ზაფხული და ქრონიკული დაავადებები

გააზიარე:

ზაფხულში უამრავი დაავადება აქტიურდება. ზოგიერთი მათგანის გახშირება გარემოს ტემპერატურის მომატებას უკავშირდება, ზოგიერთის გააქტიურებას კი ბუნებასთან ადამიანის უფრო მჭიდრო კონტაქტი უწყობს ხელს. თუ დამსვენებელთა ერთი ნაწილისთვის მთავარი პრობლემა ნაწლავთა მწვავე ინფექციაა, ნაწილი შესაძლოა მიძინებული ქრონიკული პრობლემების გამწვავებამ შეაწუხოს.

მოდი, გავარკვიოთ, რომელი ქრონიკული დაავადებების გამწვავებაში მიუძღვის ბრალი ზაფხულის სიცხეს და როგორ ავიცილოთ თავიდან ჯანმრთელობის გაუარესება ამ სეზონზე.

სასუნთქი გზები

ცნობილია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ჰაერი უფრო მეტად ბინძურდება, იმატებს ნახშირორჟანგისა და ოზონის დონე. ოზონი აირია, რომელიც ბუნებრივად გროვდება ატმოსფეროს ერთ-ერთ შრეში, სტრატოსფეროში, და ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს, რითაც მზის მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს. ადამიანებისა და მცენარეებისთვის კი ეს აირი მომწამვლელია, ამიტომ დედამიწის ზედაპირთან ახლოს მისი დაგროვება საშიშია.

მავნე აირები წარმოიშობა, როდესაც ავტომობილებისა თუ საწარმოების გამონაბოლქვი და სხვა ქიმური ნივთიერებები მზის სხივებთან ურთიერთქმედებს. მაღალი კონცენტრაციის ოზონით დიდხანს სუნთქვა ვნებს სასუნთქ სისტემას, არღვევს ფილტვების ფუნქციას და იწვევს სასუნთქი გზების ანთებას, ამწვავებს ასთმას და ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას.

ასთმა სასუნთქი გზების ანთებით მიმდინარე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს ლორწოს გაძლიერებულ წარმოქმნას, სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობას, შევიწროებას და დახშობას. ამ ყველაფერს თან ახლავს ხველა, მსტვენი სუნთქვა, ქოშინი, გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება.

ასთმა შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით და სიცოცხლისთვის სახიფათო ასთმური შეტევებით ვლინდებოდეს. დაავადებულის სასუნთქი გზები მეტად მგრძნობიარეა და მძაფრად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე, მათ შორის – სიცხეზე. სეზონთა ცვლა ბუნებრივი პროცესია, რომლის მართვაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ჯანმრთელი ადამიანი ადვილად ეგუება ატმოსფერულ ცვლილებებს, ასთმით დაავადებულისთვის კი ამინდისა და კლიმატის ცვლილება ასთმური შეტევის ძლიერი რისკფაქტორია, ამიტომ ფეხი უნდა ავუწყოთ ბუნების რიტმს და ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი:

* უპირველეს ყოვლისა, მუდამ თან გქონდეთ ინჰალატორი, რომელიც შეტევის დროს აუცილებლად დაგჭირდებათ. მოარიდეთ მზის სხივებს და სითბოს – მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება მის ეფექტიანობას ამცირებს.

* ერიდეთ გარეთ გასვლას და აქტიურ მოძრაობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში – 11-დან 15 საათამდე. ვარჯიში, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა დილისთვის დაგეგმეთ.

* მიიღეთ ბევრი სითხე, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია (სხეულის გაუწყლოება). დახურეთ კარ-ფანჯარა და ჩართეთ კონდიციონერი, რომელიც ჰაერს აგრილებს და წმენდს.

გული და სისხლძარღვები

მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს უჩივის, ზაფხული წელიწადის არცთუ ისე საყვარელი დროა. სიცხეში პერიფერიული სისხლძარღვები ფართოვდება, წნევა ეცემა და ნორმალური სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად გული, ფაქტობრივად, შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს. გარდა ამისა, სიცხეში სხეული უხვად კარგავს სითხეს და მინერალებს. გულის მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კალიუმსა და მაგნიუმს, მათი ბალანსის დარღვევამ ან რომელიმე მათგანის დეფიციტმა შესაძლოა გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს.

სითხის დაკარგვის, ორგანიზმის გაუწყლოების გამო სისხლი სქელდება და თრომბების ჩამოყალიბების ალბათობა იმატებს, ამ ყველაფრის შედეგად კი იზრდება ინფარქტისა და ინსულტის რისკიც. წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე ჯანმრთელობას სათანადოდ თუ გაუფრთხილდებით და ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს შეასრულებთ, მოსალოდნელ გართულებებს თავიდან აიცილებთ:

* სიცხეში ფიზიკურად ნუ დაიტვირთებით, ნუ გაატარებთ მზის გულზე ბევრ დროს. განსაკუთრებით საშიშია ქალაქგარეთ, თაკარა მზეზე უქუდოდ მუშაობა – ამ დროს იმატებს სხეულის გადახურების რისკი.

* მოერიდეთ ცივ შხაპს – სისხლძარღვთა უეცარმა შევიწროებამ შესაძლოა გულის დაზიანებული მკვებავი არტერიების სპაზმი და ინფარქტიც კი გამოიწვიოს.

* გარუჯვისას ნუ გაჩერდებით მზეზე 15-20 წუთზე მეტ ხანს. თუ გული აგიჩქარდათ ან სუნთქვა გაგიხშირდათ, დაუყოვნებლივ შეეფარეთ გრილ შენობას. დალიეთ ოთახის ტემპერატურის მინერალური წყალი – ის მინერალების დანაკარგსაც შეგივსებთ და სხეულსაც გაგიგრილებთ.

* ჭამეთ ზომიერად. უარი თქვით ზედმეტად ცხიმიან და ძნელად მოსანელებელ სურსათზე – მისი გადამუშავებისას კუჭ-ნაწლავს მეტი სისხლი სჭირდება, რაც გულისა და სისხლძარღვების დატვირთვას უფრო მეტად ზრდის.

* მიირთვით წყლით მდიდარი ხილი და ბოსტნეული – საზამთრო, კიტრი, კომბოსტო და ნესვი.

ქრონიკული ვენური უკმარისობა ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და სწორედ იმ პერიოდში მწვავდება, როცა ზღვის სანაპიროზე ნებივრობა ყველაზე სასიამოვნოა.

დაავადების განვითარების მთავარი მიზეზი ვენების ტონუსის დაქვეითებაა. კედელი სიმკვრივეს კარგავს, ეშვება და სისხლძარღვი თანდათან ფართოვდება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვენის სარქველების დაზიანებაც, რაც გულისკენ ატყორცნილი სისხლის უკუდენას და სისხლძარღვის სანათურის გაფართოებას იწვევს. აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ორი პათოლოგიური მექანიზმი, რომლებიც ასევე უწყობს ხელს ვენური დაავადების ჩამოყალიბებას. ესენია ლიმფის დრენაჟის გაუარესება და მიკროცირკულაციური პროცესების მოშლა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ მწვავდება ვენური უკმარისობა ზაფხულში.

მართალია, ქვედა კიდურების შეშუპებას ისე ეფექტურად ვერაფერი ხსნის, როგორც ცურვა, მაგრამ თუ წყლიდან ამოსული მზის მცხუნვარე სხივებს მიეფიცხებით, ვენები უფრო მეტად გაფართოვდება. როცა ქვედა კიდურების ვარიკოზი გაქვთ და აშკარაა დაავადებისთვის დამახასიათებელი "ობობები" ან შეშუპება, მაქსიმალურად ერიდეთ მზის გულზე ყოფნას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცხე ამძიმებს პათოლოგიურ პროცესს, ხოლო სიგრილე ამსუბუქებს.

მოარული აზრის თანახმად, მაგნიტური ქვიშა დადებით გავლენას ახდენს ძვალ–სახსართა დაავადებებზე. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია გითხრათ, რომ ამ მოსაზრების დამადასტურებელი სარწმუნო კვლევა არ ჩატარებულა. ვენური უკმარისობის მქონე პაციენტებს კი გვინდა შევახსენოთ, რომ ცხელ ქვიშაში ფეხების ჩაფვლა მათ მდგომარეობაში, რბილად რომ ვთქვათ, სახიფათოა.

ექიმები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ ვენური უკმარისობის შემთხვევაში რუჯით ვიზუალური დეფექტის მიჩქმალვის ნებისმიერი მცდელობა კიდევ უფრო შესამჩნევს გახდის დაკლაკნილ ვენურ ქსელს. შესაძლოა, თავდაპირველად რუჯმა შედარებით დამალოს ლურჯი აბლაბუდა, მაგრამ ზაფხულის მიწურულს შეამჩნევთ, რომ ფეხებზე ვენები უფრო მეტად გამოიკვეთა, ვიდრე ზაფხულის დამდეგს იყო.

საზოგადოდ, ვენური უკმარისობის დროს მზის სხივები სახიფათოა. მათი პირდაპირი ზემოქმედება ათჯერ აჩქარებს ვარიკოზული დაავადების განვითარებას. ასე რომ, ისიამოვნეთ ცურვით, ოღონდ დღის სწორად შერჩეულ მონაკვეთში – დილით 11:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათის შემდეგ.

ცნს

შაკიკი თავის ტკივილის პერიოდული შეტევებით მიმდინარე ქრონიკული, გენეტიკურად განპირობებული ავადმყოფობაა. შეტევებს უმეტესად თან ახლავს უღონობა, გულისრევა, პირღებინება, სინათლის, ხმაურის, მძაფრი სუნის აუტანლობა, ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა.

