მაღალი წნევა კაცების წინააღმდეგ
გააზიარე:
რა თქმა უნდა, წნევის გამო წუწუნი ქალების საქმეა. ვაჟკაცობა თავის ტკივილის ატანა და თავწაკრული დიაცების დაცინვაა. წნევის გაზომვაც კი თავის დამცირებაა, დიეტა და წამლების ყლაპვა ხომ – მით უმეტეს. მაგრამ სამედიცინო სტატისტიკა, რომელსაც მხოლოდ მშრალი ფაქტები ულბობს გულს, საპირისპიროს ამტკიცებს: გულის პათოლოგიები და მათი ერთ-ერთი რისკფაქტორი, მაღალი არტერიული წნევა, ქალსა და კაცს არ განასხვავებს და ორივე
სქესის ნომერ პირველ კილერად რჩება. მეტიც: მენოპაუზამდე სუსტ სქესს ამ დაავადებებისგან ესტროგენები იცავს, ამიტომ 20-დან 45 წლამდე ასაკში წნევიანი მამაკაცებს შორის უფრო მეტია. დიახ, მომატებული წნევა კარგა ხანია აღარ არის მხოლოდ მოხუცების დაავადება და როგორც ჩანს, მალე პედიატრებსაც სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს. ყოველ მესამე მოზრდილს, განურჩევლად გენდერული კუთვნილებისა, წნევა მომატებული აქვს.
წარმოიდგინეთ, რომ პილოტი ბრძანდებით და მიუხედავად იმისა, რომ ინდიკატორები ძრავის დაზიანებას აჩვენებს, გაფრენაზე უარს მაინც არ ამბობთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, საფრენი ბილიკიც გაირბინოთ, ცაშიც აიჭრათ და ყავის დალევაც მოასწროთ, მაგრამ ალმოდებული ძრავის წარმოდგენა სიმშვიდეს აუცილებლად დაგიკარგავთ. იგივე განცდა უნდა გეუფლებოდეთ, როდესაც თქვენი ჯანმრთელობის მთავარი ინდიკატორი სახიფათო ზონაში გადადის და არც კი აპირებს, ნორმალურ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს. წნევის მომატება გულისა და სისხლძარღვების დაზიანების (იგულისხმეთ ინფარქტი და ინსულტი) ალბათობას ოთხჯერაც კი ზრდის. და რას ამბობს ამ დროს ტიპური ქართველი მამაკაცი? ხშირად რომ ვიზომავ, მაღალი წნევა იმიტომ დამჩემდაო. გენიალური დასკვნაა, ვერაფერს იტყვი! აი მეორეც, არანაკლებ გენიალური: ამ წნევას ვატარებ, ეს ჩემთვის ნორმალურიაო.
Speed Limit
ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს. წნევაც, არ არის აუცილებელი, ყველას ერთნაირი გვქონდეს. ეგ კი არა, თითოეულ ჩვენგანსაც კი მანომეტრი სხვადასხვა დროს სხვადასხვა რიცხვს უჩვენებს. ბარვისა თუ მარათონული რბოლისას წნევა, ბუნებრივია, უფრო მეტი იქნება, ვიდრე მაშინ, როცა მხარ-თეძოზე წამოწოლილები საყვარელ სერიალს ვუყურებთ. მთავარია, ეს მერყეობა ნორმის ფარგლებს არ გასცდეს. ნორმა კი ისეთი ცვალებადია, მისი პარამეტრები ექიმებს ჯერაც ვერ დაუდგენიათ. არც ისე ცოტა ხნის წინ 120/70-ს კოსმონავტის წნევას უწოდებდნენ და იდეალურადაც კი თვლიდნენ; დღეს პირველი მაჩვენებელი ბევრ სამედიცინო სკოლას უკვე დამაფიქრებლად მიაჩნია. თუმცა ამაზე ქვემოთ. ჯერ მოდი გავარკვიოთ, რა საჭიროა ორი სათაური... სათაური კი არა, ციფრი. შევთანხმდეთ: არც ერთი მათგანი არ არის არც “გულის”, არც სულისა თუ ფილტვების, თუმცა მკერდში მფეთქავ ორგანოზე ორივეა დამოკიდებული. ფიზიკოსები დაგვეთანხმებიან: წნევა იმ ზეწოლის ძალაა, რომელსაც ესა თუ ის სითხე ან აირი ჭურჭლის კედლებზე ახორციელებს. არც სისხლია გამონაკლისი, ამიტომ წნევა ყველას გვაქვს. არც ის უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი, რომ ზეწოლა გულის შეკუმშვისას (სისტოლისას) უფრო მეტია, ვიდრე მოდუნებისას (დიასტოლისას). ასე ვიღებთ წნევის ორ მაჩვენებელს – მაქსიმალურსა და მინიმალურს, ანუ სისტოლურსა და დიასტოლურს.
დავუბრუნდეთ ნორმას. ამერიკის მაღალი წნევის პრევენციის, აღმოჩენისა და მკურნალობის ეროვნული კომიტეტის დასკვნით, ჰიპერტენზიად სისტოლურის 140 და დიატოლურის 90 ან უფრო მაღალი მაჩვენებლები ითვლება (შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის ქრონიკული პათოლოგიის მქონეთათვის – 130/80-ზე მეტი), 120-139 და 80-89 – პრეჰიპერტენზიად, ნორმა კი 120/80-ზე ნაკლები გამოდის.
დაავადებაზე რომ ვისაუბროთ, მაღალი მაჩვენებლები რამდენიმე დღის ან კვირის შუალედით ორჯერ მაინც უნდა აღინუსხებოდეს, თანაც სავსებით საკმარისია, მხოლოდ ერთი მაჩვენებელი სცდებოდეს ნორმის ფარგლებს. ასეთი ტერმინიც არსებობს – “თეთრი ხალათის ჰიპერტენზია”, ანუ ექიმის კაბინეტში წნევა გიწევთ, სხვა დროს კი არ უჩივით. ექიმები ამას უვნებელ ანომალიად მიიჩნევდნენ., მაგრამ ახლახან ამერიკის ერთ-ერთ შტატში 2000-მდე პაციენტი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ საქმე უფრო სერიოზულად არის. თუ ექიმის დანახვაც კი წნევის აწევას იწვევს, ადვილი მოსალოდნელია, ორგანიზმი სხვა სტრესულ სიტუაციაშიც ასე მოიქცესო, – ამტკიცებენ მკვლევარები.
რაც შეეხება წეღან ნახსენებ “სატარებელ” წნევას: დისკომფორტს რომ არ გიქმნით, ეს, სამწუხაროდ, არაფერს ნიშნავს. ჰიპერტენზიიანთა მესამედმა საკუთარი დიაგნოზის შესახებ არაფერი იცის, ვიდრე რომელიმე სისხლძარღვი მომატებულ წნეხს ვეღარ გაუძლებს, შემდეგ კი იგებენ, თუ, რა თქმა უნდა, ამ ავარიამ მათი სიცოცხლე არ შეიწირა. უცაბედი ავარიების გარეშეც, ზედმეტი დატვირთვისა და არასაკმარისი კვების რეჟიმში მუშაობას დიდ ხანს ვერც ერთი ორგანო ვერ უძლებს. ასე რომ, გულისა თუ თირკმლის უკმარისობაც, თუ არაფერი იღონეთ, მხოლოდ დროის საკითხია… და კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც შესაძლოა ისევ ინფარქტი გერჩივნოთ: უკანასკნელი მონაცემებით, მაღალწნევიანებში ერექციული დისფუნქცია 2,5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. პრეჰიპერტენზიის დროსაც კი დარღვევის ალბათობა ნორმალურწნევიანებზე გაცილებით მეტია.
ბუნებრივია, საამისოდ მტერსაც კი არ გაიმეტებთ. თავს რაღას ერჩით? არც თავის დაცვაა ძნელი და არც პრობლემის დროულად აღმოჩენა. რთულ ან ძვირადღირებულ ტესტზე ხომ არ არის საუბარი – ნუთუ ასე რთულია, რამდენიმე წელიწადში ერთხელ მანომეტრს მკლავი შეუშვიროთ და თუ მისმა ჩვენებამ გული არ გაგიხარათ, არ წაუყრუოთ?
ეს ბედისწერაა?!
შესაძლოა, დედათქვენს მაღალი წნევა ჰქონდა, ბიძას ინფარქტი მოუვიდა, ბაბუას კი ინსულტი. გენეტიკური ფაქტორი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარებაში რომ ანგარიშგასაწევია, ექიმებმა დიდი ხანია იციან. რაც უფრო მეტ სისხლით ნათესავს აწუხებს მაღალი წნევა, მით უფრო მეტია ალბათობა, პათოლოგიამ თქვენც მოგიკაკუნოთ კარზე. მემკვიდრეობას ვერაფერს მოუხერხებთ. ისევე, როგორც ასაკს. წლების მატებასთან ერთად ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობაც იმატებს. ესენციურ ჰიპერტენზიას ვგულისხმობთ, წნევიანთა 95%-ს რომ აწუხებს. დარჩენილი 5% მეორეული ჰიპერტენზიის წილად მოდის. ამ შემთხვევაში წნევის მატება სხვა დაავადების გამოვლინებაა, ამიტომაც წნევასთან ბრძოლას ექიმები სწორედ მისი მიზეზის ძებნით იწყებენ, თუმცა უმეტესად ვერაფერსაც ვერ პოულობენ. ესენციური ჰიპერტენზიის ზუსტი მიზეზი ჯერ არავის დაუდგენია. სამაგიეროდ, რისკფაქტორებს მრავლად ასახელებენ. მათგანზე უკვე ვისაუბრეთ, დანარჩენებზე კი ვერაფრით იტყვით, ბედისწერასავით თავზე დაგვეცაო. არადა მათი როლი დაავადების წარმოშობაში შეუცვლელ ფაქტორებზე ბევრად მეტია.
* ჭარბი წონა და სიმსუქნე.დაგვეთანხმეთ, გულსა და 100000 კმ-ზე გადაჭიმულ არტერიებს, ვენებსა და კაპილარებს გამხდარი ადამიანის ორგანიზმშიც თავზე საყრელად აქვთ საქმე. ასე რომ, ღიპით საქმეს ნუღარ გაურთულებთ – მის გაძღომას ხომ უფრო მეტი სისხლძარღვი და გულის მეტი დატვირთვა სჭირდება. უბრალო ფაქტი: ჭარბწონიანთა ნახევარს წნევა მომატებული აქვს, გამხდრებში კი ავადობა 10%-ს ოდნავ აღემატება. ჭარბწონიანებისთვის წნევის ნორმის ფარგლებში დასაბრუნებლად ხშირად სულ 4-5 კგ-ის დაკლებაც კი საკმარისია.
* უმოძრაო ცხოვრება. მხართეძოზე წამოწოლა ან მხოლოდ სავარძლიდან სავარძელში გადაჯდომა (სამსახურსა და ავტომობილს ვგულისხმობთ), გარდა იმისა, რომ ზედმეტი კილოგრამებით გაჯილდოებთ, გულსა და სისხლძარღვებსაც აზარმაცებს, ტონუსდაკარგული სისხლძარღვები კი ადეკვატურად გაფართოება-შევიწროებას ვეღარ ახერხებენ. რეგულარული აერობული ვარჯიში წონის დაკლების გარეშეც კი ახდენს კეთილისმყოფელ გავლენას. დასაწყისისთვის კვირაში სულ ორსაათნახევრიანი ზომიერი დატვირთვაც (თუნდაც სწრაფი სიარული) საკმარისია.
* სტრესები. როგორც იცით, მათი წყარო თავად ცხოვრებაა, ასე რომ, სრულ უსტრესობას ამქვეყნად ვერ მოვესწრებით. არადა, ეს ავადსახსენებელი სრულიადაც არ არის ჩვენი მტერი. პირიქით, ჩვენივე გადასარჩენად მოწოდებული რეაქციაა, რომელმაც გაქცევა ან საფრთხესთან ხელჩართული ბრძოლა უნდა გაგვიადვილოს. ძაღლის თავი, აი, სად არის დამარხული: რაკი დღეს ლომ-ვეფხვს აღარ ვებრძვით, გაბრაზებისას უხვად გამოყოფილი ჰორმონები უქმად გვრჩება. ნუ ეცდებით, წყენა და ბრაზი უსიტყვოდ გადაყლაპოთ. ისწავლეთ საკუთარ ნერვებთან გამკლავება და ტკივილის გამოხატვა. თუ რამე ნერვებს გამუდმებით გიშლით, სულ ორი გამოსავალი გაქვთ: ან სიტუაცია უნდა შეცვალოთ, ან მისდამი თქვენი დამოკიდებულება. მეგობრები კი სტრესების საუკეთესო წამალია, ასე რომ, ნუ ჩამოშორდებით მათ.
* არასწორი კვება, მათ შორის – მარილიანი კერძებით გატაცება. ნატრიუმის იონები ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობენ ხელს, ეს კი წნევას კიდევ უფრო მაღლა სწევს. აღარაფერს ვამბობთ ცხოველურ ცხიმებზე. ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა და ჰიპერტენზია ხშირად კარგი მეგობრებივით ხელიხელგადახვეულები დადიან. რაციონში ხილი, ბოსტნეული, გადაუმუშავებელი მარცვლეული და უცხიმო რძის ნაწარმი უნდა ჭარბობდეს. ახლა ისე არ გაიგოთ, თითქოს მწვადებსა და ჩახოხბილთან მიკარებასაც კი გიკრძალავდეთ და ბოსტანში გიპირებთ დაბმას. ავსტრალიელმა მეცნიერებმა სულ ახლახან აღმოაჩინეს, რომ მჭლე ხორცს სისხლძარღვებსა და წნევაზე დადებითი გავლენაც კი ჰქონია.
* თამბაქო. ნიკოტინი, ბატონებო, შხამია და სისხლძარღვების დაუძინებელი მტერი, ავიწროებს მათ, თანაც ქოლესტეროლის ცვლას აუარესებს და ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ათასჯერ თქმულს: თუ ეწევით, საუკეთესო საჩუქარი, რაც კი შეგიძლიათ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას უძღვნათ, მოწევისთვის თავის დანებებაა. განურჩევლად იმისა, რამდენი ხანია ეწევით და რამდენს, თამბაქოზე უარის თქმა საგრძნობლად შეამცირებს გულისა და სისხლძარღვების დაზიანების რისკს.
* ალკოჰოლი. ერთმა ექიმმა თქვა, წამალსა და საწამლავს შორის განსხვავება მხოლოდ დოზააო. ალოკოჰოლისთვის კი ეს ზღვარი დღეში ორი ჭიქაა (ნუ წუწუნებთ – ეს ქალებისთვის ნებადართულ ოდენობაზე ორჯერ მეტია!). რამდენიმე კვლევის თანახმად, მათ, ვინც ღვინოს საერთოდ არ ეკარება, გული ზომიერად მსმელებზე ხშირად აწუხებთ. სამაგიეროდ, თუ ზედმეტი მოგივიდათ, რისკი გაცილებით იმატებს.
ვუტევთ წნევას
“ჩვენ სამნი ვართ: მე, შენ და შენი სენი. რომ გავიმარჯვო, შენ ჩემს მხარეზე უნდა იბრძოლო”, – ასე მოძღვრავდა პაციენტებს ავიცენა. სხვას ჩვენც ვერაფერს გეტყვით. თუ თავი წინასწარ დაიზღვიეთ, მაგას რა სჯობია, მაგრამ თუ მანომეტრის სვეტმა ცელქობა უკვე დაიწყო, გადაავლეთ თვალი ზემოთ ჩამოთვლილ მტრებს და თითოეულ მათგანს ვაჟკაცურად გაუმკლავდით. საზღვარგარეთელი ექიმები, თუ ჰიპერტენზია დროულად გამოავლინეს, თავიდან წამლებს არც კი უნიშნავენ – 3-6 თვე იცდიან და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ცხოვრების წესის გაჯანსაღებით ცდილობენ მდგომარეობის გამოსწორებას. და, თქვენ წარმოიდგინეთ, 35%-ში ყოველგვარი წამლის გარეშე აღწევენ წარმატებას.
როგორც ხედავთ, თქვენი უმეტესობა უწამლოდ ვერ გადარჩება, მით უფრო – თუ ექიმთან მისვლამდე წლობით მასპინძლობდით მაღალ წნევას. ასეთ შემთხვევაში თქვენს ჰიპერტენზიას უკვე ქიმიური შეტევა სჭირდება, მაგრამ თუ ცხოვრების წესის გასაჯანსაღებლად ბრძოლას არ მიატოვებთ, წამალი ნაკლები დოზით დაგჭირდებათ, უკეთაც იმოქმედებს და თქვენც უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ თავს.
ოციოდე წლის წინ ფართომასშტაბიანი სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა. რამდენიმე ქვეყნის ათეულობით კლინიკაში ათასობით მაღალწნევიანი ავადმყოფი ორ ჯგუფად დაყვეს. ნახევარს ტრადიციული, წლობით ნაცადი მედიკამენტებით გაუგრძელეს მკურნალობა, დანარჩენებს კი – ახალი სქემებით, ახალმიღებული პრეპარატებით. კვლევა დროზე ადრე შეწყდა. ჩვეულებრივ, ასეთ გადაწყვეტილებას ახალი პრეპარატების უეფექტობის ან საშიში გვერდითი მოვლენების შემთხვევაში იღებენ, მაგრამ ამჯერად საქმე სხვაგვარად გახლდათ: მეორე ჯგუფში იმდენად შემცირდა ინფარქტებისა და ინსულტების რაოდენობა, რომ მკვლევარებმა უსამართლობად მიიჩნიეს, პირველი ჯგუფის მკურნალობა ძველი მედიკამენტებით გაეგრძელებინათ და პაციენტების სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდოთ.
თანამედროვე პრეპარატები, გარდა იმისა, რომ წნევას არეგულირებენ, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ორგანოზე, ხელს უშლიან მათ დაზიანებას, თანაც ისინი სხვადასხვა ჯგუფს ეკუთვნიან და სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებენ, ეს კი ექიმებს საშუალებას აძლევს, ამ მრავალფეროვანი სპექტრიდან თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მედიკამენტი (ანდა მედიკამენტები) შეგირჩიოთ.
ნუ ანდობთ წამლის დანიშვნას მეზობლებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს და ნურც ის გეგონებათ, რომ ექიმი თქვენს წნევას თქვენს დაუხმარებლად მოერევა. მკურნალობამ მაქსიმალური შედეგი რომ გამოიღოს, ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა კიდევ რამდენიმე წესის დაცვა გევალებათ:
. გამუდმებით ადევნეთ თვალყური წნევას. მხოლოდ ასე თუ შეძლებს ექიმი, სწორად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა, დანიშნული მედიკამენტის ეფექტურობა და გართულებათა ალბათობა.
. ზუსტად დაიცავით ექიმის დანიშნულება. წამლის დალევის დავიწყება, გამოტოვება და რამდენიმედღიანი შესვენება კატეგორიულად გეკრძალებათ. არც კი იფიქროთ, რომ თუ დილით წნევა აწეული არ აღმოგაჩნდათ, წამალი შეგიძლიათ აღარ მიიღოთ! თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა შეამჩნიეთ ან თქვენი ჯიბე წამლის ფასს ვეღარ გასწვდა, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ, რჩევა ექიმს ჰკითხეთ.