მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია
გააზიარე:
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია პათოლოგიაა, რომელიც ადვილად ემორჩილება კორექციას, თუ სათანადო ღონისძიებები სამშობიარო სახლშივე ჩატარდა. ახალშობილის თავისუფალი ჩაცმა და განიერი საფენი უმეტესად საკმარისია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ცნობილია, რომ ბოშებსა და ზოგიერთ სხვა ეთნიკურ ჯგუფში მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა არ გვხვდება. მიზეზი მარტივია: ტრადიციისამებრ, ქალები ბავშვებს ზურგზე შემოისვამენ და ისე დაატარებენ, ასეთ პოზაში კი, როდესაც ბავშვს ფეხები ფართოდ აქვს გაშლილი, დისპლაზია თავისთავად იკურნება.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ორთოპედიმარინა მაჭავარიანი.
– ქალბატონო მარინა, რას ნიშნავს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია?
– მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია გულისხმობს სახსრის კომპონენტების განუვითარებლობას, სახელდობრ, მათ უმწიფრობას ამოვარდნილობის გარეშე, რაც შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციებს შორის და თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება. სკანდინავიის ქვეყნებში მოსახლეობის 4%-ს აღენიშნება, გერმანიაში – 2%-ს. საქართველოში – 2-3%-ს (აკვნისა და ტრადიციული მჭიდრო შეხვევის გამო ზოგიერთ რეგიონში გავრცელება 9%-საც კი აღწევს). დაავადება არ გვხვდება ისეთ რეგიონებში, სადაც ცხელი კლიმატის გამო არ არის მიღებული ახალშობილების მჭიდროდ შეკვრა, ბავშვებს ატარებენ განზიდული ფეხებით თეძოზე ან ზურგზე შემოხვეულებს – აფრიკის ქვეყნებში, კორეაში, ვიეტნამში.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ხშირად ცალმხრივია. თანაფარდობა ასეთია: მარცხენამხრივი დისპლაზია ათიდან 6 შემთხვევაში გვხვდება, მარჯვენამხრივი – 2-ში, ორმხრივიც –2-ში. ამასთანავე, ეს პათოლოგია უმეტესად გოგონებს უვითარდებათ – 5-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ვაჟებს.
– რას მიიჩნევენ მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის მიზეზად?
– ანატომიურ-ჰისტოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დისპლაზია ვითარდება ორსულობის მე-8-23-ე კვირას. აქედან გამომდინარე, მიზეზები უმეტესად ორსულობას უკავშირდება. ესენია:
• დედის არაბალანსირებული კვება;
• ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებები, ასევე – მემკვიდრეონითი დაავადებები, რომლებიც აფერხებს ბავშვის განვითარებას მუცლადყოფნის პერიოდში;
• გვიანი ორსულობა;
• გესტოზი (ტოქსიკოზი), ორსულობის შეწყვეტის საშიშროება;
• ჯდომით წინამდებარეობა, თუმცა დისპლაზია გვხვდება თავით წინამდებარეობის დროსაც;
• ჰორმონული დარღვევები (ესტროგენების მეტაბოლიზმის დარღვევა – ახალშობილებს, რომელთაც დისპლაზიის ნიშნები ჰქონდათ, ესტროგენების დონე მომატებული აღმოაჩნდათ);
• მემკვიდრეობითი განწყობა.
დისპლაზიის ზოგადი ნიშნებია: ჰიპერმობილური სახსრები (მოძრაობის სიფართის მომატება), მეჩხერი კბილები, თიაქრები (ჭიპის, საზარდულის), ჰიპერტრიქოზი (ჭარბთმიანობა) გავა-წელზე, მონღოლოიდური ლაქები, ჰემანგიომები.
– რა ნიშნების საფუძველზე ივარაუდებენ ჩვილ ბავშვებში მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის არსებობას?
– მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
. ნაოჭების ასიმეტრია ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირებზე – რომელ მხარესაც მეტი ნაოჭია, ამოვარდნილობაც იმ მხარეს ივარაუდება.
ქვედა კიდურების გარეთა როტაცია – მოსვენებისას მწოლიარე ბავშვის კიდურები გარეთ მხოლოდ 10-20 გრადუსით უნდა ბრუნდებოდეს, ამოვარდნილობისას კი სრული გარეთა როტაცია ხდება – ტერფების გარეთა ზედაპირები საწოლს ეხება, კვირისტავებიც მთლიანად გარეთ არის მიბრუნებული. ეს ნიშანი რაქიტიან ბავშვებსაც ახასიათებთ, ვინაიდან რაქიტი ძვლოვან ქსოვილთან ერთად კუნთებსაც აზიანებს, მაგრამ ამ შემთხვევაში გარეთა როტაცია კუნთების მოდუნების ბრალია. კიდურების გარეთა როტაცია განსაკუთრებით კარგად ჩანს ძილის დროს და მას დედაც იოლად ამჩნევს.
. მენჯ-ბარძაყის სახსარში განზიდვის შეზღუდვა – ზურგზე მწოლიარე ბავშვს კიდურებს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოვუხრით და აქეთ-იქით გადავუშლით. ნორმაში განზიდვა 80-90 გრადუსს აღწევს. განზიდვის შეზღუდვა დისპლაზიას გვაეჭვებინებს, მაგრამ ეს დაავადების უტყუარი ნიშანი არ გახლავთ. მის საფუძველზე ორთოპედი თუ პედიატრი მშობელს ბავშვის უკეთ გამოკვლევას ურჩევს.
. მარქს-ორთოლანის ნიშანი – კიდურების მოხრისა და განზიდვის დროს ხდება ამოვარდნილობის ჩაყენება და ისმის ტკაცუნის ხმა. ეს სიმპტომი ვლინდება 2–3 კვირა, შეიძლება გასტანოს 2 თვემდე და ამოვარდნილობის უტყუარი ნიშანია.
. კიდურის თვალით შესამჩნევი სიმოკლე – (ორმხრივი ამოვარდნილობის დროს ეს სიმპტომი ზოგჯერ არ შეინიშნება). კიდურის სიმოკლის დასადგენად ერთმანეთს ვადარებთ გაშლილ და მიტყუპებულ ფეხებს, ასევე კიდურებს ვხრით მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში და ვადარებთ მუხლების დგომის სიმაღლეს, პათოლოგიის მხარეს მუხლის მდებარეობა უფრო დაბალია. გასინჯვისას აუცილებელია, მწოლიარე ბავშვის მენჯი აბსოლუტურად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს, რადგან მენჯის მცირე დახრაც კი ცალ ფეხს მოკლეს აჩენს.
. ჭარბი განზიდვა მენჯ-ბარძაყის სახსარში – ეს სიმპტომი უფრო ხშირად გვხვდება ბარძაყის ქვეამოვარდნილობის დროს.
– რა ტაქტიკას მიმართავენ, თუ ბავშვს რომელიმე სიმპტომი აღმოაჩნდა?
– კლინიკურად საეჭვო შემთხვევაში (ესე იგი მაშინ, როდესაც აღინიშნება განზიდვის შეზღუდვა მენჯ-ბარძაყის სახსარში ან მარქს-ორთოლანის ნიშანი), ბავშვს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა უტარდება. ზოგიერთ ქვეყანაში წესად აქვთ, ეს კვლევა სამ თვემდე ყველა ახალშობილს ჩაუტარდეს. დისპლაზიის შემთხვევაში ბავშვს უკეთდება ფრეიკას ბალიში.
მართალია, კვლევის ულტრასონოგრაფიული მეთოდი ახალშობილისთვის პრაქტიკულად უვნებელია, მაგრამ სახსრის ელემენტების ურთიერთგანლაგების შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ გვაწვდის, ამიტომ ვატარებთ რენტგენოლოგიურ გამოკვლევასაც 5-6 თვის ასაკში (ამ დროს ის უკვე ნებადართულია), რომელიც სახსრის ობიექტური შეფასების საშუალებას იძლევა და მკურნალობას რენტგენოლოგიური მონაცემების მიხედვით ვაგრძელებთ.
სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ მენჯ-ბარძაყის სახსრის განუვითარებლობის სამ ხარისხს, რომლებიც რენტგენოლოგიურად განისაზღვრება:
1. დისპლაზიას –ამ დროს სახსრის კომპონენტების ფორმირება დარღვეულია ტაბუხის ფოსოს ფარგლებში, ანუ ბარძაყის თავი ფოსოშია, მაგრამ განუვითარებელია სახსრის ელემენტები: ბარძაყის თავი, ტაბუხის ფოსო და თაღი;
2. ქვეამოვარდნილობას – ამ დროს სახსრის კომპონენტები დისპლაზიურია, ბარძაყის თავი ნაწილობრივ ტაბუხის ფოსოს გარეთაა;
3. ამოვარდნილობას – ბარაძაყის თავი მთლიანად ტაბუხის ფოსოს გარეთაა, სახსრის კომპონენტები დისპლაზიურია.
თუ რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბარძაყის თავები ცენტრირებულია ტაბუხის ფოსოში, მაგრამ ტაბუხის ფოსოს თაღები დაქანებულია, მაშინ პავლიკის უზანგით მკურნალობა კიდევ 2-3 თვე გრძელდება. 9-10 თვის ასაკში ტარდება განმეორებითი რენტგენოგრაფია და ნარჩენი დისპლაზიის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება განმბჯენით რბილ ბანდებზე ან ვილენსკის არტაშანით.
– როგორია კლინიკური სურათი ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში?
– ბავშვი, რომელიც ნორმალურად ვითარდება, წლის ან წლისა და 1-2 თვის ასაკში სიარულს იწყებს. დისპლაზიისა და ამოვარდნილობის შემთხვევაში ბავშვების უმრავლესობა ფეხის ადგმას რამდენიმე თვით აგვიანებს, ხოლო სიარულისას კოჭლობს, განსაკუთრებით – ცალმხრივი ამოვარდნილობის შემთხვევაში. ორმხრივი ამოვარდნილობისას ბავშვი იხვივით ბაჯბაჯებს.
– რა შეიძლება გაკეთდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის პროფილაქტიკისთვის?
– მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის პროფილაქტიკა სამშობიარო სახლშივე იწყება. მთავარია, ბავშვი მჭიდროდ არ შეახვიოთ. ყველა ახალშობილს უნდა ეცვას პამპერსი და განზიდული ჰქონდეს კიდურები. როცა ბარძაყი განზიდულია, მისი თავი ტაბუხის ფოსოს უახლოვდება. ბარძაყის განზიდული შეხვევა ემბრიონის პოზას იმეორებს და სახსარს განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიაზე ეჭვის შემთხვევაში სწორედ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობენ. ამ მიზნით ბავშვს ორ პამპერსს აცმევენ, უდებენ ფეხებს შორის პატარა ბალიშს. გარდა ამისა, დედას ასწავლიან საგანგებო ვარჯიშებს – კიდურების განზიდვას, წრიულ მოძრაობებს, რომლებიც მან ბავშვს დღეში რამდენჯერმე უნდა ჩაუტაროს. ამას ემატება სამკურნალო მასაჟიც. საწყის ეტაპზე, როცა დისპლაზია უმნიშვნელოა, ეს პროცედურები საკმარისია დაავადების საკორექციოდ.
თუ დიაგნოზი სამი-ოთხი თვის ასაკში ან უფრო გვიან დაისვა, მკურნალობის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენება გვიწევს.
– რა პროცედურები ტარდება ამ დაავადების დროს, გარდა სამკურნალო მასაჟისა?
– მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის, ქვეამოვარდნილობისა და ამოვარდნილობის კონსერვატიული მკურნალობა კომპლექსურია. გარდა სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟისა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, ტარდება:
. ფიზიოპროცედურები, რაც გულისხმობს: ელექტროფორეზს ეუფილინით და ნიკოტინის მჟავათი გავა-წელზე და მენჯ-ბარძაყის სახსარში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად; პარავერტებრალური და დუნდულა კუნთების ელექტროსტიმულაციას;
. ბალნეოპროცედურები – თბილი შეფუთვა, პარაფინის და ოზოკერიტის აპლიკაციები;
. მედიკამენტური მკურნალობა – კალციუმისა და ფოსფორის პრეპარატების, პოლივიტამინების მიღება.
– როდის მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას?
– ოპერაცია უმთავრესად დაგვიანებული ან უშედეგო მკურნალობის შემთხვევაში ტარდება. თანდაყოლილი ამოვარდნილობა, თუ ნებაზე მივუშვით, იწვევს დისპლაზიურ კოქსართროზს, რაც ადამიანს აინვალიდებს – ახასიათებს ტკივილი, სიარულის დარღვევა, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა. ასეთ დროს ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ. რაც უფრო მეტად დაგვიანდება ოპერაცია, მით უფრო ნაკლებია სრული განკურნების შანსი.
ქირურგიული ჩარევა მაშინაც საჭიროა, როცა კონსერვატიული მკურნალობით სახსრის ნორმალური პოზიცია ბოლომდე ვერ აღდგება. ამ დროს ოპერაცია ორი წლიდან არის რეკომენდებული.