შაკიკის შეტევას მრავალი ფაქტორი უწევს პროვოცირებას, მათ შორის – გარემოს ტემპერატურაც. სიცხეში განსაკუთრებით მაღალია დეჰიდრატაციის რისკი, რაც შაკიკის მქონე პაციენტების ნაწილთან შეტევის პროვოცირებას განაპირობებს. ტენიანობისა და ტემპერატურის მატება სისხლძარღვთა სანათურის გაფართოებას იწვევს და ტვინისკენ სისხლის მიდენის ინტენსივობას აქვეითებს, რაც შესაძლოა თავის ტკივილის გამშვები მექანიზმი გახდეს რისკჯგუფში შემავალი პაციენტებისთვის. საზაფხულო აქტივობები კი ხშირად ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს, სადაც ადამიანი მზის სხივებისგან დაუცველია.

რუტინის ხშირი ცვლა (მოგზაურობა, სოციალური აქტივობები) ჩვენდა უნებურად იწვევს სტრესს, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევას და, ამგვარად, შაკიკის ტრიგერად იქცევა.

მძაფრ სურნელს და ხმამაღალ მუსიკას ასევე შეუძლია დაავადების გამწვავება.

ჭექა-ქუხილსა და ზაფხულის ცვალებად ამინდთან დაკავშირებული ატმოსფერული წნევის მერყეობა მეტეომგრძნობიარე ადამიანებისთვის შესაძლოა შაკიკის შეტევის გამშვებ ფაქტორად იქცეს.

კანი

კანი, ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანო, სხვადასხვა სეზონზე გარემოდან სხვადასხვა აგრესიული ფაქტორის ზემოქმედებას განიცდის და სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება.

როდესაც ზამთრის სიცივეს ზაფხულის სიცხე ცვლის, მწვავდება დაავადებები, რომლებიც ზამთარში მიძინებული იყო და აქტიურდება, როცა კანი მეტად იწყებს ოფლიანობას.

კანთან ერთად საფრთხე ემუქრება მის დანამატებსაც: თმასა და ფრჩხილებს.

კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, ატოპიური დერმატიტი, იგივე ეგზემა, უფრო მეტად იმ ადამიანებს უვითარდებათ, რომლებსაც აქვთ საკვებისმიერი ალერგია, თივის ცხელება ან ასთმა. ხშირია ოჯახური შემთხვევები. ეგზემა ვლინდება გაღიზიანებული კანის სიწითლით, სისველით, მასზე ქერქისებრი ნადების წარმოქმნით, ქავილით. პროცესი იწყება სახიდან და ვრცელდება კისერზე, თავის თმიან ნაწილზე, ხელებზე, ფეხებზე. ბავშვებსა და მოზრდილებს უფრო ძლიერი ქავილი აწუხებთ. გამონაყარი ჩნდება ან ერთ, ან რამდენიმე ადგილას, უმთავრესად – მტევნებზე, მკლავებზე, იდაყვებზე (სახრელში, შიგნითა მხარეს), მუხლებზე (სახრელში, შიგნითა მხარეს), თვალების გარშემო. ხშირად მეორდება იმავე უბნებზე. საბოლოოდ ამ ადგილებზე კანი შესაძლოა გასქელდეს, ხოლო ქავილის შედეგად განვითარდეს ბაქტერიული ინფექცია.

ეგზემა არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მისი სიმპტომების შემსუბუქება. თუ გვეცოდინება დაავადების დამამძიმებელი ფაქტორები: სტრესი, ტემპერატურისა და ტენიანობის მომატება, კანის ბაქტერიული ინფექცია, მტვრის ტკიპასთან კონტაქტი, ობი, ქერტლი, მაკიაჟი, – მათ თავიდან აცილებას და ამგვარად ეგზემის გამწვავების პრევენციასაც შევძლებთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზემის დიაგნოზის მქონე ადამიანის კანს ზაფხულში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება: დატენიანება, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, შესაფერისი ტანსაცმლის ჩაცმა, გამაღიზიანებელი ფაქტორებისთვის (ოფლი, ალერგენები) თავის არიდება.

ყველა სოკო, რომელიც კანის დაავადებას იწვევს, ზაფხულობით, სითბოსა და ნესტში, განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს. ამ პერიოდში ადამიანი ოფლიანობს, ხოლო არასეზონური (დახურული) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ტერფის მიკოზის ფართო გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

დაავადებისგან თავი რომ დავიცვათ, აუცილებელია ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვაც:

* ნესტიან ადგილებში: საცურაო აუზზე, აბანოში, საუნაში, პლაჟზე, – ნუ ივლით ფეხშიშველი;

* ნუ ჩაიცვამთ სხვის აბანოს ქოშებს;

* წყლის გადავლების დროსაც ქოშები გეცვათ;

*რაც მთავარია, კარგად გაიმშრალეთ ფეხის თითები, თითებს შორის არეები, საზარდული, იღლია და სხეულის სხვა ნაოჭები. თუ ინფექციის რისკჯუფში ბრძანდებით, ზაფხულობით, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, შეგიძლიათ, პროფილაქტიკისთვის რომელიმე ანტიმიკოზური კრემი წაისვათ, ოღონდ გახსოვდეთ, რომ იმავე მიზნით სისტემური პრეპარატების მიღება არ შეიძლება.

მარი მარღანია

გააზიარე: