ბეიკერის ცისტა – რა მოსდის მუხლს

გააზიარე:

თუ მუხლის უკანა ზედაპირზე გაჩნდა გამობერილობა, რომელიც უსიამოვნო შეგრძნებას, დაჭიმულობას ან მოძრაობის შეზღუდვას იწვევს, ეს შესაძლოა ბეიკერის ცისტა იყოს.

 

რა არის

ბეიკერის ცისტა რბილი, სითხით სავსე გამობერილობაა, რომელიც მუხლქვეშა ფოსოში, მუხლის უკანა ზედაპირზე არსებულ ჩაღრმავებაში ჩნდება. მას  მუხლქვეშა ან სინოვიურ ცისტასაც უწოდებენ.

მუხლქვეშა ცისტა პირველად XIX საუკუნის ქირურგმა უილიამ მორანტ ბეიკერმა აღწერა და დაასკვნა, რომ დაზიანებული მუხლის სახსრიდან წამოსული სითხის დაგროვების შედეგი იყო. მართლაც,  სახსარშიდა ან სახსრის ირგვლივი სტრუქტურების დაზიანებისას წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობის სითხე, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება და მუხლის უკანა ზედაპირზე ცისტად გროვდება.

მოზრდილებსა და ბავშვებთან ბეიკერის ცისტა თანაბრად გვხვდება. მოზრდილებთან, წესისამებრ, მეორეულია, სახსრის ანთებითი ან დეგენერაციული დაავადების შედეგი, ბავშვებთან კი –პირველადი.

რა იწვევს

სახსრებში უმტკივნეულო, სრიალა მოძრაობას სინოვიური სითხე უზრუნველყოფს. ეს ბლანტი სითხე ერთგვარი საპოხია, რომელიც ამცირებს ხახუნს მუხლის სახსარში შემავალ კომპონენტებს შორის და მუხლში ფეხის თავისუფალ მოხრა-გაშლას უზრუნველყოფს. როდესაც მუხლის სახსრის ამომფენი სინოვური უჯრედები დიდი რაოდეობით სინოვიურ სითხეს წარმოქმნის, ეს უკანასკნელი მუხლის უკანა ზედაპირზე, მუხლქვეშა ფოსოში გროვდება და ცისტას აჩენს.

ჭარბი სითხე ზოგჯერ მთელი მუხლის შეშუპებას იწვევს.

სინოვიური სითხის ჭარბი წარმოქმნა მოსალოდნელია  სახსრის დაზიანებით მიმდინარე რამდენიმე დაავადების დროს. მათ შორისაა ართრიტი (ოსტეოართრიტი ან რევმატოიდული ართრიტი), მუხლის პირდაპირი ტრავმა (მენისკის ან მყესის გაგლეჯა, ხრტილის დაზიანება), პოდაგრა.

როგორ ვლინდება

ბეიკერის ცისტა ზოგჯერ მცირე ზომისაა და არავითარ შემაწუხებელ შეგრძნებას არ იწვევს. ასეთ წარმონაქმნს შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე გასინჯვისას ან სხვა მიზნით ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევისას. ზოგჯერ კი ცისტა იმდენად დიდია, რომ ადამიანს ფეხის ბოლომდე მოხრა ან გაშლაც კი უჭირს.

ბეიკერის ცისტისთვის დამახასიათებელია მუხლქვეშა მიდამოს შეშუპება, მუხლის ან მთელი ფეხის ტკივილი, დაჭიმულობა, ზოგჯერ – მთელი ფეხის შეშუპება. ფიზიკური დატვირთვის ან ხანგრძლივი დგომის შემდეგ ტკივილი იმატებს და მუხლის მოძრაობის დიაპაზონი უფრო მეტად იზღუდება.

ზოგჯერ ბეიკერის ცისტა თავისთავად ალაგდება, იშვიათად კი სკდება და სინოვიური სითხე წვივის არეში გაჟონავს, რაც ძლიერ ტკივილს, შეშუპებას, სიწითლეს ან სითხის დაგროვების შეგრძნებას იწვევს. ეს ნიშნები, თავის მხრივ, ჰგავს ქვედა კიდურების ვენებში თრომბული მასის არსებობის ნიშნებს და ვინაიდან ღრმა ვენის თრომბოზი გადაუდებელი მდგომარეობაა, შეშუპების ან მუხლის სიწითლის დროს გონივრული იქნება, სამედიცინო შეფასებისთვის დაუყოვნებლივ მივმართოY ექიმს, რათა სიმპტომების უფრო სერიოზული მიზეზი გამოირიცხოს და პრობლემის წყარო დროულად დადგინდეს.

ღრმა ვენების თრომბოზის გამორიცხვა უმტკივნეულო კვლევით – დოპლერული ულტრაბგერით არის შესაძლებელი.

დიაგნოზი

ბეიკერის ცისტას, როგორც უკვე ვთქვით, ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ გასინჯვის ან ულტრაბგერითი კვლევის დროს, ხოლო დაადასტურონ დიაგნოზი და, იმავდროულად, მიაგნონ მის შესაძლო  მიზეზს, ყურადღებით კრებენ და შეისწავლიან ანამნეზს, რითაც გაიგებენ, ხომ არ გადაუტანია პაციენტს რაიმე ტრავმა.

გამოსახულებითი კვლევის არჩევის მეთოდებია:

* ულტრაბგერითი კვლევა, რომლითაც დგინდება, გამობერილობა მყარია თუ სითხით არის სავსე;

* რენტგენოგრაფია – რენტგენოგრამაზე თავად ბეიკერის ცისტა შესაძლოა არ გამოჩნდეს, მაგრამ დაინახონ მისი შესაძლო მიზეზი – მუხლის ართრიტი.

* მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ვინაიდან ცისტის ზოგიერთი სიმპტომი ძალიან ჰგავს უფრო სერიოზულ მდგომარეობებს, – ისეთებს, როგორიცაა თრომბი, ანევრიზმა ან სიმსივნე, ექიმი დიაგნოზის დასმისას ამ მდგომარეობების არსებობა-არარსებობასაც ითვალისწინებს.

მკურნალობა

ბეიკერის ცისტას თვითგანკურნებაც ახასიათებს, მაგრამ თუ დიდი ზომისაა, დისკომფორტს იწვევს ან ხელს უშლის ადამიანს სიარულსა თუ მუშაობაში, მკურნალობას იწყებენ. თავდაპირველად – არაინვაზიური მეთოდებით.

უპირველეს ყოვლისა, ექიმმა პაციენტს უნდა აღუწეროს მდგომარეობა, გააცნოს პრობლემის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი ფაქტორები, ასწავლოს სიმპტომების მართვა.

მდგომარეობის სამართავად და სიმპტომების შესამსუბუქებლად R.I.C.E მეთოდს იყენებენ. R.I.C.E  აბრევიატურაა და შემდეგნაირად იშიფრება:

* Rest – ფეხის მოსვენება შესაძლებლობისთანავე;

* Ice – მუხლზე ყინულის დადება შეშუპების ჩასაცხრობად;

* Compression – მუხლზე კომპრესიული სახვევის დადება სახსრის შეშუპების შესამცირებლად;

* Elevation – ფეხის შემოდება შემაღლებულ საყრდენზე შეშუპების შესამცირებლად.

ანთების შესამცირებლად ინიშნება ურეცეპტოდ გასაცემი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მაგალითად, იბუპროფენი, ნაპროქსენი.

სახსრები რომ დაიზოგოს, უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა. შევზღუდოთ მუხლის დამტვირთავი აქტივობები, მაგალითად, ჩოგბურთი, გოლფი, სირბილი. ფიზიკური დატვირთვის რეკომენდებულ მოცულობას ექიმი პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად არჩევს. სიარულის დროს ყავარჯნის ან ხელჯოხის მოშველიება განტვირთავს კიდურს და შეამცირებს ტკივილს და შეშუპებას.

დამხმარე მეთოდია ფიზიოთერაპიაც – მსუბუქი, მცირე ამპლიტუდის მოძრაობები და მუხლის გარშემო კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები ხელს უწყობს სიმპტომების შემცირებას და მუხლს ფუნქციის შენარჩუნებაში ეხმარება.

ზოგჯერ ტარდება კორტიკოსტეროიდების ინექციები – მედიკამენტი ანთების ჩასაცხრობად მუხლის სახსარში შეჰყავთ.

თუ ბეიკერის ცისტა ოსტეოართრიტთან არის ასოცირებული, ართრიტის მკურნალობასთან ერთად მდგომარეობა უმჯობესდება და ქირურგიული ჩარევაც იშვიათად ხდება საჭირო, ხოლო თუ ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, სინოვიური სითხის ჭარბი წარმოქმნა ხრტილის გაგლეჯამ გამოიწვია, ოპერაცია გარდაუვალია.

სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი ქირურგიული მეთოდები:

* სითხის დრენაჟი – ულტრაბგერითი კონტროლის თანხლებით ცისტიდან ნემსით ამოქაჩავენ სითხეს;

* მუხლის ართროსკოპიული ოპერაცია – მიმართავენ როგორც დიაგნოსტიკისთვის, ისე მუხლის დაზიანების საკორექციოდაც. მუხლზე კეთდება პატარა განაკვეთი, რომელშიც შეაქვთ ართროსკოპი – მცირე ზომის დრეკადი ხელსაწყო, რომელსაც ბოლოზე კამერა აქვს მიმაგრებული;

* მუხლის ოსტეოტომია – ამ დროს ქირურგი ართრიტით დაზიანებულ ძვალს გაკვეთს და მის ფორმას ან მდებარეობას ასწორებს. ეს მეთოდი უმეტესად ართრიტთან ასოცირებული მუხლის ტკივილის დროს გამოიყენება.

თუ ცისტის მიზეზი არ აღმოიფხვრა, რეციდივიც მოსალოდნელია. მკურნალობის გარეშე შესაძლოა  გართულებებმა იჩინოს თავი: ტკივილმა მოიმატოს, ცისტა გაიზარდოს ან გასკდეს და სისხლჩაქცევა გამოიწვიოს.

რეაბილიტაცია

რეაბილიტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. მის დასაჩქარებლად პაციენტებს ურჩევენ, თავი არიდონ ფიზიკურ აქტივობას, რომელიც სხეულის დაძაბვას მოითხოვს. ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიყენონ ყავარჯენი – ფეხი ნაკლებად დაიტვირთება, შეშუპება და ტკივილის შეგრძნებაც იკლებს. ექიმის რეკომენდაციით შეიძლება გაგრძელდეს ფიზიოთერაპიული პროცედურები. მანქანის მართვა ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ არის ნებადართული, სხვა აქტივობების ნებართვას ექიმი მდგომარეობის შესაბამისად გასცემს.

შესაძლებელია თუ არა პრევენცია

ბეიკერის ცისტის პრევენციის ყველაზე საიმედო გზა მუხლის ტრავმის თავიდან აცილებაა. ამისთვის უნდა ატაროთ მოხერხებული ფეხსაცმელი, ვარჯიშის დაწყებამდე შეასრულოთ მოთელვითი მოძრაობები, ვარჯიშის შემდეგ კი სათანადოდ დაისვენოთ; მუხლის ტრავმის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეჩერდეთ და შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიაროთ.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: