იოდდეფიციტური მდგომარეობები

გააზიარე:

მსოფლიოს მოსახლეობის 13 პროცენტი, დაახლოებით 740 მილიონი კაცი, იოდის დეფიციტით იტანჯება. მსოფლიოს თავი დავანებოთ – ისეთი ხალხი, ვინც ჩიყვს უჩივის, არც საქართველოშია ცოტა.
იოდის დეფიციტის გამო ჩვენს ქვეყანაში განგაშის ზარს დიდი ხანია შემოჰკრეს და უკვე მერამდენე წელია, ჩვენი ექიმები საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად წარმატებით ებრძვიან იოდის დეფიციტს. პოზიტიური შედეგები არაერთ საბოლოო ანგარიშშია ასახული, თუმცა საქართველო ჯერჯერობით მაინც რჩება იოდის დეფიციტით გამოწვეული დარღვევების ენდემურ კერად.

იოდმაძიებელთათვის
იოდი ორგანიზმში ძირითადად ცხოველური (57%) და მცენარეული (33%) საკვებიდან ხვდება, ნაკლებად – წყლიდან (4,2%) და ჰაერიდან (4,8%). იოდდეფიციტურ რეგიონებში იოდის შემცველობა წყალში 2 მკგ/ლ-ზე ნაკლებია. აი, მინერალურ წყლებში კი იოდი გაცილებით მეტი ყოფილა.
ციფრებითვე გავაგრძელებთ: საკვებში იოდის შემცველობა საშუალოდ 40-50 მკგ/ლ-ია. ესეც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ცხადია, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს. გამონაკლისია ზღვის პროდუქტები, კერძოდ წყალმცენარეები და თევზი, რომლებშიც იოდის შემცველობა 800-1000 მკგ/კგ გახლავთ. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის კომბოსტო (ლამინარია) და თევზის ქონი.
გავრცელებულია შეხედულება, რომ ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, მაგალითად, ფეიხოია, ხურმა, კაკლის უღელი, ბევრ იოდს შეიცავს. ეს შეხედულება მცდარია. საზოგადოდ, ხილი და ბოსტნეული (გარდა ისპანახისა) იოდს უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს. სამაგიეროდ, ბევრია ის ხორცში, რძესა და რძის ნაწარმში, მარცვლეულსა და კვერცხში.
იოდის რაოდენობა სეზონიდან სეზონამდე იცვლება. არც რძის პროდუქტებშია მისი შემცველობა მუდმივი. იოდის კონცენტრაციაზე გავლენას საკვების კულინარიული დამუშავებაც ახდენს: იგი იოლად ორთქლდება შეწვისა და მოხარშვის დროს. იოდის შემცველობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოყვანილ ერთი და იმავე სახეობის ხილშიც კი სხვადასხვანაირია.


ვიწყებთ ორსულებიდან
 
ცხადია, ყველაზე მეტად იოდი ორსულს სჭირდება. განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვება ჰიპოთირეოზს (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას) ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ეს პერიოდი კრიტიკულია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ვიდრე ნაყოფს საკუთარი  ფარისებრი ჯირკვალი განუვითარდება, მისი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება დედის ჰორმონებმა უნდა უზრუნველყოს. კლინიკური გამოკვლევების თანახმად, თუ ჰიპოთირეოზის მქონე ორსული არ იტარებს ან არასათანადო დოზით იტარებს თერაპიას თირეოიდული ჰორმონების პრეპარატებით, მოსალოდნელია, მის შვილს თანატოლებთან შედარებით მინიმუმ 7 ქულით დაბალი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) ჰქონდეს, ხოლო სწავლაში ჩამორჩენის ალბათობა სამჯერ უფრო დიდი აქვს. თუმცა იოდის დეფიციტი მარტო ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითებით როდი შემოიფარგლება; ამ დროს შესაძლოა დაირღვეს ნაყოფის ჩონჩხის ფორმირება (ასეთი ბავშვები თანატოლებზე გაცილებით დაბლები არიან), ბავშვი კრეტინიზმით ან თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაიბადოს.
იოდის დეფიციტი თავად ორსულსაც არანაკლებ პრობლემებს უქმნის. ორსულობა ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, რომლებიც ფარულად მიმდინარე პათოლოგიის გამომჟღავნებას ანდა უკვე არსებულის პროგრესირებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ხშირია და მძიმე გართულებები ახასიათებს ჰიპოთირეოზს. მის ფონზე მიმდინარე ორსულობისას საკმაოდ მაღალია ისეთ გართულებათა განვითარების რისკი, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია (სისხლის წნევის მომატება), ანემია (სისხლნაკლებობა), სპონტანური აბორტი, პლაცენტის აშრევება და მშობიარობის შემდგომი სისხლდენები.

ყველამ, ყველამ!
WHO-სა და UNICEF-ის რეკომენდაციით, სასურველია, ყველა ადამიანმა შეძლებისდაგვარად შეივსოს იოდის დეფიციტი. მათ ცხრილიც კი შეადგინეს, სადაც ასაკის მიხედვით იოდის დოზებია მითითებული.
ასაკი ან მოსახლეობის ჯგუფი მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაცია (მგ დღეში)
ბავშვები 5 წლამდე  90 
6-12 წლის ბავშვები 120 
მოზრდილები 150 
ორსულები 250 
მეძუძური დედები 250

რამდენიმე წლის წინ მართლაც ყველა ორსულს უნიშნავდნენ 200 მკგ იოდს. სადღეისოდ მიდგომა შეიცვალა. გადაწყვეტილებას ენდოკრინოლოგი უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით იღებს. გათვალისწინებული უნდა იქნეს, მიიჩნევა თუ არა იოდდეფიციტურად რეგიონი და რამდენად აქტიურად მოქმედებს მარილის უნივერსალური იოდირების პროგრამა. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში, რუსეთისგან განსხვავებით, მარილის უნივერსალური იოდირება მიღწეულია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობას. თუ TSH ნორმის ფარგლებშია, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმმა მხოლოდ პაციენტის კვების თავისებურებანი უნდა გაარკვიოს (ანუ რამდენად ხშირად მიირთმევს თევზს, კივის – იოდით ბუნებრივად მდიდარ პროდუქტებს) და თუ უარყოფითი პასუხი მიიღო, დაუნიშნოს ქალს იოდის შემცველი პრეპარატი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის შემთხვევაში კი იოდის დანიშვნის საკითხს მხოლოდ ენდოკრინოლოგი წყვეტს.

იოდნაკლული თუ ჭკუანაკლული?
ეს ორი ცნება სინონიმებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. თურმე ნეირონები (ნერვული ქსოვილის ძირითადი ნერვული უჯრედები) ისე მძაფრად განიცდიან იოდის ნაკლოვანებას, რომ შეამჩნევენ თუ არა ამ ელემენტის სიმცირეს, მუშაობაზე უარს ამბობენ. ალბათ ამიტომაც არის, რომ იოდის დეფიციტით შეპყრობილების IQ საშუალო მაჩვენებელზე მთელი 15 ქულით ნაკლებია.
ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სპეციალური დაწესებულებები, სადაც კრეტინიზმით დაავადებულ ბავშვებს ასწავლიან, უვლიან და საზოგადოებასთან ადაპტაციაში ეხმარებიან.

როგორ ვითარდება ჩიყვი
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ასეთი რამ ხდება: ფარისებრი ჯირკვალი განსაზღვრული ოდენობის ჰორმონებს – ტრიიოდთირონინსა და თიროქსინს გამოიმუშავებს. ეს ჰორმონები სისხლში ხვდება, დინებას მიყვება და ორგანიზმს მეტაბოლიზმში ეხმარება. სწორედ მათზეა დამოკიდებული, რამდენ ცხიმსა და ნახშირწყლებს მოიხმარს ორგანიზმი. გარდა ამისა, ჰორმონები გავლენას ახდენენ გულის რიტმზე, არეგულირებენ ცილების წარმოქმნას და რაც მთავარია, განსაზღვრავენ ორგანიზმის ტემპერატურას. 
ჰორმონები თავისი ნებით როდი წარმოიქმნება. ფარისებრი ჯირკვალი განკარგულებას თავის ტვინში მოთავსებული ორი უბნიდან – ჰიპოფიზიდან და ჰიპოთალამუსიდან იღებს. პირველ ბრძანებას ჰიპოთალამუსი გასცემს, რომელსაც ჰიპოფიზი ემორჩილება და თიროიდმასტიმულირებელ ჰორმონს გამოიმუშავებს. სწორედ მის ოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენ ტრიიოდთირონინსა და თიროქსინს წარმოქმნის ფარისებრი ჯირკვალი.
როცა ორგანიზმი საკმარის იოდს ვერ იღებს, ფარისებრი ჯირკვალი ვეღარ წარმოქმნის საჭირო რაოდენობის ჰორმონს, მაგრამ ჰიპოფიზი მაინც უბრძანებს, თავისი ფუნქცია შეასრულოს. ზომაზე მეტად (ხშირად ამაოდ) დატვირთული ჯირკვალი სწრაფად იზრდება. ასე ვითარდება ჩიყვი. ამდენად, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ერთ-ერთი (ხშირად ერთადერთი) გარეგნული გამოხატულებაა იმისა, რომ ორგანიზმს იოდი აკლია.
  
ჩიყვს ახასიათებს:
. კისრის წინა ზედაპირზე შებერილი უბნის არსებობა. პირველად ამგვარ ცვლილებას სარკეში ჩახედვით აღმოაჩენთ (ამერიკელებს თუ დავუჯერებთ, ქალბატონებმა ჩიყვი მაკიაჟის დროს შეამჩნიეს, ხოლო მამაკაცებმა – წვერის პარსვის დროს);
. მოჭერის შეგრძნება ყელში;
. უმიზეზო ხველა;
. ხმის ჩახლეჩა;
. ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება.
კიდევ რომელი პათოლოგიური ცვლილებები აიძულებს ფარისებრ ჯირკვალს გადიდებას?
არსებობს ჩიყვის გამომწვევი სხვა დაავადებებიც:
. გრეივსის დაავადება. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც  ჰორმონების ჰიპერპროდუქცია (ჰიპერთირეოზი) შეინიშნება. მიზეზი კი ფარისებრი ჯირკვლის (ხშირად – თვალბუდის სტრუქტურებისაც) საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა გახლავთ.
. ჰაშიმოტოს დაავადება, სხვაგვარად – ჰაშიმოტოს ჩიყვი. ამ დროს გრეივსის დაავადების საწინააღმდეგო ცვლილებები ხდება, თუმცა იმუნური ძვრები თითქოს ისეთივეა: ანტისხეულები საკუთარ ქსოვილს – ფარისებრ ჯირკვალს ერჩიან. შედეგად ჯირკვალი ისე ზიანდება, რომ ჰორმონების წარმოქმნის უნარს კარგავს და ჰიპოთირეოზი ვითარდება. ჰორმონების სიმცირით შეფიქრიანებული ჰიპოფიზი სიგნალს უგზავნის ფარისებრ ჯირკვალს, რომ უკეთ იმუშაოს, მაგრამ ამაოდ; ზედმეტი ჯაფისგან ჯირკვალი იზრდება, ჰორმონებს კი ვერა და ვერ წარმოქმნის.
. კვანძოვანი ჩიყვი. ზოგჯერ კვანძი მრავლად არის ფარისებრ ჯირკვალში, ზოგჯერ კი ერთი მოზრდილი წარმონაქმნი “აფუჭებს სურათს”. ამგვარი კვანძები კეთილთვისებიანია და კიბოდ არ გარდაიქმნება.
. ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ასეთი ცვლილება იშვიათია, მაგრამ თუ წარმოიშვა, უპირატესად ცალ მხარეს იკავებს.
. ორსულობა. ამ დროს არავითარი პათოლოგიური ძვრა არ ხდება, ფარისებრი ჯირკვლის უმნიშვნელო გადიდებას ჭარბად წარმოქმნილი გონადოტროპინი იწვევს.
. თირეოიდიტი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ანთება. ამ დროს ჯირკვლის ქსოვილი შეხებისას მტკივნეულია და ყლაპვაც, როგორც წესი, ჭირს.
ჩიყვის წარმოქმნის რისკის ფაქტორებიდან უმთავრესია იოდის დეფიციტი. მას მოსდევს სქესი (ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები ქალებს უფრო იოლად უვითარდებათ), ასაკი (50 წლიდან), გენეტიკური მიდრეკილება, ორსულობა და მენოპაუზა, მედიკამენტები (იმუნოსუპრესორები, ანტირეტროვირუსული მოქმედების წამლები, ამიოდარონის შემცველი საგულე საშუალებები, ლითიუმზე დამზადებული ფსიქოტროპული მედიკამენტები), რადიაციული ზემოქმედება. 
ჩიყვის აღმოჩენა არცთუ ისე ძნელია – გადიდებული ჯირკვალი მოსინჯვისას უმალვე იგრძნობა, მაგრამ მიზეზის დასადგენად ექიმი რამდენიმე გამოკვლევას გირჩევთ, მათ შორის – ჰორმონებისა და ანტისხეულების გამოკვლევას, ექოსკოპიას, სკანირებას. თუ ჯირკვალი უმნიშვნელოდ არის გადიდებული და კვლევის შედეგები პათოლოგიურ ძვრებზე არ მიუთითებს, შესაძლოა, ენდოკრონოლოგმა არაფერი დაგინიშნოთ, მხოლოდ დაკვირვება გირჩიოთ. თუ მკურნალობა დაგჭირდათ, ექიმი უმეტესად მედიკამენტების მიღებას გირჩევთ. ქირურგიული ჩარევა ან რადიაქტიური იოდის მიღება იშვიათად ხდება საჭირო.

ბევრი გვაკლია?
იოდის დეფიციტის გამოვლენის ყველაზე მარტივი მეთოდი შარდში მისი შემცველობის დადგენაა. სწორედ ამ მეთოდს იყენებენ მოსახლეობის მასობრივი სკრინინგის დროს. ლოგიკურად, მიიჩნევა, რომ დეფიციტის დროს იოდის ექსკრეცია (გამოდევნა ორგანიზმიდან) დაბალია. ამდენად, თუ შარდში იოდი 50 მგ/ლ-მდეა, ადამიანს ეს ელემენტი აშკარად აკლია.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც მოსახლეობის მასობრივი გამოკვლევის მიზნით მიმართავენ, ნეონატალური ჰიპოთირეოზის სკრინინგი გახლავთ. ეს მეთოდი მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და წარმატებით მუშაობს.

ასეც ხდება
რა გზას აღარ მიმართავენ ცივილიზებული ქვეყნები იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. სკანდინავიასა და დიდ ბრიტანეთში  საქონელს იოდიან საკვებს აძლევენ, რომ მათი რძე ამ ელემენტით მდიდარი იყოს, ზოგან იოდით ამდიდრებენ პურს, ზეთს, შაქარს და, თქვენ წარმოიდგინეთ, კანფეტებსაც კი. მაშ, რატომ ამოვიჩემეთ საქართველოში მარილი? ეგებ იმიტომ რომ იაფია? რა თქმა უნდა, ეს ცოტას არ ნიშნავს, მაგრამ საქმე მარტო სიიაფე არ არის. იოდიანი მარილი იყიდება ყველა ქვეყანაში, რომელიც კი იდდ-ის ენდემურ კერად მიიჩნევა. ეს პროდუქტი არა მარტო ხელმისაწვდომია, არამედ ერთგვარი დოზირებული სამკურნალო-საპროფილაქტიკო საშუალებაც არის. თურმე დედამიწის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში მცხოვრები ადამიანი სხვადასხვა სახის საკვებიდან ყოველდღიურად 5-10 გრამ მარილს ითვისებს. ასე რომ, თუ არ გადაამლაშა, თავისი წილი იოდის მიღება გარანტირებული აქვს. 
მსოფლიოში იოდიანი მარილი პირველად შვეიცარიაში გამოიყენეს, შემდეგ – აშშ-ში, ბრაზილიაში კი იოდიანი მარილი ლამის ნაციონალური მნიშვნელობის საკვებად გამოაცხადეს და მის პროპაგანდაში თვით პელე ჩაერთო. 
თუ იოდის დეფიციტი მკვეთრად არის გამოხატული, მარტო მარილიანი საკვები საქმეს ვერ უშველის. ამ შემთხვევაში მედიკამენტების მიღებაა საჭირო.
ზოგიერთ ქვეყანაში იოდეფიციტს იოდის შემცველი ზეთოვანი ხსნარების ინექციებით ებრძვიან.

გააზიარე: