერძებში ფართოდ გამოიყენება. სწორედ კომბუსგან მიიღო იაპონელმა მეცნიერმა კიკუნა იკედამ 1908 წელს პირველად გლუტამინის მჟავა. თავდაპირველად ამ ნივთიერებას იყენებდნენ როგორც მასტიმულირებელ, აღმგზნებ საშუალებას. მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ გლუტამინის მჟავა ძლიერ გავლენას ახდენს გემოვნების რეცეპტორებზე – ეწებება მას და ხელს უწყობს გემოს უფრო მძაფრ აღქმას (ამ ეფექტს იაპონიაში “უმამის” უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ გემო არა ოთხი: ტკბილი, მლაშე, მჟავე და მწარე, – არამედ ხუთია, ანუ ოთხს პლუს უმამი).
ყოვლისშემძლე იაპონელებმა ნატრიუმის გლუტამატის წარმოება დაიწყეს. ამ პროდუქტს “აძინომოტო” უწოდეს (რაც “გემოს სულს” ნიშნავს) და სასადილოებში მაგიდებზე ისევე ჩამოარიგეს, როგორც ჩვენთან არიგებენ მარილსა და პილპილს.
მალე მთელ მსოფლიოში დაიწყო გლუტამინის ეპოქა. რაც უფრო მეტად იყო პროდუქტი თერმულად დამუშავებული, რაც უფრო მეტხანს იყო საჭირო მისი შენახვა, მით უფრო მალე ეკარგებოდა გემო, ამიტომ გლუტამინის მჟავას (უფრო სწორად, ნატრიუმთან ან კალიუმთან მისი ნაერთების) დამატებამ ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. რაც უფრო მეტად იხვეჭდა პოპულარობას გლუტამინის მჟავა, მით უფრო მეტი მითქმა-მოთქმა ისმოდა მის ირგვლივ. საქმეში, რაღა თქმა უნდა, მეცნიერებიც ჩაერთნენ. გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელმა ნეიროქირურგმა ცდა ჩაატარა და დაასკვნა, რომ  ნატრიუმის გლუტამატი ვირთხების ტვინს აზიანებდა, მისმა იაპონელმა კოლეგამ კი ამ ბედკრული მღრღნელების თვალების დაზიანების შესახებ გამოთქვა ჰიპოთეზა. ამის შემდეგ ადამიანებზეც გადავიდნენ, დაკვირვება ჩაატარეს და განაცხადეს, რომ მათ 30%-ს, ვინც ნატრიუმის გლუტამატით გაჯერებულ საკვებს ხშირად მიირთმევს, თავის ხშირი ტკივილი, გახშირებული გულისცემა, სულხუთვა, სხეულის ტემპერატურის მატება და ზოგადი სისუსტე აწუხებს. ვინაიდან ამ დანამატს აღმოსავლეთში აქტიურად იყენებდნენ, სიმპტომთა ერთობლიობას “ჩინური რესტორნის სინდრომი” უწოდეს.
მიუხედავად მეცნიერთა მცდელობისა, შეელახათ გლუტამინის მჟავას იმიჯი, ვარაუდი ვარაუდად დარჩა – ვერავინ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ეს დანამატი ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც გაეროს მიერ მიღებული კვებითი სტანდარტების საერთაშორისო კოდექსით ხელმძღვანელობდა, აღიარა, რომ გლუტამინის მჟავა ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია. მისი დღიური ნორმაც კი შემოგვთავაზა – 2 გრამი. მაგრამ საქმე ის არის, რომ შეფუთვაზე, წესისამებრ, არ არის მითითებული, რამდენ გრამ E-ს შეიცავს პროდუქტი. ეს იმიტომ, რომ მწარმოებელს აქვს იურიდიული უფლება, მიუთითოს დანამატების მხოლოდ სახელწოდება და არა ოდენობა გრამებსა და კილოგრამებში.

კალორიული უმამლო
რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, გლუტამატები სასარგებლოაო, არის რაღაც, რაც მათ დადებით ეფექტს ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, გემოს გამაძლიერებლებს 
დიდი ოდენობით უმატებენ ფასტფუდს ანუ ჯანმრთელობისთვის ყოვლად უსარგებლო საკვებს. ამიტომაც ჩიფსები და ჰამბურგერები ძალიან გემრიელად იჭმევა, მიირთმევ და კიდევ გინდება... 2008 წელს ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთმა ინსტიტუტმა გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ გლუტამინის მჟავათი გაჯერებულ საკვებს, უფრო ხშირად უჩივიან ჭარბ წონას. თურმე ასეთი მოსაზრება 2006 წელს გერმანელებსაც გამოუთქვამთ...
ასე რომ, “გაგემრიელებული” უსარგებლო პროდუქტისგან თავშეკავება მაინც არ იქნება ზედმეტი, თუმცა ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ E სასარგებლო საკვებშიც (ხორცის, თევზის პროდუქტებში) უხვადაა.

ბუნებრივად გემრიელი
არსებობს ისეთი პროდუქტების უზარმაზარი ნუსხა, რომლებიც თავისთავად, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე შეიცავს გლუტამინის მჟავას. ალბათ ამიტომაც არის, რომ ისინი სხვა საკვებსაც უფრო სასიამოვნო და მიმზიდველ გემოს აძლევენ.
ბუნებრივად გემრიელი საკვების ნუსხა ასეთია (გლუტამინის მჟავას შემცველობა მოცემულია მგ-ებში 100 გ პროდუქტზე): წყალმცენარე კომბუ (3190), ყველი პარმეზანი (1680), სოიის სოუსი (780), სარდინი (280), მწიფე პომიდორი (246), ყველი ჩედერი (182), ხამანწკა (140), კრაბი (72), ხახვი (51), კომბოსტო (50), სატაცური (49), ისპანახი (48).  

გააზიარე: