რა მოსდევს ზამთარში უქუდოდ სიარულს

გააზიარე:

უწყინარი სიმპტომი, სურდო, შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს. საქმე ის არის, რომ სინუსიტი – ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება – ხშირად სწორედ სურდოს ფონზე ვითარდება.
სინუსიტის შესახებ გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, “ავერსის კლინიკის” ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე:

– რას წარმოადგენს სინუსიტი?
– სინუსიტი ცხვირის დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. დანამატი წიაღი სულ ოთხია: ჰაიმორისა, შუბლისა, ცხავის ძვლისა და 
ძირითადი ძვლისა. ოთხივე ცხვირისა და თვალბუდის ირგვლივ არის განლაგებული, ამიტომ სინუსიტის დროს წამყვანი სიმპტომი ამ მიდამოების ტკივილია. ანთება ზოგჯერ მხოლოდ ერთ წიაღს მოიცავს, ზოგჯერ – ორს ან სამს, ზოგჯერ კი ოთხივეს.
განასხვავებენ სინუსიტის მწვავე, ქვემწვავე, მორეციდივე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავედ ითვლება პროცესი, რომლის ხანგრძლივობა 4 კვირას არ აღემატება. ქვემწვავე 1-დან 3 თვემდე გრძელდება, მორეციდივე წელიწადში 4-ჯერ მაინც მწვავდება. რაც შეეხება ქრონიკულ ფორმას, ის მკურნალობის ფონზეც კი 12 კვირას გასტანს.
– როდის ვითარდება სინუსიტი?
– სინუსიტის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის მდგომარეობა, გარეგანი გამღიზიანებლების (თამბაქოს, ალერგენების, მავნე გამონაბოლქვების) ზემოქმედება. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ანატომიურ ფაქტორს (ადენოიდებს, პოლიპებს, ცხვირის ძგიდის დეფორმაციას), ცხვირის წვეთების ხანგრძლივ გამოყენებას, ტრავმას (მაგალითად, კბილის ამოღებას). სინუსიტი უმთავრესად რინიტის ფონზე ვითარდება, ამიტომ რინოსინუსიტსაც უწოდებენ. ის შეიძლება გამოიწვიოს როგორც ვირუსმა, ასევე ბაქტერიამ.
– სეზონური დაავადებაა თუ არა სინუსიტი?
– ვინაიდან რესპირაციულ ვირუსულ ინფექციას სეზონურობა ახასიათებს, სინუსიტსაც სეზონურ დაავადებად მიიჩნევენ. ის უმეტესად ზამთარში და გაზაფხულზე იჩენს თავს, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა ყველაზე მეტად არის დასუსტებული.
– როგორია მისი კლინიკური ნიშნები?
– როგორც ვთქვით, სინუსიტით რთულდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, ასე რომ, კლინიკური სურათიც რესპირატორული ინფექციის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ სინუსიტი გაცილებით მეტხანს – 10-14 დღეს მაინც – გრძელდება. მისი ძირითადი სიმპტომებია ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, რომელიც ხშირად ხახაში გადადის და ძლიერ შემაწუხებელია, სახის, კბილის, ყურის ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა, რომელიც ცხვირ-ხახაში ჩამონადენის გადასვლით არის გამოწვეული. ტკივილის ლოკალიზაცია იმაზეა დამოკიდებული, რომელი წიაღის ანთებასთან გვაქვს საქმე. ის შეიძლება გავრცელდეს შუბლის მიდამოდან თვალებისკენ, ყვრიმალებისკენ, გადაეცეს კბილებს, ცხვირისა და თვალების ირგვლივ არსებულ მიდამოს, მოიცვას მთელი სახე ან მთელი თავი... ხშირად ავადმყოფი მოგვმართავს არა ტკივილის, არამედ ცხვირ-ხახაში ჩამონადენის გამო და სწორედ ამის საფუძველზე ვუნიშნავთ გამოკვლევებს.
– როდის ვითარდება მხოლოდ ცალკეული სინუსის ანთება და როდის – ყველასი ერთად?
– ცხვირით სუნთქვის გაძნელება, რისი ბრალიც უნდა იყოს ის, მეორე-მესამე დღიდან ეთმოიდიტით რთულდება, რასაც გამონადენის გასქელება და გაყვითლება ადასტურებს. თუ დროულად ვუმკურნალეთ, ეთმოიდიტი გაივლის, სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა ანთება სხვა წიაღებზეც გავრცელდეს. გააჩნია ადამიანის იმუნურ ძალებსა და თვით ინფექციის გავრცელების შესაძლებლობას.
– თავად სინუსიტი რით რთულდება?
– სინუსიტის გართულება მრავალფეროვანია. ჰაიმორიტისა და ეთმოიდიტის შემთხვევაში ყველაზე ხშირად გვხვდება ორბიტული (თვალბუდის ირგვლივი) გართულება, რომელიც გამოიხატება თვალის წინ წამოწევით, თვალბუდისა და ლოყის მიდამოს შეშუპებით, ძლიერი ტკივილით. ასევე ხშირია ქალასშიგა გართულება: აბსცესი, მენინგიტი, მაგისტრალური ვენების თრომბოზი და სხვა.
– როგორ ადგენენ სინუსიტს?
– სინუსიტის დიაგნოსტიკისთვის, პირველ ყოვლისა, ტარდება ჩვეულებრივი რენტგენოგრაფია, რომელიც სხვა გამოკვლევებზე გაცილებით იაფია, ხოლო თუ დიაგნოზი ამის შემდეგაც საეჭვო აღმოჩნდა, ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია. თუ მკურნალობის ერთმა კურსმა შედეგი არ გამოიღო, უნდა ჩატარდეს ცხვირიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მგრძნობელობაზე, თუმცა უმეტესად, განსაკუთრებით – ჩირქოვანი სინუსიტის შემთხვევაში, დიაგნოზის დასასმელად ცხვირში ჩახედვა და ანამნეზის მოსმენაც საკმარისია.
– როგორ მკურნალობენ სინუსიტებს?
– მკურნალობის ტაქტიკა დაავადების ნაირსახეობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. არსებობს სამი სახის სინუსიტი: ჩირქოვანი, პოლიპოზური და კისტოზური. ჩირქოვანი სინუსიტი დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში სათანადო შედეგით სრულდება. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით პოლიპოზურ სინუსიტზე. ჩირქოვანი სინუსიტის მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია: ინიშნება ადგილობრივი მოქმედების აეროზოლები, წვეთები, ზოგადი სისტემური ანტიბიოტიკები, ანტიჰისტამინური და ლორწოს გამათხევადებელი საშუალებები, ძალიან ეფექტურია ფიზიოთერაპიული პროცედურები და ლაზეროთერაპია. ხშირი რეციდივის ან გართულების შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული ჩარევა.
პოლიპოზური სინუსიტის მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა, რომლის შემდეგაც რეციდივის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ადგილობრივი ჰორმონული პრეპარატების თითქმის მუდმივი გამოყენება და დაკვირვება დინამიკაში, 6 თვეში ერთხელ – ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას კისტოზურ ჰაიმორიტზე: ამ დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა, თუმცა არ არის გამორიცხული რეციდივი. 
– რა გზით შეიძლება სინუსიტების პროფილაქტიკა?
– ყველამ უნდა იცოდეს, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს, ვირუსული იქნება ის თუ ბაქტერიული, ცხვირით სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები, რომლებიც ხელს შეუწყობს დანამატი წიაღების დრენირებასა და აერაციას. დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნური სისტემის გაძლიერებას, სუფთა გარემოს, თამბაქოს გამოყენების შეზღუდვას. სასურველია, ვერიდოთ სველი თმით შინიდან გასვლას, ზამთარში კი უქუდოდ სიარულს.

გააზიარე: