მტევნის ართრიტები

გააზიარე:

ძნელად თუ იპოვით საქმიანობას, ხელის მტევნები აქტიურად რომ არ მონაწილეობდეს. ხელებზე აისახება ადამიანის ასაკი, პროფესია, ოჯახური სტატუსი, სოციალური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რევმატული დაავადებები ხელის მტევნებს განსაკუთრებით აზიანებს. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” რევმატოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქეთევან ონიანი:
– ექიმი რევმატოლოგი თავდაპირველად გარეგნული ნიშნების მიხედვით აფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას: აკვირდება სახეს, სხეულს, კიდურებს და, რაც რევმატული დაავადებების დროს უმთავრესია, ხელის  მტევნებს, ამიტომ დიაგნოზის თაობაზე გარკვეული მოსაზრება პირველი შეხედვისთანავე უყალიბდება, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზერელე დათვალიერებით მიღებულ შთაბეჭდილებას არ ენდობა და გამოკვლევებსაც ატარებს.
– რომელი რევმატული დაავადებები აზიანებს ხელის მტევანს?
– ხელის მტევნის დეფორმაციებს იწვევს როგორც ანთებითი, ისე არაანთებითი რევმატული დაავადებები. პათომორფოლოგიური დარღვევების თვალსაზრისით ყველაზე საყურადღებო გახლავთ აუტოიმუნური დაავადების –რევმატოიდული ართრიტის თანმხლები დეფორმაცია.
სამწუხაროდ, რევმატოიდული ართრიტი პროგრესირებადი დაავადებაა და პირველიდან ბოლო სტადიამდე დიდ ცვლილებას განიცდის. ხელის მტევანი რევმატოიდული ართრიტის სახეა. სადიაგნოზო კრიტერიუმად სწორედ მისი კლინიკურად თუ რენტგენოლოგიურად გამოხატული დეფორმაცია მიიჩნევა. დაავადების დიაგნოზს რენტგენოლოგიური სტადიების მიხედვით სვამენ.
– როგორ გამოიყურება მტევნები რევმატოიდული ართრიტის დროს?
– თვალში საცემია შეშუპება, რომელსაც ექსუდაციას უწოდებენ და რომელსაც სხვადასხვა დეფორმაციამდე მივყავართ. პროცესი იწყება სხივ-მაჯის სახსრიდან, არჩევითად ზიანდება II და III ნებფალანგთაშუა სახსრები. ასევე ზიანდება პროქსიმულ ფალანგთაშუა სახსრებიც, დისტალური ფალანგთაშუა სახსრები – უფრო ნაკლებად.
რევმატოიდული ართრიტის დროს საყურადღებოა დაზიანების სიმეტრიულობა. შორს წასულ შემთხვევაში ქვეამოვარდნილობები ვითარდება, რასაც ულნარულ დევიაციას ან ლორნეტის სინდრომს უწოდებენ. ამ დროს ხელი გარეთ არის მიბრუნებული. ცნობილია აგრეთვე გედის ყელის და სხვა დეფორმაციები. IV სტადიაში ვითარდება სხივ-მაჯის ანკილოზიც – სხივ-მაჯის სახსარი სრულიად უძრავი ხდება. ექიმი ერთი შეხედვით ხვდება, დაავადების რომელ სტადიასთან აქვს საქმე, რასაც სადიაგნოზო მეთოდებით ამტკიცებს.
– რას უჩივის ავადმყოფი?
– აწუხებს ტკივილი, მუშტის შეკვრა არ შეუძლია, საგნების ხელში აღება უჭირს... სტადიების შესაბამისად ფუნქციური უკმარისობა ღრმავდება. რევმატოიდული ართრიტის დროს პროცესში შეიძლება ნებისმიერი სახსარი იყოს ჩართული, თუმცა უმთავრესი აქაც დაზიანების სიმეტრიულობაა.
ხელის მტევანი ზიანდება ფსორიაზული ართრიტის დროსაც: ძვლების სიღრმეში მიმდინარეობს ძალზე რთული პროცესი, რომელიც სახსრის სინოვიური გარსის აუტოიმუნურ ანთებას უკავშირდება; წარმოქმნილი გრანულაციური ქსოვილი ხრტილზე პანუსის სახით გადადის და ვითარდება ეროზია, რაც ძლიერ დეფორმაციებს იწვევს. რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავებით, დეფორმაცია ამ დროს არასიმეტრიულია. ფსორიაზს ახასიათებს პირველი ფალანგების, ანუ ცერა თითების არჩევითი ღერძული დეფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფალანგის რომელიმე ერთი კი არა, ყველა სახსარი ზიანდება. ასეთ დროს რენტგენოლოგიურად მკაფიოდ ჩანს სახასარშიდა ოსტეოლიზი – სახსარში შემავალი ორი ძვლის ეპიფიზები განლეულია უზარმაზარი ეროზიების სახით.
რეაქტიული ართრიტების დროს ფალანგი მთლიანად – “სოსისისებურად” შუპდება და მოლურჯო-მოწითილო ელფერს იღებს. რეაქტიული ართრიტის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერ ინფექცია, მათ შორის – ენტეროკოლიტური, ურიგენიტალური, 
ბაქტერიული, ვირუსული თუ სოკოვანი. 
ტუბერკულოზურ ართრიტს ახასიათებს ერთი სახსრის დაზიანიება – მონოართრიტი. ხელის მტევნის წვრილი ფალანგების ტუბერკულოზური დაზიანება, რაც ძალზე იშვიათია, სრულიად განსხვავებული დეფორმაციით მიმდინარეობს. მას პონსეს რევმატიზმს უწოდებენ.
– ეხება თუ არა ხელის მტევანს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები?
– შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები ორგანიზმის ნებისმიერ სისტემას ეხება: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ, შარდის გამომყოფ, ძვალ-სახსართა სისტემებს, კუჭ-ნაწლავს. ამ დაავადებებიდან ხელის მტევანს განსაკუთრებით სკლეროდერმია აზიანებს.სკლეროდერმული მტევანი სრულიად განსხვავდება იმ დეფორმაციებისგან, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიები იწვევს. მას ხშირად ფსევდოართრიტს, ცრუ ართრიტს ვუწოდებთ. იგი უკავშირდება კანქვეშა კოლაგენის ჭარბ წარმოქმნას, რაც კანქვეშა ქსოვილს ამკვრივებს, ზოგჯერ – იმდენად, რომ ხელის მტევანი უსიცოცხლო შესახედაობას იღებს. მდგომარეობა უფრო მეტად რთულდება, როდესაც პროცესი ძვლებზე გადადის და ტროფიკის მოშლის შედეგად ძვლის ოსტეოლიზს იწვევს.
სკლეროდერმიისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია დისტალური ფალანგის ძვლოვანი ნაწილის ოსტეოლიზი. ხშირად დისტალური ფალანგი სრულიად განილევა, რის შედეგადაც ხელის მტევანი მოკლდება, საფრჩხილე ფალანგები განახევრებულია (თუმცა ასე შორს წასული ცვლილებები იშვიათია), პათოლოგიურად დაწვრილებული დისტალური ფალანგის რბილ ნაწილში აღინიშნება ნაწიბურები, საიდანაც ძვლოვანი ნაწილების ევაკუაცია ხდება.
ცხადია, სისტემური სკლეროდერმიის დროს შეცვლილია ხელის მტევნის შეფერილობა, აღინიშნება ჰიპერპიგმენტაციური და აპიგმენტაციური უბნების მონაცვლეობა, კანი ელასტიკურობას კარგავს.
– არაანთებითი რევმატული დაავადებებიდან რომელს გამოარჩევდით?
– არაანთებით რევმატულ დაავადებათაგან ყველაზე მეტად გავრცელებულიაოსტეოართროზი. ძალზე თვალსაჩინოა კვანძები, რომლებიც წარმოიშობა ხელის მტევნების როგორც დისტალურ ფალანგებზე, ასევე პროქსიმულ ფალანგთაშუა სახსრებზეც. მათ, შესაბამისად, ჰებერდენისა და ბუშარის კვანძებს უწოდებენ. შესაძლოა, სახსრის დაზიანება ნაკლებად იყოს გამოხატული, მაგრამ ამ კვანძების არსებობის გამო მაინც ოსტეოართროზის კვანძოვანი ფორმის დიაგნოზს სვამენ.
ოსტეოართროზი პოლიეტიოლოგიური  ანუ მრავალმიზეზობრივი დაავადებაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის მოშლით არის განპირობებული. ამ დაავადების არაანთებითი მექანიზმი ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ხრტილი ნატიფი პროტეოგლიკანია, ანუ ცილა, რომელსაც ხალხში შეცდომით მარილებს ეძახიან. აი, ამ ნატიფ ცილას ანუ ხრტილს ჩაენაცვლება უხეში ძვლოვანი ქსოვილი.
ოსტეოართროზს აქვს უამრავი რისკფაქტორი: ჭარბი წონა, უძრავი ცხოვრების წესი, გრძელი იოგოვანი აპარატი, რაც ხშირად მიკროტრავმების ალბათობას ზრდის.
არ მინდა, გამოგვრჩეს ერთი რამ: ბევრი იწყებს ამ კვანძების ზელას, რითაც უფრო მეტად ართულებს მდგომარეობას, რადგან ხელოვნურად იწვევს ანთებას და, საბოლოო ჯამში, საქმე სინოვიტების – ლოკალური ანთებების – განვითარებამდე მიდის. ასე ნაწვალები კვანძები ხელუხლებელ კვანძებთან შედარებით მეტად დეფორმირებულია.
პარალელს გავავლებ ტერფის I ტერფფალანგთაშუა სახსრის ქვეამოვარდნილობასთან, რაც ხშირად ემართებათ ამ სახსრის გრძელი იოგოვანი აპარატის მქონე პირებს. სახსარი შიშვლდება და ამას პოდაგრად მიიჩნევენ, ხშირად იოდით იწვავენ კანს, მაგრამ, რასაკვირველია, ვერაფერს აწყობენ – ბუნებრივია, სახსრის ქვეამოვარდნილობას იოდის უჯრები ვერაფერს უშველის. პოდაგრა ანთებითი დაავადებაა, ეს კი არაანთებითი პროცესია.
გარდა ანთებითი და არაანთებითი დაავადებებისა, ხშირია ხელის მტევნის მექანიკური დაზიანებით გამოწვეული პათოლოგიები. მყესოვან-იოგოვანი აპარატის პრობლემებს უკავშირდება პერიართრიტები,  რომლებიც უმეტესად მყესების მიმაგრების ადგილების შეშუპებით არის განპირობებული.
არსებობს კარპული არხის – სხივ-მაჯის არხის – სინდრომი: ზოგიერთი მყესი მოთავსებულია თავის ბუდეში, ზოგიერთი კი არა. ხშირად, განსაკუთრებით – ჰიპერმობილური სახსრების, ანუ გრძელი იოგოვანი აპარატის არსებობის შემთხვევაში უხერხული, არაკოორდინირებული მოძრაობის შედეგად მყესის მიმაგრების ადგილები შუპდება ან მყესის ჩანთაში წარმოიშობა ჭარბი ანთებითი სითხე – ექსუდატი, რომელიც ფიბრინის შემცველია და ხშირად ლოკალურ ანთებას იწვევს, რაც არანაკლებ მტკივნეული და  შემაწუხებელია, ვიდრე სხვა, მძიმე დაავადებები. ამიტომ სწორად უნდა დაისვას დიაგნოზი, რათა მკურნალობა დროულად ჩატარდეს.
ოსტეოართროზის დროს ხშირად ვითარდება საკმაოდ სერიოზული პათოლოგია  – დიპიუტრენის კონტრაქტურა, რომელიც ასევე მყესოვან-იოგოვანი აპარატის ლოკალური ანთების, მიკროტრავმის ან სხვა ფაქტორის შედეგია: რბილი მყესოვან-იოგოვანი აპრატის პოსტტრავმული დაზიანება, უხერხული მოძრაობა იწვევს ხელისგულის მხარეს არსებული მყესებისა და მათი ბუდეების ლოკალურ დაზიანებას, რასაც ხშირად მივყავართ მყესიოგოვანი აპარატის ელასტიკურობის დაქვეითებამდე, დამოკლებამდე და ფალანგის ფუნქციის დაკარგვამდე.
– გამართლებულია თუ არა დამოკლებული მყესის მასაჟი, ვარჯიში, რათა ფალანგმა ფუნქცია ნაწილობრივ მაინც აღიდგინოს?
– არა, მასირება, ხელით ზელა უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას, ფაქტობრივად, მეორეულ ტრავმას იწვევს. არა და ბევრი ადამიანები სწორედ ასე იქცევა, ექიმთან კი მეტისმეტად გვიან მიდის – მაშინ, როცა უკვე ფალანგის მოხრითი კონტრაქტურაა განვითარებული. ამ დროს ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ, მაგრამ ის ყოველთვის არ არის შედეგიანი და შემდგომ საჭირო ხდება პლასტიკური ოპერაცია.
– გარდა დეფორმაციისა, მტევნის რა პრობლემებია გავრცელებული?
– ბევრი მოგვმართავს ჩივილით, რომ უთეთრდებათ, ულურჯდებათ, უწითლდებათ ხელები, განსაკუთრებით – ზამთრობით. ამ მდგომარეობას რეინოს სინდრომს ვუწოდებთ (არსებობს რეინოს დაავადებაც) და იგი უკავშირდება ხელის მტევნის სისხლძარღვების ფუნქციურ შევიწროებას, თერმორეგულაციის არასწორ აღქმას, ნერვული და სისხლძარღვოვანი წარმოშობის მქონე პროცესების ურთიერთკავშირს.
რეინოს სინდრომი იმიტომ გვაშინებს, რომ ხშირად იგი სხვა, მძიმე დაავადებების პრელუდიას წარმოადგენს – ისეთებისა, როგორებიც არის სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა და სხვა.
– რა სახის გამოკვლევაა ტარდება მტევნის პრობლემების დიაგნოსტიკისთვის?
– პირველ რიგში, რენტგენოგრაფია და ძვალ-სახსართა ულტრაბგერითი კვლევა, ასევე – სპეციფიკური რევმატული სინჯები, კოაგულოგრამა ანთებითი დაავადებების დროს, სეროლოგიური გამოკვლევები.
– როგორ მკურნალობენ ამ დაავადებებს?
– ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობა კომპლექსურია, მონოთერაპია არ გვაძლევს შედეგს. ეფექტის მისაღებად დაავადების განვითარების ყველა რგოლში უნდა ჩავერთოთ.
ვინაიდან ქრონიკულ დაავადებებთან გვაქვს საქმე და მკურნალობის მიზანი პროცესის შეჩერებაა, რაც უფრო ადრე მოგვმართავს ავადმყოფი, მით უკეთესი იქნება შედეგი. მაგრამ პაციენტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ თუ ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ექიმს არ მიაკითხა, მიღწეული შედეგი დაიკარგება. შედეგის შესანარჩუნებლად საჭიროა შესაბამისი პრეპარატების მინიმალური დოზების მიღება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვა.
ჩვენ განკურნების გარანტიას არ ვიძლევით, რაც პაციენტებს არ მოსწონთ, მაგრამ ეს რეალობაა. სჯობს, ავადმყოფმა საკუთარ მდგომარეობასთან ადაპტაცია მოახდინოს, მისდიოს ისეთ ცხოვრების წესს, როგორიც საჭიროა პროცესის შესაჩერებლად. შეჩერებული პროცესის – რემისიის – დროს ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.
პროგრესირების შემთხვევაში ხელის მტევნის ანთებითი თუ არაანთებითი დაავადებები იწვევს მისი ფუნქციის მძიმე მოშლას, რაც ხშირად მიმდებარე კუნთოვანი აპარატის ამიოტროფიით არსი განპირობებული. ამიტომ კომპლექსურ თერაპიასთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს რეაბილიტაციასაც: მეთოდურ ვარჯიშებს, ფიზიოთერაპიას, რომელიც ინდივიდუალურად, დაავადების თავისებურებათა გათვალისწინებით, ურთიერთშეთანხმებით უნდა შეარჩიონ ექიმმა და მეთოდისტმა. ამას წარმატებით ვაკეთებთ “ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიის განყოფილებაში. ხშირად ამას შრომით თერაპიას ვუწოდებთ. სარეაბილიტაციო თერაპიას ეხმარება სახსარშიგა (ინტრაარტიკულური) ინექციები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ლოკალურად, სწრაფად აღმოვფხვრათ ანთებითი პროცესი.
შორს წასულ შემთხვევებში ექიმის მიზანია, ავადმყოფმა უკანასკნელ სტადიაშიც კი არ დაკარგოს საკუთარი თავის მომსახურების უნარი, რასაც სარეაბილიტაციო ღონისძიებების მეშვეობით ვაღწევთ.
– რას ურჩევთ მტევნის დაზიანების მქონე პაციენტებს?
– უწინარეს ყოვლისა, იმას, რომ გულისყურით და მუდმივად  მისდიონ ექიმის ან მეთოდისტისგან მიღებულ რეკომენდაციებს.
ქვეამოვარდნილობის ულნარული დევიაციის დროს პაციენტს შეუძლია, თითები გადახრის საპირისპირო მიმართულებით ხელით გაასწოროს.
დეფიგურაცია-დეფორმაციის პროგრესის შესაჩერებლად პაციენტმა უნდა გამოიყენოს სპეციალური ლონგეტები ან ფიქსატორები.
სახსრის ნებისმიერი წარმოშობის ტკივილის დროს კიდური უძრავად უნდა დაფიქსირდეს. ამისთვის საჭიროა ახლომდებარე სახსრების დაფიქსირება.
უნდა შესრულდეს სახსრის კუნთების დინამიკის მომცველი ვარჯიშები – მოხრა, გაშლა; 
სხივ-მაჯის ანკილოზის დროს უნდა შესრულდეს მარჯვნივ- მარცხნივ გადახრითი მოძრაობები.

გააზიარე: