მაჯის გვირაბის სინდრომი

გააზიარე:

თითების, მტევნის ან მკლავის დაბუჟება, სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება – ასეთია იმ სიმპტომების ჩამონათვალი, რომლებიც მაჯის გვირაბის სინდრომს გვაეჭვებინებს. განვითარებულ ქვეყნებში ეს სინდრომი 1000-დან 50 ადამიანს აქვს. მათი ასაკი უმეტესად 40-დან 60 წლამდე მერყეობს.

მაჯის გვირაბის სინდრომი ყველაზე ხშირად იმ ადამიანებს აწუხებთ, რომელთა საქმიანობა ერთი და იმავე მოძრაობის ხანგრძლივ გამეორებას მოითხოვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მაჯის ტრავმამ ან სახსრების დაავადებამ გამოიწვიოს.

მოკლე ანატომიური ექსკურსი

მაჯის გვირაბი, იგივე კარპული გვირაბი, მაჯაში არსებული ვიწრო არხია, რომელსაც ქვემოდან და გვერდებიდან მაჯის წვრილი ძვლები შემოსაზღვრავს, ზემოდან კი – გვირაბის განივი იოგები. მაჯის გვირაბში გაივლის ხელის ერთ-ერთი მთავარი, შუათანა ნერვი, რომელიც ხელისგულზე რამდენიმე წვრილ ნერვად იყოფა. ის უზრუნველყოფს ცერა, საჩვენებელი, შუა თითების და უსახელო თითის ცერისკენა მხარის მგრძნობელობას, ასევე – ცერა თითის მამოძრავებელი კუნთებისკენ ნერვული სიგნალების გადაცემას. შუათანა ნერვთან ერთად მაჯის არხში გაივლის თითების მომხრელი ცხრა მყესი.

რა იწვევს

მაჯის გვირაბის სინდრომს იწვევს აღნიშნული არხის შევიწროება, რასაც შუათანა ნერვზე ზეწოლა და მისი სისხლით მომარაგების შემცირება მოჰყვება.

შუათანა ნერვზე ზეწოლისა და მისი დაზიანების რისკს ზრდის:

  • მტევნის ერთი და იმავე ტიპის მოძრაობების ხანგრძლივი გამეორება, მაგალითად, მაუსით დიდხანს მუშაობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იდაყვი მაჯაზე დაბლაა მოთავსებული;
  • საქმიანობა, რომელიც მტევნის ხშირ შეკუმშვას და გაშლას მოითხოვს, მაგალითად, ჩოგბურთის, გოლფის, ფრენბურთის თამაში, ნიჩბოსნობა, მშვილდ-ისრის სროლა, ალპინიზმი;
  • მძიმე ხელსაწყოების გამოყენება, განსაკუთებით მაშინ, როცა სამუშაო სიცივეში სრულდება;
  • სახსრების ან ძვლების ანთებით მიმდინარე დაავადება (ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი);
  • მაჯის მოტეხილობა, ცდომა ან შეშუპება;
  • ორსულობისა და მენოპაუზის თანმხლები ჰორმონული ცვლილებები, თუმცა ორსულობასთან დაკავშირებული მაჯის გვირაბის სინდრომი, წესისამებრ, მშობიარობის შემდეგ გაივლის;
  • ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მათ შორის – შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმლის უკმარისობა;
  • ანატომიური თავისებურება – ზოგიერთს მაჯის გვირაბი შედარებით ვიწრო აქვს, რაც ამცირებს ნერვისთვის განკუთვნილ სივრცეს. ეს ანატომიური ნიშან-თვისება შესაძლოა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრთან შეგვხვდეს.

როგორ ვლინდება

მაჯის გვირაბის სინდრომი უმეტესად ნელ-ნელა, სპეციფიკური დაზიანების გარეშე ვითარდება. სიმპტომები: დაბუჟება, ტკივილი, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება თითებსა (გარდა ნეკისა) და ხელში, – თავდაპირველად განსაზღვრული პერიოდულობით იჩენს თავს, მერე და მერე კი შესაძლოა მუდმივი გახდეს და სისუსტეც დაერთოს. ზოგიერთი პაციენტი უჩივის მაჯიდან მკლავისკენ დენის გავლის მსგავს შეგრძნებას. სიმპტომების აღმოცენებას უკავშირებენ საჭის ტრიალს, ტელეფონის ან გაზეთის ჭერას, ზოგჯერ კი ტკივილი ძილის დროს აღმოცენდება და პაციენტს აფხიზლებს. ხელის სისუსტისა და მოძრაობის შეზღუდვის გამო ადამიანს უჭირს ისეთი ნატიფი მოძრაობების შესრულება, როგორიც, მაგალითად, ღილის შეკვრაა. ბევრი აღნიშნავს, რომ ხელის მოძრაობა სიმპტომებს ამსუბუქებს.

დიაგნოზი

მაჯის გვირაბის სინდრომის დიაგნოსტიკის დროს, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ექცევა სიმპტომების გამოხატულების ხარისხს, ნივთის ხელში ჭერასთან მათ კავშირს, გამოვლენის დროს (მაგალითად, ხომ არ აღვიძებს პაციენტს ტკივილი ღამის საათებში ან ხომ არ აქვს დაბუჟების შეგრძნება დილით). გასინჯვით მოწმდება თითების მგრძნობელობა და კუნთების ძალა, მტკივნეულობა მაჯის მოხრის ან შუათანა ნერვის გასწვრივ ზეწოლის დროს (ტინელის ნიშანი). თითებისა და ხელების მგრძნობელობას ექიმი ამოწმებს  სპეციალური ინსტრუმენტის მსუბუქი შეხებით, პაციენტს კი ამ დროს თვალები დახუჭული აქვს.

ელექტროფიზიოლოგიური ტესტებით მოწმდება ნერვზე ზეწოლა სხვა უბნებში, სხვა ნერვების დაზიანება და ნეიროპათიის არსებობა-არარსებობა, ხელისა და მხრის ნერვების გამტარობა (იმპულსის გატარების უნარი), ფასდება პრობლემის სიმძიმე და იგეგმება მკურნალობა.

ელექტრომიოგრაფიით ფასდება ელექტრული აქტივობა კუნთების შეკუმშვისა და მოდუნების დროს, ნერვების ან კუთების დაზიანების არსებობა-არარსებობა.

ტკივილის სხვა მიზეზის, მაგალითად, ართრიტის ან მოტეხილობის გამოსავლენად ტარდება მაჯის რენტგენოლოგიური კვლევა, ულტრაბგერითი კვლევით კი მიიღება ძვლებისა და ნერვების მკაფიო გამოსახულება, რომლითაც ნერვზე ზეწოლას ადგენენ.

მკურნალობა

სასურველია, მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე დაიწყოს. მიუხედავად პროცესის თანდათანობითი განვითარებისა, მკურნალობის გარეშე მდგომარეობის გაუარესებაა მოსალოდნელი, დროულად დაწყებული მკურნალობით კი შესაძლებელია, მაჯის გვირაბის სინდრომი ოპერაციული ჩარევის გარეშე იმართოს.

მაჯის ერთ პოზიციაში დასაფიქსირებლად იყენებენ არტაშანს ან კორსეტს. ასეთი ფიქსაცია ამცირებს მაჯის გვირაბის მყესების შეშუპებას და ხსნის ზეწოლას შუათანა ნერვზე. ფიქსატორი განსაკუთრებით კარგი დამხმარეა ძილის დროს, თუმცა დღისით გამოყენებაც შეიძლება – ისეთი საქმიანობისას, რომელიც სიმპტომების დაამძიმებას უწყობს ხელს.

ტკივილის შესამცირებლად ექიმი გამოწერს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, რომლებიც დროებით ამსუბუქებს მდგომარეობას. ზოგიერთს შვებას ჰგვრის ექიმის მიერ შერჩეული სპეციალური ვარჯიშები.

ანთების საწინააღმდეგო უფრო ძლიერი საშუალებებია კორტიკოსტეროიდები, რომლებიც შპრიცით შეჰყავთ მაჯის გვირაბში. მეტი სიზუსტისთვის პროცედურა ულტრაბგერითი კონტროლის თანხლებით ტარდება. კორტიკოსტეროიდები აცხრობს ანთებას და შეშუპებას, რაც ამცირებს ზეწოლას შუათანა ნერვზე. ინექციები დიდი ხნით აუმჯობესებს მდგომარეობას, განსაკუთრებით – ადრეულ ეტაპზე, სანამ დაავადება ჯერ კიდევ მსუბუქად მიმდინარეობს, ზომიერი ან მძიმე ფორმის დროს კი ეფექტი გაცილებით ხანმოკლეა.

როდესაც დაავადება დიდი ხანია მიმდინარეობს, დაბუჟება მუდმივია, ხოლო ცერის კუნთები – დაზიანებული, შეუქცევადი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ოპერაციული ჩარევა.

ქირურგიულ პროცედურას მაჯის გვირაბის გათავისუფლება ეწოდება. ის ორი სხვადასხვა – ენდოსკოპიური და ღია – ტექნიკით ტარდება, თუმცა ორივეს მიზანი შუათანა ნერვზე ზეწოლის შემსუბუქებაა. მიზანი მიიღწევა გვირაბის განივი იოგის გაჭრით, რომელიც სახურავივით აფარია არხს. გვირაბი ფართოვდება, რაც ამცირებს შუათანა ნერვზე ზეწოლას და ხელს უწყობს ნერვის სისხლით მომარაგებას და ფუნქციობას. ოპერაციის შემდეგ იოგი ისევ იწყებს ზრდას, თუმცა მაჯის გვირაბისთვის მაინც მეტი სივრცე იქმნება და ზეწოლა ნაკლებია.

ენდოსკოპიური მეთოდით ოპერაციის შემდეგ, პირველ დღეებსა და კვირებში,  ტკივილი ნაკლებია. ღია ქირურგიული ჩარევის შემდეგ შეხორცება რამდენიმე თვეს ითხოვს, ამიტომ სანამ იოგები აღდგება, უნდა შეიზღუდოს ხელის ძალისმიერი დატვირთვა და მაჯის მკვეთრი მოძრაობები. ოპერაციის შემდეგ შეშუპება და სისუსტე შესაძლოა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს.

შედეგი ორივე ოპერაციას ერთნაირი აქვს, შესაფერის ტექნიკას კი ექიმი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევს. უმრავლესობა პირველივე კვირას უკეთესდ გრძნობს თავს.

ოპერაციიდან რამდენიმე ხანს პაციენტს შესაძლოა არტაშნის ან მაჯის კორსეტის ტარება დასჭირდეს. მნიშვნელოვანი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი მოძრაობების შესრულება. ძალა უმეტესად ოპერაციიდან 2-3 თვეში აღდგება, თუმცა ზოგჯერ ამ პროცესს 6-დან 12 თვემდე დრო სჭირდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან

მაჯის დატვირთვის მინიმუმამდე დასაყვანად ხშირ ხანმოკლე პაუზებს და მაჯის მარტივი მოძრაობების შესრულებას გვირჩევენ. მაგალითად, მაჯის განტვირთვას ხელს უწყობს მტევნის წრიული მოძრაობები 10-15 წუთში ერთხელ.

მნიშვნელოვანია მოხერხებული სამუშაო გარემო და სწორი ტანდეგობა. კლავიატურა იდაყვის დონეზე ან ოდნავ ქვემოთ უნდა იყოს მოთავსებული, ხოლო მაუსი შეესაბამებოდეს მტევნის ზომას და ფორმას.

თუ სიცივეში მუშაობთ, ჩაიცვით უთითებო ხელთათმანები, რათა მაჯები და მტევნები თბილად გქონდეთ.

ვარჯიშის დაწყებამდე სპორტსმენებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ მოთელვა, რათა გული, ფილტვები, კუნთები და სახსრები ინტენსიური ფიზიკური აქტიურობისთვის მოამზადონ.

ვარჯიშიდან ვარჯიშამდე მნიშვნელოვანია დასვენება, რათა რბილი ქსოვილები აღდგეს.

შეძლებისდაგვარად არიდეთ თავი მაჯაში მკვეთრ მოძრაობებს, ვინაიდან მაჯის სწორ, ნეიტრალურ პოზიციაში შუათანა ნერვზე ზეწოლა მინიმუმამდე დადის.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: