დამსუფთავებლების დასასუფთავებლად

გააზიარე:

თუნდაც ავტომობილისა მხოლოდ საჭის ტრიალი გეხერხებოდეთ, ნაწილებიდან კი დანამდვილებით მხოლოდ ბორბლების რაოდენობა იცოდეთ და ყურმოკვრით ძრავის არსებობაც გაგეგონოთ, მაინც გეცოდინებათ, რომ ავტომობილისთვის უმნიშვნელოვანეს ამ ორგანოს ფილტრი სჭირდება. მანქანას თავი რომ დავანებოთ, პაწაწინა ყავის მადუღარაც კი ასეთი დანამატის გარეშე ან გადაიწვება, ან მოიშლება, ან თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს.
როცა ავტომექანიკოსი გაშავებულ ჰაერის ფილტრს თვალწინ გიტრიალებთ და მის გამოცვლას დაჟინებით გირჩევთ, თუ დაფიქრებულხართ, რომ თქვენი ფილტვებიც ზუსტად იმავე ნარევით მარაგდება, მათ კი ასეადვილად ვერ გამოცვლით… არც ღვიძლსა და თირკმლებს ადგათ უკეთესი დღე, ვიდრე ზეთის ნებისმიერ ფილტრს. ეს ორგანოები, ისევე როგორც კუჭ-ნაწლავი და ლიმფური სისტემა, ორგანიზმის შიდა გარემოს სისუფთავეს იცავენ და ათასგვარ ნაგავსა და ნარჩენს აკავებენ. თუ საქმე უფრო მეტად გაურთულეთ და ყურადღება არ მიაქციეთ, შურს ძალიან მწარედ იძიებენ. ლიმფურ სისტემას კიდევ არა უშავს, თვითგასუფთავებას თავადაც აუდის, დანარჩენ ოთხს კი დახმარება ნამდვილად არ აწყენდა. მით უმეტეს, ეს არც ისე ძნელია.
№1 – ღვიძლი
სხვადასხვა მოწყობილობას ოპერაციისა თუ ავადმყოფობის დროს განსაზღვრული ხნით თირკმლების, ფილტვებისა და გულის შეცვლაც კი შეუძლია, ხელოვნური ღვიძლი კი ჯერ ვერ გამოიგონეს. გამოგონება კი არა, ჯერ მისი ბოლომდე ამოცნობაც ვერ მოხერხდა. ვიცით, რომ ეს ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალია, 1.5 კგ-ს იწონის, ფუნქცია კი 250-მდე დაუთვალეს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო შედეგი. აბა, რა გეგონათ – მხოლოდ სიმთვრალის გამო განრისხება და ნაბახუსევით შურისძიება შეეძლო?! ნაწლავებიდან წამოსულმა სისხლმა, ვიდრე დანარჩენს შეერევა, ჯერ ეს ბარიერი უნდა გადალახოს და ყველაფერი მავნე აქვე დატოვოს. ნაღველიც სწორედ აქ წარმოიქმნება და არა ნაღვლის ბუშტში, თანაც, გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, უგუნებობასთან არაფერი აქვს საერთო – ცხიმების მონელებას აადვილებს.
რა ანაგვიანებს: ალკოჰოლი უკვე ვახსენეთ. ერთი-ორი ჭიქა სასმლის ნეიტრალიზაცია მისთვის არაფერია, მეტი კი ცხოვრებას უმწარებს. ღვინით სავსე ჭურებთან ერთად არც მწვადები და ჩაქაფული აყრის ხეირს. ღვიძლის არაინფექციურ პათოლოგიებს შორის ალკოჰოლური დაზიანების შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ არაალკოჰოლური ცხიმოვანი ჰეპატოზი ანუ ღვიძლის გაცხიმოვნებაა გავრცელებული. რისკფაქტორები იგივე აქვს, რაც მეტაბოლურ სინდრომს: სიმსუქნე, დიაბეტი, ტრიგლიცერიდების მაღალი დონე…
ინფექციურ აგენტებზე, სახელდობრ, ღვიძლის მოყვარულ ვირუსებზე, უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. ალბათ გახსოვთ – B და C ჰეპატიტის ვირუსებს შეუძლიათ, ქრონიკული ანთება გამოიწვიონ და ღვიძლის ქსოვილი თანდათანობით გაანადგურონ. ისინი თავს ბიოლოგიური სითხეებიდან გვესხმიან. ყველაზე მეტ საფრთხეს ინტრავენური ნარკოტიკის ზიარი შპრიცით (ან სხვადასხვა შპრიცით, მაგრამ ერთი და იმავე ჭურჭლიდან) გაკეთება შეიცავს. შემდეგ არასტერილური ან ცუდად გასტერილებული სამედიცინო თუ კოსმეტიკური იარაღები და დაუცველი სქესობრივი კავშირები მოდის.
დიდხანს რომ გვეყოს: რა არ უნდა გააკეთოთ, თავადაც მიხვდებით. აკრძალულ ქმედებათა ნუსხას სათავეში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება უდგას. დასავლელი ექიმების გაფრთხილება, რეკომენდებულ ორ (ქალებისთვის – ერთ) ჭიქაში შესაძლოა იმაზე მეტი ალკოჰოლი იყოს, ვიდრე გვგონია და შემთხვევით ზედმეტი მოგივიდეთო, ჩვენს სინამდვილეში უბრალოდ სასაცილოა. რა მნიშვნელობა აქვს თვლას, რამდენგრადუსიანია სასმელი, თუ ნებადართულ და ღვიძლისთვის ასატან ოდენობას სუსტი სქესიც კი იშვიათად სჯერდება...
თუ მოინდომებთ, არც ღვიძლის დახმარებაა ძნელი. მცირე ძალისხმევასაც კი, თუნდაც ოდნავ უფრო მეტ ფიზიკურ აქტიურობას, შეუძლია, სიტუაცია საგრძნობლად შეცვალოს. ცოტა ხნის წინ ჟურნალ “ჰეპატოლოგიაში” დაიბეჭდა გამოკვლევის შედეგები, სადაც ნათქვამია, რომ ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზით დაავადებულებს, რომლებმაც კვირაში 60 წუთით გაზარდეს ვარჯიშის საერთო დრო, სამი თვის განმავლობაში ღვიძლის დაზიანების მაჩვენებელი ოთხი ფერმენტის დონე საგრძნობლად შეუმცირდათ.

№2 – თირკმლები
მათ უნივერსალურ თვისებებზე ყველაზე მეტს ურინოთერაპიის აპოლოგეტები საუბრობენ. მის უნივერსალურობაზე არავინ დავობს, უბრალოდ, ოფიციალურ მედიცინას მისი ფუნქცია ნაგვის გატანა ჰგონია და არა ორგანიზმში, უფრო ზუსტად, სისხლში, მისი დატოვება. ეს ნაგავი კი ზედმეტ წყალთან ერთად დღე-ღამეში საშუალოდ ლიტრი-ლიტრნახევარი მაინც გამოდის. მისი გამოძევება სისხლის წნევის რეგულირების საშუალებაც არის – სისხლის თხევადი ნაწილის შემცირება მდინარე ნაკადის მოცულობას ამცირებს, თანაც ზუსტად იმდენს, სისხლძარღვებსა და გულზე ზეწოლა მუდმივი რომ დარჩეს. გარდა ამისა, ელექტროლიტების წონასწორობასაც ადევნებს თვალყურს: ზედმეტმა ნატრიუმმა შესაძლოა წნევის აწევა გამოიწვიოს, კალიუმმა კი გულის რიტმის ანომალური ცვლილებები. თუ თირკმლებს კარგი დღე არ ადგათ, ამას შარდის შევარდისფერებით, სახის, ხელების ან ფეხების შეშუპებით, წელის ყრუ და მუდმივი ტკივილით გვამცნობენ.
რა ანაგვიანებს: შეჭმული, დალეული თუ ჩასუნთქული შხამების საკმაო ნაწილის გამოძევება სწორედ თირკმლებს უხდებათ, მაგრამ ვიდრე უკანასკნელ გზაზე გაისტუმრებდნენ, შესაძლოა, გასასტუმრებლებმა გამსტუმრებლებისთვის დაღის დასმა მოასწრონ კიდეც. მით უმეტეს, წყლის დეფიციტის დროს. რაც უფრო განზავებული მიაღწევს თირკმლამდე შხამი (გარედან მოხვედრილი თუ ორგანიზმშივე წარმოებული – ჩვენს ორგანიზმში არც მათი ნაკლებობაა), მით უფრო ადვილად მოახერხებს დაუღალავი მწმენდელი მასთან გამკლავებას.
დიდხანს რომ გვეყოს: პირველი – ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები შხამი შთანთქათ. მეორე – გახსოვდეთ, რომ საჰარაში არ ვცხოვრობთ და არც კუზები გვაქვს სითხის შესანახად. ადამიანს დღეში საშუალოდ 2 ლიტრამდე სითხე სჭირდება. შხამების განეიტრალებასთან ერთად წყლის მუდმივი ნაკადი თირკმლის მენჯფიალებში ქვების წარმოქმნასაც უშლის ხელს. შედარებით მდორე და დამდგარ წყალში, უფრო ზუსტად, შარდში, კალციუმი, ოქსალატები და სხვა მინერალები ერთმანეთს უფრო ადვილად ეკვრიან და კრისტალებს წარმოქმნიან. კრისტალების ურთიერთდაკავშირებამ შესაძლოა შარდის დინება შეაფერხოს, გაუსაძლისი ტკივილი და მუშა სტრუქტურების დაზიანება გამოიწვიოს.
ტეხასელი ექიმები წყალთან ერთად დღეში ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენის სმასაც გვირჩევენ – ციტრატები კალციუმს აკავებს და სხვა მინერალებთან მჭიდრო კონტაქტის დამყარებაში უშლის ხელს.

№3 – ფილტვები
რომ დაფიქრდე, შესაძლოა შეგეშინდეს კიდეც... ეს შინაგანი ორგანოები ბუნებამ გარემოსთან მუდმივი და ინტენსიური შეხებისთვის გაწირა. თითოეულ ჩასუნთქვას სასუნთქ სისტემაში შეაქვს მთელი ის ნაგავი, ჩვენს ცხვირწინ რომ ლივლივებს. მასთან საბრძოლველად ბრონქები უწვრილესი წამწამებით არის აღჭურვილი, რომლებიც ჩასუნთქულ ჭუჭყს, ბაქტერიებსა და ვირუსებს საპირისპირო მიმართულებით ანუ გარეთ ერეკება. თუ ნაგავი მეტისმეტად ბევრი მოგროვდა, ბუნებისგან ნაჩუქარ მექანიზმს ბზარი ეპარება, გაღიზიანებას ანთებითი ცვლილებებით პასუხობს, შედეგად კი შესაძლოა ბრონქიტსა და ასთმის მსგავს სიმპტომებს გამოვკრათ ხელი.
რა ანაგვიანებს: რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. თავადაც მოგეხსენებათ, რა ვუყავით მაცოცხლებელ ატმოსფეროს და რით ვსუნთქავთ, განსაკუთრებით – მეგაპოლისებში. ყველაზე სასტიკი და გავრცელებული მტერი, რა თქმა უნდა, თამბაქო და მისი კვამლია. თუ პროფესიიდან გამომდინარე მავნე ქიმიკატების ჩასუნთქვაც გიწევთ, თქვენს ბუნებრივ ფილტრს მეტი საფრთხე ემუქრება. იგივეა მოსალოდნელი, თუ გასათბობად ან საკვების მოსამზადებლად მყარ სათბობს იყენებთ.
დიდხანს რომ გვეყოს: თამბაქოზე ნურაფერს გვათქმევინებთ – ალბათ ისედაც ყველაფერი იცით. თუ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულადაც გამოიყენებთ, ფილტვებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. უსაფრთხო სამუშაო გარემოზეც იზრუნეთ და სახლის ადეკვატურ ვენტილაციაზეც. ოთხ კედელში ნუ გამოიკეტებით, სუფთა (შედარებით მაინც!) ჰაერზე მეტი ხანი გაატარეთ – ფილტვებს საქმეს ამითაც გაუადვილებთ. და კიდევ: მიირთვით მეტი ვაშლი. ერთ-ერთი უკანასკნელი (თუმცა ჯერ კიდევ გადაუმოწმებელი) გამოკვლევის თანახმად, მას, ვინც ბევრ ვაშლს მიირთმევს, 33%-ით ნაკლები აქვს ალბათობა, ქრონიკული ნახველიანი ხველის მსხვერპლი გახდეს. მიზეზი შესაძლოა პექტინი და ანტიოქსიდანტები იყოს, რომლებიც ანთების განვითარებას უშლის ხელს.

№4 – კუჭ-ნაწლავი
ალბათ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა უნდა უყოთ სადილად მირთმეულ ხარის ბარკალს და ოცდახუთ ხინკალს. სამაგიეროდ, ორგანიზმმა ეს მშვენივრად იცის. საყლაპავი, კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავები, ერთად საჭმლის მომნელებელ ტრაქტს რომ ქმნიან, საკვებს აცლიან ყველაფერს, რაც გჭირდებათ –  ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებს, – ხოლო იმას, რაც არ გჭირდებათ, გარეთ ერეკებიან. თუ მონელება, შეწოვა ან ამ გზაზე საკვების გადაადგილება შეფერხდა, გარდა იმისა, რომ უქეიფობა შეგვაწუხებს, საკვები ნივთიერებების გარეშეც დავრჩებით. გულძმარვა, მუცლის შებერვა და მუცლის ტკივილი სასიგნალო ნიშნებად ჩათვალეთ.
რა ანაგვიანებს: ფასტფუდის მავნეობაზე იმდენი დაწერილა, ალბათ ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცით.
დიდხანს რომ გვეყოს: ჯანსაღ კვებაზეც იმდენი რამ თქმულა, თუნდაც ჩვენს ჟურნალში, გაგვიჭირდება, რამე დავუმატოთ. ისიც მრავალჯერ გვითქვამს, რომ ტკივილი თუ სხვა სიმპტომები ორგანიზმის SOS-სიგნალია, თხოვნაა, ყურადღება მიაქციოთ. რა თქმა უნდა, ათასში ერთხელ გულძმარვა ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ხშირად თუ მეორდება, ანუ კუჭის მჟავე წვენი თუ საყლაპავში ხშირად გადადის, შესაძლოა, მისი კედლის დანაწიბურება და შევიწროებაც კი გამოიწვიოს. ასე რომ, ჯერ დააკვირდით, რა გწყენთ – ორიოდე კვირით საერთოდ თავი შეიკავეთ შესაძლო გამღიზიანებლებისგან, შემდეგ კი სათითაოდ გაუსინჯეთ გემო. თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, ექიმს მიმართეთ და უფრო სერიოზული მიზეზები გამორიცხეთ.
მუცლის განვითარებული კუნთები ნაწლავთა ნორმალური პერისტალტიკის (ტალღოვანი მოძრაობის, საკვების ერთი მიმართულებით გადაადგილებას რომ ემსახურება) მნიშვნელოვანი ხელშემწყობია, ამიტომ ქონში ნუ გაადნობთ, დღეში რამდენიმე წუთი მაინც დაუთმეთ. რაც შეეხება “წიდას” – როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს, ის ორგანიზმს თავისთავად ტოვებს. ასე რომ, ბრძოლის რადიკალური მეთოდების ძებნას სჯობს, ცხოვრების წესის გაჯანსაღებაზე იზრუნოთ.

გააზიარე: