ყველაფერი ჯანსაღი საკვების შესახებ
გააზიარე:
რეალურად, ასეა
XXI საუკუნეში მცხოვრები ადამიანი, რომელსაც სურს, დროს აუბას ფეხი, ჯანსაღ საკვებს მიირთმევს.
ჯანსაღი ტრაპეზი რომ შედგეს, იმის ცოდნაა საჭირო, რა უნდა მივირთვათ, რომ ჯანმრთელობას მაქსიმალურად ვარგოთ. ამ საკითხით ექიმები და საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები დაინტერესდნენ და ერთობლივი მუშაობა-ანალიზის შედეგად გადაწყვიტეს, რომელი საკვები ჯანსაღია და რომელი – არა.
მოდი, დავამსხვრიოთ მითები.
მითი №1. წყალზე მომზადებული ჰერკულესის ფაფა საუკეთესო საუზმეა, შემწვარი და მოხრაკული – არამც და არამც.
ჰერკულესის ფაფა ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ თუ დილაადრიან ტაფამწვარსა და უცხიმო ხორცს გაუსინჯავთ გემოს, თან პომიდორსა და ბარდას, უხეშად ნაფქვი ხორბლის ან ჭვავის პურს მიატანთ, ჯანმრთელობას არამცთუ არ ავნებთ, არგებთ კიდეც. შემწვარი კერძი, თუ ის ცხიმით მეტისმეტად არ არის გაჯერებული, გემრიელიც არის და სასარგებლოც.
მითი №2. უცხიმო ან ნაღებმოხდილი პროდუქტი ყოველთვის დაბალკალორიულია.
ეს მოსაზრება სინამდვილეს არ შეესაბამება. საკვები ხშირად ცხიმზე არანაკლებ კალორიული კომპონენტებით არის გაჯერებული.
მითი №3. ჩირის ჭამას აზრი არ აქვს, მასში ვიტამინები აღარ არის.
ჩირი, ისევე როგორც ცოცხალი ხილი, მდიდარია ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებლოა ჩირი მათთვის, ვინც მთელ დღეს ოფისში ატარებს და წასუსვნის სურვილი უჩნდება.
მითი №4. ვეგეტარიანული საკვები ყველაზე სასარგებლოა.
თუ გგონიათ, რომ ვეგეტარიანული საკვები ზედმეტი კალორიებისგან დაგიცავთ, ცდებით – ხშირად ისინი ცხოველურ პროდუქტზე გაცილებით ნოყიერ კომპონენტებს შეიცავს, მაგრამ თუ ვეგეტარიანელი არა ზედმეტი კილოგრამების შიშით, არამედ განსხვავებული მოსაზრების გამო გახდით, შეგარგოთ.
მითი №5. ავოკადო და სხვა ტროპიკული ხილი ზოგჯერ ჯანმრთელობას ვნებს.
საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ხილის ის ჯიშები რგებს, რომელიც მის სამშობლოში მოდის, თუმცა თუ ტროპიკულ ნაყოფსაც გაჰკრავთ კბილს, ამით არაფერი დაშავდება. პირიქით, მრავალი მათგანი მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მათ შორის – ავოკადოც, რომლის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი კომპონენტი სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს.
მითი №6. თუ საკვებს მარილს არ დავუმატებთ, ორგანიზმში მისი შემცველობა საგრძნობლად დაიკლებს.
მარილის ძირითად ნაწილს (დაახლოებით 75%-ს) ორგანიზმი სხვადასხვა პროდუქტისგან ითვისებს. დამატებული მარილი, ფაქტობრივად, გემოს მისაცემად უფროა განკუთვნილი, ვიდრე დეფიციტის შესავსებად. ასე რომ, თუ უმარილოს მიირთმევთ, ნუ შეშფოთდებით. თავის წილ მარილს ორგანიზმი მაინც მიიღებს.