წელის ტკივილი
გააზიარე:
ბენჯამინ ფრანკლინის ცნობილ გამონათქვამს: “ამქვეყნად მხოლოდ ორი რამაა გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები”, – XXI საუკუნეში თამამად შეგვიძლია წელის ტკივილიც დავამატოთ. როგორც ეპიდემიოლოგები გვაუწყებენ, ზრდასრული მოსახლეობის 90%-ს ერთხელ მაინც განუცდია წელის ტკივილი. სწორედ ეს ჩივილია ექიმთან კონსულტაციის, ჰოსპიტალიზაციის, ოპერაციული ჩარევის და, თქვენ წარმოიდგინეთ, დროებითი შრომისუუნარობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი.
აშშ-ში სადაზღვევო კომპანიებს ყოველწლიურად 50-60 მილიარდი დოლარის გადახდა უწევთ წელის ტკივილის მკურნალობის ასანაზღაურებლად. ასე რომ, წელის ტკივილი ჩვენს დროში არა მხოლოდ სიმპტომი, არამედ სერიოზული სოციალური პრობლემაცაა.
წელის ტკივილმა შეიძლება უცაბედად, ყოველგვარი წინამორბედი მოვლენის გარეშე იჩინოს თავი, ანდა ნელ-ნელა შემოგვეჩვიოს.
ის ორი სახისაა: მწვავე და ქრონიკული. წელის მწვავე ტკივილი მყისიერად ჩნდება. ის უმთავრესად მძიმე ტვირთის აწევით, ტრავმით, არასწორ პოზაში ძილით ან ჯდომით, უხერხული მოძრაობით არის გამოწვეული. ამ სახის ტკივილს თბილი საფენები, დასვენება და მალამოს შეზელა მალევე აქრობს.
წელის ქრონიკული ტკივილი დიდხანს გრძელდება. ის საწყის სტადიაშივე მოითხოვს მკურნალობას, ვინაიდან ასაკთან ერთად მხოლოდ პროგრესს განიცდის.
რა იწვევს წელის ტკივილს ყველაზე ხშირად?
შემთხვევათა მესამედში წელის ტკივილის მიზეზი ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებებია, რომლებსაც საერთო სახელწოდება – ოსტეოქონდროზი აერთიანებს.
რა არის ოსტეოქონდროზი? ოსტეოქონდროზი ხერხემლის მალებისა და იოგების პათოლოგიურ ცვლილებათა შედეგად განვითარებული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად მალათაშუა დისკების დეგენერაცია უდევს. გარდა ამისა, ოსტეოქონდროზის დროს შესაძლოა ხერხემლის მალებზე ძვლოვანი წარმონაქმნები – ოსტეოფიტები გაჩნდეს (ხალში მათ “მარილებს” ეძახიან). ოსტეოფიტები ზურგის ტვინის ფესვებს აწვება, რაც წელის მიდამოში ყრუ და დამწოლ ტკივილს იწვევს.
მალათაშუა დისკი ორმხრივამოზნექილი ლინზის ფორმის წარმონაქმნია, რომელიც მალებს შორის არის მოქცეული და ხერხემლის ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს. დისკის ცენტრში მოთავსებულია ჟელესმაგვარი ბირთვი – პულპა. დროთა განმავლობაში ის შრება, იბზარება და სკდება. ამის შედეგად მალა მოძრავი ხდება და შესაძლოა დისკიდან გადმოცურდეს, რაც მალათაშუა სივრცის შევიწროებას და აქ გამავალ ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლას გამოიწვევს.
ხერხემლის წელის მიდამოს მალები ანატომიურად უფრო მოძრავია და, იმავდროულად, სიმძიმის აწევისას ხერხემლის სხვა ნაწილებთან შედარებით მაქსიმალურ დატვირთვას განიცდის, ამიტომ უფრო მეტადაც არის მიდრეკილი დაზიანებისკენ.
წელის ოსტეოქონდროზის დროს ძლიერ ტკივილს მხოლოდ ნერვების მექანიკური გაღიზიანება კი არ იწვევს, არამედ დისკის დაზიანებისას გამოყოფილი ნივთიერებებიც, რომლებიც ტკივილის რეცეპტორებს აღიზიანებს.
რა იწვევს ოსტეოქონდროზს? ოსტეოქონდროზის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მარილოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევაა. ზოგჯერ ოსტეოქონდროზი მალათაშუა დისკის თანდაყოლილი დაზიანების გამო ჩნდება. მისი პროვოცირება კი შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინოს.
ოსტეოქონდროზის განვითარების რისკფაქტორებია:
. ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმეების აწევა;
. ხერხემლის განვითარების ანომალიები;
. სიმსუქნე;
. ჰიპოდინამია – ცხოვრების მჯდომარე, არააქტიური წესი;
. თამბაქოს წევა;
. კვების არაჯანსაღი რეჟიმი;
. ვიბრაციის ზემოქმედება, მაგალითად, მანქანის მართვისას.
ოსტეოქონდეროზის გვიანდელ სტადიაში დისკი მალათაშუა სივრციდან გადაინაცვლებს და ყალიბდება ე.წ. მალათაშუა დისკის თიაქარი. ის მეტწილად შუახნის და ხანდაზმულ პირებში გვხვდება. ყველაზე ხშირად სწორედ წელის მიდამო ზიანდება, ვინაიდან მისი მალათაშუა სივრცეები ანატომიურად ყველაზე ვიწროა, მათგან გამომავალი ნერვის ფესვები კი საკმაოდ მასიური.
რა სიმპტომები ახასიათებს მალათაშუა დისკის თიაქარს?
მალათაშუა თიაქარი ძალიან საშიში დაავადებაა. გარდა იმისა, რომ იგი გავა-წელის რადიკულიტისთვის დამახასიათებელ ტკივილს იწვევს, მასიურმა პროცესმა შესაძლოა ზურგის ტვინზე ზეწოლის შედეგად ქვედა კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა და დამბლა გამოიწვიოს. მალათაშუა დისკის თიაქრისთვის დამახასიათებელია აუტანელი ტკივილი. ავადმყოფი წამოდგომისას ხელებით მუხლებს ან სკამს ეყრდნობა, რათა დაზიანებულ დისკზე დატვირთვა შეამციროს; არ შეუძლია მუცელზე წოლა და ვერ იხრება ნივთის ასაღებად. წელის ძლიერი ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია რადიკულიტი, იგივე რადიკულოპათია. ის დიდხანს ინფექციურ დაავადებად მიიჩნეოდა, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ რადიკულიტის დროს ტემპერატურის მატება და ლეიკოციტოზი არ შეინიშნება, ამიტომ თანამედროვე ლიტერატურაში მას რადიკულოპათიად იხსენიებენ. რადიკულოპათია ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
როგორ ვლინდება წელის რადიკულოპათია? წელის რადიკულოპათია მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელი ტკივილიც მწვავე ან ყრუა. ის, როგორც წესი, ცალმხრივია და ირადიაციას თეძოსა და ბარძაყის მიდამოში განიცდის. განსაკუთრებით ძლიერდება სიარულის, ხველისა და ცემინების დროს. ზოგჯერ მას სხვა სახის შეგრძნებებიც ახლავს თან – გაშეშება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, წვა და ქავილი. წოლისას ავადმყოფი საათობით ვერ პოულობს მოხერხებულ პოზას. რადიკულოპათიის სიმპტომები საკმაოდ მკვეთრია. ავადმყოფს ეცვლება სიარულისა და დგომის მანერა, უჩნდება დამახასიათებელი მოძრაობები და პოზები, სიარულისას ტანს წინ და ჯანმრთელი ფეხის მხარეს სწევს, დგომისას კი მტკივან მხარეს ფეხი ნახევრად მოხრილი აქვს, რადგან ასეთ პოზიციაში ნერვული ღეროს დაჭიმულობა მცირდება. სხეულის მოძრაობა წელის მიდამოში შეზღუდულია. რადიკულოპათიის იოლი ფორმები მოძრაობას თითქმის არ ზღუდავს, ხოლო თუ დაავადებამ პროგრესი განიცადა, თავს იჩენს კუნთოვანი სისუსტე, ხშირია ტერფის მიდამოში სიცივის, სიმშრალის ან, პირიქით, სისველის შეგრძნება. ტერფზე კანი უფერულდება ან მონაცრისფრო ელფერს იღებს. თუმცა ამ სიმპტომების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რადიკულიტის დიაგნოზი დაუსვათ საკუთარ თავს. მსგავს სურათს ზოგჯერ სხვა დაავადებაც, მაგალითად, ქვედა კიდურის სახსრების დაზიანებაც, იწვევს.
მორეციდივე რადიკულიტთან ერთად ძალზე გავრცელებულია წელის მიდამოს ისეთი მწვავე დაავადება, როგორიცაა ლუმბაგო, უბრალო ენით – წელკავი. ლუმბაგოს დროს ასევე ღიზიანდება ნერვის ფესვი და თავს იჩენს ძლიერი ტკივილი, რომელიც კუნთების სპაზმს და გაშეშებას იწვევს. ის უმეტესად მძიმე ფიზიკური შრომით დაკავებულ პირებს ემართებათ. მას პროვოცირებას უწევს სხეულის გადახურება, სხეულის გაოფლიანება და შემდეგ სწრაფი გაცივება. ლუმბაგო შესაძლოა მწვავე და ქრონიკულმა ინფექციამაც გამოიწვიოს. ტკივილი, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა ზოგჯერ 2-3 კვირაც გასტანს. სანამ შეტევა გაივლის, უმჯობესია პაციენტმა წოლითი რეჟიმი დაიცვას.
თუ წელი აგტკივდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ხერხემალია დაზიანებული – წელის ტკივილის მიზეზი შესაძლოა მიოზიტიც იყოს.
მიოზიტის დროს ანთებითი პროცესი კუნთებშია ლოკალიზებული და დიდხანს გრძელდება. კუნთის ტკივილი, ლუმბაგოსგან განსხვავებით, ყრუა, არც ისე ძლიერი და მწვავე.
როგორ გავუმკლავდეთ წელის ტკივილს?
წოლითი რეჟიმი
წელის ტკივილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ მკურნალობის გარეშე ფონს ვერ გავალთ. განურჩევლად მიზეზისა, პირველ დღეებში ავადმყოფი უნდა იწვეს; მას შემდეგ, რაც მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება, მას ეძლევა სიარულის ნება. თავდაპირველად სასურველია ყავარჯნებით იაროს, რათა ხერხემლის სვეტზე დატვირთვა შემცირდეს. საწოლი მაგარი და მყარი უნდა იყოს.
მალამოები
მტკივან ადგილზე შეიძლება გამაღიზიანებელი მალამოს წასმა. ის ამ უბანში სისხლის მიდინებას აძლიერებს და ტკივილის კუპირებას ახდენს. ასევე, შვება მოაქვს თბილ საფენებსა და ნახვევებს. ყველაზე ხშირად კი ექიმები ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მალამოებს გვირჩევენ.
ტრაქციული თერაპია და ბალნეოთერაპია
მალათაშუა დისკის გადანაცვლებით გამოწვეული რადიკულოპათიის დროს იყენებენ ტრაქციულ თერაპიას – სხეულის დაჭიმვას საწოლზე ან წყალქვეშ. ეს პროცედურები აუცილებლად პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს სტაციონარულ პირობებში.
საკმაოდ ეფექტურია ბალნეოთერაპიაც – აბაზანები და ტალახის აპლიკაციები, ასევე – სპეციალური მასაჟი ან აკუპუნქტურა, რომელიც აუცილებლად მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს უნდა მიანდოთ.
ზოგ შემთხვევაში ტკივილის შესამცირებლად და პროფილაქტიკისთვის კორსეტს იყენებენ. ის ხელს უშლის ხერხემლის დეფორმაციას, აუმჯობესებს ვენური სისხლისა და ლიმფის დინებას, მოხდენილობას ანიჭებს სხეულს.
კორსეტის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება, რადგან:
. კორსეტის მუდმივი ტარება შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ხერხემლისთვის.
. კორსეტის პირდაპირ შიშველ სხეულზე ჩაცმა არ შეიძლება.
. მეტისმეტად მოჭერილი კორსეტი აძნელებს სუნთქვას, საჭმლის მონელებას და სხეულის ქვედა ნაწილში სისხლის მიმოქცევას.
. კორსეტის დღედაღამ ტარებამ შესაძლოა კუნთების ატროფია გამოიწვიოს. მისი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ხანგრძლივი ჯდომის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს.
. გახსოვდეთ, საუკეთესო დამჭერი ბუნებრივი, კუნთოვანი კორსეტია, ამიტომ წელის ტკივილის მკურნალობისა და პროფილაქტიკის იდეალური საშუალება სამკურნალო ფიზკულტურაა.
მედიკამენტური მკურნალობა
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები უკუნაჩვენებია. ამ შემთხვევაში უმჯობესია ციკლოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორით მკურნალობა, რადგან ის არ აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და არც სხვა გვერდით მოვლენებს იწვევს. ასევე სასურველია B ჯგუფის ვიტამინით ინექციის კურსის ჩატარება.
მართალია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და ანალგეზიური საშუალებები ტკივილს ხსნის, მაგრამ დაავადების მიზეზზე გავლენას არ ახდენს. ხერხემლის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინიშნება ტკივილმამოდიფიცირებელი, ბაზისური და ნელა მოქმედი პრეპარატები. ეს გახლავთ კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც იმ ბუნებრივ პოლისაქარიდებს შეიცავს, რისგანაც ხრტილოვანი ქსოვილია წარმოქმნილი. ის აუმჯობესებს ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზს და აფერხებს ოსტეოქონდროზის პროგრესს. ვიდრე ზემოხსენებულ მედიკამენტებს მიიღებდეთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, გაეცანით წამლის ინსტრუქციას, გვერდით ეფექტებს და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებას.
ტკივილი ზოგჯერ იმდენად მძლავრია (მაგალითად, ლუმბაგოს დროს), რომ საჭირო ხდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების კუნთშიგა ინექცია (ეს ფორმა უფრო ეფექტურია, ვიდრე ტაბლეტის მიღება), ხოლო თუ ტკივილი ვერც მედიკამენტურმა თერაპიამ შეამცირა, ვერც ფიზიოთერაპიამ და სხვა საშუალებებმა, სტეროიდების ეპიდურალურ ინექციას მიმართავენ. ამ მანიპულაციის დროს ძლიერმოქმედი ანთების საწინაღმდეგო საშუალება ზურგის ტვინის გარემომცველ სივრცეში შეჰყავთ. ეს საკმაოდ სარისკო პროცედურაა, ამიტომ აუცილებლად გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს. სასურველი შედეგის მისაღებად 2-3 დღეა საჭირო.
სხვა მეთოდები
მალათაშუა დისკის თიაქრის ზოგიერთი შემთხვევისას ინტენსიური ტკივილები ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგაც რჩება. ამ შემთხვევაში მისი კუპირება ქირურგიული გზითაა საჭირო.
მას შემდეგ, რაც დაავადების მწვავე პერიოდი გაივლის, სასურველია მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და მანუალური თერაპია.
აქვს თუ არა წელის ტკივილს სხვა მიზეზებიც?
წელის ტკივილი შესაძლოა ზოგიერთი შინაგანი ორგანოს პათოლოგიის გამოვლინებაც იყოს. ესენია:
. თირკმლის დაავადებები: შარდკენჭოვანი დაავადება, გლომერულონეფრიტი;
. ორსულობა;
. გინეკოლოგიური პრობლემები: მტკივნეული მენსტრუაცია, საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ანთებითი დაავადებები;
. მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი;
. მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
. საშარდე გზების ინფექციები;
. სიმსივნე;
. ხერხემლის ტუბერკულოზი;
. ჰერპეს ზოსტერი;
. აორტის ანევრიზმა.
მსგავს შემთხვევებში ძირითადი დაავადების მკურნალობის შედეგად წელის ტკივილიც ქრება.
ექიმთან ვიზიტი აუცილებელია:
. თუ წელის ტკივილს წინ უძღოდა რაიმე სახის ტრავმა;
. ტკივილი ძალიან მწვავეა;
. ტკივილი გახანგრძლივდა;
. თან ახლავს სხვა სახის გამოვლინებები – ტემპერატურის მომატება, ცვლილებები შარდში, კიდურის დაბუჟება, ფერის შეცვლა, სისუსტე, შესიება ან სხვა.
. პაციენტი ორსულადაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები მათთვის, ვისაც წელის ტკივილი აწუხებს:
. ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ მჯდომარე პოზაში; თუ მაინც გიწევთ, დაჯექით წელგამართული.
. თუ დიდხანს ჯდომა გიწევთ, საათში ერთხელ აუცილებლად შეისვენეთ, რათა განიტვირთოთ და შეასრულოთ რამდენიმე მარტივი მოძრაობა (გაჭიმვა, მოხრა, უბრალო სიარული).
. ნუ ასწევთ მძიმე ნივთებს, ხოლო თუ მაინც მოგიხდათ, ეცადეთ, ეს ნელა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე გააკეთოთ.
. ავარჯიშეთ მუცლის პრესის კუნთები, რადგან მათი დაჭიმვისას ხერხემალზე დატვირთვას ამცირებთ.
. რეგულარულად შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები ხერხემლისა და კუნთოვანი სისტემისათვის. ძლიერ კუნთებს შეუძლია, შეამციროს ზედმეტი დატვირთვა წელზე, ხოლო მოქნილი ხერხემალი თავიდან აგაცილებთ სისხლძარღვებსა და ნერვულ ფესვებზე მალების ზეწოლას.
გახსოვდეთ, წელის ტკივილის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. დიაგნოზის დასმა ზოგჯერ პროფესიონალებსაც კი უჭირთ და დიაგნოსტიკის ისეთი თანამედროვე მეთოდების გამოყენება უწევთ, როგორიცაა ულტრაბგერა, კომპიუტერული, პოზიტრონულ-ემისიური და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე წელის ტკივილის რადიკულიტით ახსნა არა მარტო მცდარი, არამედ საშიშიცაა, ამიტომ ვიდრე თვითნებურ მკურნალობას დაიწყებდეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ ნევროპათოლოგთან.