სახსრების ანთება
გააზიარე:
სახსრების განსაცდელი
სახსრების ანთება, ართრიტი, ასევე კარგად ნაცნობი პრობლემაა. თუ ის მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადება გგონიათ, ცდებით – სახსრების ანთება შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, ბავშვსაც კი.
ამჟამად მედიცინა ართრიტის ასამდე ტიპს იცნობს. მათი უმეტესობა სახსრებსა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ტკივილსა და დაჭიმულობას იწვევს. ზოგჯერ პრობლემა სახსრით არ შემოიფარგლება და შინაგან ორგანოებზეც ვრცელდება.
ცხადია, ასივე ართრიტს ერთნაირი კლინიკური სურათი არ აქვს, დაავადების მიმდინარეობა და სიმპტომები ართრიტის ტიპზეა დამოკიდებული, თუმცა წამყვანი სიმპტომი უმეტესად მაინც ერთი და იგივეა – სახსრის ტკივილი. კლინიკური ნიშნები ზოგჯერ ერთბაშად ვითარდება, ზოგჯერ კი თანდათანობით, ზოგჯერ მუდმივია, ზოგჯერ კი პერიოდულად იჩენს თავს, მსუბუქია ან მძიმე, მწვავე ან ქრონიკული.
მიზეზები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც თავად ართრიტი. მაგალითად, პოდაგრა ორგანიზმში შარდმჟავა მარილების დაგროვების შედეგია. ართრიტის მრავალი ტიპი ინფექციური ბუნებისაა. სახსრის ანთება ზოგჯერ სისტემური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა, ზოგჯერ კი დამოუკიდებელი ლოკალური ავადმყოფობა. თუმცა ყველა ტიპის ართრიტის მიზეზისთვის ჯერ არ მიუგნიათ. მეცნიერები შეისწავლიან გენეტიკის, ცხოვრების წესის, გარემო ფაქტორების გავლენას სახსრების ჯანმრთელობაზე.
აშშ-ში სახსრის ანთებათა შორის პირველ ადგილს ოსტეოართრიტი იკავებს. ართრიტის სხვა გავრცელებული ტიპებია რევმატოიდული ართრიტი და პოდაგრა. ქვემოთ სწორედ ამ სამეულზე ვისაუბრებთ.
-----
ოსტეოართრიტი
ოსტეოართრიტი, როგორც ითქვა, სახსრის ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. აშშ-ში ეს დიაგნოზი 30 მლნ ზრდასრულ ადამიანს აქვს. ოსტეოართრიტი უმეტესად თითების, მუხლებისა და მენჯ-ბარძაყის სახსარს აზიანებს. ამ დროს სახსრის ხრტილი იშლება, რაც მის ქვეშ მდებარე ძვლის პათოლოგიურ ცვლილებას იწვევს. ცვლილება, როგორც წესი, ნელა ვითარდება და თანდათან მძიმდება. სახსრის მოძრაობის დიაპაზონი იკლებს, ადამიანს უჭირს ყოველდღიური საქმიანობა. დაავადება ვლინდება ტკივილით, დაჭიმულობით, შეშუპებით. ზოგჯერ საქმე სახსრის ფუნქციის დაქვეითებამდე და ინვალიდობამდეც მიდის. ოსტეოართრიტის განვითარების ალბათობას ზრდის ტრავმა და სახსრის ჭარბი დატვირთვა.
ასაკთან ერთად ოსტეოართრიტის განვითარების რისკიც იმატებს. ქალებთან დაავადება საგრძნობლად ხშირია, განსაკუთრებით – 50 წლიდან. ჭარბი წონა კიდევ ერთი რისკფაქტორია: ერთი მხრივ, იმატებს სახსრის დატვირთვა, მეორე მხრივ კი ირღვევა მეტაბოლიზმი, რაც დაავადების განვითარების რისკს კიდევ უფრო ზრდის. არც გენეტიკა უნდა ასრულებდეს უმნიშვნელო როლს. ამასთან, თუ ერთი სახსრის ოსტეოართროზი უკვე გაქვთ, დიდია ალბათობა, სხვა სახსარიც იმავე დაავადებას ემსხვერპლოს.
ოსტეოართრიტი არ იკურნება. მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქება ან აღკვეთაა. ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდის კომბინაციაა მოწოდებული:
* ფიზიკური აქტიურობის გაზრდა (პაციენტს ხშირად ეშინია ამის, სინამდვილეში კი სწორი და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა ამცირებს ტკივილს და საგრძნობლად აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს);
* ფიზიოთერაპიული პროცედურები;
* წონის კლება;
* მედიკამენტები (უმთავრესად – ტკივილის გასაყუჩებლად);
* დამხმარე საშუალებები, მაგალითად, ყავარჯენი;
* ოპერაცია (თუ მკურნალობის სხვა მეთოდები უეფექტოა).
------
რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტი ავტოიმუნური ანთებითი დაავადებაა. ის, წესისამებრ, ერთდროულად რამდენიმე სახსარს აზიანებს, ყველაზე ხშირად – თითისას, მაჯისას, მუხლისას, მხრისას და კოჭისას, თუმცა არც სხვა ორგანოებს ტოვებს უყურადღებოდ – გულის, ფილტვებისა და თვალების დაზიანებასაც იწვევს.
რევმატოიდული ართრიტი პათოლოგიური ავტოიმუნური პასუხის შედეგია. ამ დროს ორგანიზმი საკუთარ ქსოვილებს ებრძვის. რა იწვევს იმუნური სისტემის შეცდომას, უცნობია, თუმცა ვიცით, რა ზრდის დაავადების განვითარების რისკს:
* ასაკი – რევმატოიდული ართრიტი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, თუმცა წლების მატებასთან ერთად მისი განვითარების ალბათობაც იმატებს. ყველაზე ხშირად ის 60 წლისთვის იჩენს თავს.
* სქესი – დაავადება ორ-სამჯერ უფრო ხშირია ქალებთან, განსაკუთრებით – მათთან, ვისაც შვილი არ ჰყავს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რევმატოიდული ართრიტის განვითარების ალბათობას ამცირებს ძუძუთი კვება.
* გენეტიკა – განსაზღვრული გენების არსებობა დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის. ამ გენებს HLA აბრივიატურით აღნიშნავენ. დაავადების რისკი ყველაზე მაღალია მაშინ, როდესაც ამ ჯგუფის გენების მქონე ადამიანი სხვა რისკფაქტორის, მაგალითად, თამბაქოს ან სიმსუქნის, ზემოქმედებასაც განიცდის.
* მწეველობა – არაერთი კვლევა მოწმობს, რომ თამბაქო ზრდის დაავადების რისკს და ამძიმებს მის მიმდინარეობას.
* ჭარბი წონა – კვლევებმა, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის განვითარებაში სიმსუქნის როლის შესასწავლად ჩატარდა, აჩვენა, რომ დაავადების შანსი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ჭარბია წონა.
წონაზეა დამოკიდებული რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის ეფექტიც. ჭარბწონიანები დაავადების მკურნალობისგან ნორმალური წონის მქონე პაციენტებთან შედარებით ნაკლებ სარგებელს იღებენ.
რევმატოიდულ ართრიტს მორეციდივე მიმიდინარეობა ახასიათებს – სიმპტომები ერთგვარი აფეთქებების სახით ვლინდება, გარკვეული ხნის შემდეგ კი სუსტდება და რემისიის პერიოდი დგება. კლინიკური ნიშნები მოიცავს:
* ტკივილს, დაჭიმულობას და შეშუპებას ერთზე მეტ სახსარში (სხეულის ორივე მხარეს);
* წონის კლებას;
* ცხელებას;
* დაღლილობას და საერთო სისუსტეს.
რევმატოიდული ართრიტი აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე, ზოგჯერ იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას და ინვალიდობას. დაავადების პროგნოზი მით უფრო კეთილსაიმედოა, რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება მკურნალობა. იდეალურ შემთხვევაში რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი სიმპტომების გამოვლენიდან 6 თვის განმავლობაში უნდა დაისვას. ამ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა საგრძნობლად აფერხებს, ზოგჯერ კი აჩერებს დაავადების პროგრესს. ამიტომ თუ სახსრებმა შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
------
რა შუაშია სახსარი?
ართრიტის გავრცელებული ფორმაა პოდაგრაც, რომლის მთავარი კლინიკური გამოვლინება სახსრის ძლიერი ტკივილია. დაავადება ტალღისებურად – რეციდივებისა და რემისიების მონაცვლეობით მიმდინარეობს.
პოდაგრას ორგანიზმში შარდმჟავას კრისტალების დაგროვება იწვევს. ეს უკანასკნელი პურინების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. თავად პურინები კი ჩვენს ორგანიზმშიც არსებობს და საკვებშიც. ნორმაში ორგანიზმი შარდმჟავასგან მარტივად თავისუფლდება – შარდის მეშვეობით. თუ შარდმჟავა მეტისმეტად ბევრი აღმოჩნდა ან თირკმელებმა გიმტყუნათ, შარდმჟავას კრისტალები ვეღარ გამოიდევნება და სახსარში დაიდებს ბინას. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, სახსარში ნემსები რომ ჩაერჭოთ. სწორედ ასეთ შეგრძნებას იწვევს პოდაგრა, ვინაიდან შარდმჟავას კრისტალები ბასრია. აღსანიშნავია, რომ ჰიპერურიკემია (შარდმჟავას სიჭარბე) ყოველთვის არ იწვევს პოდაგრას. მეორე მხრივ, თუ ჰიპერურიკემიას არ ახლავს პოდაგრის სიმპტომები, მკურნალობა საჭირო არ არის.
პოდაგრა ერთბაშად იფეთქებს და შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. შეტევის დროს ვითარდება ძლიერი, ინტენსიური ტკივილი, სახსარი შუპდება, წითლდება, ტემპერატურა იწევს. შეტევა უმეტესად ღამით იწყება. ყველაზე ხშრიად ზიანდება ქვედა კიდურების სახსრები – ცერა თითისა, კოჭისა და მუხლისა. მკურნალობის გარეშე შეტევა სამიდან ათ დღემდე გრძელდება. ამას მოსდევს ხანგრძლივი რემისია – კვირების, თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში ადამიანს არაფერი აწუხებს.
პოდაგრის რისკფაქტორებად მიიჩნევა მამრობითი სქესი, სიმსუქნე, გულის უკმარისობა, ჰიპერტონია, მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ალკოჰოლის (განსაკუთრებით – ლუდის) და პურინებით მდიდარი საკვების (წითელი ხორცის, ანჩოუსის, სარდინის, მიდიის, თინუსის და ზღვის სხვა პროდუქტების, ასევე – ფრუქტოზას შემცველი პროდუქტების) ჭარბი მოხმარება.
პოდაგრის დიაგნოზი მხოლოდ აფეთქების დროს უნდა დაისვას. ამ დროს ლაბორატორიული ტესტები სახსარში შარდმჟავას კრისტალებს გამოავლენს. სამკურნალოდ ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სტეროიდები და კოლხიცინი.
წონის კლება, დიეტის დაცვა, ალკოჰოლის შეზღუდვა და პურინებით მდიდარი საკვებისთვის თავის არიდება მომავალში პოდაგრის შეტევის ალბათობას ამცირებს და დადებით გავლენას ახდენს დაავადების პროგნოზზე.
------
ფსორიაზი და ართრიტი
ართრიტის მიზეზად შეიძლება ფსორიაზიც იქცეს. ეს კანის ანთებით მიმდინარე დაავადებაა, რომელსაც უხვი მოწითალო გამონაყარი და ვერცხლისფერი აქერცვლა ახასიათებს. გაირკვა, რომ ფსორიაზს შეუძლია, კანისმიერ სიმპტომებთან ერთად სახსრის ანთებაც გამოიწვიოს.
ფსორიაზული ართრიტი შეიძლება ნებისმიერ სახსარში განვითარდეს, თუმცა უმეტესად დიდ სახსრებს აზიანებს. პათოლოგიურ პროცესში შეიძლება ჩაერთოს ერთი ან რამდენიმე სახსარი.
სტატისტიკური მონაცემებით, ართრიტი ფსორიაზით დაავადებულთა 15%-ს უვითარდება. ზოგჯერ სახსრის პრობლემები კანის დაზიანებამდეც იჩენს თავს. დაავადება, როგორც წესი, 30-დან 50 წლამდე ვლინდება, თუმცა არ არის გამორიცხული, ბავშვობაში დაიწყოს. ასეთ დროს იმატებს თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთების – უვეიტის – რისკიც. ქალებსა და მამაკაცებს ფსორიაზული ართრიტი ერთნაირი სიხშირით ემართებათ.
როგორ ვლინდება
ფსორიაზულ ართრიტს მორეციდივე მიმდინარეობა ახასიათებს. დაავადება ვლინდება შემდეგი ნიშნებით:
* სახსრის ტკივილით და შეშუპებით (მოსალოდნელია ასევე სიწითლე და სიმხურვალე სახსარში);
* კისრისა და წელის ტკივილით, დაჭიმულობით, რიგიდულობით;
* შებოჭილობით და დაზიანებულ სახსარში მოძრაობის გაძნელებით, განსაკუთრებით – დილაობით;
* ფრჩხილების მტვრევადობით და ბუდიდან ამოვარდნით;
* დაღლილობით.
ნიშნები რევმატოიდული ართრიტისას ჰგავს. ამასთან, ფსორიაზული ართრიტისთვის დამახასიათებელია თითების დაზიანება (მტკივნეულობა და სოსისის ფორმა), ტერფის დაზიანება (მყესებისა და იოგების ძვალთან მიმაგრების ადგილის მტკივნეულობა, განსაკუთრებით – ქუსლის მიდამოში), ხერხემლის დაზიანება (ანთებითი პროცესი ვითარდება მალებს შორის).
დაავადების მკურნალობა პროცესის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქ შემთხვევებში მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მიმდინარეობს. მათი მიღება მხოლოდ რეციდივის დროს არის საჭირო. თუ ართრიტი ამგვარ მიდგომას არ ემორჩილება, უფრო ძლიერ მედიკამენტებს იყენებენ, ძირითადად -დაავადების მამოდიფიცირებელ პრეპარატებს. სახსრის მოძრაობის შენარჩუნებას ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობაც, რომელიც ფსორიაზული ართრიტის მართვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
მუდმივი ანთება სახსრების დაზიანებას იწვევს და შესაძლოა, ინვალიდობამდეც მიიყვანოს ადამიანი, თუმცა სწორი და დროული მკურნალობა უმეტესად აჩერებს პათოლოგიურ პროცესს და სახსარს მობილობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, ამიტომ თუ თქვენ ან თქვენს სისხლით ნათესავს ფსორიაზი გაქვთ, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ – სახსართან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
------
ფრთხილად, ბავშვები!
ბავშვობის ასაკში განვითარებულ სახსრის ანთებას იუვენალური ართრიტი ეწოდება. იუვენალური იდიოპათიური ართრიტი, იგივე იუვენალური რევმატოიდული ართრიტი, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს დაავადებაც ავტოიმუნური ბუნებისაა. მისი განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია.
დაავადება რეციდივებისა და რემისიების მონაცვლეობით მიმდინარეობს. სიმპტომები მოიცავს სახსრის ტკივილს, შეშუპებას, უძრაობას, დაღლილობას, სიარულის, ჩაცმის, თამაშის გაძნელებას, კოჭლობასა და შებოჭილობას, განსაკუთრებით – დილაობით, ფიზიკური აქტივობის დაქვეითებას, გამონაყარს, ცხელებას, უმადობას, თვალების ანთებას... იუვენალურ ართრიტს შეუძლია, ბავშვს ხელი შეუშალოს ყოველდღიურ აქტივობაში, გამოიწვიოს სახსრების შეუქცევადი დაზიანება, ზრდის შეფერხება, ინვალიდობა.
ამ გართულებათა თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, დაავადების დიაგნოსტიკა ადრევე მოხდეს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, თუ ბავშვს მსგავსი სიმპტომები შეატყვეთ. დააკვირდით – ადვილად ხომ არ იღლება, აქტიურ თამაშებზე უარს ხომ არ ამბობს, იქნებ მოძრაობაზე მეტად წამოწოლა უყვარს. თუ ძალზე პატარაა, შესაძლოა, მაგალითად, ჩაცმის დროს ჭირვეულობდეს, წუწუნებდეს. ეს სიმპტომები ერთმნიშვნელოვნად პათოლოგიაზე არ მიუთითებს, თუმცა, გადამოწმება ნამდვილად საჭიროა.
სამწუხაროდ, დაავადება არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მკურნალობის ფონზე მუდმივი რემისიის მიღწევაც, რაც იმას ნიშნავს რომ დაავადება აქტიური აღარ არის, თუმცა უკვე დაზიანებული სახსარი ვეღარ აღდგება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ დაზიანებათა პრევენცია, თანაც – რაც შეიძლება ადრე.
იუვენალური ართრიტის მკურნალობაში სპეციალისტთა ჯგუფი უნდა მონაწილეობდეს – რევმატოლოგი, თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, მედდა, ზოგჯერ – ოფთალმოლოგი, ქირურგი და სხვ. აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა -მედიკამენტების, ვარჯიშისა და სხვადასხვა პროცედურის კომბინაცია, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ და ბავშვმა სრულფასოვნად ცხოვრება შეძლოს.