თვალით კონტაქტი ძაღლთან

გააზიარე:

გიოცნებიათ ძაღლების “დისტანციური მართვის პულტზე”? დააჭერ ღილაკს და ცუგა ისე იქცევა, როგორც საჭიროა.

აი, მისდევს მეგობარ ცუგას და სადაცაა, მანქანებით სავსე გზაზე უნდა გადაირბინონ. აჭერ თითს "სდექ" ღილაკს, ძაღლი ადგილზე შეშდება და საფრთხეც ჩავლილია. ან უყურებ და სადაცაა, გემო უნდა გაუსინჯოს გამვლელის შარვლის ტოტს. აჭერ "არა!" ღილაკს და... შარვალიც და გამვლელიც გადარჩნენ!

რასაკვირველია, ასეთი პულტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ერთი მეთოდი, რომელიც თქვენსა და თქვენს ძაღლს შორის კავშირს განამტკიცებს. ამ მეთოდის გამოყენება სასურველია ნებისმიერი ჯიშისა და ტემპერამენტის ძაღლთან. მას "თვალებით კონტაქტი" ჰქვია.

თვალებით კონტაქტი ადამიანებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. კომუნიკაციის ეს არავერბალური ფორმაა ნდობის, პატივისცემის, შინაგანი სიმტკიცის გამომხატველია და სამსახურებრივ, სასიყვარულო, ოჯახურ ურთიერთობაში მას აქტიურად ვიყენებთ. აქვე უნდა ითქვას, რომ ადამიანებს ერთმანეთთან თვალებით კონტაქტი საკმაოდ დიდხანს შეუძლიათ, ძაღლებთან კი ის სულ რამდენიმეწამიანია.

დააკვირდით თქვენს ცუგას თანამოძმეებთან ურთიერთობის დროს: პირველი შეხვედრისას ძაღლები სწრაფად ჩახედავენ ერთმანეთს თვალებში, მერე კი სხეულის ენას მიმართავენ კომუნიკაციის გასაგრძელებლად. თუ თამაში სურთ, წინა თათებს აწვებიან და კუდს აქტიურად აქიცინებენ, დაპირისპირების შემთხვევაში თავდაცვის ან თავდასხმის პოზას ირჩევენ და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამას წინ უძღვის ხანმოკლე კონტაქტი თვალებით. ეს რამდენიმე წამი საკმარისია, რათა ძაღლმა საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს. საინტერესოა, რომ უპირატესობის მოსაპოვებლად ძაღლმა შესაძლოა გაახანგრძლივოს თვალებით კონტაქტი, დაჟინებით ჩააცქერდეს თვალებში შემხვედრს და ტანით მისკენ წაიწიოს. ის, ვინც პირველი აარიდებს თვალს, დაქვემდებარებულია.

ჩაატარეთ ასეთი ექსპერიმენტი: დაუძახეთ თქვენს ძაღლს, როდესაც მოვა, უსიტყვოდ ჩააცქერდით თვალებში, დააკვირდით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონტაქტი. ძაღლი აუცილებლად აგარიდებთ თვალს და ცმუკვას დაიწყებს – სხეულის ენით გამოხატავს, რომ "არ ესმის, რას ითხოვთ მისგან", დაელოდება ბრძანებას ან ინიციატივას გამოიჩენს და თავად შემოგთავაზებთ რამეს.

მეთოდის აღწერა

1. მოიმარაგეთ სპეციალური სასუსნავი.

2. მშვიდ გარემოში დაჯექით სკამზე (ფეხზე დგომა არ არის სასურველი – დისტანცია შედარებით მცირე უნდა იყოს).

3. დაელოდეთ, როდის მოგიახლოვდებათ ძაღლი (არ დაუძახოთ, არ მიიტყუოთ სასუსნავით).

4. დაელოდეთ, როდის შემოგხედავთ თვალებში. როგორც კი კონტაქტი შედგება, შეაქეთ და სასუსნავით გაუმასპინძლდით.

5. გაიმეორეთ სავარჯიშო 5-6-ჯერ.

*თუ ვარჯიშის დროს ძაღლი იწევს სასუსნავიანი ხელისკენ, შეაქციეთ ზურგი;

*თუ ძაღლი სასუსნავის ერთხელ მიღების შემდეგ უკან გაბრუნდა ან სხვა რამით დაკავდა, მოძებნეთ უფრო მშვიდი გარემო ან ვარჯიში სხვა დროისთვის გადადეთ;

*სასუსნავი ძაღლმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივ, მაგრამ აუცილებლად სიტყვიერი შექების შემდეგ.

სავარჯიშო დღეში ერთხელ მაინც შეასრულეთ.

შედეგად თქვენსა და თქვენს ძაღლს შორის მტკიცე, ნდობით სავსე ურთიერთობა ჩამოყალიბდება და ძაღლი უკეთ დაისწავლის ბრძანებებს. ხშირად მოირბენს თქვენთან და "შეამოწმებს", ხომ ყველაფერი რიგზეა, ხომ "კარგად იქცევა".

ნინო ლომიძე

გააზიარე: